15 სექტემბერი 2023 წელი №ას-786-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ.წ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.წ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.01.2020 წლის №04-127/კ ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. მოსარჩელის აღდგენა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ტოლფას (საქალაქო ცენტრის უფროსის) თანამდებობაზე.
1.3. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის იძულებითი განაცდურის დაკისრება, 2020 წლის 01 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური ხელფასის, 1600 ლარის გათვალისწინებით.
2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 31 იანვრის N04-127/კ ბრძანება; ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 22 320 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
5.1. 2015 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში განუსაზღვრელი ვადით დასაქმდა უფროსი სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს.
5.2. მოსარჩელეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, კურსი; ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა, სოციალური მუშაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სხვადასხვა დროს, მიღებული აქვს მადლობის სიგელებიც. 2009 წელს მიენიჭა სოციალური სამუშაოს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
5.3. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 28.01.2020 წლის N04/2823 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11.12.2019 წ. N5461-Iს) მოთხოვნების გათვალისწინებითა და ს.ს.ი.პ. „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ“ ს.ს.ი.პ. „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2019 წლის 26 ივლისის N04-1429/ო ბრძანებით დაწყებული და მიმდინარე ორგანიზაციული სტრუქტურული/ფუნქციური) ცვლილებების ფარგლებში, რომელიც იწვევს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასაც, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელესთან შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობა 2020 წლის პირველი თებერვლიდან.
5.4. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის 04-127/კ ბრძანებით, 2020 წლის 1–ელი თებერვლიდან, მოსარჩელე გათავისუფლდა სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე. დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია – 2 თვის შრომის ანაზღაურება.
5.5. 2020 წლის 24 თებერვალს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით. სააგენტოს 2020 წლის 24 თებერვლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობა-მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით, გადაეცა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა ზრუნვის სააგენტოს, რომელიც გამოცხადდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციიდან ამოღებულ იქნა მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვისა და კოორდინაციის ფუნქციები. რეორგანიზაციული ცვლილებები აუცილებელს ხდიდა მეურვეობის, მზრუნველობისა და საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით სამუშაო ძალის შემცირებას. აქედან გამომდინარე, შეწყდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით.
5.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველსაყოფად მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივლისის N01-237/ო ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდა რეორგანიზაცია, შტატების შემცირებისა და სტრუქტურული ცვლილებების შესაძლებლობაზე მითითებით.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.07.2019წ. N04-1429/ო ბრძანებით, სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ერთეულებში გამოცხადდა ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, რომლის თანახმად, მოსალოდნელი იყო სტრუქტურული ცვლილებები, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება და/ან შრომის ანაზღაურების კორექტირება. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ბრძანება გაეცნოთ თანამშრომლებს. ბრძანების საჯარო გამოცხადების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების შესაბამის შენობაში, ბრძანება დასაქმებულთა ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილზე განთავსდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის შექმნისა და რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით შეიქმნა სარეორგანიზაციო კომისია.
5.7. 2019 წლის 11 დეკემბრის კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს კანონში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით: (1). განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს; (2). საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩაითვალა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში; (3). საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება; (4). საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
5.8. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განისაზღვრა ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე, საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ სოციალურ პროგრამებთან მიმართებით, რომელთა განხორციელებაზეც უფლებამოსილება მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. იმავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.
5.9. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 03 თებერვლის №04-67/ო ბრძანებით დამტკიცდა სოციალური მომსახურების სააგენტოს საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო 2020 წლის 1–ელი თებერვლიდან. 2020 წლის საშტატო ნუსხის მიხედვით, ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საშტატო ერთეული განისაზღვრა 1267 ერთეულით, ხოლო წლიური შრომითი ანაზღაურება – 12 747,000 ლარით.
5.10. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის N07-10/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2020 წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი დანართის შესაბამისად. 2020 წლის საშტატო ნუსხის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების საშტატო ერთეული განისაზღვრა 309 ერთეულით, ხოლო წლიური შრომითი ანაზღაურება - 4 291 200 ლარით, საიდანაც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრში დადგინდა: უფროსი სოციალური მუშაკი/უფროსის - 1 საშტატო ერთეული, უფროსი სოციალური მუშაკის - 1 საშტატო ერთეული და სოციალური მუშაკის 12 საშტატო ერთეული). ამავე ნუსხის მიხედვით, სააგენტოს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა განისაზღვრა 61 საშტატო ერთეულით. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2021 წლის საშტატო ნუსხის მიხედვით კი, სააგენტოს საშტატო ერთეული განისაზღვრა 336 ერთეულით, ხოლო წლიური შრომითი ანაზღაურება - 4 604 400 ლარით. ამავე ნუსხით, გათვალისწინებულია საქალაქო ცენტრის უფროსის 1 საშტატო ერთეული.
5.11. ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 06 თებერვლის წერილით, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოში 271 საშტატო ერთეულზე დასაქმებული იყო 232 უფროსი სოციალური მუშაკი და სოციალური მუშაკი, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით - 6 სოციალური მუშაკი. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 03.02.2020წ. N 07-62/კ ბრძანებით, უკონკურსოდ, გადაყვანის წესით ს.ს.ი.პ .სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში დაინიშნენ უფროსი სოციალური მუშაკები და სოციალური მუშაკები. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2020 წლის 25 მაისის N07/3183 წერილის თანახმად, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2020 წლის საშტატო ნუსხით სააგენტოს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა განსაზღვრულია 61 ერთეულით, ხოლო ტერიტორიული ერთეულების შტატი 309 ერთეულით; ტერიტორიული ერთეულების უფროსი სოციალური მუშაკისა და უფროსი სოციალური მუშაკი/უფროსის ოდენობა შეადგენს 24 ერთეულს, ხოლო სოციალური მუშაკების 246 ერთეულს, სულ 270 ერთეულს, აქედან ვაკანტურია 69. თბილისის რაიონულ ცენტრში სოციალურ მუშაკთა, მათ შორის - უფროსი სოციალური მუშაკი, უფროსი სოციალური მუშაკი/უფროსი, რაოდენობა შეადგენს 76–ს, აქედან ვაკანტურია 20.
5.12. უფროსი სოციალური მუშაკის სამუშაო აღწერილობის მიხედვით, უფროს სოციალურ მუშაკთა უფლება-მოვალეობებია: სოციალურ მუშაკთა საქმიანობაზე ზედამხედველობა და საქმისწარმოების მონიტორინგი; ტერიტორიული ერთეულების სოციალურ მუშაკების პროფესიული ზედამხედველობის ინდივიდუალური და ჯგუფური სესიებისა და საქმიანობის შეფასება, შესაბამისი ჩანაწერის წარმოება; სოციალურ მუშაკებთან ერთად შემთხვევების განხილვა და შემთხვევის პროცესის წარმართვის განსაზღვრა; რეგიონულ საბჭოზე სოციალურ მუშაკთა მიერ წარსადგენი შემთხვევების მომზადება; სოციალური მუშაკების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა და პროფესიული და საგანმანათლებლო საჭიროებების გამოკვეთა; სოციალური მუშაკებისათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდება და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; სოციალური მუშაკებისათვის ტრენინგების/სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა; სოციალური მუშაკების პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების გატარება; შემთხვევის კონფერენციების მოწყობის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება; ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, კონსულტირება და გადამისამართება, პირის მოთხოვნის საფუძველზე, საიდენტიფიკაციო კითხვარის შევსება და წარდგენა სტატუსის განსაზღვრისათვის. გადამისამართება იურიდიული დახმარების სამსახურში; საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით 10 ბავშვზე ზრუნვის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საბაზისო ტრენინგის ორგანიზების უზრუნველყოფა ახლად დაქირავებული სოციალური მუშაკებისათვის; მინდობით აღზრდის ინსტიტუტის განსავითარებლად საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებებში მონაწილეობა; თანამშრომელთა მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონულ საბჭოსთან საჭიროების შემთხვევაში შემთხვევის საბჭოზე წარდგენა, საბჭოს წევრებისათვის შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება; სოციალური მუშაკებისაგან სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობა ცვლილების ადვოკატირების შესახებ; კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების მიხედვითსააგენტოს ცენტრალური აპარატის წინაშე წერილობით ანგარიშებისა და რეესტრების წარდგენა; სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულება.
5.13. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის - თბილისის საქალაქო ცენტრის დებულების მიხედვით, თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ცენტრის უფროსი პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; წარმართავს და ხელმძღვანელობს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს; უფლებამოსილია, ცენტრში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დააყენოს წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ზომების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა სააგენტოს დირექტორთან; უფლებამოსილია, ცენტრში დასაქმებულ პირებზე გასცეს მინდობილობები სასამართლოში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ დაწესებულებაში წარმომადგენლობის გასაწევად; პასუხისმგებელია ცენტრისათვის გამოყოფილი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვასა და გამოყენებაზე; მატერიალურად პასუხისმგებელი პირია და პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით; ხელმოწერით ადასტურებს ან ვიზას ადებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს; მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, იღებს გადაწყვეტილებებს; ცენტრის თანამშრომლებს აცნობს (გადასცემს) სააგენტოს დირექტორის ბრძანებებს, მითითებს, რეკომენდაციებს და სხვა საჭირო მასალებსა თუ დოკუმენტებს; შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; უზრუნველყოფს ცენტრში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია მათ მდგომარეობაზე; საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად წარადგენს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში ცენტრის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშებს; მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ზედამხედველობს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობაზე მონიტორინგის პროცესს; საჭიროების შემთხვევაში, ერთვება გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელების პროცესში; ცენტრში მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩართულია ლოგისტიკური საკითხების მოწესრიგებაში; გეგმავს მინდობით აღზრდის პოპულარიზაციისათვის საჭირო აქტივობებს; ცენტრის საქმიანობის ანალიზის შედეგად, წინადადებას წარადგენს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში; უზრუნველყოფს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; მონაწილეობს დაინტერესებულ პირთა მიმართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვაში; ამოწმებს მივლინებულ პირთა სამივლინებო მოწმობებს; სამოქმედო არეალში წარადგენს ცენტრს დაინტერესებულ პირებთან ან ანიჭებს ცენტრის თანამშრომელს ცენტრის სახელით წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; უფლებამოსილია, გასცეს ცნობები და სხვა ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით წერილობით მიმართავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; ასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და სააგენტოს დირექტორის მოადგილეებისა და სააგენტოს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების უფროსების დეპარტამენტში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ცალკეულ დავალებებს. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
5.14. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 01.10.2021წ. N07-441/კ ბრძანებით, 2021 წლის ოქტომბრიდან ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულ იქნა იმავე სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი/განყოფილების უფროსი.
5.15. საქმის მასალებით არ დადასტურდა რეორგანიზაციის შედეგად საშტატო რიცხოვნობის შემცირება, თუ რამ განაპირობა კონკრეტულად მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება და შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრული რა კრიტერიუმები გაითვალისწინა დამსაქმებელმა 5.16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ს.ს.ი.პ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.01.2020 წლის №04-127/კ ბრძანება მართებულად ცნო ბათილად.
5.16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ს.ს.ი.პ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.01.2020 წლის N04-127/კ ბრძანება მართებულად ცნო ბათილად.
5.17. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელის აღდგენა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ტოლფას (საქალაქო ცენტრის უფროსის) თანამდებობაზე, ასევე, აპელანტმა მოითხოვა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაკისრებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასი – 1600 ლარი.
5.18. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მითითებულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მართლზომიერება. მოსარჩელემ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკის ტოლფას თანამდებობად მიუთითა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში - საქალაქო ცენტრის უფროსის თანამდებობა, რომელიც დღეისათვის ვაკანტური არ არის. პალატის განმარტებით, როდესაც უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ადგილზე უკვე დასაქმებულია მესამე პირი, ერთი ადამიანის შრომის უფლების აღდგენით არ შეიძლება სხვების შრომითი უფლებების იგნორირება. ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მართებულად იქნა უარყოფილი.
5.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაოა (თანამდებობა) გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ ადგილი (თანამდებობა), ხოლო მოპასუხის ვალდებულებაა, გააბათილოს ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები.
5.20. მოსარჩელეს დაკისრებული რომც ჰქონოდა (დროებით) სამსახურის უფროსის ფუნქციები, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შემთხვევაშიც კი ვერ მიიჩნეოდა ამ პოზიციის ტოლფასად გაერთიანებული რაიონების თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი. მიუხედავად იმისა, ჰქონდა და აქვს თუ არა აპელანტს სამსახურის უფროსის თანამდებობა, რანგით მაღალი თანამდებობაა და მასზე მხოლოდ დაწინაურების წესით არის შესაძლებელი დანიშვნა, რომლის უფლებამოსილება მხოლოდ დამსაქმებელს აქვს. სასამართლოს, მოცემული დავის ფარგლებში, მხოლოდ იგივე ან ტოლფას, ანუ იმავე რანგის თანამდებობაზე ან მოთხოვნის (თანხმობის) შემთხვევაში, რანგით დაბალ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლია.
5.21. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საშტატო ერთეულის ნუსხის გათვალისწინებით, მოპასუხესთან შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა.
5.22. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ხელფასის, ხელშეკრულების ვადის, დასაქმების პერსპექტივის, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს კომპენსაცია (2 თვის შრომის ანაზღაურება), გონივრულ ოდენობად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია - 22 320 ლარი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, სასამართლომ საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ ვერ ხერხდება მუშაკის უფლებრივი რესტიტუცია თანამდებობაზე აღდგენის გზით. განსახილველ შემთხვევაში, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა უარყოფილი. არ გამოკვლეულა თუ როდიდან აღარ არის ვაკანტური მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ტოლფასი თანამდებობა, ასევე, დამსაქმებლის კეთილსინდისიერება ამ პოზიციაზე სხვა პირის დასაქმების თვალსაზრისით.
6.2. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, მოსარჩელემ უფროს სოციალურ მუშაკად აღდგენა მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით შეცვალა მოთხოვნა იმ მიზეზით, რომ მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოთხოვნილი თანამდებობა არ იყო ვაკანტური და თავისუფალი იყო მხოლოდ ცენტრის უფროსის ადგილი.
6.3. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ბრძანებები, რომლითაც დასტურდება, რომ ვაკანტური თანამდებობა შეივსო მას შემდგომ, რაც მოსარჩელემ ამ თანამდებობაზე აღდგენა სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გარემოება ფაქტობრივად მოპასუხემაც დაადასტურა, თუმცა სასამართლოს რეაგირება არ მოუხდენია.
6.4. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად მტკიცდება, რომ უფროსი სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობები და მოთხოვნილი თანამდებობის სამუშაოს აღწერილობა ფაქტობრივად ერთნაირია და ფუნქციურად ორივე თანამდებობა იდენტურია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანამდებობა ვაკანტურია, ვინაიდან ამ პოზიციაზე დასაქმებული პირიც გათავისუფლდა სამუშაოდან.
6.5. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიიჩნევა, რომ სამსახურში აღდგენაზე უარი მოსარჩელეს მართლზომიერად ეთქვა, სასამართლოთა მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა - შეუსაბამოდ დაბალია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად, მისი უფლებრივი რესტიტუცია უნდა მომხდარიყო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის გზით, ამასთან, სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაშიც, განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა, შეუსაბამოდ დაბალია.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველზე, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა და, სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რამდენად სამართლიანი ოდენობით მიაკუთვნა მას კომპენსაცია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 48.8 მუხლი), რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (ს.უ.ს.გ. №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება სპეციფიკურია შრომითსამართლებრივ დავებში, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს ევალება გათავისუფლების მართლზომიერების საფუძვლის დამტკიცება, თუმცა, რაც შეეხება სამუშაოზე ან ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფას ვაკანსიაზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, ამ მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობების, მათ შორის, ტოლფასი თანამდებობის არსებობის, რომელიც ფასდება სამუშაოს აღწერილობის, დასაქმებულის მიერ შესასრულებელ მოვალეობათა, შრომის ანაზღაურების ოდენობის და სხვა კომპონენტების, როგორც ტოლფასი ვაკანსიის დასაბუთების შემადგენელი ელემენტების ერთობლივი კვლევისა და შეჯერების მიხედვით, ასეთი ადგილის არსებობის დეტალურად აღწერის, დახასიათებისა და მითითების ვალდებულება აქვს მოსარჩელეს და მხოლოდ მისი შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წარადგინოს საშტატო ნუსხა, სამუშაო აღწერილობები და სხვა მონაცემები, რაც მოსარჩელის მტკიცებას გაამყარებს (ს.უ.ს.გ: №ას-1114-2022, 22.03.2023წ: №ას-1165-2022, 22.03.2023წ; №ას-724-2023, 20.07.2023წ.). ამდენად, ტოლფასი თანამდებობის არსებობისა და მისი ვაკანტურობის დადასტურება, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია.
14. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე დასაქმებული იყო ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის თანამდებობაზე. სარჩელით კი, მოსარჩელე ითხოვს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქალაქო ცენტრის უფროსის თანამდებობაზე, როგორც ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობას, რომ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქალაქო ცენტრის უფროსის თანამდებობა არ არის გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი, რადგან ის რანგით უფრო მაღალ თანამდებობას წარმოადგენს, რომელზე დასაქმებაც მხოლოდ დაწინაურებით არის შესაძლებელი. ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანამდებობა არის ვაკანტური. შესაბამისად, ხსენებული თანამდებობის ტოლფასად მიჩნევის შემთხვევაშიც, სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი არ ვლინდებოდა, რადგანაც ერთი პირის უფლებრივი რესტიტუცია სხვა პირთა უფლებების არამართლზომიერი შელახვის ხარჯზე, დაუშვებელია.
15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად, მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენა არ არის, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს, მისი 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ჩანაწერი (არსებული რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს კომპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და საკმარისი რესტიტუცია. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენცის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მე-10 მუხლის მიხედვით, „თუ კომპენტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაცია“. კომპენსაცია, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, ხელშეკრულების ვადა და ა.შ. (ს.უ.ს.გ. №ას-1209-2021, 11 მარტი, 2022).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები) (ს.უ.ს.გ.№ას-787-736-2017, 10.11.2017წ.). საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა სრულად შეესატყვისება იმ მატერიალურ და მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა, შესაბამისად, პალატის შეფასებით, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა სამართლიანი და გონივრულია და მისი მეტად გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი, არ ვლინდება.
17. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში, იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც მართებულად იქნა უარყოფილი სასარჩელო მოთხოვნა, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებდა უკანონოდ დათხოვნილი მუშაკისათვის კომპენსაციის მიკუთვნებასთან ერთად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას (შდრ: იხ. სუსგ №ას-1189-2020, 04.02.2021 წელი; საქმე №ას-634-2021, 04.11.2021 წ; საქმე №ას-596-2021 18.11.2021 წ.)
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. მ.წ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს მ.წ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №17635496073, გადახდის თარიღი: 28.06.2023წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი