Facebook Twitter

საქმე №ას-1489-2023 12 დეკემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს "გ.ც–ი"

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.ი–ი"

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს "ს.ი–მა" საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,დ.გ.ც–ის’’ 2023 წლის 29 მაისის დადგენილების გაუქმება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზემოაღნიშნული დადგენილება და შპს "დ.გ.ც–ი" ცნობილ იქნა კომპეტენციის არმქონედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს "გ.ც–მა" და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს "გ.ც–ის" კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან, ამავე კოდექსის 35616 მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საბოოლოოა და არ გასაჩივრდება.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებისმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

დასახელებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრაჟში საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და სასამართლოს უფლება არ გააჩნია, ჩაერიოს ან ნებისმიერი გზით ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სასამართლო არეგულირებს საარბიტრაჟო წარმოების კონკრეტულ ეტაპებს, ზემოხსენებულ სპეციალურ კანონსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ზუსტად და ამომწურავადაა მითითებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი. თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს საერთო სასამართლოების კომპეტენციას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან მიმართებით და ადგენს იმ ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში სასამართლოს გზით ჩარევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავები შეიცავს სპეციალურ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სასამართლოს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ, არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს არბიტრაჟთან დაკავშირებულ იმ საქმეთა კატეგორიას, რომლებსაც იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ასეთად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ დავები არბიტრაჟის კომპეტენციასთან დაკავშირებით განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ უცხო ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამასთან, ხსენებული ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონი არ ითვალისწინებს. "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მეხუთე ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35616 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარი ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს "დ.გ.ც–ის" კომპეტენციის არმქონედ ცნობის შესახებ განჩინების კანონიერებას, რაც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველგვარი დავა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არბიტრაჟის კომპეტენციასთან დაკავშირებით შედის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში და ამ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 35612,, 35613 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს "გ.ც–ის" კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ე. გასიტაშვილი