საქმე №ას-676-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ო.ს–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – შპს „თ–ი-?“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., დაზუსტებული ფართობი 5089 კვ.მ, ს.კ. ......... (ნაკვეთის წინა ნომერი ...........), შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 ფართით 112,32 კვ.მ; N2 ფართით 10,56 კვ.მ; N3 ფართით 4,19 კვ.მ; N4 საერთო ფართით 186,12 კვ.მ (მათ შორის I სართული 95,74 კვ.მ, II სართული 90,38 კვ.მ); N5 ფართით 7,36 კვ.მ; N6 ფართით 576,90 კვ.მ; N7 ფართით 60,31 კვ.მ, 2016 წლის 19 ივლისის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო შპს „თ–ი-.ნ“-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) სახელზე.
2. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......, დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ, ს.კ. ......... (ნაკვეთის წინა ნომერი ..........), შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 994,36 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 228,32 კვ.მ, I სართული 188,54 კვ.მ, II სართული 180,02 კვ.მ, III სართული 180 კვ.მ, სხვენი 217,48 კვ.მ), რეგისტრირებულია შპს „ო.ს–ოს“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „კასატორი“) სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 08 ივნისი.
3. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 15 ივლისს გაფორმდა უძრავი ნივთის სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხის სასარგებლოდ განუსაზღვრელი ვადით სერვიტუტით დატვირთა 754 კვ.მ ფართობი მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს.კ. ..........
4. იმავე ხელშეკრულებით მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ განუსაზღვრელი ვადით სერვიტუტით დატვირთა 42 კვ.მ ფართი მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, ....., ს.კ.......
5. მოპასუხეთა შორის 2016 წლის 15 ივლისს გაფორმებული უძრავი ნივთის სერვიტუტის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 17 ივლისსა და 19 ივლისს.
6. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს.კ. ......, 2017 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „გ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სახელზე. ამასთან, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს.კ. .........., დაზუსტებული ფართობი 7693 კვ.მ, 2016 წლის 22 იანვრის მდგომარეობით საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე.
7. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: ......... და ......... გაერთიანდა და უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., დაზუსტებული ფართობი 12 782 კვ.მ, ს.კ. ......... (ნაკვეთის წინა ნომერი: ........., ........), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. ამასთან, მიწის ნაკვეთის 754 კვ.მ 2016 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დატვირთულია სერვიტუტით.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა შორის 2016 წლის 15 ივლისს დადებული სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმება მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს.კ. .......) მეორე მოპასუხის სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის ნაწილში.
9. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
9.1. მოპასუხეთა შორის დადებულმა სერვიტუტის ხელშეკრულებამ დაკარგა თავისი სამართლებრივი და ფაქტობრივი დატვირთვა, ვინაიდან ამჟამად არსებული სერვიტუტი წყდება მოსარჩელის ნაკვეთის შუაში და არ აკავშირებს მოპასუხის ნაკვეთს საჯარო გზასთან. შესაბამისად, იგი ვერ უქმნის მოპასუხეს თავისი მიწის ნაკვეთის გამოყენების შეღავათს, რაც ნიშნავს იმას, რომ სერვიტუტის არსებობის სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობს;
9.2. ამასთან, სერვიტუტით დატვირთულია ახალი მესაკუთრის მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს მეორე მოპასუხის საქმიანობასთან და აუარესებს მესაკუთრის ნაკვეთის მდგომარეობას;
9.3. მოპასუხე სერვიტუტს იყენებს იმ მიზნით, რომ თავისი სატვირთო მანქანები გამოიყვანოს საჯარო გზაზე მოსარჩელის ტერიტორიის გავლით. მოსარჩელის ტერიტორიაზე დღეში შეიძლება გაიაროს მოპასუხის რამდენიმე სატვირთო მანქანამ, თუმცა არის დღეები, როდესაც ტერიტორიას კვეთს 30 პირი (როგორც ქვეითი, ისე სატვირთო მანქანები). ამასთან, გზის ნაწილს მანქანები გადიან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, სერვიტუტი დადგენილია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილზე, რომელიც საჯარო გზას არ ესაზღვრება;
9.4. ხელშეკრულებით დადგენილი სერვიტუტით დატვირთულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობების (შენობა 12/2; 14/1; 15/1) მიმდებარე ტერიტორიები, რომელსაც მოსარჩელე ვერ იყენებს სათანადოდ, რადგან იმ ადგილას მოპასუხის ავტომანქანებია განთავსებული;
9.5. გარდა ამისა, მოპასუხის მიწის ნაკვეთებს აქვთ უშუალო საზღვარი სხვა პირის მიწის ნაკვეთთან, სადაც შეიძლება დადგინდეს ასევე სერვიტუტი.
10. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. ამასთან, მეორე მოპასუხემ შესაგებელში შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
10.1. 2016 წლის 15 ივლისის სერვიტუტის ხელშეკრულების მიზანსა და დანიშნულებას წარმოადგენდა სასაწყობო მეურნეობის მოწყობა და განვითარება, კერძოდ, მეორე მოპასუხის საწყობთან მისასვლელი გზის გამოყენება, როგორც პროდუქციის შეტანის, ასევე საწყობიდან პროდუქციის გატანის მიზნით. სწორედ ამიტომ სერვიტუტის გავრცელების არეალი არის 754 კვ.მ და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიის საჭიროებებისათვის;
10.2. რაც შეეხება ალტერნატიული გზის არსებობას, ასეთი არ არსებობს, ვინაიდან მეორე მოპასუხისა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთები შემოსაზღვრულია მყარი ქვის კედლით, რომლის მიღმა გადის მატარებლის ლიანდაგი და განვითარებულია სხვა კომპანიების ინფრასტრუქტურა. ეს ფაქტი მოსარჩელისთვის თავიდანვე ცნობილი იყო;
10.3. უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ იგი სათანადოდ ვერ იყენებს სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთს. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მეორე მოპასუხის გადაადგილებამ ოდესმე რამენაირად შეზღუდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, მოსარჩელის ინტერესები;
10.4. მოსარჩელე პირველი მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეძენით დაეთანხმა სერვიტუტის ხელშეკრულებას იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა წინა მესაკუთრესთან. შესაბამისად, მისი პრეტენზია აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია;
10.5. თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წარმოებად მიმდინარეობს დავები მოსარჩელის მიმართ აუცილებელი გზის დადგენის, ელექტროენერგიის თვითნებურად შეზღუდვისათვის ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს აკრძალული აქვს ხელი შეუშალოს მეორე მოპასუხეს აუცილებელი გზით სარგებლობაში. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს ეკრძალება მეორე მოპასუხისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან გათიშვა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოპასუხეთა შორის 2016 წლის 15 ივლისს დადებული სერვიტუტის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს.კ. .......) მეორე მოპასუხის სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე.
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247.1 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით: ......... და ........., გაერთიანდა და უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .......... ქუჩა N51, დაზუსტებული ფართობი 12 782 კვ.მ, ს.კ. ........., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. დასახელებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 754 კვ.მ, 2016 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, დატვირთულია სერვიტუტით მეორე მოპასუხის სასარგებლოდ. უდავოა, რომ მოპასუხეს მის კუთვნილ უძრავ ქონებაში მოსახვედრად ესაჭიროება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სრული გამოყენება. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი სინამდვილით, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ნახაზების (იხ. ტ. 1, ს.ფ. 161-163) ანალიზით, ცალსახაა, რომ სერვიტუტით დატვირთულია მიწის ნაკვეთის ნაწილი, ხოლო დატვირთული ნაწილის მდებარეობის გათვალისიწინებით, სერვიტუტის, როგორც სანივთოსამართლებრივი უფლების არსი - უფლებამოსილ პირს უქმნიდეს თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს, არ დგინდება (სსკ-ის 248.1 მუხლი).
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხეს მის კუთვნილ სასაწყობე შენობასთან მისასვლელად ესაჭიროება მოსარჩელის კუთვნილი, სერვიტუტით დაუტვირთავი მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილის გავლა, რათა ჯერ მოხვდეს მოსარჩელის სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო შემდგომ საკუთარ სასაწყობე შენობასთან. მოცემული ფაქტობრივი რეალობიდან გამომდინარე, საქმის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის არსებული სერვიტუტი, მოწინააღმდეგე მხარეს ვერ უქმნის საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობის შეღავათს, რისი თმენის ვალდებულებაც შეიძლება მოეთხოვოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რის გამოც სახეზეა მოპასუხეთა შორის 2016 წლის 15 ივლისს დადებული სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
18. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
18.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად განხორციელდა სერვიტუტის სამართლებრივი შინაარსისა და მასთან დაკავშირებული მაკვალიფიცირებელი ელემენტების (ფაქტების) შესაბამისობის დადგენა;
18.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, განმარტა შემდეგი: “მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ [მეორე მოპასუხე] მის კუთვნილ უძრავ ნივთს იყენებს სასაწყობო მეურნეობის მიზნით და 2016 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების მიზანი იყო [მეორე მოპასუხის] კუთვნილი ავტომობილები დაუბრკოლებლად მისულიყვნენ კომპანიის კუთვნილ საწყობებთან. მეორე მოპასუხე, რომ დღემდე ამ მიზნით იყენებს სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთს, ადასტურებს თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომლებითაც ირკვევა, რომ [მეორე მოპასუხის] საწყობთან მისასვლელად და სადისტრიბუციო საქმიანობის განხორციელების მიზნით საჭირო ხდება მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენება“. მეორე მოპასუხის საწყობთან საავტომობილო ტრანსპორტის სადისტრიბუციო მიზნით მისვლა გულისხმობს ამ ტრანსპორტის დგომას მესაკუთრის (მოსარჩელის) ტერიტორიაზე, მათ განთავსებას გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე არ მოხდება სადისტრიბუციო ავტომობილების დაცლა ან დატვირთვა, შესაბამისად, სერვიტუტის არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია;
18.3. სააპელაციო სასამართლომ ვერ ახსნა თუ რატომ ვერ ღებულობს სარგებელს მოქმედი სასაწყობო მეურნეობის მქონე კომპანია, რომელიც სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის გამოყენებას ახორციელებს იმავე პირობებით, როგორითაც იგი ხელშეკრულების დადების დროისთვის ახორციელებდა;
18.4. მოსარჩელემ 2017 წლის 17 იანვარს პირველი მოპასუხისაგან შეიძინა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სერვიტუტის უფლება. შესაბამისად, მოსარჩელე გახდა ამ ურთიერთობის მონაწილე და მას ეზღუდება უფლება, ცალმხრივად, საკუთარი ნება - სურვილით მოახდინოს ხელშეკრულებაზე უარის თქმა და ა.შ. ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთის შეძენამდე იყო ინფორმირებული სერვიტუტის შესახებ და იგი დაეთანხმა არსებულ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ;
18.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის განხილვის მომენტისათვის არსებული სერვიტუტი მეორე მოპასუხეს ვერ უქმნის საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობის შეღავათს, რისი თმენის ვალდებულებაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უნდა მოეთხოვოს. სერვიტუტის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და მას არაფერი აქვს საერთო თმენის ვალდებულებასთან. ამ იურიდიული შინაარსით სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმება წარმოუდგენელია და ეწინააღმდეგება სამართალს;
18.6. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლებზე. ხელშეკრულების გაუქმება საჭიროებს დამატებით განმარტებას, კერძოდ, ხდება ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) თუ ხელშეკრულებიდან გასვლა. თითოეულ აღნიშნულ სამართლებრივ ინსტიტუტს ესაჭიროება შესაბამისი დასაბუთება და, რაც მთავარია, შესაბამისი მაკვალიფიცირებელი ელემენტების, ანუ იურიდიული ფაქტების (ხდომილებების) არსებობა;
18.7. კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, თუ მესაკუთრე თვლიდა, რომ შეცვლილი იყო ვითარება, ამ შემთხვევაში მას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, რომელიც ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგებას ითვალისწინებს, თუმცა მხარეთა შორის კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, ამ სამართლებრივი ნორმის გამოყენებას სათანადო წესით სასარჩელო შედავება ესაჭიროება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის;
18.8. სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების საფუძველია ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არ არის მეორე მოპასუხის მიერ 2016 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, სახეზე არ არის ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი წანამძღვრები და ამ საფუძლით ხელშეკრულების გაუქმება დაუშვებელია;
18.9. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, აღნიშნული შემთხვევის სამართლებრივი საფუძველი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველ ნაწილში. მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსის მიხედვით, გრძელვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად შეიძლება მაშინ იქნეს მიჩნეული, თუ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა განპირობებულია პატივსადები საფუძვლით, თუ სახეზეა დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე ორმხრივი და არა ცალმხრივი ინტერესი, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. ამ დეფინიციის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ცალმხრივი ინტერესით არის განპირობებული, ასეთ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა, ანუ გაუქმება შეუძლებელია და ეს ვითარება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირდაპირი საფუძველია, ვინაიდან ხელშემკვრელ მხარეს, მიუხედავად მისი სურვილისა, მოუწევს სავალდებულო სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა;
18.10. სადავო შემთხვევა არ განეკუთვნება იმ ვალდებულებით ურთიერთობას, როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარისია ერთი მხარის მიერ მეორეს ინფორმირება, ანუ ნების ცალმხრივი გამოვლენით ხელშეკრულების შეწყვეტა (მაგალითად ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაში და ა.შ.);
18.11. მეორე მოპასუხის საწყობი განთავსებულია 400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია არსებობდეს სასაწყობო მეურნეობის ჯეროვანი გამოყენების წინაპირობები. კონკრეტულ შეთხვევაში, ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ასევე, საწყობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია საქონლის დისტრიბუცია, ანუ პროდუქციის შეუფერხებლად მიწოდება და გატანა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს საავტომობილი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებასა და ტრანსპორტის განთავსებას საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული საჭიროება საწყობს არ შეუცვლია და იგი იმავე ფუნქციით არსებობს, როგორითაც სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმებისას არსებობდა;
18.12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო პალატის მსჯელობაზე, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-15-16 პუნქტებში და განმარტა, რომ მსგავსი მსჯელობით სააპელაციო პალატამ ფაქტობრივად დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების შეფასების სტანდარტი. განსახილველი შემთხვევა ემიჯნება მტკიცების მოქმედ სტანდარტს და არაფერი აქვს საერთო საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მსჯელობასთან;
18.13. საყურადღებოა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ფაქტების კონსტანტაციის სამსახურის მიერ შედგენილი ოქმის ერთობლივი კვლევა, რომლებიც სააპელაციო პალატამ ვერ გააქარწყლა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ისე უნდა იქნეს აღქმული საკასაციო სასამართლოს მიერ, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს აქვს დადგენილი, კერძოდ: „დასახელებული მტკიცებულება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მეორე მოპასუხე კუთვნილი ტერიტორიის სათანადოდ გამოყენების მიზნით ვალდებული იქნება სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდეს სხვა კომპანიასთან (შპს „ბ–ლი”) და ამავდროულად გაურკვეველია რამდენად არის შესაძლებელი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მისასვლელი გზისა და ტერიტორიის მოწყობა, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები საჭიროებს სათანადო ორგანოებთან შეთანხმებას (რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მოწყობა შესაბამისობაში უნდა იყოს სამშენებლო ნორმებთან და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებთან, ხოლო ეს რომ შესაძლებელია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის), საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე გადის ხაზობრივი ნაგებობა (სარკინიგზო ლიანდაგი) და რამდენად არის ასეთ პირობებში მიწის ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელი საქმის მასალებით არ დასტურდება“;
18.14. პირველი ინსტანციის სასამართლოს წინამდებარე განჩინების 18.2 პუნქტში აღნიშნული მსჯელობის განმტკიცებისათვის და სააპელაციო პალატის მიერ მტკიცებულებების კანონდარღვევით შეფასების დასადასტურებლად კასატორმა ყურადღება გაამახვილა სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებზე, კერძოდ: დანართი N11-ზე, სადაც აღნიშნულია, რომ თ.გ–ვა 2018 წლის 20 იანვარს ავტომობილით სახ. ნომრით - ... შევიდა მოსარჩელის ტერიტორიაზე - 09:50 წუთზე, ხოლო გამოვიდა 12:05 წუთზე, ავტომანქანა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იტვირთებოდა და ამ პერიოდში იდგა სასაწყობე მეურნების წინ არსებულ ტერიტორიაზე; იგივე პირი 2018 წლის 20 იანვარს შევიდა მოსარჩელის ტერიტორიაზე 10:25 წუთზე და გამოვიდა 11:20 წუთზე, როდესაც დაახლოებით 55 წუთი იდგა საწყობის მომიჯნავე ტერიტორიაზე; ასევე, გ.ქ–ი, ავტომობილით სახ. ნომრით ..., 2018 წლის 20 იანვარს მოსარჩელის ტერიტორიაზე შევიდა ორჯერ და იდგა საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე; იგივე პირი 2018 წლის 19 იანვარს სამჯერ შევიდა საწყობთან და თითოეულ შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთის განავლობაში იმყოფებოდა სასაწყობო მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუსტად იქ, რომელიც დატვირთულია სერვიტუტით და რომელიც მთლიანად მოსარჩელეს ეკუთვნის; ბ.ნ–ი, ავტომობილით სახ. ნომრით - ..., იმყოფებოდა მოსარჩელის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. წარდგენილი მტკიცებულებები და სხვა ხელწერილები, რომლებიც შედგენილია იმავე პირებს შორის, ქმნიან იმის მტკიცების საფუძველს, რომ დღის გნმავლობაში ავტომანქანებს მინიმუმ 30 წუთიდან 2 საათამდე პერიოდის განმავლობაში უხდებათ სერვიტუტით დატვირთული ნაკვეთის სასაწყობო მეურნეობის სადგომად გამოყენება, კერძოდ - მოცდა, დატვირთვა, დაცლა და ა.შ. ანუ, ყველაფერი იმის წარმოება, რაც წარმოადგენს სასაწყობო მეურნეობიდან პროდუქციის დისტიბუციის (გასაღების) განხორციელების შემადგენელ კომპონენტებს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამ ავტომანქანების დგომით ან გადაადგილებით მესაკუთრეს ხელი ეშლება;
18.15. შესაბამისად, სერვიტუტის გაუქმება უქმნის საფრთხეს ისეთ მნიშვნელოვან სადისტრიბუციო ქსელს, როგორიც არის მეორე მოპასუხის კუთვნილი საბავშვო სათამაშოების სარეალიზაციო ქსელი „ჭ–ა“. კომპანია ამარაგებს აბსოლუტურად ყველა დიდ სუპერმარკეტსა და ჰიპემარკეტს საქართველოში და მის სარეალიზაციო საწყობში ყოველთვის იმყოფება მინიმუმ 2 000 000 ლარის საბავშვო საქონელი. სერვიტუტის გაუქმებით საწყობის წინ მდებარე და მომიჯნავე ადგილზე ვერცერთი ავტომობილი განახორციელებს დგომას, რითაც შეუძლებელი იქნება ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა, ანუ საწყობის სათანადო წესით გამოყენება;
18.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ დასტურდება, რომ რეგისტრირებული სერვიტუტი უფლებამოსილ პირს, მეორე მოპასუხეს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს;
18.17. სადავო ტერიტორია არცთუ შორეულ წარსულში წარმოადგენდა ერთ მთლიანობას, ვინაიდან იყო ე.წ. „წისქვილკომბინატის“ ტერიტორია. საქმეში წარდგენილი სინვენტარიზაციო გეგმით დასტურდება, რომ მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული საწყობი იყო ამ ერთი მთლიანი სივრცის შემადგენელი ნაწილი. წისქვილკომბინატის ადგილზე ჩამოყალიბებული პირველი მოპასუხის მიერ მოხდა მიწების დაყოფა და რეალიზაცია, საიდანაც მოსარჩელემ რამდენჯერმე შეიძინა სხვადასხვა მიწის ნაკვეთის ნაწილი და საბოლოოდ მის ხელში აღმოჩნდა ყოფილი წისქვილკომბინატის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მეორე მოპასუხის საწყობის გამოკლებით;
18.18. პირველი, რაც მოსარჩელემ განახორციელა, იყო ის, რომ 2017 წლის ოქტომბერში შეზღუდა ავტომანქანებისა და მეორე მოპასუხის თანამშრომლების გადაადგილება მათ საწყობამდე. სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა დარჩა, რომ დღეის მდგომარეობით მეორე მოპასუხე ამ გზით მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე სარგებლობს. შემდეგი იყო ის, რომ მან 2017 წლის დეკემბერში მეორე მოპასუხეს შეუზღუდა ელექტროენერგია. დღეის მდგომარეობით, მას ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე. მას შემდეგ რაც მოსარჩელემ ვერ შეძლო მეორე მოპასუხის მიმართ გზისა და ელექტროენერგიის შეზღუდვა, აღძრა სარჩელი სერვიტუტის გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნული ფაქტები ადასტურებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს ბოროტად გამოიყენოს საკუთრება და მაქსიმალურად შეზღუდოს და შექმნას ისეთი ვითარება, რომ მეორე მოპასუხემ თავისი საკუთრებით ვერ ისარგებლოს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
21. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანია სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმება. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სერვიტუტი უქმნის თუ არა უფლებამოსილ პირს, მეორე მოპასუხეს თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს, ანუ არის თუ არა სახეზე სერვიტუტის არსებობის წინაპირობები.
22. კასატორი დავობს, რომ იგი მოქმედი სასაწყობო მეურნეობის მქონე კომპანიაა და მისი მეურნეობის ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა მოსარჩელის კუთვნილი, სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთით სარგებლობა. კერძოდ, მეორე მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწყობის ფუნქციონირებისა და სადისტრიბუციო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია საწყობში პროდუქციის შეუფერხებლად შეტანა და იქიდან გატანა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, საჭიროებს, საჯარო გზასთან კავშირს, ტრანსპორტის/მეორე მოსარჩელის თანამშრომლების შეუფერხებლად გადაადგილებასა და ტრანსპორტის განთავსებას საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისი განხორციელებაც მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე შეუძლებელია; მეორე მოპასუხის საწყობს ფუნქცია და საჭიროებები არ შეუცვლია და იგი იმავე დანიშნულებით არსებობს, როგორითაც სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებობდა.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
24. სერვიტუტი სანივთოსამართლებრივი უფლებაა, ეს არის ნივთთა შორის ისეთი ურთიერთმიმართება, როცა ერთი ნივთი დგება მეორე ნივთის სამსახურში ამ უკანასკნელის უკეთ გამოყენების მიზნით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ლეგალური განმარტების თანახმად, სერვიტუტი არის ერთი მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) გამოყენების უფლება სხვა მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) მესაკუთრის სასარგებლოდ ან საჭიროებებისათვის. არაა აუცილებელი, სარგებელი წარმოადგენდეს ეკონომიკურ სარგებელს. ასეთი შეიძლება იყოს იდეალური სარგებელი, მაგალითად, როგორიც არის მშვიდი საცხოვრისის ან ხედის შენარჩუნება. სერვიტუტის დროს, პირობითად, ერთი ნივთი „ძირითადი“/ “გაბატონებული“ ნივთია, ხოლო მეორე „დამხმარე“/ „დაქვემდებარებული“. სერვიტუტის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ „დამხმარე“ ნივთი ემსახურება „ძირითადი“ ნივთის უკეთ გამოყენების მიზანს. სერვიტუტი წარმოადგენს მთავარი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 186-188). მიწის ნაკვეთზე ან სხვა სახის უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლება წარმოიშობა როგორც სანივთო ტვირთი და სერვიტუტის უფლებით დატვირთული ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილება იზღუდება სერვიტუტის არსებობის განმავლობაში.
25. სერვიტუტი სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სანივთო უფლებაა, ანუ ნაწარმოებია იმ უფრო ფართო (მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების საკუთრების) უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით (სსკ-ის 151.2 მუხლი). შესაბამისად, სერვიტუტის, როგორც შეზღუდული სანივთო უფლების თვისება ისაა, რომ ის მიჰყვება ძირითად უფლებას, როცა იცვლება მისი მესაკუთრე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 1999, გვ. 37).
26. სერვიტუტი, როგორც სხვის ნივთზე უფლება, ორი გზით დგინდება, ერთი - კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე და მეორე - პირთა სუბიექტური ნების, იგივე გარიგების საფუძველზე (იხ. ბესარიონ ზოიძე, „ქართული სანივთო სამართალი“, გამომცემლობა „მეცნიერება“, 2003 წელი, გვ. 263).
27. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება იმის კლასიკური პირობაა, რომ მიწის ნაკვეთი/უძრავი ქონება ისეთი სანივთოსამართლებრივი უფლებით დაიტვირთოს, როგორიც არის სერვიტუტი (იხ. სუსგ საქმე Nას-976-937-2014, 08 აპრილი, 2015 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად. ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სსკ-ის 247-ე მუხლი, სერვიტუტი) (იხ. სუსგ საქმე Nას-1549-2018, 25 იანვარი, 2019 წელი). აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018, მუხ. 247, ველი 5; ასევე, შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-1108-1312-05, 18 ივლისი, 2006 წელი; Nას-1416-1548-04, 21 აპრილი, 2005 წელი).
28. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2016 წლის 15 ივლისს გაფორმდა უძრავი ნივთის სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით: ........., სასარგებლოდ განუსაზღვრელი ვადით სერვიტუტით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ს.კ. ......, ნაწილი - 754 კვ.მ ფართობი; სერვიტუტის ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სერვიტუტი დადგენილია მეორე მოპასუხის მიერ მისი საკუთრებით თავისუფლად და უკეთ სარგებლობის მიზნით; დადგენილია ასევე, რომ პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს.კ. ........., 2017 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღირიცხა, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი მის კუთვნილ სხვა მიწის ნაკვეთთან ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ გააერთიანა.
29. ამდენად, ვინაიდან სერვიტუტის უფლება შეზღუდულ სანივთო უფლებას წარმოადგენს და მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში ძირითად უფლებას მიჰყვება, მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხის კუთვნილი სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის შეძენისას, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებას სერვიტუტის უფლება გადაჰყვა და, შესაბამისად, მოსარჩელემ ნაწილობრივ სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაც, სადავო არ არის, რომ მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი.
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.
31. სერვიტუტის ცნების შინაარსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შეღავათი, რომელსაც უფლებამოსილი პირი იღებს დატვირთული ქონების გამოყენებისაგან თავისი მიწის ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის დროს. თუ არ არსებობს ასეთი შეღავათი, მაშინ არც სერვიტუტი არსებობს. თავის მხრივ, სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს, რაც იმას გულისხმობს, რომ უფლებამოსილი პირი უნდა იცავდეს და მოქმედებდეს სერვიტუტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1058-2020, 09 თებერვალი, 2021 წელი).
32. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
33. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
34. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მეორე მოპასუხე მის კუთვნილ უძრავ ქონებას იყენებს სასაწყობო მეურნეობის განხორციელების მიზნით; დადგენილია, რომ მოპასუხეთა შორის 2016 წლის 15 ივლისის სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმების მიზანსაც სწორედ მეორე მოპასუხის სასაწყობო მეურნეობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. კერძოდ, მეორე მოპასუხის საწყობთან მისასვლელი გზის, რომელიც პირველი მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადიოდა, გამოყენება პროდუქციის დისტრიბუციის - საწყობში პროდუქციის განთავსების, ასევე საწყობიდან მათი გამოტანის მიზნით, რისთვისაც საჭირო იყო მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტომობილების საწყობთან დაუბრკოლებლად მისვლა; სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ ამჟამად მეორე მოპასუხე კვლავ იმავე საქმიანობას ახორციელებს, საწყობი იგივე დანიშნულებით ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო მიზნით მეორე მოპასუხის ტრანსპორტისა და თანამშრომლების გადასაადგილებლად მოსარჩელის საკუთრებაში გადასული სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის გამოყენება კვლავ აუცილებელია. აღნიშნულ გარემოებას თავად მოსარჩელეც ადასტურებს. სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხე სერვიტუტს იყენებს მოსარჩელის ტერიტორიის გავლით თავისი სატვირთო მანქანების საჯარო გზაზე გამოყვანის მიზნით. ამასთან, როგორც კასატორი განმარტავს, მეორე მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება აქვს დადგენილი.
35. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ პირობებში დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სერვიტუტი უფლებამოსილ პირს, მეორე მოპასუხეს აღარ უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს. საქმეში არსებული მასალებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით საპირისპირო დასტურდება - მეორე მოპასუხეს სასაწყობო მეურნეობის განხორციელებისათვის ესაჭიროება მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთული ნაწილის გამოყენება, რათა შეინარჩუნოს კავშირი საჯარო გზასთან და განახორციელოს პროდუქციის დისტრიბუცია. მოსარჩელემ სასამართლოს აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულებები ვერ წარუდგინა, ხოლო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთების გაერთიანების გამო მეორე მოპასუხეს მისი ავტომანქანების ან/და თანამშრომლების გადაადგილებისათვის მოსარჩელის კუთვნილი სერვიტუტით დაუტვირთავი მიწის ნაკვეთის გავლა უხდება, სერვიტუტის გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით პირველი მოპასუხისაგან სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც მის კუთვნილ სერვიტუტით დაუტვირთავ მიწის ნაკვეთთან გააერთიანა. სერვიტუტის საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სანივთოსამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე კი, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილება, მისი სხვა მიწის ნაკვეთთან მიერთება ან დაყოფა, სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის ნაწილზე სერვიტუტის გაუქმების წინაპირობას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს მის მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული სერვიტუტით ზიანი ადგება ან/და მისი მდგომარეობა ამის გამო გაუარესებულია.
36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეთა შორის დადებული სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
40. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
41. კასატორმა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 150 ლარი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მეორე მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ო.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „გ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „გ–ს“ (ს/კ: ......) შპს „ო.ს–ოს“ (ს/კ: .....) სასარგებლოდ დაეკისროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი