Facebook Twitter

საქმე №ას-1615-2022 26 სექტემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „R.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.10.2022 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.03.2021 წლის გადაწყვეტილებით მ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „R.“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 71 595 ლარის გადახდა ზიანის ანაზღაურების სახით; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 01.01.2015 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის დაკისრება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.10.2022 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 01.01.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. ქ. თბილისში, ........ მისამართზე არსებული შენობის პირველ სართულზე მდებარე 23,27 კვ.მ ფართის (ს/კ: №.......) მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე.

3.2. ქ. თბილისში, ........., .... მისამართზე, მოსარჩელის კუთვნილი ფართის მომიჯნავედ, მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: ........) რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად.

3.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 23.02.2015 წლის №1747108 გადაწყვეტილებით მოპასუხის სახელზე გაიცა ქ. თბილისში, ......... მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა საპროექტო მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის დაშლა და ტერიტორიიდან გატანა. აგრეთვე დემონტაჟის პროექტების ან დემონტაჟის ეტაპების მშენებლობის ორგანიზების პროექტში ასახვა. მოპასუხეს ასევე დაევალა სამშენებლო ობიექტის მომიჯნავედ არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შესახებ საექსპერტო შეფასების განხორციელება და შენობების გამაგრებითი სამუშაოების მშენებლობის პროექტში ასახვა.

3.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 17.10.2014 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ............№16-ში არსებული სახლისა და ....... ქ. №31-ში მდებარე სასტუმროს შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კედლებში განვითარებული ბზარები საფრთხის შემცველი არ არიან. ......... №9-ში არსებული სახლის დემონტაჟი ზეგავლენას არ იქონიებს ზემოთ აღნიშნული შენობების მდგრადობაზე. დემონტაჟის დაწყებამდე დაკვირვების მიზნით საჭიროა ბზარწარმოქმნის ადგილებში თაბაშირის ყალაურების (მანიშნები) მოწყობა, სადემონტაჟო სამუშაოების და შემდგომი მშენებლობის პერიოდამდე. ამ დროის განმავლობაში დეფორმაცია თუ არ განვითარდა, დაზიანებული მონაკვეთები (ბზარები) უნდა შეილესოს მაღალი ხარისხის ქვიშა-ცემენტის ხსნარით. დეფორმაციების ზრდის შემთხვევაში უნდა შეწყდეს სამუშაოები და გაირკვეს ბზარების წარმოქმნის მიზეზები და მხოლოდ მათი აღმოფხვრის შემდგომ შესაძლებელი იქნება სამუშაოების გაგრძელება. ქ. თბილისში, ............. მდებარე საცხოვრებელ სახლს დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მე-3-4 ხარისხის დაზიანება. შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულია. აუცილებელია მისი კედლების გაძლიერება განხორციელდეს წინასწარ დამუშავებული პროექტის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობას. მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლოა ჩატარდეს ........ №9-ში არსებული შენობის დემონტაჟი.

3.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 29.10.2015 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ......... არსებულ ორ-სამ სართულიან შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მე-4 ხარისხის დაზიანება. მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულია. შენობის კედლებში განვითარებული დეფორმაციები მაცხოვრებელთა და მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. ის დაუყოვნებლივ საჭიროებს დემონტაჟს. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით.

3.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 15.07.2016 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, 1) ქ. თბილისში, ............ მდებარე სასტუმროს შენობის კონსტრუქციებს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებები და მისი ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეულ ზონებში საჭიროა გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების ჩატარება; 2) შენობაში დაფიქსირებული დაზიანებები გაჩენილია სხვადასხვა პერიოდში და მათი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს სხვადასხვა. დეფორმაციების პროგრესირების დადგენის მიზნით მიზანშეწონილია დაზიანებულ კონსტრუქციებზე დამონტაჟდეს ყალაურები და განხორციელდეს მათზე მონიტორინგი. რაც შეეხება საძირკვლის ფუძიდან გრუნტის ლოკალურ ჩამოშლას, აღნიშნული გამოწვეულია მიმდებარე ნაკვეთზე მოპასუხის მიერ ხიმინჯების რიგის არასათანადოდ მოწყობით; 3) შენობის დაზიანებათა აღმოფხვრისათვის საჭიროა დეტალური გამოკვლევისა და დეფორმაციათა პროგრესირებაზე დაკვირვების შედეგების მიღების საფუძველზე დამუშავდეს გამაგრება-გაძლიერების კონსტრუქციული პროექტი. ამასთანავე, მიზანშეწონილია სამშენებლო და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჰიდრო-გეოლოგიური პირობების შესწავლა, რათა დადგინდეს გრუნტის წყლის წარმომავლობა, მისი დინების რეჟიმი და წნევა, რის გათვალისწინებითაც მიღებული უნდა იქნას საინჟინრო გადაწყვეტები არსებული წყლების შენობათა მდგრადობისათვის უსაფრთხო გადაყვანაზე.

3.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 28.06.2018 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, .......... მისამართზე მდებარე ფართზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება არამიზანშეწონილია და აღნიშნული ფართი ექვემდებარება დემონტაჟს. ქ. თბილისში, ......... არსებული ფართის დაზიანება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობით, კერძოდ: ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით, მნიშვნელოვანი ასაკობრივი ცვეთით, უშუალოდ .......... არსებული შენობის ნაწილის დემონტაჟით და მომიჯნავე ნაკვეთში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებით.

3.8. ......... მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მითითებულ მისამართზე მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად გასაწევი ხარჯის ოდენობა შეადგენს 71594,37 ლარს.

3.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, 408.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში შესაფასებელი გარემოებებია: ა) რამდენად არის მოპასუხის მოქმედებები ზიანის გამომწვევი მიზეზი; ბ) მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული ზიანის ოდენობა.

3.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას (კერძოდ, დელიქტით მიყენებული ზიანის ფაქტი, ასევე მოთხოვნილი თანხის მართლზომიერება), ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

3.11. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები ვერ იქნებოდა დაზიანების გამომწვევი მიზეზი, მით უფრო, იმ პირობებში, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული შენობის დემონტაჟი არ განხორციელებულა რაიმე ტექნიკის გამოყენებით.

3.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 28.06.2018 წელს შედგენილი №004425918 დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია შემდეგი: ქ. თბილისში, .......... მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტების მიერ ვიზუალურად შესწავლილი იქნა 2014 წლის ოქტომბერში და №05511914 დასკვნით მისი ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად, თუმცა კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ „...შენობის წინა ფასადზე მარჯვენა მხარეს და პირველი სართულის შიდა მზიდ კაპიტალურ კედლებში ფიქსირდება ბზარები, ბეწვისებრიდან 1-:-6 მმ-მდე. განსაკუთრებით დაზიანებულია მარცხენა ნაწილი, ხის იატაკი დაქანებულია...“, 2015 წლის ოქტომბერში განმეორებით იქნა შესწავლილი აღნიშნული შენობის ტექნიკური მდგომარეობა და გაცემულია დასკვნა №006460215, რომლის თანახმად, „ქ. თბილისში, ........ არსებული ორ-სამ სართულიან შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება IV ხარისხის დაზიანება. მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულია. შენობის კედლებში განვითარებული დეფორმაციები მაცხოვრებელთა და მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. ის დაუყონებლივ საჭიროებს დემონტაჟს. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით.“ დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნული შენობა დემონტირებულია, დარჩენილია მხოლოდ მოქ. ნ.ჩ–ძის საკუთრებაში არსებული ფართი (ფოტო 1, 2, 3) დაახლოებით 24 კვ.მ და ფართის ქვეშ არსებული სარდაფი, რომელიც დამკვეთის ინფორმაციით საკვლევი ფართის უკან მდებარე მშენებლობის მესაკუთრის მფლობელობაშია. აღნიშნული ფართის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს ნაწილობრივ აგურის კედლები და ნაწილობრივ ხის ჩარჩოვანი სისტემა, რომელიც შევსებულია აგურის წყობით. ხის დგარები, ასევე კოჭები, ასაკობრივი ცვეთის გამო დაზიანებულია მპალით, ხოლო აგურის კედლებზე წარმოქმნილია დახრილი ნაპრალისებრი ბზარები (ფოტო 4, 5, 6). ფართის შიდა სივრცეში კედლებსა და ტიხრებზე შეინიშნება დახრილი ბზარები და ატმოსფერული ნალექების ჩამოდინების შედეგად ჭერი დალაქავებულია (ფოტო 7, 8, 9, 10, 11). დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საკვლევ ფართზე არსებული დაზიანებები III-IV ხარისხისაა და კონსტრუქციული თვალსაზრისით მისი აღდგენა არამიზანშეწონილია, ვინაიდან სეისმომედეგობის გარკვეული დონით გაზრდისათვის და უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად აუცილებელია: ხის მზიდი ჩარჩოვანი სისტემის მქონე კედლების (წინა და მარცხენა ტორსული კედელი) სრული დემონტაჟი და ახალი კედლების ამოყვანა. მარჯვენა ტორსული კედლის გაძლიერება გარსაკრში ჩასმით. სასხვენო და სართულშუა გადახურვის შეცვლა. ასევე აუცილებელია საძირკვლების გაძლიერება. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საკვლევი ფართის აღდგენა-გაძლიერება არამიზანშეწონილია და ექვემდებარება დემონტაჟს.

3.13. 2014 წლის №OO5511914 დასკვნის თანახმად, ......... მდებარე შენობაზე აღინიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, რომელთა პროგრესირება შემდგომ წლებში შეეძლო გამოეწვია მომიჯნავე ნაკვეთში ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს, მითუმეტეს, როდესაც ქვაბულის ფერდის გამაგრების სამუშაოები, 2016 წლის ზაფხულში გაცემული №004161616 დასკვნის თანახმად, პროექტის დარღვევითაა შესრულებული და მითითებულია, „რომ არამარტო ....... მხარეს, არამედ #16 მხარესაც გრუნტის გამოცლა ხიმინჯებს შორის ფიქსირდება სწორედ იმ ზონებში, სადაც ხიმინჯებს შორის მანძილი აღემატება პროექტით გათვალისწინებულს. აქედან გამომდინარე აღნიშნულ ზონებში აუცილებელია ხიმინჯებს შორის თავისუფალი მანძილის შემცირება, რათა აღიკვეთოს ამ „ღრიჩოებიდან“ გრუნტის ჩამოშლა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვაბულის ფერდი არასათანადოდ იქნა დამაგრებული. იმავე დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ: „ამ დროისათვის შპს „R.“-ის მშენებარე ობიექტზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, რის გამოც როგორც სამშენებლო ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე ვითარდება უარყოფითი პროცესები; მიმდებარე ნაკვეთების გრუნტიდან ქვაბულში ჩაედინება დიდი რაოდენობით წყლები, რაც ავითარებს ტერიტორიის გრუნტის მასივის სუფოზიურ პროცესს;“ ასევე, საკვლევი ფართის ტექნიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა შეეძლო მოეხდინა ....... ქ. №16-ში არსებული შენობის ნაწილის დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილ დინამიურ დატვირთვებს. ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014-2015 წლებში ქ. თბილისის ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა, რაც შენობების დაზიანება გამოიწვევდა, არ მომხდარა.

3.14. 15.07.2016 წელს გაცემულ №004161616 დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ 2015 წლის გაზაფხულზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იყო ქვაბულის მოწყობის პროექტი, მასში გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების მიმდებარედ არსებულ შენობებზე შესაძლო ზეგავლენის დადგენის მიზნით, რაზეც გაიცა შესაბამისი დასკვნა. პროექტით გათვალისწინებული იყო 900 მმ და 1200 მმ დიამეტრის ხიმინჯების მოწყობა, შენობის თავზე კი რკინაბეტონის შემკრავი კოჭის მოწყობა, თუმცა არსებული მდგომარეობით ქვაბულის კედლები გამაგრებულია რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების რიგით, რომელიც არ შეესაბამება პროექტს.

3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ არსებობდა დელიქტური ვალდებულება, ვინაიდან იკვეთებოდა სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხივე წინაპირობა; მოპასუხის ბრალეული ქმედება გამოიხატა წინდახედულობისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უგულებელყოფით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის სადავო გარემოებაც, რომ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი. მოპასუხის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების გარდა, ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

3.16. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სპეციალისტის - ხარჯთაღმრიცხველის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, სადაც დეტალურად არის გაწერილი დაზიანებული სახლის აღდგენისათვის საჭირო ის კონკრეტული სამუშაოები და მათი ღირებულება, რომელთა ჩატარების შედეგადაც სახლი გახდება ექსპლუატაციისათვის ვარგისი. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის დაანგარიშება გაურკვეველია. მოპასუხემ მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს .......... ქ. №16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღსადგენად პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესაფასებლად, თუმცა 05.10.2020 წელს შედგენილი №006058320 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. თბილისში, ....... ქ. №16-ში არსებული შენობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არასრულყოფილია და მის საფუძველზე ქ. თბილისში, ......... ქ. №16-ში საცხოვრებელი სახლის სადემონტაჟო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სახეობების, მოცულობებისა და ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეს ზიანის ოდენობასთან მიმართებით კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

3.17. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მითითება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის სახლის აღდგენა საჭიროებს 71595 ლარს. მოპასუხის განმარტებით, მშენებლობის წარმოების ხარჯთაღრიცხვა შესაძლებელია შედგენილი იქნას მხოლოდ მშენებლობის პროექტის კონსტრუქციული ნაწილის არსებობის შემთხვევაში, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის; წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ჩამოთვლილია მასალის ფასები, მაგრამ არსაიდან ჩანს თუ რა საერთო კავშირშია ეს მასალები პროექტთან, რომელსაც არ ახლავს კონსტრუქციული ნაწილი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა სახლის აღდგენის პროექტს/ხარჯთაღრიცხვას, თავისუფლად შეეძლო შეედგინა ალტერნატიული პროექტი და მოეთხოვა ბინის აღსადგენად ხარჯების შემცირება; თუმცა მას ეს არ გაუკეთებია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხემ თავად წარუდგინა ექსპერტს მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტი/საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და მოითხოვა ქ. თბილისში, ......... მდებარე არსებული შენობის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების მართებულობისა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა. ექსპერტის მიერ მოხდა წარდგენილი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლა და ურთიერთშედარება. ექსპერტის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არასრულყოფილია. იგი მოიცავს მხოლოდ არსებული სიტუაციის ტოპოგრაფიულ გეგმას, საპროექტო ჭრილს(...). საპროექტო ფასადების და საპროექტო სართულის გეგმებზე არ არის ნაჩვენები მოსაპირკეთებელი მასალების სახეობები, პროექტს არ გააჩნია სფეციფიკაციები და სხვა. წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტანციით შეუძლებელია ქ. თბილისში, ......... №16-ში საცხოვრებელი სახლის სადემონტაჟო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სახეობების და მოცულობების განსაზღვრა. ასევე არასრულია წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამდენად, ზემოაღნიშნულ დასკვნაზე მითითებით, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ ხარჯები გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან პროექტი კიდევ ბევრ მათგანს არ მოიცავდა.

3.18. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია კვალიფიციური შედავება ზიანთან დაკავშირებით, მან დადგენილად მიიჩნია 71 595 ლარის ზიანის არსებობა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა ზიანი, რაც განიცადა მოსარჩელემ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით - 71 595 ლარის ფარგლებში.

3.19. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 01.01.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 200 აშშ დოლარის (შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა) დაკისრების შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ, სსკ-ის 992-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.

3.20. მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №08764019 დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, .......... ქუჩა №16-ში მდებარე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი უძრავი ქონების ყოველდღიური ქირის საბაზრო ღირებულება 2017-2019 წლების მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 17 აშშ დოლარს, იმ დღის შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

3.21. საყურადღებოა, რომ მოპასუხე დაზუსტებულ შესაგებელში თავადვე უთითებდა: „მოსარჩელე არასოდეს აქირავებდა მის კუთვნილ ფართს დღიურად, მას პერიოდულად ჰქონდა ხოლმე ბინა გაქირავებული საქართველოს მოქალაქეებზე და ჩვენს კომპანიაში მუშებად დასაქმებულ პირებზე, რომლებიც ყოველთვიურ ქირას უხდიდნენ დაახლოებით 100-150 ლარის ფარგლებში. მისი ფართი იმთავითვე იმდენად ძველი და სარემონტო იყო, რომ უცხოელ ტურისტებზე გაქირავებას ვერც შეძლებდა“. დასტურდება ფიზიკური პირის - ლ.ხ–ძის მიერ 2012 წლის ივლისის თვიდან 2014 წლის ივლისის თვემდე ნაქირავებ ბინაში (მისამართი: ქ. თბილისი, .......; ბინის მდგომარეობა: კარგად გარემონტებული, კეთილმოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით, მოწესრიგებული ეზოთი, ბეტონის საფარითა და ყურძნის ხეივნით გამწვანებული) ცხოვრება და ქირავნობის საფასურის ყოველ თვე - 200 (ორასი) აშშ დოლარის ოდენობით გადახდა.

3.22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ, მიუღებელი შემოსავლის/ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში იყო გასაზიარებელი. პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე დადგენილია, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ფაქტი, ასევე ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, მიყენებული ზიანის ოდენობა. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა ქირავდებოდა და კომერციული დანიშნულებით იყენებდა მესაკუთრე; მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ, რომელიც გამოიხატა წინდახედულობისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უგულებელყოფით, გამოიწვია მოსარჩელისათვის ზიანი/მიუღებელი შემოსავლის სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა შენობა-ნაგებობის გაქირავების შესაძლებლობის მოპასუხის მიერვე მოსპობით მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 01.01.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის ოდენობით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის, დაკისრების წინაპირობების შემოწმება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის ამ კონტექსტში შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით მოწესრიგებას ექვემდებარება, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.

9. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ; №ას-1426-2018, 11.04.2019წ; №ას-1346-2021, 27.07.2022წ.). ამრიგად, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტია მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).

10. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1127-1047-2017, 18.10.2017წ; №ას-72-72-2018, 15.02.2018წ.).

11. განსახილველი შემთხვევის საკვანძო საკითხს, მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზშედგებობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მოპასუხის მიერ მომიჯნავე ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოების ზემოქმედების, დადასტურება, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 17.10.2014 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ......... არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მის კედლებში განვითარებული ბზარები საფრთხის შემცველი არ იყო (ტ.2, ს.ფ. 157-177), თუმცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 29.10.2015 წელს გაცემულ დასკვნაში უკვე მითითებულია, რომ ქ. თბილისში, .......... არსებულ ორ-სამ სართულიან შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება IV ხარისხის დაზიანება. მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულია. შენობის კედლებში განვითარებული დეფორმაციები მაცხოვრებელთა და მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. ის დაუყოვნებლივ საჭიროებს დემონტაჟს. დემონტაჟი უნდა განხორციელდეს სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით (ტ.2, ს.ფ. 178-185). საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 15.07.2016 წელს გაცემული დასკვნიდან ირკვევა მოპასუხის მიერ გარკვეული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამოდ ჩატარების ფაქტი, კერძოდ, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ 2015 წლის გაზაფხულზე ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი იყო ქვაბულის მოწყობის პროექტი, მასში გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების მიმდებარედ არსებულ შენობებზე (..........) შესაძლო ზეგავლენის დადგენის მიზნით, რაზეც გაიცა შესაბამისი დასკვნა. პროექტით გათვალისწინებული იყო 900 მმ და 1200 მმ დიამეტრის ხიმინჯების მოწყობა, ხიმინჯების თავზე რკინაბეტონის შემკრავი კოჭის მოწყობა. არსებული მდგომარეობით მშენებარე ობიექტზე ქვაბულის კედლები გამაგრებულია რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების რიგით, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება პროექტს: ხიმინჯებს შორის არ არის ზუსტად დაცული მათი დაშორება; ხიმინჯების თავზე არ არის მოწყობილი შემკრავი კოჭი და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არამარტო ...... #14-ის მხარეს, არამედ #16 მხარესაც გრუნტის გამოცლა ხიმინჯებს შორის ფიქსირდება სწორედ იმ ზონებში, სადაც ხიმინჯებს შორის მანძილი აღემატება პროექტით გათვალისწინებულს (ტ.2, ს.ფ. 186-196). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 28.06.2018 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........ №16 მისამართზე მდებარე ფართზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება არამიზანშეწონილია და აღნიშნული ფართი ექვემდებარება დემონტაჟს. დასკვნაში ასევე საუბარია ქ. თბილისში, ....... არსებული ფართის დაზიანებაზე ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით, შენობის ნაწილის დემონტაჟით და მომიჯნავე ნაკვეთში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებით. მის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ 2014-2015 წლებში ქ. თბილისის ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა, რაც შენობების დაზიანება გამოიწვევდა, არ მომხდარა (ტ.1, ს.ფ. 25-35).

12. მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს გააქარწყლებდა. საკასაციო პალატა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების ნიადაგზე მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მომიჯნავე ტერიტორიაზე მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამუშაოების ნეგატიური შედეგია. ქონების დაზიანებასა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან კავშირში, მოპასუხისათვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

13. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად გასაწევი ხარჯის ოდენობა შეადგენს 71594,37 ლარს (ტ.2, ს.ფ.119-122). მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ზიანის ოდენობის სხვაგვარ გაანგარიშებას შესთავაზებდა სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 05.10.2020 წლის ექსპერტიზის დასკვნა (ტ.2, ს.ფ. 199-204), სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის გამაბათილებლად.

14. ასევე დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 992-ე, 411-ე მუხლები) ნაწილში. საქმის მასალებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელე კუთვნილ უძრავ ნივთს აქირავებდა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.21 პუნქტი), რისი შესაძლებლობაც მოესპო შენობის დაზიანების გამო, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი არის მწვავედ ავარიული, შენობის კედლებში განვითარებული დეფორმაციები მაცხოვრებელთა სიცოცხლისათვის შეიცავს საფრთხეს, შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით დაზიანდა. შესაბამისად, გამოკვეთილია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობები. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, იგი საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ოდენობა სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

15. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ვერც ის პრეტენზია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებით საწევრო დავალიანების გადაუხდელობის გამო შეუწყდა ასოციაციის წევრობა. საქმეში არ მოიპოვება კონკრეტული მტკიცებულება მასზე, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის პერიოდში წარმომადგენელს არ გააჩნდა ასეთი უფლებამოსილება, ან რა პერიოდ(ებ)ში ჰქონდა ასეთს ადგილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხეს საქმის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო და საკასაციო განხილვის ეტაპზე ჰყავს ერთი და იგივე წარმომადგენელი, რომლის პოზიცია მოპასუხე საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის - დირექტორის პოზიციის თანმთხვევადია. საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ის ირიცხება ადვოკატთა ერთიან სიაში და წერილობით საკასაციო საჩივარს (ისევე როგორც სააპელაციო საჩივარს) წარმომადგენელი და დირექტორი ერთად აწერენ ხელს (ტ.5, ს.ფ.166; ტ.4, ს.ფ.174).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 4493.25 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 3145.27 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „R.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „R.“-ს (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს ი.კ–ძის (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 4493.25 ლარის (საგადასახადო დავალება №5942, გადახდის თარიღი 07.04.2023წ., გადახდილი თანხა 3579.75 ლარი; საგადასახადო დავალება №2391, გადახდის თარიღი 07.04.2023წ., გადახდილი თანხა 913.50 ლარი) 70% – 3145.27 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია