Facebook Twitter

საქმე №ას-837-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „N. G.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „კ.ნ.ჯ–ა“, ლ.მ–ძე, მ.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს.გ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „N. G.“-ს (შემდგომში – „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), შპს „კ.ნ.ჯ–ას“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე), ლ.მ–ძისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე) და მ.ნ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე”) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 27 000 ლარის გადახდა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. პირველმა მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2, 61.2, 61.3, 369.1, 2591.1, 374.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ. სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 58-65), შესაბამისად, გასაჩივრების მსურველ მხარეს, აპელანტს გადაწყვეტილება უნდა ჩაებარებინა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 - დან 30 დღის განმავლობაში, ხოლო, სააპელაციო საჩივარი წარედგინა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2023 წლის 28 თებერვალს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 31 მარტს და ამოიწურა იმავე წლის 13 აპრილს. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 24 აპრილს, შესაბამისად, დარღვეულია გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა.

7. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია საქმის მასალებს ერთვის მოპასუხის განცხადებები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, თუმცა სასამართლოსათვის უცნობია, რატომ არ ჩაიბარა მოპასუხემ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, მით უფრო მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია 2023 წლის 14 მარტს, დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების 20-30-დღიან ვადაში.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

9. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

9.1. პირველმა მოპასუხემ, როგორც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, კერძოდ, 20.03.2023წ. მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა სხდომის მიმდინარეობის ამსახველი სრული აუდიო ჩანაწერისა და 28.02.2023წ. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა სასამართლოს მისთვის არც სხდომის ოქმი და არც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაუბარებია;

9.2. პირველმა მოპასუხემ, როგორც გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველმა მხარემ (ვინაიდან 20.03.2023წ. მიმართვის მიუხედავად არ ჩაბარებია სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება) 19.04.2023წ. განმეორებით მიმართა სასამართლოს განცხადებით და, მათ შორის, მოითხოვა 28.02.2023წ. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის წარმომადგენელს იმავე დღეს (19.04.2023წ.) დაუკავშირდა სასამართლოს მუშაკი და აცნობა მოთხოვნილი გადაწყვეტილების მომზადებისა და სასამართლოს საქმისწარმოების სიტემის მეშვეობით მისი გაცნობის შესაძლებლობის შესახებ;

9.3. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარშივე აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების მომზადება/გადაცემის შესახებ მათი არაერთი განცხადების გათვალისწინებით, მას ეცნობა 19.04.2023 წელს;

9.4. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაწყების თვალსაზრისით იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველმა მხარემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა არ მიმართა განცხადებით სასამართლოს და შესაბამისად არ ჩაიბარა გადაწყვეტილება. ხოლო, ამ ვადაში მიმართვის შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იწყება სწორედ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაცემის მომენტიდან, მოცემულ შემთხვევაში 20.04.2023 წლიდან, ვინაიდან 19.04.2023წ. სასამართლოსათვის განცხადებით განმეორებით მიმართვის შემდგომ, იმავე დღეს დაუკავშირდა პირველ მოპასუხეს სასამართლოს მუშაკი და აცნობა მოთხოვნილი გადაწყვეტილების მომზადებისა და სასამართლოს საქმისწარმოების სიტემის მეშვეობით მისი გაცნობის შესაძლებლობის შესახებ;

9.5. პირველი მოპასუხის მხრიდან კანონით დადგენილ 20-30 დღის ვადაში განცხადებით მიმართვის დადასტურებისა და საქალაქო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრების მსურველი მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო პირველ მოპასუხეს აკისრებს მტკიცების ტვირთს, რაც დაუშვებელია;

9.6. ამდენად, პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

14. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მას სააპელაციო საჩივარი ვადადარღვევით არ წარუდგენია. კერძოდ, პირველმა მოპასუხემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 20 მარტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591.1 მუხლით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას გადაწყვეტილება არ ჩაბარებია; ამასთან, პირველ მოპასუხეს სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ 2023 წლის 19 აპრილს აცნობა წინამდებარე საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისა და სასამართლოს საქმისწარმოების სიტემის მეშვეობით მისი გაცნობის შესაძლებლობის შესახებ.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

16. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

17. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად: „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; Nას-1377-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო და აღნიშნული მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დარეგისტრირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ დროს მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას (იხ. სუსგ საქმე Nას-204-194-2016, 30 მარტი, 2016 წელი).

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება.

20. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეში ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (იხ. Case of Miragall Escolano and Others v. Spain, 38366/97, ECHR; ასევე, დიდი პალატის განჩინება საქმე Nას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2023 წლის 28 თებერვალს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო პირველი მოპასუხისათვის. კერძოდ, პირველი მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულება, ტ. 2, ს.ფ. 67), ქ.ყ–ი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 21 თებერვალს გამართულ მთავარ სხდომას, რომელზეც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2023 წლის 28 თებერვალს. აღნიშნული დადასტურებულია მისი ხელმოწერით (იხ. სხდომის ოქმი, ხელწერილი, ტ. 2, ს.ფ. 58-65, 68); საქმეში არსებული მასალებით ასევე დგინდება, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა, სერგო მახარაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღეს, 2023 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 28.02.2023წ. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 95), თუმცა პირველ მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია; პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა 2023 წლის 19 აპრილს კვლავ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა გადაწყვეტილება არც ამ შემთხვევაში ჩაბარებია. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ სასამართლოს მხრიდან ეცნობა განცხადების ხელმეორედ მიმართვის დღეს, 2023 წლის 19 აპრილს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის მიერ დაცულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების წესი. კერძოდ, მან (მისმა წარმომადგენელმა) საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში. შესაბამისად, აღნიშნულის შემდგომ სასამართლოს წარმოეშვა ვალდებულება, უზრუნველეყო პირველი მოპასუხისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებიდან არ ირკვევა სასამართლოს მიერ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის მიზეზები. შესაბამისად, ვინაიდან პირველი მოპასუხის მიერ დაცულია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მისი ჩაუბარებლობის მიზეზების მტკიცების ტვირთის მხარისათვის გადაკისრებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არამართებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს ათვლა. არამედ, მისი ათვლა უნდა დაიწყოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.

23. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ პირველ მოპასუხეს საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 24 აპრილს.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ პირველ მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა არ გაუშვია და სააპელაციო საჩივარი ვადადარღვევით არ წარუდგენია, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების წინაპირობა.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „N. G.“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინება და შპს „N. G.“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი