Facebook Twitter

საქმე №ას-939-2023 22 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ვ–ძე, ნ.ჭ–ძე (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხე – შპს „თ.ს.ს–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების განსაზღვრა, განკარგულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ვ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და ნ.ჭ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ს.ბ–ისა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) და შპს „თ.ს.ს–ის“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს:

- ბანკის მიმართ პირველი მოსარჩელის ვალდებულება 2016 წლის 11 ივლისის N4251515ა-4869717 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 12 ივნისის მდგომარეობით განისაზღვროს შემდეგი სახით: გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა - 39 912,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, პროცენტი - 4 271,19 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით დაანგარიშებული და დარიცხული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა 1,5% შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, 0,1%-მდე (39,91 აშშ დოლარი დღეში) და მისი ოდენობა განისაზღვროს - 5 986,87 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით;

- ბათილად იქნას ცნობილი მეორე მოპასუხის მიერ 2017 წლის 12 ივნისს გაცემული N170642436 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ, შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ........ საკუთრების უფლებით აღირიცხოს მეორე მოსარჩელის სახელზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხის მიერ 2017 წლის 12 ივნისს გაცემული განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, ბინა N18, ფართი 107,52 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ......., მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა მეორე მოსარჩელე; ბანკსა და პირველ მოსარჩელეს შორის 2016 წლის 11 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ბანკის წინაშე 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 39 912,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, პროცენტი - 4 271,19 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, პირგასამტეხლო - 5 986,87 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხეს წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2023 წლის 01 ნოემბერს მოსარჩელეებმა, ასევე მოპასუხეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებებით მომართეს, რომელსაც დაურთეს მორიგების აქტი (მორიგების აქტზე მხარეთა და მათი წარმომადგენლების ხელმოწერები დამოწმებულია სანოტარო წესით) და იშუამდგომლეს მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე.

8. მხარეთა მორიგების მიზნით 2023 წლის 22 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

14. ამასთან, მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

16. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგებით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 636,50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ვ–ძის, ნ.ჭ–ძის, სს „ს.ბ–ისა“ და შპს „თ.ს.ს–ის“ შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

ერთი მხრივ, სს „ს.ბ–ი“ (ს.კ. .......) (შემდგომში - სს „ს.ბ–ი“/„ბანკი“ ან/და „მოპასუხე“), წარმოდგენილი მინდობილი პირის ლ.ს–ის (პ.ნ. .........) სახით, მეორე მხრივ, ნ.ჭ–ძე (პ.ნ. .........), წარმოდგენილი ა.ბ–ას (პ.ნ. .......) სახით და ი.ვ–ძე (პ.ნ. .......) (შემდგომში - „მოსარჩელეები’’) და, მესამე მხრივ, შპს „თ.ს.ს–ი“ (ს.კ. .......), წარმოდგენილი დირექტორის თ.გ–ას (პ.ნ. .........) სახით (შემდგომში - შპს „თ.ს.ს–ი“), ერთობლივად - „მხარეები”, დებენ წინამდებარე მორიგების აქტს (შემდგომში - „მორიგების აქტი“) შემდეგზე:

I. პრეამბულა

1.1. 2016 წლის 06 ივნისს ბანკს, როგორც გამსესხებელსა და ი.ვ–ძეს (პ.ნ. ........), როგორც მსესხებელს, შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N4251515-ა (შემდგომში - გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება);

1.2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, კერძოდ:

- ი.ვ–ძესთან 11.07.2016 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების (N4251515ა-4869717) საფუძველზე, ი.ვ–ძის სახელზე გაიცა სარგებლიანი კრედიტი 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით - სესხის პროგრამული ნომერი N39....;

1.3. 2016 წლის 06 ივნისს „ბანკსა“ და ი.ვ–ძეს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და ფარგლებში გაფორმებული შემადგენელი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონება:

- უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, სართული N1, ბინა N18 (საკადასტრო კოდი: .........). ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა - ნ.ჭ–ძე (პ.ნ. .......);

1.4. მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შეწყდა საკრედიტო ურთიერთობა და დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკის ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შპს „თ.ს.ს–ის“ (ს.კ. ..........) მიერ ორგანიზებულ აუქციონზე მოხდა წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის რეალიზაცია და იპოთეკის საგანი შეიძინა ბანკმა. მითითებული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დაიფარა აუქციონის მომსახურების საფასური და წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული/რიცხული დავალიანება (დაფარვის შემდეგ დარჩენილი პირგასამტეხლო ბანკის მხრიდან დაკორექტირდა სრულად);

1.5. შპს „თ.ს.ს–ის“ 2017 წლის 12 ივნისის განკარგულების საფუძველზე, უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., სართული N1, ბინა N18 (ს.კ. .......), მესაკუთრედ დარეგისტრირდა სს „ს.ბ–ი“. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს ბანკი, თუმცა მითითებული უძრავი ქონების ფაქტობრივ ფლობას მითითებული პერიოდიდან დღემდე უწყვეტად ახორციელებენ მოსარჩელეები;

1.6. მოსარჩელეების მიერ 2017 წელს აღძრულ იქნა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე N2/20683-17) ბანკისა და შპს „თ.ს.ს–ის“ მიმართ, 2016 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დავალიანების გადაანგარიშებისა და 2017 წლის 12 ივნისის მდგომარეობით დავალიანების კონკრეტული თანხით განსაზღვრის, ასევე, შპს „თ.ს.ს–ის“ მიერ გაცემული 2017 წლის 12 ივნისის განკარგულების N170642436 ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: ..... საკუთრების უფლებით ნ.ჭ–ძის სახელზე აღრიცხვის შესახებ;

1.7. წინამდებარე მორიგების აქტში აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე 2017 წლის 01 სექტემბრის განჩინებით (საქმე N2/20683-17), სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ბათუმი, ......., სართული N1, ბინა N18 (ს.კ. ........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

1.8. წინამდებარე მორიგების აქტის შედგენის დროისთვის სამოქალაქო დავის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქმე Nას-939-2023;

1.9. წინამდებარე მორიგების აქტის შედგენით მხარეები გამოთქვამენ სურვილს, წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული დავა დასრულდეს მორიგებით და სარჩელზე უარის თქმის შედეგად გაუქმდეს მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება, მითითებული პირობებით;

II. მორიგების აქტის პირობები

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე Nას-939-2023 დავის დასრულება და მისი შედეგები:

2.1. მოსარჩელეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით უარს ამბობენ ამ სამოქალაქო საქმის (პირველი ინსტანციის საქმის N2/20683-17) ფარგლებში ბანკისა და შპს „თ.ს.ს–ის“ წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე სრულად;

2.2. ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდი N.........შეძენის მიზნით, ნ.ჭ–ძე იღებს ვალდებულებას, ბანკის სასარგებლოდ გადაიხადოს 228 200 (ორას ოცდარვა ათას ორასი) ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე მორიგების აქტით უძრავი ქონების (ბინის) საკუთრების უფლებით აღრიცხვა უნდა მოხდეს ბანკის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციამდე რეგისტრირებულ მესაკუთრეზე, მოქმედი კანონმდებლობით ბანკიდან ნ.ჭ–ძის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ-სგან);

2.3. ნ.ჭ–ძის ან ნ.ჭ–ძის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის თანხმობითვე ნებისმიერი მესამე პირის მიერ ბანკის სასარგებლოდ 228 200 (ორას ოცდარვა ათას ორასი) ლარის გადახდა უნდა განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ Nას-939-2023 სამოქალაქო საქმეზე მხარეთა შორის მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან და ამ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (საქმე N2/20683-17) სსიპ საჯარო რეესტრის სამსახურში მოსარჩელ(ეებ)ის მიერ გაუქმების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 05 კალენდარული დღისა, მაგრამ 2023 წლის 01 დეკემბრამდე;

წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.2 პუნქტით განსაზღვრული თანხა ბანკის სასარგებლოდ გადახდილ უნდა იქნას შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

მიმღები - სს „ს.ბ–ი“; BAGA....; GE65BG45019....;

დანიშნულება: უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასური (ს.კ. N .......);

2.4. მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.1, 2.2 და 2.3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, ამ ფულადი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, ყოველგვარი დამატებითი პირობის შესრულების გარეშე, ბანკი ნ.ჭ–ძეს საკუთრებაში გადასცემს უძრავ ნივთს, მდებარე: ქ. ბათუმი, .........სართული N1, ბინა N18, ფართი 107.52 კვ.მ, საკადასტრო კოდი: N..........;

2.5. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.2 და 2.3 პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და ვადაში ნ.ჭ–ძის მიერ ბანკის სასარგებლოდ 228 200 (ორას ოცდარვა ათას ორასი) ლარის გადახდის შემდგომ, ნ.ჭ–ძე უფლებამოსილია წინამდებარე მორიგების აქტისა და მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი განჩინების საფუძველზე, მოითხოვოს სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოში უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, სართული N1, ბინა N18, ფართი 107.52 კვ.მ, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: N........ საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

2.6. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... N5, სართული N1, ბინა N18, ფართი 107.52 კვ.მ, საკადასტრო კოდი: №..........., ნ.ჭ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნისთვის, გარდა წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.5 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა, აუცილებელია მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნას წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში და ამ პირობების 2.3. პუნქტით დადგენილ ანგარიშზე, შესაბამისი მიზნობრიობით 228 200 (ორას ოცდარვა ათას ორასი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის დედანი;

2.7. მხარეები ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან, რომ ვინაიდან წინამდებარე მორიგების აქტის შედგენის დროისთვის უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ......., სართული N1, ბინა N18, ფართი 107.52 კვ.მ, საკადასტრო კოდი: N......., მოსარჩელეთა მფლობელობაშია, ამ უძრავ ნივთზე წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების შესაბამისად, ნ.ჭ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, ამ უძრავი ნივთის ნივთობრივ მდგომარეობასთან/ნაკლთან დაკავშირებით მოსარჩელეებს პრეტენზია არც წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების და არც მითითებული უძრავი ქონების ნ.ჭ–ძის საკუთრებაში აღრიცხვის/რეგისტრაციის შემდგომ არ გააჩნიათ/არ ექნებათ;

2.8. მოსარჩელეები ადასტურებენ, რომ ბანკის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე მოთხოვნა ან/და პრეტენზია და ასევე ადასტურებენ, რომ მოსარჩელეებს მესამე პირებისთვის არ დაუთმიათ ბანკის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნა და ბანკის მიმართ მოსარჩელეთა მხრიდან არ არის აღძრული სხვა რაიმე სახის სარჩელი გარდა წინამდებარე საქმეში წარმოდგენილისა. მიუხედავად ბანკის მიმართ სარჩელისა და მოთხოვნის არარსებობის თაობაზე მოსარჩელეთა მსგავსი განმარტებისა, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს წინამდებარე სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე რაიმე სარჩელი ან/და მოთხოვნა, წინამდებარე მორიგების აქტი აღძრულ სარჩელთან მიმართებაში განიხილება მოსარჩელეთა მხრიდან შესაბამის სარჩელ(ებ)ზე უარის თქმად, ხოლო მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან მიმართებაში - მოთხოვნაზე უარის თქმად;

III. მორიგების აქტის პირობების დარღვევის შედეგები:

3.1. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ნ.ჭ–ძის მხრიდან წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოხდება ბანკის სასარგებლოდ ამავე პუნქტით დადგენილი ოდენობით თანხის გადახდა, მხარეთა შორის შეთანხმებული წესით:

3.1.1.მოსარჩელეები უარს იტყვიან ბანკის მიმართ წინამდებარე სამოქალაქო საქმის ფარგლებში დაფიქსირებულ მოსარჩელეთა სასარჩელო და შესაძლო თანმდევ მოთხოვნაზე და პრეტენზიაზე, ამასთან,

3.1.2.ბანკის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ......., ფართი 107.52 კვ.მ, დაუყოვნებლივ გამოთხოვილ იქნება მოსარჩელეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცემა ბანკს (ან მის უფლებამონაცვლეს);

IV. მორიგების აქტის სხვა პირობები:

4.1. მხარეები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;

4.2. უქმდება საქმეზე გამოყენებული ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, წინამდებარე მორიგების აქტში აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე გამოყენებული 2017 წლის 01 სექტემბრის განჩინებით (საქმე N2/20683-17) გათვალისწინებული, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბანკს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, სართული N1, ბინა N18 (ს.კ. ........), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ს.ბ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ........., სართული 1, ბინა N18, ფართი107,52 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N........, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. სს „ს.ბ–ს“ (ს.კ. .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 07 ივლისს №18034 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 636,50 (ათას ექვსას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი