საქმე №ა-5643-შ-173-2023 17 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ტ.ს–ვას შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ვ.ს–ვის მიმართ, რუსეთის ფედერაციის, როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის სააპელაციო განჩინების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის (საქმე №ა-1522-შ-44-2022) განჩინების გაუქმების მოთხოვნით
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
1. რუსეთის ფედერაციის, როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის სააპელაციო განჩინებით, როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა; ტ.ს–ვას სასარჩელო მოთხოვნები ვ.ს–ვის მიმართ, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვის, არასრულწლოვანი ბავშვების აღსაზრდელად დედისათვის გადაცემის, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დედასთან ერთად განსაზღვრის, ბავშვების სარჩენად ფიქსირებული ფულადი თანხის სახით ალიმენტის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ვ.ს–ვის შეგეგებული სასარჩელო მოთხოვნები ტ.ს–ვას მიმართ, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვის, არასრულწლოვანი ბავშვების აღსაზრდელად მამისათვის გადაცემის, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მამასთან ერთად განსაზღვრის, არასრულწლოვანი ბავშვების სარჩენად ფიქსირებული ფულადი თანხის სახით ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; არასრულწლოვან ბავშვების: 20.06.2013 წელს დაბადებული ვ.ს–ვას, 20.08.2015 წელს დაბადებული ე.ს–ვას და 12.11.2018 წელს დაბადებული ვ.ს–ვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის - ვ.ს–ვის საცხოვრებელი ადგილი. ტ.ს–ვას ვ.ს–ვის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვების სარჩენად ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად ფიქსირებული - 6879.50 რუბლის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ტ.ს–ვამ და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატაიასკის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და ვ.ს–ვს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ტ.ს–ვასათვის არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვის, არასრულწლოვანი ბავშვების აღსაზრდელად მამისათვის გადაცემის თაობაზე. ასევე, მოითხოვა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის (საქმე №ა-12-55-შ-44-2022) განჩინება, რომლითაც, ვ.ს–ვის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ.ს–ას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების მიმართ.
3. შუამდგომლობის თანახმად, ტ.ს–ვა რუსეთი მოქალაქეა. მას და მის შვილებს საქართველოში მიღებული აქვთ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი. იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ.ს–ვთან. განქორწინების შემდეგ, ერთმანეთის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა სასამართლოში. რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627-21 დააკმაყოფილა ვ.ს–ვის სარჩელი და ტ.ს–ვას შეუზღუდა მშობლის უფლებები და ბავშვები აღსაზრდელად გადასცა მამას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ხოლო რუსეთის ფედერაციის საკასაციო სასამართლომ 2022 წლის 9 აგვისტოს მიიღო განჩინება (საქმე №88-25366/2022) და გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის სააპელაციო განჩინება. საქმე გადაეგზავნა როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად. რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლომ ხელახლა იმსჯელა აღნიშნულ საქმეზე და მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში. ზემოაღნიშნული პროცესების პარალელურად, საქართველოს ტერიტორიაზე ვ.ს–ვის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით მოხდა რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, იმ ნაწილში რომლითაც ტ.ს–ვას შეეზღუდა მშობლის უფლებები. ამავე დროს რუსეთის სასამართლოებში გრძელდებოდა საქმის განხილვა, რაც საბოლოოდ საქართველოში აღიარებული გადაწყვეტილების გაუქმებით დასრულდა.
4. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და სასამართლომ უარი უთხრა ვ.ს–ვს ტ.ს–ვასთვის მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ბავშვების მისთვის აღსაზრდელად გადაცემის თაობაზე. მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს.
5. სასამართლო მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის (საქმე №ა-1522-შ-44-2022) განჩინების გაუქმების თაობაზე მოთხოვნა განუხილევლად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. განცხადების შინაარიდან ირკვევა, რომ ერთი წარმოების ფარგლებში, განმცხადებელს გაერთიანებული აქვს ორი სხვადასხვა წარმოების წესით განსახილველი საკითხი, კერძოდ, ერთი შეეხება უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, ხოლო მეორე - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, რომელთა მარეგულირებელ ნორმებს გააჩნიათ განსხვავებული ნიშან-თვისებები და სამართლებრივი შედეგიც განსხვავებულია.
7. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით (საქმე №ა-1522-შ-44-2022) ვ.ს–ვის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ.ს–ას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ.ასული ს–ას და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ. ძე ს–ის მიმართ.
8. შუამდგომლობის ავტორი ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები შეეზღუდა და რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, გაუქმებულია. შუამდგომლობას ახლავს როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის სააპელაციო განჩინება, რომლის თანახმადაც, როსტოვის ოლქის ბატაიასკის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამასთან, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებატა გამო საქმის წარმოების განახილების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.
10. სასამართლო მიუთითებს, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებას ეხება თავისი შინაარსით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახილებს შესახებ მოთხოვნაა (სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი) და იმ საქმეზე წარსადგენ განცხადებას წარმოადგენს, რომლითაც მოხდა რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება.
11. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი უცვლელად დატოვების შესახებ ზემდგომი სასამართლოს განჩინება (იხ. სუსგ-ები: №ას-550-21, 1.02.2022წ.; №ას-1273-2019, 30.10.2019წ.; №ას-628-600-2016, 2.09.2016წ.).
12. სასამართლო მიუთითებს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა, რომელიც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის (საქმე №ა-1522-შ-44-2022) განჩინების გაუქმებას, როსტოვის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის სააპელაციო განჩინების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის საკითხთან ერთად განსახილველი არ არის, რისი გათვალისწინებითაც, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განჩინების (საქმე №ა-1522-შ-44-2022)) გაუქმების მოთხოვნით უნდა დარჩეს განუხილევლად, რაც არ ართმევს პირს უფლებას განცხადება წარადგინოს საერთო წესით.
13. რაც შეეხება როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის სააპელაციო განჩინების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის საკითხს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო იღებს დადგენილების ფორმით.
15. სასამართლო მიუთითებს, რომ მინსკის კონვენციის მესამე თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ საკითხები. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე.
16. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ითხოვს შუამდგომლობის ავტორი კანონიერ ძალაშია შესული, ან არსებობს საგამონაკლისო შემთხვევა, რის გამოც არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.
17. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში, თუკი განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, გაურკვეველი რჩება მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა, რომლითაც ვ.ს–ვის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ანუ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო განჩინებით, ვ.ს–ვის შეგებებული მოთხოვნები ტ.ს–ვას მიმართ, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვის, არასრულწლოვანი ბავშვების აღსაზრდელად მამისათვის გადაცემის, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მამასთან ერთად განსაზღვრის, არასრულწლოვანი ბავშვების სარჩენად ფიქსირებული ფულადი თანხის სახით ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (არასრულწლოვან ბავშვების: 20.06.2013 წელს დაბადებული ვ.ს–ვას, 20.08.2015 წელს დაბადებული ე.ს–ვას და 12.11.2018 წელს დაბადებული ვ.ს–ვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის - ვ.ს–ვის საცხოვრებელი ადგილი. ტ.ს–ვას ვ.ს–ვის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვების სარჩენად ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად ფიქსირებული - 6879.50 რუბლის გადახდა), განჩინების დაუკმაყოფილებელი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, გაურკვეველია რა სამართლებრივ შედეგს მოუტანს შუამდგომლობის ავტორს, რაც უნდა დასაბუთდეს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის (საქმე №ა-1522-შ-44-2022) განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო რუსეთის ფედერაციის, როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის სააპელაციო განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე შუამდგომლობა ვინაიდან არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
19. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ.ს–ვას შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის (საქმე №ა-1522-შ-44-2022) განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. ტ.ს–ვას რუსეთის ფედერაციის, როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის სააპელაციო განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე ეთქვას უარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე