Facebook Twitter

№ა-4310-შ-114-2023 30 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ტ–უს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, ოლდენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება (გადაწყვეტილება)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ოლდენბურგის (ოლდბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის №102 F 344/19 SO გადაწყვეტილებით, მშობლების მზრუნველობა ი.ტ–ის (დაბადებული 29.07.2010) მიმართ დაეკისრა მხოლოდ დედას - ი.ტ–უსს.

2. ი.ტ–უსმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ბავშვის მზრუნველად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მშობლების უფლებებისა და მოვალოებების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოწინაღმდეგე მხარე ს.ტ–ის უფლებამოისლი წარმომადგენელი.

4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ოლდენბურგის (ოლდბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის №102 F 344/19 SO გადაწყვეტილებით (იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბავშვის მამა არანაირად არ მონაწილეობს მშობლის მზრუნველობის უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში) მშობლების მზრუნველობა ი.ტ–ის (დაბადებული 29.07.2010) მიმართ დაეკისრა მხოლოდ დედას - ი.ტ–უსს. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (იხ. სუსგ №ა-3644-შ-94-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, ოლდენბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება (გადაწყვეტილება) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ტ–უსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ოლდენბურგის (ოლდბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის №102 F 344/19 SO გადაწყვეტილება, რომლითაც მშობლების მზრუნველობა ი.ტ–ის (დაბადებული 29.07.2010წ.) მიმართ დაეკისრა მხოლოდ დედას - ი.ტ–უსს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე