Facebook Twitter

საქმე №ას-1399-2023 14 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ.პ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე.ს–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.პ–იას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ ...... ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სს „მ.კ–ის“ მიერ გატანილ იქნა აუქციონზე. 2022 წლის 29 აპრილის განკარგულების საფუძველზე, მ.ო.მ 2022 წლის 18 მაისს აღნიშნული ქონება დაირეგისტრირა საკუთრებაში.

3. 2022 წლის 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ მითითებული ქონება იყიდა, ხოლო ქონების შეძენის შემდეგ, უძრავი ქონება ისევ იმყოფება ძველი მესაკუთრის - მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით რეალურ მფლობელობას, სარგებლობასა და განკარგვას.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რამდენიმეჯერ მიმართა სს „მ.კ–ს“ განცხადებით, რათა სესხის გადახდა გაენაწილებინა გარკვეულ თვეებზე შემცირებული შენატანით, ხოლო დანარჩენ თვეებზე გაზრდილი ოდენობით, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ, საოჯახო მცირე ბიზნესით აპირებდა ვალდებულების შესრულებას. კრედიტორი არ დაეთანხმა და კუთვნილი ქონება გადაიფორმა.

5. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დგება, რადგან მან არ გადაამოწმა, რომ სადავო ფართში მისი ყოფილი მესაკუთრე ცხოვრობდა, არ დაინტერესდა რის საფუძველზე იმყოფება მოპასუხე ჯერ კიდევ თავის საცხოვრებელ სახლში. საფინანსო ორგანიზაციამ მოპასუხე მოატყუა, მისი მიზანი ქონების დაუფლება იყო, რაც განახორციელა ხელმისაწვდომ ფასად. ამდენად, მოპასუხე უკანონოდ არ ფლობს თავის საცხოვრებელს. მოსარჩელემ არაფრად ჩათვალა ის ფაქტი, რომ სს „მ.კ–მა“ მას ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ვერ ჩააბარა. შესაბამისად, უკანონო ხელყოფას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ აქვს.

6. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ ჯანმრთელობითაც და ფინანსურადაც მძიმე მდგომარეობაშია. მოპასუხემ აგრეთვე მიუთითა, რომ სურს გამოისყიდოს სადავო ქონება, მისი ერთადერთი საცხოვრებელი იმ ფასად, რა ფასადაც ის შეიძინა მოსარჩელემ აუქციონზე, რისთვისაც ჭირდება 18 თვე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, აუქციონზე ქონების შეძენის თაობაზე 2022 წლის 5 მაისის განკარგულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება აღირიცხა სს მ.ო. „კ–ის“ საკუთრებაში.

10. 2022 წლის 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფართი შეიძინა მოსარჩელემ. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთს ფლობს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო სამართლის ნორმებიდან. კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე და 172-ე მუხლებში.

12. ამდენად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა, მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 160-ე-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლებიდან.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის სწორად გადაწყვეტის, მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად და არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხეს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა, თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

15. სადავო საკითხთან მიმართებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება იმ მხარეებს ეკისრებათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოსათვის კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, სადავო ფართის დაკავების უფლება არ გააჩნია. ის ფაქტი, რომ მოპასუხე სს მ.ო. „კ–თან“ აწარმოებდა მოლაპარაკებას ქონების გამოსყიდვის თაობაზე, ვერ აქცევს მას სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული აქვს.

16. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მოპასუხეს არ მიეცა სააპელაციო სასამართლოში თავისი კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზების შესაძლებლობა.

19. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე დაყრდნობით კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო, მან სასამართლო წესით საკუთარი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოპასუხე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. სადავო ფართი მის ერთადერთ საცხოვრებელ წარმოადგენს.

20. კასატორის განმარტებით, იძულებით გამოსახლების საკითხი მოცემულია არა მხოლოდ სოციალური უფლებების კატეგორიით, არამედ მისი შინაარსი იკითხება სხვადასხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკურ უფლებებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, შეუძლებელია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა სოციალური შედეგების გათვალისწინების გარეშე და იძულებითი გამოსახლება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ეკვივალენტური შეიძლება იყოს. ადამიანის უფლებათა უახლესი განმარტებებით, ცხადია, სათანადო საცხოვრებლის უფლების სიცოცხლისა და ღირსების უფლებებთან კავშირი. იძულებითი გამოსახლება უსახლკარობის განმაპირობებელ სტრუქტურულ ფაქტორებთან ერთად, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას უკავშირდება. ჩვენს რეალობაში მნიშვნელოვან და მასშტაბურ პრობლემას იძულებითი გამოსახლების საკითხი წარმოადგენს, რაც განსაკუთრებულად დიდი ზიანს მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ნაწილს აყენებს.

21. კასატორმა მისთვის მისაღებ მორიგების პირობად მიიჩნია დავალიანების 12 თვით განაწილვადება.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

25. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, აუქციონზე ქონების შეძენის თაობაზე 2022 წლის 5 მაისის განკარგულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება აღირიცხა სს მ.ო. „კ–ის“ საკუთრებაში.

26. 2022 წლის 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფართი შეიძინა მოსარჩელემ. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთს ფლობს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

27. კასატორის წარმოდგენილი პრეტენზია ეხება სააპელაციო პალატის მიერ მოცემული დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, რითაც, მხარის მოსაზრებით, დაირღვა მოპასუხის ფუნდამენტური უფლებები. ამავდროულად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი ჯანმრთელობისა და ფინანსების მძიმე მდგომარეობა და ერთადერთი საცხოვრებელი სახლიდან იძულებით არ გამოესახლებინა იგი.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

32. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

34. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შდრ: სუსგ-ები: №789-2023, 29 სექტემბერი, 2023 წ; №ას-1005-2013, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1004-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ; №766-2023, 05 ოქტომბერი, 2023 წ; №1146-2023, 11 ოქტომბერი, 2023 წ; №997-2023, 25 ოქტომბერი, 2023 წ.).

35. პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი - ნინო კალატოზიშვილი).

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (შდრ: სუსგ-ები: №ას-1005-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.,პ.39; №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022).

37. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან - საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 19; 25.).

38. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. „სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტიების გზით. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.) „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97).

39. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411).

40. „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.105).

41. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 25), რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტი სადავო უძრავ ქონებას ფლობდა. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამასთან, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1076-2023, 13 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-759-2023, 24 ივლისი, 2023 წ; №ას-1578-2020, 26 იანვარი, 2023; №ას-1437-2020, 24 დეკემბერი, 2020წ., №ას-1274-2020, 31 თებერვალი, 2020წ.).

43. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოდგენს კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არაკეთილსინდისიერად მოიპოვა.

44. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ, სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

45. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები (იხ. სუსგ საქმე №ას-601-2023, 24 ივლისი, 2023 წელი). იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოპასუხის პოზიცია შესაგებელში მისათითებელ გარემოებებს სცდება და საჭიროებს დამოუკიდებელი მოთხოვნის წარდგენას, დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარემ უნდა აღძრას სარჩელი ან, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, შეგებებული სარჩელით მიმართოს სასამართლოს. ამდენად, ყოველი პირი თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი მისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად.

46. როგორც მოპასუხეს გასაჩივრებული განჩინებით მართებულად მიეთითა, მოცემული დავა შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებზე, რომელთა დადგენა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა.

47. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

48. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის და არც მისი უკანონობაა დადასტურებული. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა. (შდრ: სუსგ №ას-1076-2023, 13 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023 წ; №ას-48-2023, 23 თებერვალი, 2023 წელი).

49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სავინდიკაციო სარჩელის შემთხვევაში მოპასუხის არგუმენტი, რომ არა აქვს სხვა საცხოვრისი, არ არის საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ, რომ შეაფერხოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელება ან საერთოდ გამორიცხოს მისი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ-ები: №ას-606-2023, 20 ივნისი, 2023 წ; №ას-369-2023, 13 ივნისი, 2023 წ; №ას-48-2023, 23.02.2023წ., №ას-709-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.; №ას-870-2021, 6 ივლისი, 2022 წ.; 6.07.2022წ; №ას-509-2020, 31 ივლისი, 2022 წ.;№ ას- 1326-2021, 13 აპრილი, 2022 წ.; № ას-5-2022, 28 მარტი, 2022 წ.; № ას-1377-2021, 23 მარტი, 2022 წ.).

50. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ საქმის განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოპასუხე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

51. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან) (შემდეგში „კონვენცია“) პრეამბულით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ.

52. „კონვენცია“ აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, ყოველი პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.

53. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ 2021 წლიდან საქართველოში ამოქმედდა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის 3.1-ლი მუხლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

54. აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ხოლო მე-18 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას..., მათ შორის სასამართლო განხილვისა და/ან აღსრულების პროცესში.

55. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იქნა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, კერძოდ, საქმის მასალებში განთავსებულია 2022 წლის 20 სექტემბრის რწმუნებულების/ მინდობილობის დამოწმების შესახებ სანოტარო აქტი №221263881, რომლითაც მოპასუხემ თავისი უფლებების დაცვა და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭა რონა ბუბუტიშვილს 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 52-54).

56. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე არასწორად განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და, რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“

58. სსსკ-ის 3761-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ.სუსგ-ები: №ას-340-2023, 25 აპრილი, 2023 წ; №ას-1142-2020, 20 აპრილი, 2021 წ; №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ; №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წ; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ; №ას-1924-2018, 17 იანვარი, 2019 წელი; №ას-1608-2018, 30 ნოემბრი, 2018 წელი).

59. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე (შდრ: სუსგ: №ას-606-2023, 20 ივნისი, 2023 წ).

60. რაც შეეხება კასატორის მითითებას მხარეთა შორის დავის მორიგებით დამთავრების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით და კანონიერი გზით წყვეტს მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას. საქმის დამთავრება მორიგებით სამართალწარმოების დასრულების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება. მორიგება მოდავე მხარეთა შორის ხორციელდება და ორმხრივ ურთიერთდათმობას ემყარება. მორიგებისას აუცილებელია მხარეთა კონცენტრირება საერთო სასარგებლო და ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგზე. ორმხრივი ინტერესი ის უმთავრესი წინაპირობაა, რომელიც უმოკლეს დროში იძლევა მორიგების სამართლებრივ შედეგს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მორიგებისას „დამარცხებულის პოზიცია“ არ არსებობს და მორიგებაში მხარეთა სტატუსია „მორიგებულები“. მხარეებს შეუძლიათ გააკონტროლონ შედეგი, რომელიც მიიღწევა მოლაპარაკებით. ნებისმიერი მორიგების პროცესის „ხიბლი“ სწორედ შედეგშია (The beauty of any negotiated settlement – finality – იხ: Stephen G. Crane., Judge Settlements Versus Mediated Settlements, Dispute Resolution Magazine, 2011, 22.).

61. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2023 წლის 25 სექტემბერს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელზე (წერილობითი პასუხი), სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე უარს აცხადებს დავის მორიგებით დასრულებაზე, რადგან კასატორისათვის წლებია ცნობილია მორიგებასთან დაკავშირებით მოსარჩელის პირობების შესახებ, თუმცა კასატორმა აღნიშნული რეალურად გამოიყენა დროის გაჭიანურების მიზნით და არა პრობლემის გადასაჭრელად (იხ. მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი პასუხი, საკასაციო შესაგებელი).

62. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, შესაბამისად, აღნიშნული თვალსაზრისით საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის პირობებში, კასატორის კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა.

63. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

64. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

66. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე