Facebook Twitter

საქმე №ას-703-2023 30 ოქტომბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ჰ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება და, ამ ნაწილში, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს "ჯ.ჰ–სს", ს.მ–ძის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 100 000 (ასი ათასი) ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით) გადახდა დაეკისრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

3. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. ს.მ–ძის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში დაყენებული იყო შუამდგომლობა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კასატორის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში კასატორის ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

5. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.

6. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-739-707-2016, 24.10.2016წ.).

7. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან „საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. pro bono ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც“ (იხ. სუსგ-ები: N ას- 1161-1116-2016, 12.10.2017წ; N ას- 1448-2020, 5.02.2021წ.). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა, არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება, სასამართლოს შეუძლია, ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად, მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილი იყოს სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“)- შეად. სუსგ-ას N ას-1123-2021, 1.12.2021წ.

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ№ას-444-423-2015, 30.10.2015წ.).

9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე კასატორის წარმომადგენლის მხრიდან მარწმუნებლის ინტერესების წარმოდგენა გარკვეული დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საკასაციო სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1 400 ლარის ოდენობით (100 000 ლ.-65 000ლ=35 000ლ*4%=1 400ლ).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა;

1. ს.მ–ძის შუამდგომლობა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ჯ.ჰ–სს“ ს.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ს.მ–ძის საკასაციო საჩივარზე წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1 400 (ერთი ათას ოთხასი) ლარის ანაზღაურება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

მ. ერემაძე