Facebook Twitter

საქმე №ას-1384-2023 06 დეკემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. ზ–ი (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ი (მოსარჩელე)

მესამე პირები - ნ. ზ–ი; ლ. ზ–ი; სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ააიპ სოციალური მზრუნველობის სააგენტო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ს.ს–ის სარჩელი მ. ზ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.

6. ზემოაღნიშნული განჩინების შინაარსი კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ეცნო 2023 წლის 06 ნოემბერს.

7. ზემოაღნისნული განჩინების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 07 ნოემბერს და ამოიწურა 2023 წლის 13 ნოემბერს (2023 წლის 11 და 12 ნოემბერი იყო დასვენების დღეები).

8. აღნიშნული დროის პერიოდში, კასატორს არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11.სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.

16. ზემოაღნიშნული განჩინების შინაარსი კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ეცნო 2023 წლის 06 ნოემბერს, შესაბამისად, ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 07 ნოემბერს და ამოიწურა 2023 წლის 13 ნოემბერს (2023 წლის 11 და 12 ნოემბერი იყო დასვენების დღეები).

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

18. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

2. მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე