Facebook Twitter

საქმე №ას-1077-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.კ–ნმა (შემდგომში – „პირველი მოსარჩელე“) და ვ.კ–მა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.კ–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პირველი მოსარჩელე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

5. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 08 ივნისს (იხ. ს.ფ. 228). შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 09 ივნისს და ამოიწურა იმავე წლის 22 ივნისს. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 30 ივნისს - გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14-დღიანი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აპელანტს სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამო სასამართლოსთვის რაიმე განცხადებით არ მიუმართავს.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 374.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დგინდება, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2023 წლის 22 მაისს. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი. მოპასუხე სასამართლოში გამოცხადდა 2023 წლის 08 ივნისს და ჩაიბარა გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოს მისთვის გადაწყვეტილება არ უნდა ჩაებარებინა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ გასაჩივრების მსურველმა მხარემ გადაწყვეტილება უნდა ჩაიბაროს არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა. შესაბამისად, მართალია მოპასუხემ გადაწყვეტილება 08 ივნისს ჩაიბარა, მაგრამ გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-30 დღის ვადაში. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ გაუშვია, რადგან სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 30 ივნისს, ზემოაღნიშნული ვადის დაცვით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

15. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა. მისი განმარტებით, მოპასუხეს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადაში - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეში, არამედ სასამართლომ მას გადაწყვეტილება ჩააბარა ამ ვადის დადგომამდე, რისი უფლებაც სასამართლოს არ ჰქონდა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს არა მოპასუხის მიერ მისი ჩაბარებიდან, არამედ დასახელებული სამართლებრივი ნორმით დადგენილი ვადის გასვლიდან.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად: „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; Nას-1377-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).

18. ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს დაიწყება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; Nას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; Nას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

19. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხოლოდ მხარის ვალდებულება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნული სამართლებრივი ნორმით არ გამოირიცხება სასამართლოს უფლებამოსილება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შემთხვევაში, მხარეს მისი ასლი დასახელებული ვადის დადგომამდე ჩააბაროს. ამ უფლებამოსილების შემზღუდველ ნორმას საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე აისახება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მოპასუხისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება 2023 წლის 08 ივნისს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის ვადის გასვლამდე ჩაებარებინა.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

22. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ჩაბარდა პირადად, 2023 წლის 08 ივნისს (იხ. ს.ფ. 228), შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2023 წლის 09 ივნისიდან და ამოიწურა 2023 წლის 22 ივნისს. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 30 ივნისს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.კ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი