Facebook Twitter

საქმე№ას-1586-2022

4 დეკემბერი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.მ–მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს „ს.ბ–ის“ მიმართ და მოითხოვა:

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი, სს ,,ს.ბ–ის“ 2021 წლის 21 იანვრის ბრძანება N3-კ, რომლითაც თ.მ–ი 2021 წლის 24 იანვრიდან გათავისუფლდა სს ,,ს.ბ–ის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციიდან; 1.2 თ.მ–ი, აღდგენილ იქნეს სს ,,ს.ბ–ის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე; 1.3 მოპასუხეს, სს ,,ს.ბ–ს“, მოსარჩელე თ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2021 წლის 24 იანვრიდან მის სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის 940 (ცხრაასორმოცი, ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით; 1.4 სასამართლოს მიერ დადგენილ იქნეს, სს ,,ს.ბ–ის“ მხრიდან, მოსარჩელე - თ.მ–ის მიმართ, ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი; 1.5 მოპასუხეს, სს ,,ს.ბ–ს“, მოსარჩელე - თ.მ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5000 ლარის გადახდა.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 თებერვლის განჩინებით, თ.მ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2023 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებს მორიგების მიზნით მიეცათ ვადა და დაევალათ წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრებები. სხდომა გადაიდო 2023 წლის 02 ნოემბერს.

8. 2023 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა მხარეთა შორის მიღწეული მორიგები აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

11. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა), (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

12. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

"მოსარჩელე წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით უარს აცხადებს მის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნებზე;

- მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მოპასუხე მოსარჩელეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით:

- გადაუხდის კომპენსაციას 7 423.25 (შვიდიათას ოთხას ოცდასამი ლარი და 25 თეთრი) ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით;

- აუნაზღაურებს საპროცესო ხარჯს - ადვოკატის მომსახურების მიზნით გადახდილ თანხას 1 100 (ათას ასი) ლარის ოდენობით;

- აუნაზღაურებს საპროცესო ხარჯს - სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

- მოპასუხე, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს შეასრულებს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით: ბანკი: სს„თ.ბ–ი", TBCBGE22, GE12TB7787445......;

- წინამდებარე მორიგების აქტით, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, მოსარჩელე სრულად აცხადებს უარს წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე, მოპასუხის მიმართ არსებულ როგორც ფულად, ისე არაფულად მოთხოვნებზე;

- მოსარჩელე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არც თავად და არც მისი ყოფილი/ახლანდელი/მომავალი წარმომადგენელი:

- არ გადასცემს წინამდებარე საქმეში დაცულ ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაციას მესამე პირებს;

- წინამდებარე დავის საგნიდან გამომდინარე/დავის საგანზე მოპასუხის, მისი შვილობილ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის შვილობილ(ებ)ის, მათი სამართალმემკვიდრე(ებ)ის/უფლებამონაცვლე(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი დირექტორ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი თანამშრომელ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი წარმომადგენელ(ებ)ის წინააღმდეგ არ გააკეთებს ნეგატიურ/რეპუტაციის შემლახველ ან/და სხვა შინაარსის მქონე განცხადებებს ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით არ გააჟღერებს/დააფიქსირებს თავის აზრს/პოზიციას სოციალურ ქსელში, სატელევიზიო გადაცემებში ან/და ინფორმაციის მასობრივად გავრცელების სხვა საშუალებებში.

- წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 5.1 ან/და 5.2 ქვეპუნქტ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება, რაც არ ათავისუფლებს მას ამავე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.

- მოსარჩელემ მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა აანაზღაუროს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მოპასუხის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით: სს “ს.ბ–ი“, ბანკის კოდი: BAGA...., ანგარიშის № GE36BG4501981430...;

- მოპასუხის მხრიდან მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება განხორციელდება მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის ფარგლებში.

- მხარეები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;

- საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით.

- მორიგების აქტის მორიგების პირობების სრულად შესრულების შემდგომ, წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ, პრეტენზიები აღარ ექნებათ;

- მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ სასამართლომ წინამდებარე მორიგების აქტი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე."

13. მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

15. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–ში“, 2023 წლის 27 იანვარს, №5623 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენლის ა.ბ–ნისა და თ.მ–ის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

- მოსარჩელე წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით უარს აცხადებს მის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნებზე;

- მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მოპასუხე მოსარჩელეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით:

- გადაუხდის კომპენსაციას 7 423.25 (შვიდიათას ოთხას ოცდასამი ლარი და 25 თეთრი) ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით;

- აუნაზღაურებს საპროცესო ხარჯს - ადვოკატის მომსახურების მიზნით გადახდილ თანხას 1 100 (ათას ასი) ლარის ოდენობით;

- აუნაზღაურებს საპროცესო ხარჯს - სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

- მოპასუხე, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს შეასრულებს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით: ბანკი: სს„თ.ბ–ი“ TBCBGE22, GE12TB778744506....

- წინამდებარე მორიგების აქტით, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, მოსარჩელე სრულად აცხადებს უარს წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე, მოპასუხის მიმართ არსებულ როგორც ფულად, ისე არაფულად მოთხოვნებზე;

- მოსარჩელე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არც თავად და არც მისი ყოფილი/ახლანდელი/მომავალი წარმომადგენელი:

- არ გადასცემს წინამდებარე საქმეში დაცულ ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაციას მესამე პირებს;

- წინამდებარე დავის საგნიდან გამომდინარე/დავის საგანზე მოპასუხის, მისი შვილობილ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის შვილობილ(ებ)ის, მათი სამართალმემკვიდრე(ებ)ის/უფლებამონაცვლე(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი დირექტორ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი თანამშრომელ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი წარმომადგენელ(ებ)ის წინააღმდეგ არ გააკეთებს ნეგატიურ/რეპუტაციის შემლახველ ან/და სხვა შინაარსის მქონე განცხადებებს ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით არ გააჟღერებს/დააფიქსირებს თავის აზრს/პოზიციას სოციალურ ქსელში, სატელევიზიო გადაცემებში ან/და ინფორმაციის მასობრივად გავრცელების სხვა საშუალებებში.

- წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 5.1 ან/და 5.2 ქვეპუნქტ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, თითოეულ მოსარჩელეს (იმის გათვალისწინებით, თუ რომელი დაარღვევს მითითებულ პირობას) მოპასუხის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება, რაც არ ათავისუფლებს მას ამავე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან.

- მოსარჩელემ მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა აანაზღაუროს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მოპასუხის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით: სს “ს.ბ–ი“, ბანკის კოდი: BAGA...., ანგარიშის № GE36BG450198143097...;

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება (N2/108-21) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება (N2ბ/5699-21).

4. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1586-2022.

5. თ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRES..., მიმღების ანგარიშის №200122.., სახაზინო კოდი 300773..) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–ასი“, 2023 წლის 27 იანვარს №5623 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე