Facebook Twitter

საქმე №ას-1088-2023 17 ნოემბერი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხულოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ.მ–ძის წინააღმდეგ, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 80 ლარი და სააპელაციო სასამართლოში წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან წარედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; ასევე, წარედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბრის N36 დადგენილებით დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად (დანართი N3) სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (სადაც მითითებული იქნება თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა), იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; ასევე - ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით.

4. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

5. ხარვეზის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესების დაცვით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს მ.ა–ძეს, რაც 2023 წლის 15 მაისს ადრესატს პირადად ჩაჰბარდა, აღნიშნული დასტურდება შპს „ს.კ.ს–ის“ ელექტრონულ ბაზაში ატვირთული გზავნილის ჩაბარების დადასტურებით. აპელანტს სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 373.1-ე, 374-ე, 368-ე, 70-78-ე, მე-60.2, 61-ე, 59-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და ამ განჩინების 3-5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, აღნიშნა, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტისათვის (მისი წარმომადგენლისათვის) ჩაბარებულად ითვლება 2023 წლის 15 მაისიდან, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2023 წლის 16 მაისიდან და ამოიწურა 2023 წლის 22 მაისს (ორშაბათს).

8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აპელანტის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე განჩინების მიღების დროისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობა არის წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების, ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის მოთხოვნით.

9. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო სასამართლოს ვადაში ფოსტის მეშვეობით მიმართა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გზავნილი სააპელაციო სასამართლოს ერთი თვის დაგვიანებით ჩაჰბარდა.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა არ დაურღვევია. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან და CD დისკთან ერთად ფოსტას 2023 წლის 22 მაისს ჩაჰბარდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

14. მოცემულ შემთხვევაში საკვლევი საკითხია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

15. საკასაციო სასამართლო, საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამრიგად, საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს, მიუთითებს საქმეში წარდგენილ დოკუმენტებზე და აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ დადასტურებულია, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან და CD დისკთან ერთად ფოსტას 2023 წლის 22 მაისს ჩაჰბარდა (ს/ფ 163-195).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა 2023 წლის 16 მაისს დაიწყო და 2023 წლის 22 მაისს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორიც სწორედ ამავე თარიღსა და განმარტებას ეყრდნობა, ამასთან, მართებულად მიუთითებს, ამ ვადაში ხარვეზის გამოსწორების თაობაზე, რაც დადასტურებულია შესატყვისი მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო საჩივარი სასამართლოში რეგისტრირებულია 2023 წლის 16 ივნისს (იხ. სასამართლოს შტამპი- ს.ფ.163), თუმცა მასზე აპელანტის წარმომადგენლის ხელმოწერის გასწვრივ მითითებულია 2023 წლის 22 მაისი (იხ. ს.ფ.176), რასაც, ცხადია, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ვერ მიიჩნევდა, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრად, თუმცა, წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო საქმის მასალებში მოთავსებული საფოსტო ქვითარი N 04220, რომელზეც დატანილი მონაცემების საფუძველზე (გამგზავნი: მ.ა–ძე; მიმღები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლო; გაგზავნის თარიღი 2023 წლის 22 მაისი- იხ. ს.ფ. 195, ასევე- საქმის მასალებში ს.ფ.194-ზე მოთავსებულ კონვერტზეც 2023 წლის 22 მაისია მითითებული), დასტურდება კერძო საჩივრის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ერთი თვის დაგვიანებით ჩაბარდა ადრესატს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მტკიცებულების დამატებითი შეფასება სააპელაციო სასამართლოს ხელეწიფება, რის გამოც მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური