Facebook Twitter

საქმე №ას-919-2023 17 ნოემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი ლ.გ–ვას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მესაკუთრის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369.1-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.

6. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. დადგენილია, რომ 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები, მათ შორის მოპასუხის წარმომადგენელი - ინგა ჩალაური.

8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 61.3-ე, მე-60.2 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2023 წლის 6 აპრილს და ამოიწურა 2023 წლის 20 აპრილს. სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ წარდგენილი იქნა 2023 წლის 24 აპრილს.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

10. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, აპელანტს უნდა დაუბრუნდეს 2023 წლის 24 აპრილს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით (საგადახდო დავალება 4101) გადახდილი 150 ლარი.

11. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილვევლად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

12. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებით სარგებლობდა, მაგრამ მეორე ინსტანციის სასამართლოში ფინანსური პრობლემების გამო მას ადვოკატი აღარ ემსახურებოდა. მოპასუხის განმარტებით, იგი არის დაავადებული დიაბეტის საკმაოდ რთული, პროგრესირებადი ფორმით, რის გამოც ამპუტირებული აქვს ფეხის თითები და უჭირს გადაადგილება; არის მარტოხელა დედა; დამოკიდებულია ნათესავებზე, რომლებიც სადღესასაწაულო დღეების გამო ქალაქში არ იყვნენ, თავად აპელანტმა კი სასამართლოში დროულად გამოცხადება და სააპელაციო საჩივრის წარდგენა ვერ შეძლო. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ აქვს მძიმე ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აქვს შფოთვა და შიშები, რის გამოც გარეთ მარტო გასვლა არ შეუძლია.

14. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნაა, საპატიოდ ჩაეთვალოს კანონით დადგენილი ვადის გაშვება, აღუდგეს გასაჩივრების ვადა და დასაშვებად იქნას ცნობილი მისი სააპელაციო საჩივარი, რათა თავისი უფლებების სრულყოფილად დაცვა შეძლოს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის, გასაჩივრებული განჩინების განხილვისა და გაანალიზების შედეგად, საპროცესო კოდექსის ფარგლებში არსებული მოწესრიგებიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

17. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის.

18. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

19. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

20. საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა დაარღვია (იხ. ამ განჩინების 7-8 პუნქტები).

21. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

22. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებთან მიმართებით სსსკ-ის 65-ე მუხლი (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები) არ გამოიყენება, რადგანაც თავად ნორმის დათქმა – „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია (სუსგ Nას-875-2019, 19.07.2019წ.; სუსგ№ას-1014-2018, 24.12.2018წ.). სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა (შდრ. სუსგ Nას-221-208-2015, 29.05.2015; სუსგ Nას-1941-2018, 29.03.2019წ.). ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენასთან დაკავშირებით.

23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; იხ.: სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.).

24. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ Nას-1226-2019, 23.12.2019წ.).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.გ–ვას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური