საქმე №ას-1073-2023 20 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები – შპს „ა–ი“, მ.მ–ა, გ.გ–ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებებზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, ამ განჩინებების განმარტება, ბათილად ცნობა/გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა–მა“, მ.მ–ამ და გ.გ–ამ (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „განმცხადებლები“, „მხარეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის მიღებაზე, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინეს მხარეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. 2023 წლის 12 ივლისს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და „გ.გ–ვას“ ნაცვლად მიეთითა „გ.გ–ა“.
6. 2023 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, საჩივარი სხვა საკითხების გარდა, შეიცავს მითითებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.
7. 2023 წლის 6 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოაგზავნა მოსარჩელეების კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს „ა–ს“, მ.მ–ასა და გ.გ–ას დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
9. ზემოაღნიშნული განჩინება მ.მ–ასა და გ.გ–ას, როგორც პირადად და როგორც შპს „ა–ის“ დირექტორს გაეგზავნათ საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და 2023 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა ნ.ფ–ას (ადვოკატს).
10. 2023 წლის 25 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს (განცხადებას ხელს აწერენ, როგორც კერძო საჩივრის ავტორები, ისე შპს „ა–ის“ იურისტი - ნ.ფ–ა, განცხადება წარმოდგენილია ასლის სახით). განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ საქმის განუხილველად დატოვებას. განცხადება, ასევე, შეიცავს მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული სავარაუდო უსწორობების შესახებ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა–ის“, მ.მ–ასა და გ.გ–ას კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, რამდენადაც მხარეების მიერ ამავე სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არცერთ ნაწილში არ შევსებულა, ამასთან 2023 წლის 25 სექტემბრის განცხადებაში მხარეები უთითებდნენ, რომ ითხოვენ №ას-1073-2023 საქმის განუხილველად დატოვებას (იხ. ტ.1 ს.ფ461.)
12. 2023 წლის 3 და 6 ნოემბერს განმცხადებლებმა კვლავ მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 263-ე მუხლებზე და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებებზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და ასევე მათი განმარტება.
13. 2023 წლის 17 ნოემბრის განცხადებით კი მხარეებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოთხოვნები დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და საკასაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე მიღებული განჩინებების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნა ამ განჩნებების ბათილად ცნობის/გაუქმების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
16. სამოქალაქო საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, რომლის დროსაც დასაშვებია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. მოცემულ შემთხვევაში, განცხადებების შინაარსიდან არ დასტურდება სსსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისიწნებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭირო რომელიმე წინაპირობის არსებობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მხარეს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 5 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებებით დავის მიმართ არ დადგენილა ისეთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც სსსკ-ის 261-ე მუხლის რომელიმე წინაპირობის წარმოშობას გამოიწვევდა.
17. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებების განმარტებას, სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
18. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (იხ. სუსგ საქმე №ა-3849-გან-4-2017, 5 ოქტომბერი, 2017 წელი).
19. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ამავე სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განჩნებით განმცხადებლებს დაუდგინდათ ხარვეზი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებებით დავის მიმართ არ დადგენილა ისეთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც აღსრულებას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ განჩინებების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მათი ამა თუ იმ დებულების განმარტების საფუძველი არ არსებობს.
20. განცხადებებით ასევე მოთხოვნილია პირველი და მეორე ინსტანციის ყველა სასამართლო გადაწყვეტილების, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებების ბათილად ცნობა.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
22. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ფორმალური დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა მისი განსჯად სასამართლოში წარდგენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართვეელოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე.
24. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ წინამდებარე საქმეზე მიღებული განჩინებების ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა მიზანი, როგორც ეს განცხადებების შინაარსიდან დასტურდება, საკასაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე მიღებული განჩინებების გაუქმებაა.
25. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
26. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში განიმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება განახლდეს საქმის წარმოება. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ საქმე №ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019 წელი; სუსგ საქმე №ა-4160-ა-14-2021, 30 სექტემბერი, 2021 წელი).
27. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
28. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
29. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები არც სსსკ-ის 422-ე მუხლისა და არც 423-ე მუხლის წინაპირობებზე მიუთითებენ. განმცხადებელთა ძირითადი არგუმენტი შეეხება იმას, რომ მათ მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ წარდგენილა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართოს მიერ გადმოგზავნილი საქმის მასალების გაცნობის შედეგად (იხ. ტ.1, ს.ფ. 442) განცხადება ასევე შეიცავდა პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც მხარეთა მოთხოვნა უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შესაძლებლობას აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენისა, შესაბამისად, რამდენადაც 2023 წლის 11 აგვისტოს განცხადება შეიცავდა პრეტენზიებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორების შესახებ მიღებულ განჩინებაზეც საკასაციო პალატამ დასახელებული განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაზე მითითებულ პრეტენზიების ნაწილში, მიიჩნია კერძო საჩივრად და დაადგინა ხარვეზი, თუმცა ხარვეზი არ შევსებულა, ამასთან, მხარეებმა არაერთხელ განმარტეს, რომ მათ ინტერესში არ შედიოდა უსწორობის გასწორების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩნებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებაში განიმარტა, რომ განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.
30. ყოველივე ზემოაღნინშულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე.
31. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს უპასუხოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ განცხადებებში მითითებულ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო პალატას საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაებრუნებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოში, რამდენადაც მოსარჩელეებს წარდგენილი სარჩელის მიღებაზე არასწორად ეთქვათ უარი.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმცხადებლებს განუმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო სარჩელის მიღებაზე უარის მართლზომიერებაზე ვერ იმსჯელებს, რამდენადაც სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობა მხარემ გამოიყენა და სააპელაციო სასამართლომ როგორც ზემდგომმა ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი ამ საკითხზე მიღებული განჩინება საკასაციო სასამართლოში აღარ საჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 262-ე, 421-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა–ის“, მ.მ–ასა და გ.გ–ას მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებებზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოიტანისა და ამ განჩინებების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ა–ის“, მ.მ–ასა და გ.გ–ას მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის განჩინებების ბათილად ცნობის/გაუქმების შესახებ დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე