საქმე №ას-1477-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.გ–ძის კერძო საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „რ.ტ–ის“ სარჩელის გამო, მ.გ–ძის მიმართ აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად კი, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინება მ.გ–ძის წარმომადგენელ ნ.მ–ას (იხ.რწმუნებულება ტ.1, ს.ფ.79) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექქსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2023 წლის 3 ნოემბერს ჩაბარდა პირადად (იხ.ჩაბარების დასტური ტ.2, ს.ფ.13).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 4 ნოემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 15 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩვრით დგინდება, რომ ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2023 წლის 16 ნოემბერს. კერძო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2023 წლის 16 ნოემბერი, რაც უტყუარად ადასტურებს ვადის დარღვევას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.გ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე