საქმე №ას-337-2021 29 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლი – ე.მ–ი, ვ.მ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ი (მოსარჩელე მ.მ–ის უფლებამონაცვლე)
განმცხადებელის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.მ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.მ–ისა და ვ.მ–ის წინააღმდეგ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ (იხ. 22.05.2018 წელს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი) მოითხოვა თეთრწყაროს რაიონში, სოფელ .......... (ს/კ ......) მდებარე უძრავ ქონებაზე 2016 წლის 3 სექტემბერს მამკვიდრებელსა (მხართა მამა) და ე.მ–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა (90%-ის ნაწილში), ქ. თბილისში, ........, №29-ში (ს/კ 01.17.08.036.024) მდებარე უძრავ ქონებაზე 2016 წლის 3 სექტემბერს მამკვიდრებელსა (მხარეთა მამას) და მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა (90%-ის ნაწილში); მოსარჩელის დედის მიერ 2012 წლის 13 ივლისს მამკვიდრებელის სახელზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა; მოსარჩელის მშობლებს შორის 2013 წლის 8 ივლისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების 90%-ის მესაკუთრედ მოსარჩელის აღიარება.
2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ყადაღა დაედო: 1. ე.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ თბილისში, .......... №29-ში (ს/კ .......) მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 1/5 წილს; 2. ვ.მ–ის სახელზე იმავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 1/5 მეხუთედ წილს; 3. ე.მ–ის სახელზე რეგისტრირებულ თეთრწყაროში, სოფელ .......... (ს/კ .......) მდებარე უძრავ ქონების 1/5 მეხუთედ წილს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განჩინებით, დაზუსტებული სარჩელიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დამატებით ყადაღა დაედო ე.მ–ისა და ვ.მ–ის საკუთრებაში რიცხულ ქ. თბილისში, .......... №29-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ........) 70%-ს; ე.მ–ის საკუთრებაში რიცხულ თეთრიწყაროს რაიონში სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .........) 70%-ს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 1/2 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. .......... (ს/კ .........), 2016 წლის 3 სექტემბერს მამკვიდრებელსა და ე.მ–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ქ. თბილისში, ....... №29-ში (ს/კ ......) მდებარე უძრავ ქონებაზე 2016 წლის 3 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება; მოსარჩელე მიჩნეულ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. საკასაციო სასამართლოს, განცხადებით მომართა კასატორთა წარმომადგენელმა, რომლის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.მ–ის მოთხოვნა მხოლოდ უძრავი ქონებების 1/2 ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ვრცელდება უძრავი ქონების 70%-ზე, უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ყადაღა გავრცელდეს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სადავო ქონებების 1/2 ნაწილზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო პალატა განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის და 2018 წლის 23 მაისის განჩინებებით, სარჩელის უზრუნველყოფის საგნად მიჩნეულ იქნა ჯერ მოპასუხეთა სახელზე რიცხული თბილისში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 1/5 წილები და ე.მ–ის სახელზე აღრიცხული თეთრწყაროს სოფელ .......... მდებარე უძრავ ქონების 1/5 წილი, შემდგომ კი იმავე უძრავი ქონებების 70%, რომელსაც ასევე დაედო ყადაღა.
10. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც 1/2 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. .......... (ს/კ .......), 2016 წლის 3 სექტემბერს მამკვიდრებელსა და ე.მ–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ქ. თბილისში, ........ №29-ში (ს/კ .........) მდებარე უძრავ ქონებაზე 2016 წლის 3 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელე მიჩნეულ იქნა ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
11. უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და აღნიშნული მხოლოდ მოპასუხეებმა გახადეს საკასაციო საჩივრით სადავოდ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის მიკუთვნებული უძრავი ქონებების წილს (1/2 წილს) ვეღარ შეედავება, რისი გათვალისწინებითაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს უძრავი ნივთების 1/2 წილზე ზევით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, კერძოდ, სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მოსარჩელე ქონების 1/2 წილზე ზევით საკასაციო წესით არ დავობს, რის გამოც, ამ ნაწილში სახეზე აღარაა ამავე კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გამოყენებული უზრუნვლყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრისა და 2018 წლის 23 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უძრავი ქონებების 1/2 წილზე ზევით და ყადაღა გავრცელდეს მხოლოდ ე.მ–ისა და ვ.მ–ის საკუთრებაში რიცხულ ქ. თბილისში, .......... №29-ში მდებარე უძრავი ქონებისა (ს/კ .........) და ე.მ–ის საკუთრებაში რიცხული თეთრიწყაროს რაიონში სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .........) 1/2 ნაწილზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1991, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 ე.მ–ისა და ვ.მ–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრისა და 2018 წლის 23 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უძრავი ქონებების 1/2 წილზე ზევით და ყადაღა გავრცელდეს მხოლოდ ე.მ–ისა და ვ.მ–ის საკუთრებაში რიცხულ ქ. თბილისში, .......... №29-ში მდებარე უძრავი ქონებისა (ს/კ ........) და ე.მ–ის საკუთრებაში რიცხული თეთრიწყაროს რაიონში სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ........) 1/2 ნაწილზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე