№ას-970-2023
12 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ტ.შ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების (½ ნაწილის) თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. მ.კ–იას სარჩელი ტ.შ–ის მიმართ, თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა:
1.1 მ.კ–ია (პ/ნ: ........) ცნობილ იქნა ტ.შ–ის (პ/ნ: .........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული შემდეგი უძრავი ქონებების:
1.2 მდებარე თბილისი, ........., ს/კ: ......... და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, (საერთო ფართი: 473.30 კვ.მ));
1.3 მდებარე თბილისი, ........., ს/კ: .........;
1.4 მდებარე თბილისი, .......... (ნაკვეთი №138/...), ს/კ: ..........;
1.5 მდებარე თბილისი, ..........., ს/კ: .......... და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 და №2 მშენებარე);
1.6 მდებარე თბილისი, ......... (ნაკვეთი №138/..), ს/კ: ........;
1.7 მდებარე თბილისი, .........., ფართით 96.13 კვ.მ., ს/კ: ..........;
1.8 მდებარე თბილისი, ..........., სარდაფი ფართით 35.06 კვ.მ. ს/კ: ........... - ½ წილის მესაკუთრედ;
2. მ.კ–ია (პ/ნ: .........) ცნობილ იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ტ.შ–ის (პ/ნ: ........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული შემდეგი ქონებების:
2.1. შპს ,,ს–ის’’ (ს/ნ: .........) კაპიტალში 60%-იანი წილის ½ ნაწილის (30%-ის);
2.2. შპს ,,ს.ს–ის’’ (ს/ნ: ..........) კაპიტალში 80%-იანი წილის ½ ნაწილის (40%-ის);
2.3. შპს ,,ტ.კ–ის’’ (ს/ნ: ........) კაპიტალში 100 %-იანი წილის ½ ნაწილის (50%-ის);
2.4. შპს ,,ნ.ბ–ის’’ (ს/ნ: ........) კაპიტალში 50 %-იანი წილის ½ ნაწილის (25%-ის);
2.5. შპს ,, ნ–ის’’ (ს/ნ: .....) კაპიტალში 50 %-იანი წლის ½ ნაწილის (25%-ის);
2.6. შპს ,,გ.პ–ის’’ (ს/ნ: .....) კაპიტალში 50 %-იანი წილის ½ ნაწილის (25%-ის);
2.7. შპს ,,ს–ი ’’-ის (ს/ნ: ......) კაპიტალში 100%-იანი წილის ½ ნაწილის (50%-ის);
2.8. შპს ,,ქ.რ–ის’’ (ს/ნ: ......) კაპიტალში 60%-იანი წილის ½ ნაწილის (30%-ის) - მესაკუთრედ;
3. ტ.შ–ის შეგებებული სარჩელი (დაზუსტებული) მ.კ–იას მიმართ დაკმაყოფილდა:
3.1 ტ.შ–ი (პ/ნ: .....) ცნობილი იქნა შპს ,,კ–ში“ (ს/ნ: ...) მ.კ–იას (პ/ნ: .....) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 50%-იანი წილის 1/2 ნაწილის (25%-ის) მესაკუთრედ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მ.კ–იას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მოსარჩელემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის გარკვეული პუნქტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით მ.კ–იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით ტ.შ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ.შ–მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით ტ.შ–ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენლის თანამშრომელს ჩაბარდა 2023 წლის 4 აგვისტოს.
2023 წლის 9 აგვისტოს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის ასლი და განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი კასატორმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელება.
საქმეში არსებულ, ტ.შ–ის მიერ წარმომადგენელ ი.ყ–ზე გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადა ამოიწურა 2023 წლის 18 აგვისტოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ტ.შ–ის მოთხოვნა, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; ტ.შ–ის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (დედანი ხელმოწერით) და სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებები გადახდისუუნარობის შესახებ ან 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ შემდეგ მისამართაზე: ქ. თბილისი, .........., თუმცა ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა, ის რომ ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინენა კასატორის წარმომადგენელს გაგეზავნა შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ........, თუმცა აღნიშნულ მისამართზე ორჯერ მისვლის მიუხედავად, კურიერმა ვერ შეძლო ადრესატისათვის სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარება.
2023 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ.კ–იას წარმომადგენელმა და განმარტა, რომ კასატორის მხრიდან ხელოვნურად ხდება ხარვეზის განჩინების ჩაბარების გაჭიანურება და მოითხოვა, რომ კასატორისათვის განკუთვნილი კორესპონდენცია გაგზავნილიყო შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........., სართული 1. რწმუნებულმა მიუთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე არის კასატორის ოფისი და ამავე მისამართზე ფიქსირდება სადაო ორგანიზაციების შპს „ს–ი ..-ისა“ ..... და შპს „ჯ.ფ–ის“ ..... მისამართები.
2023 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინება ტ.შ–ს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........., თუმცა კასატორისათვის გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა.
2023 წლის 13 ოქტომბერს მ.კ–იას წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და იშუამდგომლა, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მისცემოდა შესაძლებლობა სასამართლო კურიერი წაეყვანა შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ............ (შპს „ს–ი ..-ისა“ და შპს „ჯ.ფ–ის ოფისის მისამართები); ქ.თბილისი, ........ (ი.ყ–ის მისამართი), რათა უზრუნველეყო აღნიშნულ მისამართებზე კასატორისათვის ან მისი ადვოკატისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინების ჩაბარება.
2023 წლის 17 ოქტომბერს მ.კ–იას წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა წაეყვანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, .........., სართული 1, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინება ჩააბარა კასატორის თანამშრომელ თ.თ–ას პ/ნ .........., რომელმაც კურიერს დაუდასტურა, რომ იცნობს ტ.შ–ს და არის მისი თანამშრომელი. (იხ. ხელწერილი და აქტი, ტომი 2 ს.ფ. 496-497). კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
2023 წლის 19 ოქტომბერს ტ.შ–ის ადვოკატმა ი.ყ–მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და განმარტა, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს მას დაუკავშირდა მ.კ–იას წარმომადგენელი შ.მ–ძე, რომლისგანაც შეიტყო, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინება, სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარდა კასატორის ერთ-ერთი საკუთრების მისამართზე (ქ. თბილისი, ..........) მყოფ და მომუშავე, ტ.შ–ის თანამშრომელ, თ.თ–ას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კასატორის რწმუნებულმა მიუთითა, რომ ტ.შ–ი არ იცნობს თ.თ–ას, არ იცის ვინ არის და სად მუშაობს იგი, ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ მისამართზე კასატორს არ აქვს საცხოვრისი და საოფისე ფართი, აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირებს ტ.შ–ის შვილის ოფისი. წარმომადგენელი აცხადებს, რომ დავა არ მიმდინარეობს კასატორის რაიმე კომპანიის მიმართ და შესაბამისად მას მართებულად არ მიაჩნია, რომ თ.თ–ასათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ჩაითვალოს სასამართლო კორესპონდეციის ჩაბარებად. ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ კასატორისათვის განკუთვნილი სასამართლო კორესპონდენცია გაგზავნოდა მას და გზავნილის ჩაბარების შემდგომ მოახდენდა შესაბამის რეაგირებას.
2023 წლის 10 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მ.კ–იას ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ განსახილველ საქმეში მ.კ–ია ითხოვს ტ.შ–თან მრავალწლიანი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობას, კასატორისა და მოპასუხის დაძაბული ურთიერთობის გამო მ.კ–იას არ გააჩნია არანაირი საარსებო წყარო და იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. შესაბამისად, მოპასუხემ მოითხოვა ტ.შ–ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გადაცემა, იმისათვის რომ მ.კ–იამ შეძლოს ისარგებლოს თავისი საკუთრებით და მიიღოს სათანადო შემოსავალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ.შ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ტ.შ–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილით მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია, სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მ.კ–იას წარმომადგენელმა წერილობით იშუამდგომლა, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მისცემოდა შესაძლებლობა სასამართლო კურიერი წაეყვანა შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, .......... (შპს „ს–ი ..-ისა“ და შპს „ჯ.ფ–ის ოფისის მისამართები) ან ქ.თბილისი, .......... (წარმომადგენლის, ი.ყ–ის მისამართი), რათა უზრუნველეყო აღნიშნულ მისამართებზე კასატორისათვის ან მისი ადვოკატისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინების ჩაბარება. აღნიშნული შუამდგომლობისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (უწყების დროულად ჩაბარების მიზნით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართ წერილობითი განცხადების საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კურიერის გადაადგილება და მისი მეშვეობით უწყების ჩაბარება), მ.კ–იას ადვოკატს მიეცა შესაძლებლობა წაეყვანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ..........., სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინება ჩააბარა კასატორის თანამშრომელ თ.თ–ას პ/ნ .......... 2023 წლის 17 ოქტომბერს, რომელმაც კურიერს დაუდასტურა, რომ იცნობს ტ.შ–ს და არის მისი თანამშრომელი. (იხ. ხელწერილი და აქტი, ტომი 2 ს.ფ. 496-497).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 18 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 27 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
როგორც უკვე აღინიშნა, 2023 წლის 19 ოქტომბრის კასატორის ადვოკატის მიერ წარმოადგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს მას დაუკავშირდა მ.კ–იას წარმომადგენელი შ.მ–ძე, რომლისგანაც შეიტყო, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინება, სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარდა კასატორის ერთ-ერთი საკუთრების მისამართზე (ქ. თბილისი, ..........) მყოფ და მომუშავე, ტ.შ–ის თანამშრომელ, თ.თ–ას. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორის რწმუნებული აცხადებს, რომ ტ.შ–ი არ იცნობს თ.თ–ას, არ იცის ვინ არის და სად მუშაობს იგი, ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ მისამართზე კასატორს არ აქვს საცხოვრისი და საოფისე ფართი, აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირებს ტ.შ–ის შვილის ოფისი. წარმომადგენელი განმარტავს, რომ დავა არ მიმდინარეობს კასატორის რაიმე კომპანიის მიმართ და შესაბამისად მას მართებულად არ მიაჩნია, რომ თ.თ–ასათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ჩაითვალოს სასამართლო კორესპონდეციის ჩაბარებად. ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ კასატორისათვის განკუთვნილი სასამართლო კორესპონდენცია გაგზავნოდა მას და გზავნილის ჩაბარების შემდგომ მოახდენდა შესაბამის რეაგირებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კასატორის წარმომადგენლის პოზიცია იმის შესახებ, რომ თ.თ–ასათვის სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარება ვერ ჩაითვლება ჩაბარებად, ვინაიდან ტ.შ–ი არ იცნობს მას, არ იცის ვინ არის და სად მუშაობს ის და შესაბამისად, გზავნილი კასატორ ტ.შ–ისათვის ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან კასატორ ტ.შ–ს ხარვეზის ვადის გაგრძლებეის შესახებ გაჩინება გაეგზავნა მისამართზე: ქ. თბილისი, .........., ს.კ .........). საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, ტ.შ–ის წარმომადგელის მითითების საწინააღმდეგოდ დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .................., ს.კ ........), სადაც მოხდა სასამართლო გზავნილის ჩაბარება, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტ.შ–ის სახელზე; ასევე აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია შპს „ს–ი .“ ს/კ ........., რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ტ.შ–ი. გარდა იმისა, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ტ.შ–ის სახელზე და ამავე მისამართზე რეგისტრირებულია მისი კუთვნილი კომპანია, უწყების ჩამბარებელი პირი - თ.თ–ა პირადი ნომრის (........) მითითებით ადასტურებს, რომ ის არის ტ.შ–ის თანამშრომელი, იცნობს მას და გზავნილი ჩაიბარა ტ.შ–ისათვის გადასაცემად. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებენ, რომ გზავნილი კასატორ ტ.შ–ს ჩაბარდა საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით კასატორის სამუშაო ადგილზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა და ვადა ხარვეზის აღმოფხვრისა, თუმცა მან საჭირო საპროცესო მოქმედებანი არ განახორციელა.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კასატორის ადვოკატის განმარტებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ............. ფუნქციონირებს კასატორის ვაჟის ბიზნესი, რაც თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ კასატორის ოჯახის წევრს ჩაბარდა სასამართლო გზავნილი. ამავდროულად, ადვოკატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განცხადების ზოგადი შინაარსითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ კასატორი მხარისათვის ცნობილი იყო 2023 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს მიერ გზავნილის გაგზავნისა და მისი თუნდაც კასატორის შვილის სამუშაო ადგილზე ჩაბარების შესახებ და იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 დღე იყო განსაზღვრული, კასატორ მხარეს ჰქონდა გონივრული ვადა იმისათვის, რომ ჩაებარებინა გზავნილი და მოეხდინა მასზე სათანადო რეაგირება. ამ აბზაცში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარეც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინების თაობაზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა ხარვეზის აღმოფხვრისა, თუმცა მან საჭირო საპროცესო მოქმედებანი არ განახორციელა.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.2019 წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. მითითებული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან (31.07.2023 წ.) დღემდე განვლილი ოთხთვიანი ვადა არსებითად იმდენად ხანგრძლივია, რომ მთლიანად ფარავს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისთვის კანონმდებლის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ 03 თვიან დასაშვებობის ვადას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეიცავს საპროცესო ვადების გაჭიანურების მცდელობის ნიშნებს და საჭიროებს აღკვეთას სასამართლოს მხრიდან, რამეთუ იქმნება დავაში მონაწილე მეორე მხარის ინტერესის არათანაზომიერად ხელყოფის ვარაუდი, რაც დაგვიანებულ და არაეფექტურ მართლმსაჯულებაში გამოიხატება.
ზემოაღნიშნულის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, დასაშვებად მიიჩნევს პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. სუსგ-ები: №ა-998-ა-7-2011, 19.05.2011 წ; N ას-732-685-2017, 15.09.2017წ.)
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს იმ უკანასკნელ საშუალებას, რომელიც ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებაზე მომჩივნის არაკეთილსინდისერი განზრახვის აღკვეთას. ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია (საკასაციო საჩივრის შინაარსი), რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს (თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ.შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია