Facebook Twitter

საქმე №ას-426-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ა–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ–ნი, ა.მ–ნი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა.მ–ნისა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი დასაქმებული) და ს.მ–ნის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე დასაქმებული) სარჩელი ინდივიდუალური მეწარმე „ს.ა–ნის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ი/მ ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1.1. მოპასუხეს ა. მ–ის (პირველი მოსარჩელის) სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 2018 წლის ნაწილის - 3 375 ლარისა და 2019 წლის იანვრის ხელფასის - 1 147,96 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

1.2. მოპასუხეს ს.მ–ნის (მეორე მოსარჩელის) სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 2018 წლის ნაწილის - 3 441 ლარის, 2019 წლის - 13 775,52 ლარისა და 2020 წლის ხელფასის - 6 887.76 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

1.3. მოპასუხის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლის პასუხად, რომელიც მოთხოვნის განუხორციელებლობას ეფუძნება, ხანდაზმულობის გამო, პირველი ინსტნციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დამსაქმებლის ბრძანებების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის კუთხით კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, ხოლო მოთხოვნები 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ ხანდაზმულია.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა მხოლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

3.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს პირველი მოსარჩელის- ა.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2018 წლის ნაწილი - 3 375 ლარი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს ა.მ–ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 2018 წლის ნაწილის - 3 214.30 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

3.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს ს.მ–ნის (მეორე მოსარჩელის) სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2018 წლის ნაწილი - 3 441 ლარი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს ს.მ–ნის (მეორე მოსარჩელის) სასარგებელოდ სახელფასო დავალიანების 2018 წლის ნაწილის - 3 214.30 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

3.5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელეები 2018 წლის 7 ოქტომბრისთვის მოპასუხე ინდმეწარმესთან იყვნენ დასაქმებულები, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმეთა განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

4.1.1. სერგო ანტონიანის გარდაცვალების შემდეგ, 2015 წლიდან ერთი წლის განმავლობაში, მის ბიზნესს მართავდნენ შვილები: ა.მ–ი (პირველი მოსარჩელე) და ა.მ–ი, ს.მ–ნმა (მეორე მოსარჩელემ) კი ელიავას ბაზრობაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო, სადაც სხვადასხვა ელექტროაღჭურვილობას ჰყიდდა. ამასთან, ბ.ქ–ის (ირანში არსებული კომპანიის LTD ,,მანდეგარას“ წარმომადგენელი საქართველოში) ხელწერილითა და ე.ტ–ის განმარტებით, დგინდება, რომ მოპასუხის მაღაზიისთვის ს.მ–ნი (მეორე მოსარჩელე) საქონლის ჩამოსატანად 2016-2017 წლებში ირანშიც კი იმყოფებოდა. გარდა ამისა, ს.მ–ნს (მეორე მოსარჩელეს), შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.01.2010 წლიდან 31.07.2021 წლის ჩათვლით, შემოსავლის სახით მიღებული აქვს 78 900,5 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს 15 700 ლარს, ხოლო ა.მ–ს (პირველ მოსარჩელეს) 01.01.2015 წლიდან 31.08.2021 წლის ჩათვლით, შემოსავლის სახით მიღებული აქვს 177 409.31 ლარი, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს 35 222.21 ლარს;

4.1.2. საქმეში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ, სადაც განაცემის სახით ჯერ კიდევ 2016 წლიდან ფიქსირდება ჩანაწერები: ა.მ–ი (პირველი მოსარჩელე) - ხელფასი, ს.მ–ნი (მეორე მოსარჩელე) - მომსახურების ანაზღაურება.

4.2. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია მოსარჩელეთა ჩართულობა ინდმეწარმის (მოპასუხის) საქმიანობაში და მასთან შრომით ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი;

4.3. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების მიხედვით, ა.მ–ისათვის (პირველი მოსარჩელისათვის) სახელფასო ჩარიცხვა არ ფიქსირდება 04.07.2016 წლიდან 25.02.2019 წლამდე პერიოდში, ხოლო ს.მ–ნის (მეორე მოსარჩელის) ანგარიშზე სახელფასო ჩარიცხვა 23.07.2020 წლამდე არ ფიქსირდება.

4.4. დამსაქმებელმა ინდმეწარმემ 2021 წლის 17 აგვისტოს ცნობით დაადასტურა, რომ ს.მ–ნი (მეორე მოსარჩელე) იღებდა თანხას, როგორც საიჯარო მომსახურებისთვის, ასევე - ხელფასის სახით, კერძოდ, მეორე მოსარჩელეს ხელფასის სახით მიღებული აქვს 20 026 ლარი 2012, 2020 და 2021 წლებში, ხოლო ა.მ–მა (პირველმა მოსარჩელემ) 2016-2021 წლებში მიიღო 65 699 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული ცნობა არ არის შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილ ინფორმაციასთან თანხვედრაში და ამგვარი შეუსაბამობის პირობებში, სხვა მტკიცებულებების არარსებობისას, ვერ გამოდგება პირველი და მეორე მოსარჩელეების მიერ ხელზე აღებული თანხების დასადასტურებლად;

4.5. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მათ შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა 2021 წლის 3 აგვისტოს შეწყდა;

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის მოქმედი რედაქციით, შემდეგში: სშკ ან ორგანული კანონი) მე-14 მუხლიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია მუშაობის დაწყების თარიღისა და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის განსაზღვრა, ასევე - შრომის ანაზღაურების ოდენობისა და გადახდის წესის დადგენა. სშკ-ის 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ.

6. სშკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, დასაქმებულებთან საბოლოო ანგარიშსწორება დადგენილ ვადაში და წესით არ განხორციელებულა.

8. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მართალია, 2016 წლიდან - 2019 წლამდე მოსარჩელეებს მოპასუხე თითქოს ურიცხავდა ხელფასს, თუმცა რეალურად არც ერთი მათგანისთვის თანხის ჩარიცხვა არ მომხდარა, მოპასუხე კი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ თანხებს მოსარჩელეები ხელზე იღებდნენ. ასევე აპელანტი ინდმეწარმე არ დაეთანხმა მისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებული ხელფასის სახით დაკისრებული თანხის ოდენობას და მიუთითა შემოსავლების სამსახურში მის მიერ წარდგენილი გადასახადის გადამხდელის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციებზე.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, დაედასტურებინა ს.მ–ნთან (მეორე დასაქმებულთან) 2020 წლამდე შრომით ურთიერთობის არარსებობის ფაქტი და ასევე ის გარემოება, რომ დასაქმებულები ხელზე იღებდნენ შრომის ანაზღაურებას, რაც დაძლეული ვერ იქნა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა ჯერ კიდევ 2016 წლიდან განუსაზღვრელი ვადით მანამ, სანამ დამსაქმებელმა არ შეწყვიტა იგი. რაც შეეხება დასაქმებულთათვის შრომის ანაზღაურების ხელზე გაცემის დამტკიცებას, ამის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება ინდმეწარმის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციები, ვინაიდან დეკლარაცია საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას და იგი უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 105-ე მუხლით დადგენილი წესით), რომლითაც შესაძლებელია დადასტურებულ იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა/არარსებობის ფაქტი.

10. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ, მართალია, მოპასუხის მიერ სადავო პერიოდში სრულდებოდა მოსარჩელეების მიერ მიღებული შემოსავლებისთვის საგადასახადო კუთხით შესასრულებელი ვალდებულებები, თუმცა, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ სახელფასო ანაზღაურების მიღების ფაქტს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის სახელფასო ანაზღაურების არც ხელზე გაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და არც დასაქმებულთა ანგარიშზე ჩარიცხვა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელს ა.მ–ნისათვის 2019 წლის თებერვლამდე, მხოლო ს.მ–ნისათვის 2020 წლის ივლისამდე შრომის ანაზღაურება არ გადაუხდია.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სახეზე იყო კუმულატიური გარემოებების არსებობა - შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნა სანაცვლო ანაზღაურების გადახდის გარეშე, რაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების წინაპირობებს ქმნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ სახელფასო დავალიანება 2018 წლის 7 ოქტომბრიდან, რაც ოქტომბრის დარჩენილი დღეებისა და იმავე წლის ნოემბერ-დეკემბრის გათვალისწინებით თითოეულის შემთხვევაში 32 14.30 ლარს (1147,96:30X24+2X1147,96) შეადგენს, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ სახელფასო დავალიანების სახით გაანგარიშებულ ოდენობები და მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის იანვრის ხელფასი - 1 147,96 ლარი, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის შრომის ანაზღაურება სრულად - 13 775.52 ლარი და 2020 წლის სახელფასო დავალიანება 6 თვის ოდენობით ივლისის თვემდე - 6 887.76 ლარი.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (დამსაქმებელი ინდმეწარმის) მოთხოვნა, რომ სასამართლოს უნდა გამოეთხოვა საქმის წარმოების მასალები დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მეორე სამმართველოდან იმის დასადასტურებლად, რომ ს.მ–ნმა (მეორე მოსარჩელემ) მიითვისა მოპასუხის თანხები ან/და გააყალბა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, რადგან აღნიშნული გარემოებები არ შეიძლება დადასტურებული იქნეს საგამოძიებო მასალებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე. ამასთან, განსახილველი საქმე წარმოადგენს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მითითებული გარემოებების დადასტურების პირობებშიც, აღნიშნული არ შეიძლებოდა მოპასუხის ვალდებულების (სახელფასო დავალიანების ანაზღაურების) შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13.2. კასატორი შუამდგომლობს საქმეს დაერთოს თბილისის საქალაქ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე დადასტურებულად არის მიჩნეული მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საიჯარო ურთიერთობის არსებობა ავტომანქანაზე და მოცემული დავის მოპაუხეს (კასატორს) დაეკისრა საიჯარო თანხის 17 500 ლარის გადახდა,

13.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს სასამართლომ შესათავაზა მორიგება სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი განმარტებების გზით (მხარეთა შორის სხვა დავებიც მიმდინარეობს) და მიეცათ დამატებითი დრო მოსარიგებლად. ამავე სხდომაზე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ-ის 391.5-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

13.4. მხარეთა შორის ვერ იქნა მიღწეული საქმის მორიგებით დასრულების შეთანხმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების გამოკვლევისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის პრეტენზიების არსებითად შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, მხარეთა არგუმენტაციის შეპირისპირებით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. მხარეთა მიერ საკუთარი საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის თვალსაზრისით, სავსებით დასაბუთებულად დაასკვნა, რომ დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, დაედასტურებინა ს.მ–ნთან (მეორე დასაქმებულთან) 2020 წლამდე შრომით ურთიერთობის არარსებობის ფაქტი და ასევე ის გარემოება, რომ დასაქმებულები ხელზე იღებდნენ შრომის ანაზღაურებას, რაც მოცემულ შემთხვევაში დაძლეული ვერ იქნა.

16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

17. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

18. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

19. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა ჯერ კიდევ 2016 წლიდან განუსაზღვრელი ვადით მანამ, სანამ დამსაქმებელმა არ შეწყვიტა იგი. რაც შეეხება დასაქმებულთათვის შრომის ანაზღაურების ხელზე გაცემის დამტკიცებას, ამის დამადასტურებელ მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად განმარტა, რომ საამისო მტკიცებულებად არ უნდა მიჩნეულიყო ინდმეწარმის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციები, ვინაიდან დეკლარაცია საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას და იგი უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სსსკ-ს 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლითაც შესაძლებელია დადასტურებულ იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა/არარსებობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ სადავო პერიოდში მოპასუხე ასრულებდა მოსარჩელეების მიერ მიღებული შემოსავლებისთვის საგადასახადო ვალდებულებებს საგადასახადო ორგანოების წინაშე, თუმცა, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთია იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელეები ნაღდი ანგარისშწორებით (ხელზე) იღებდნენ დამსაქმებლისგან ხელფასს. მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მტკიცებულება, რომ მოსარჩელეებს მიღებული აქვთ მათ მიერ გაწეული შრომის სანაცვლო ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი არ არის სახელფასო ანაზღაურების არც ხელზე გაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და არც დასაქმებულთა ანგარიშზე ჩარიცხვის მტკიცებულება.

20. კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ გააიგივა ხელფასისა და მომსახურების ანაზღაურების ცნებები, ამასთან, მეორე მოსარჩელესთან საიჯარო ურთიერთობაც ჰქონდა დამსაქმებელს, რაც არ გამოუკვლევია და შეუფასებია სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული, რადგან სწორედ დამსაქმებელს ეკისრება საკუთარი მტკიცების ტვირთის ეფექტურად რეალიზება და საკასაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1.2-4.2 ქვეპუნქტები) დამაჯერებლად გაბათილება, რაც მან მოცემულ შემთხვევაში ვერ შეძლო.

21. კასატორის პრეტენზია მოწმეთა განმარტებების არასწორად შეფასებისა და გადაწყვეტილების მარტოოდენ ბექა ქარაბალის ხელწერილის საფუძველზე მიღების თაობაზე არ არის გასაზიარებელი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაჯერა მოწმეთა მიერ მიცემული განმარტებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად და იმსჯელა მათზე (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმი- ტ.2, ს.ფ.99-127 და ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება-ტ.3, ს.ფ.79-81), ასევე, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია საქმის გარემოებები სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმი - ტ.3, ს.ფ.170-175; 14:23:39-14:30:35- სასამართლოს მიერ სადავო მტკიცებულებების შემოწმება) და მტკიცებულებათა ერთობლივად შეჯერება-შეფასების გზით მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ამავე სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე N ას-662-633-2016 იმის წარმოსაჩენად, რომ სხვა საქმეზე სასამართლომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია საიმისოდ, რომ დასაქმებულისათვის დამსაქმებელს ანაზღაურებული ჰქონდა ხელფასი და ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ აპელანტს წარდგენილი აქვს განსახილველ დავაზე შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებულ განჩინებაში სადავო იყო მხარეთა შორის დადებული შრომითი ურთიერთობის ვადა (განსაზღვრული თუ განუსაზღვრელი ვადით დაიდო) რის შესაფასებლადაც სასამართლომ არა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია გამოიყენა, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობა (”საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლით და სწორადვე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო ვადიანი, ამ ფაქტის გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება კასატორის მითითება საზოგადოების დირექტორის ცნობაზე, რამდენადაც ამ ცნობაში ასახული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის შედავება ხელშეკრულების ვადის თაობაზე დასაბუთებულია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ, დასაქმებულთა საშტატო განრიგით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციითა და იმით, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა“- საკასაციო სასამართლოს განჩინება N ას-662-633-2016).

22. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე -2023 წლის 13 ივლისს, რომელიც ძირითადად მხარეთა შორის შესაძლო მორიგებას დაეთმო, მხარეებს, მათ შორის კასატორს, რაიმე შუამდგომლობა არ წარმოუდგენიათ, საკასაციო სასამართლო კასატორის წერილობით წარმოდგენილ საკასაციო განაცხადში მითითებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 13.2 ქვეპუნქტი) განმარტავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლის თანახმად „საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები“. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1 მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები N ას-1429-2019, 9.06.2022წ; N ას-136-2021, 5.04.2022წ; N ას-154-2021, 1.04.2022წ; N ას-113-2021, 27.04.2021წ.).

23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საკასაციო მოთხოვნის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადგინდა ის გარემოება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ა–ნის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური