გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-51-29-გ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა სააქციო საზოგადოება “ნ-ს” წარმომადგენლის თ. ფ-ას სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ო-ის” კრედიტორებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სს “ნ-ს”, სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს, ქ. თბილისის მერიის, შსს-ს საგამომძიებო დეპარტამენტის და სს “ო-ის” მიმართ და მოითხოვეს თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნები დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს.
1. საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სასამართლოს დაედგინა, რომ სს “ნ-ს”, კომპანია “ო-ის” მენაბრეების და სს “ო-ში” გაერთიანებული მეანაბრეების ძირითადი შენატანი თანხების წილობრივი მაჩვენებლების განსაზღვრით მიღებული 14358 აშშ დოლარიდან ზედმეტად წაღებული აქვს 10431 აშშ დოლარი.
1995 წლიდან სს “ნ-ს” მიერ ზედმეტად წაღებულ-10431 აშშ დოლარის გადახდა სოლიდალურად დაკისრებოდა სს “ნ-ს” და მის დირექტორს მ. ფ-ას, თანხის წაღების დღიდან, გადახდის დღემდე, ყოველი გასული თვის შესაბამისი 3%-ის დარიცხვით.
2. სასამართლოს დაედგინა, რომ ... მდებარე ორსართულიანი ოფისის შესაძენი თანხა სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოში გადახდილია სს “ო-ის” მიერ კომპანია “ო-ის” იმ მეანაბრეების თანხებიდან, რომლებსაც არ მისცემია შს სამინისტროდან გადაცემული 68200 აშშ დოლარის წილობრივი თანხა და ამ შენობის მესაკუთრედ არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სს “ნ.”, რომელმაც თავისი წილი თანხა და კომპანია “ო-ის” სხვა მენაბრეების წილობრივი თანხა მოიხმარა სხვა საქმიანობისათვის-თითქოსდა მეანაბრეების გასასტუმრებლად. აქედან გამომდინარე, ითხოვდნენ თბილისის მერიის კაბინეტის 1997წ. 18 აპრილის ¹08-24-433 დადგენილების მეორე პუნქტიდან-“სს “ო-ს” ევალება სს “ნ-ში” გაერთიანებული სს კომპანია “ო-ის” მეანაბრეების ქონებრივი პრეტენზიების გადაწყვეტა ... მდებარე მაღაზია “გ-თან მიმართებაში” და მესამე პუნქტის ამორიცხვას.
3. სასამართლოს დაევალებინა სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოსათვის, ბათილად ეცნო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹23/407-პ-ს მეორე გვერდზე გაკეთებული შენიშვნა: “თბილისის მერიის კაბინეტის 1997წ. 18 აპრილის 08-24-433 დადგენილების შესაბამისად სს “ო-ს”, როგორც სს კომპანია “ო-ის” სამართალმემკვიდრეს ეკისრება პასუხისმგებლობა პრეტენზიების გადაწყვეტაზე ყველა მეანაბრის, მათ შორის სს “ნ-ში” გაწევრიენებული სს კომპანია “ო-ის” მეანაბრეების მიმართ, ... მდებარე მაღაზია “გ-თან” მიმართებაში.
4. სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ყოველგვარი შენიშვნების გარეშე სს “ო-ზე”, როგორც ამ ქონების შემძენზე, რომელმაც ერთ-ერთმა შეიძინა ... მდებარე ორსართულიანი ოფისი და რომლის შესყიდვაში სს “ნ-ს” და სხვა საზოგადოებას მონაწილეობა არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ მიეცათ უფლება ამ შენობის შესასყიდად.
სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის განჩინებით საქმეზე მოპასუხეებიდან ამოირიცხა სს “ო-ი” და ჩართული იქნა თანამოსარჩელედ. საზოგადოების დირექტორმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სს “ნ-სათვის” ზედმეტად წაღებული თანხის (13000, 1358 და 1069 სულ 15427 აშშ დოლარის) დაკისრება ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით და ქ. თბილისის მერიის კაბინეტის 1997წ. 18 აპრილის ¹08-24-433 დადგენილების მეორე პუნქტის ბათილად ცნობა და მე-3 პუნქტის ამორიცხვა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხე სს “ნ-ს” გამოუცხადებლობის გამო) დაკმაყოფილდა სს “ო-ის” კრედიტორთა და ამავე საზოგადეობის დირექტორის სასარჩელო მოთხოვნა “ნ-ს” მიმართ და დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 23735 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული სს “ნ-ს” საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და 2003წ. 28 იანვრის ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ნ-ს” წარმომადგენელმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის განჩინებით სს “ნ-ს” წარმომადგენლის თ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ო-ის” კრედიტორების და ამავე საზოგადოების დირექტორის სარჩელი სს “ნ-ს” მიმართ ფულადი ვალდებულების თაობაზე, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარეობდა. მისი სუბიექტები კერძო სამართლის იურდიულ პირებს წარმოადგენდნენ, რის გამოც სს “ნ-ს” წარმომადგენლის თ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას სს “ნ-ს” წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე და პალატებს შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება აღნიშნული დავის განსჯადობაზე სწორია და სს “ნ-ს” წარმომადგენლის თ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
სს “ო-ის” კრედიტორების და ამავე საზოგადოების დირექტორის სასარჩელო განცხადებები რამდენიმე მოთხოვნისაგან შედგებოდა, რომელთაგან, ერთ-ერთი მოპასუხის-სს “ნ-ს” მიმართ მოთხოვნა ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ სკ-ს მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესახებ წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის მხარეებს წარმოადგენენ კერძო სამართლის იურდიული პირები და მოითხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები, რომლებიც მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოების-სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს და ქ. თბილისის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის და ქმედების განხორციელების შესახებ გამომდინარეობს რა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავებს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განხილული და დაკმაყოფილებული იქნა მოსარჩელეთა მხოლოდ ერთი მოთხოვნა-ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ, რომელიც მიმართული იყო სს “ნ-ს” მიმართ და რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. რაიონული სასამართლო აღნიშნული მოთხოვნის განხილვისას (დაკმაყოფილებისას) ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით. კერძოდ, 230-ე მუხლის მოთხოვნით, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ გამოიყენება სსკ-ს XXVI (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) თავისი დებულებები.
საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაიონულ სასამართლოს არ განუხილავს. რაიონულმა სასამართლომ სსკ-ს 245-ე მუხლის შესაბამისად განიხილა მოსარჩელეთა მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნება, ხოლო სხვა მოთხოვნების (რომლებიც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობენ) განხილვა დაადგინა ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ნ-ს” წარმომადგენლის თ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;
2. სს “ნ-ს” წარმომადგენლის თ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად პალატას;
3. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.