ბს-535-121(გ-05) 3 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს და ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 1 ოქტომბერს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის (ზესტაფონის სამმართველოს უფროსის) მიერ მოსარჩელის შრომის წიგნაკში შესრულებული ¹20, ¹21 და ¹22 ჩანაწერის გაუქმება და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის 2003წ. 2 დეკემბრის ¹40/1 ბრძანების შესაბამისად, შრომის წიგნაკში შესწორების შეტანა, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 12 აგვისტოს ¹01/03-01/402 და ¹01/03-01/403 ბრძანების (¹1, ¹2 და ¹3 დანართებით) გაუქმება, ასევეზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და სამმართველოზე 2004წ. ივლისისა და აგვისტოს მიუღებელი ხელფასის გადახდის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არაგანსჯად სასამართლოში და მიეთითა, რომ სარჩელი წარდგენილ უნდა ყოფილიყო ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ეს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ოქტომბრისა და 12 ოქტომბრის განჩინებები და საქმე დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განსახილველად.
2005წ. 14 იანვრის ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებით მ. ბ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი უნდა გადაგზავნოდა განსახილველად ძირითადი მოპასუხის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
კრწანისი მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ გამოყოფილ იქნეს ცალკე წარმოებად და განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განმარტებით, სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნები გაერთიანებული იყო ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, განხილულ ყოფილიყო განცალკევებით, რაც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის წინაპირობას.
სასამართლომ სსკ-ის მე-15 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ მ. ბ-ის სარჩელი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზაციის სამმართველოს მიმართ განხილულ უნდა ყოფილიყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, რის გამოც, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის მიხედვით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ, დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო, განსჯადობის დავის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ ქ. ზესტაფონის რაიონული და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინიდის რაიონული სასამართლოთა განჩინებათა შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის შესახებ დავის არსებითად განხილვა-გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული დავა განსჯადობის შესახებ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ეს უკანასკნელი აღნიშნულზე არაუფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ წყვეტს ზემდგომი სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის შესახებ დავა ფაქტობრივად აღძრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც საქმე აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ზემდგომ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა განსჯადობის შესახებ.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის თანახმად, გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ის 284-285-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.