Facebook Twitter

საქმე №ას-1025-2023 30 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ბ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (შემდგომ - პირველი მოპასუხე), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მეორე მოპასუხე) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის კუთვნილი, საჯარო რეესტრში ....... და ....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯეროვანი გამოყენებისა და საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს მიეცა სატრანსპორტო გზით სარგებლობის უფლება საჯარო რეესტრში ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 75091მ2 მიწის ნაკვეთზე (მესაკუთრე სახელმწიფო, უზუფრუქტუარი პირველი მოპასუხე) და საჯარო რეესტრში ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 343887მ2 მიწის ნაკვეთზე (მესაკუთრე მესამე მოპასუხე, წინა საკადასტრო კოდი - ........); ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, პირველ მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილ, საჯარო რეესტრში №...... და №..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებამდე საჯარო გზიდან მიწის ნაკვეთით, რომლის საკადასტრო კოდია ........, საავტომობილო და საფეხმავლო გზასთან დასაკავშირებლად ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. სააპელაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა; მერიას (მესამე მოპასუხეს) აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილ ქონებამდე, ქ. თბილისში, ....... ....... ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 1501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთამდე (საკადასტრო კოდი .........) საჯარო გზიდან ...... საკადასტრო კოდის გავლით საავტომობილო და საფეხმავლო კავშირის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განჩინებაზე მერიამ საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ განმცხადებელს არ მიუთითებია გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არ გამოვლენილა ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით შესაძლო ზიანის ფაქტს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით, საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაუსაბუთებელია, კერძოდ, არ არის მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით შესაძლო ზიანის ფაქტს.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა. როგორც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე თანდართული ფოტოსურათებიდან ირკვევა, საქმის განხილვის პროცესში მერიამ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......) მოსარჩელის კუთვნილ 1501 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ........) მისასვლელ გზაზე განათავსა ლითონის ხელოვნური ბარიერები, რომელიც შეუძლებელს ხდის ავტომობილით უძრავ ქონებასთან მისვლას. განმცხადებლის მითითებით, 2023 წლის 24 აპრილს მოსარჩელე ცდილობდა, ავტომობილით მისულიყო თავის კუთვნილ 1501 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, რისთვისაც უნდა გაევლო ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მერიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რისი უფლებაც თბილისის მერიის უსაფრთხოების თანამშრომლებმა არ მისცეს და დღემდე შეზღუდული აქვს. ამასთან, მოსარჩელის წერილობით მოთხოვნას მერიის (უსაფრთხოების სამსახურის) მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, ამ უკანასკნელმა პასუხი გასცა, რომ განსახილველი საკითხი არ განეკუთვნებოდა მის კომპეტენციას.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არის დასაბუთებული, წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები და არსებობს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსი 191-ე მუხლი (შემდგომ - სსსკ), რისი გათვალისწინებითაც, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც საჩივარი საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და მერიას აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილ ქონებამდე საჯარო გზიდან ....... საკადასტრო კოდის გავლით საავტომობილო და ფეხმავალი კავშირის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა.

12. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

13. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.

14. მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, აქვს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.52). საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, უკეთუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საჩივრის ავტორი იმ გარემოებებზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ არ ვლინდება ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არ იკევეთება ის გარემოებებიც, რომლებიც დაასაბუთებდა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით შესაძლო ზიანის ფაქტს, რისი გათვალისწინებითაც, უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს.

16. საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის პოზიციას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი მიზანი დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული არ არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 191.1 მუხლის დანაწესი მოიცავს ასევე - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას და გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, ანუ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება შეილახოს მხარის ინტერესი.

17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონდებელი, ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26.10.2017წ.; №ას-538-2022, 16.06.2022წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).

18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მისი კუთვნილი, საჯარო რეესტრში ....... და ...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯეროვანი გამოყენებისა და საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს მიეცა სატრანსპორტო გზით სარგებლობის უფლება საჯარო რეესტრში ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 75091მ2 მიწის ნაკვეთზე (მესაკუთრე სახელმწიფო, უზუფრუქტუარი პირველი მოპასუხე) და საჯარო რეესტრში ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 343887მ2 მიწის ნაკვეთზე (მესაკუთრე მესამე მოპასუხე, წინა საკადასტრო კოდი - ........); ამასთან, ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, პირველ მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილ, საჯარო რეესტრში № ....... და № ...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებამდე საჯარო გზიდან საკადასტრო კოდით - ....... მიწის ნაკვეთით საავტომობილო და საფეხმავლო გზასთან ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა.

19. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის პროცესში მერიის მიერ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .........) მოსარჩელის კუთვნილ 1501 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (ს/კ .......) მისასვლელ გზაზე განათავსა ლითონის ხელოვნური ბარიერები, რომელიც შეუძლებელს ხდის ავტომობილით უძრავ ქონებასთან მისვლას და, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მერიამ არ აღკვეთა ხელშეშლა.

20. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით აღნიშნას, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვინაიდან, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა გამოიწვევეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების შელახვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის არარსებობის პირობებში, შესაძლოა მესაკუთრემ თავისი კუთვნილი უძრავ ნივთ ჯეროვნად ვერ გამოიყენებს (ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მას საკუთარ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად არ გააჩნია არც საფეხმავლო და არც საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან).

21. პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამარლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორც დროებითი ხასიათის ღონისძიება დაიცავს უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებებს, რომელიც უზრუნველყოფილია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ამასთან, აღნიშნული არც მოპასუხის ინტერესებს არ შეზღუდავს გაუმართლებლად, მით უფრო, მოსარჩელის მითითების გათვალისწინებით, რომლის თანახმად, საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების მოპოვების დროს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ გზაზე გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმები არ დაირღვეს. ეს მისი ინტერესებია, ვინაიდან მხარეთა ქონება ერთი დაგეგმარების არეალშია და უსაფრთხოების ზომების დარღვევა მასზეც უარყოფითად აისახება.

22. პალატის მითითებით, საჩივრის ავტორის მითითებები, რომელიც არ შეიცავს არგუმენტირებულ შედავებას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლების დანაწესის ფარგლებში, სწორად გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება.

23. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე