Facebook Twitter

საქმე №ას-1552-2023 18 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძე

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ.ლ–იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე - ნ.მ–სა და შ.კ–ის სარჩელის გამო, მ.ლ–იას მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, ასევე მ.ლ–იას შეგებებული სარჩელის გამო, შ.კ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ.ლ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ვინაიდან დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ლ–ია ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (სხდომის ოქმი ტ.2, ს.ფ.146-159). აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2023 წლის 6 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 2023 წლის 16 ნოემბერი. ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2023 წლის 16 ნოემბრამდე. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა (ელექტრონული ფოსტის საშუალებით) ვადის დარღვევით - 2023 წლის 27 ნოემბერს, ხოლო დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2023 წლის 4 დეკემბერს. გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 2023 წლის 17 ნოემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 17 ნოემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 7 დეკემბერს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დგინდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით - 2023 წლის 8 დეკემბერს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2023 წლის 8 დეკემბერი, რაც უტყუარად ადასტურებს ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, მ.ლ–იას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ლ–იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე