საქმე №ას-1133-2023 17 ნოემბერი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ო–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით ლ.ს–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დ.ო–ძის წინააღმდეგ, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, არ იქნა განსახილველად მიღებული.
2. საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
4. მოსარჩელემ 2023 წლის 12 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და 2023 წლის 6 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.
5. მოსარჩელის განმარტებით 2023 წლის 6 ივლისის განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ განჩინების მე-11 გვერდის მე-3 აბზაცში მითითებულია, შემდეგი: 1918 წლის 26 მარტს გარდაცვლილი ა.ზ. ასული ა–ის სამკვიდროში ასევე შედის ქ. თბილისში, ......, არსებული მიწის ნაკვეთის ნახევარი, რომლის მეოთხედი ნაწილი, „მოსარჩელის განმარტებით“ მიღებული აქვს მოსარჩელე ლ.ს–ძეს. განმცხადებელი უთითებს, რომ განჩინებაში დაშვებულია აშკარა მექანიკური უზუსტობა, რის გამოც სიტყვები: „მოსარჩელის განმარტებით“, უნდა შესწორდეს და მიეთითოს „მოპასუხის მიერ 31.12.2022 წლის N221776943 სამკვიდრო მოწმობის თანახმად“.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 260.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება მაშინაა დასაშვები, თუ დაშვებულია უსწორობა (შეცდომა).
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარჩელში მითითებულია შემდეგი: “30.12.2022 წელს N2211776943 რეესტრით გაცემული სამკვიდრო მოწმობით, მოპასუხემ თვითონვე დაადასტურა, რომ 26.03.1918 წელს გარდაცვლილი ა.ზ. ასული ა–ის მთელი სამკვიდრო ქონების მეოთხედი მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა ჩემი მარწმუნებელის დედას (ა.ს–ძეს) და ა.ს–ძის გარდაცვალების შემდეგ, ა.ზ. ასული ა–ის მთელი სამკვიდროს მეოთხედი შედის ა.ს–ძის სამკვიდროში, რომელიც პირველი რიგის მემკვიდრეობის უფლებით, დღეს მიღებული აქვს ჩემს მარწმუნებელს, რაც მოპასუხემ უკვე დაადასტურა და დღეის მდგომარეობით საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს წარმოადგენს“. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ პოზიციას წარმოდგენილი საქმის მასალებით ნათელია, რომ იზიარებს თავად მოსარჩელე მხარეც. ამას ადასტურებს ისიც, რომ კერძო საჩივრის ავტორი საჩივარში უთითებს შემდეგს: „ა.ზ. ასული ა–ის სამკვიდროს მეოთხედი დღეის მდგომარეობით ჩემს საკუთრებას წარმოადგენს და ეს ფაქტი დაადასტურა თვითონ მოპასუხემ საქართველოს სახელით“.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განჩინებაში მითითებული წინადადება „მოსარჩელის განმარტებით“ და წინადადება „მოპასუხის მიერ 31.12.2022 წლის N221776943 სამკვიდრო მოწმობის თანახმად“, რასაც მოჰყვება შემდეგი ტექსტი: „1918 წლის 26 მარტს გარდაცვლილი ა.ზ. ასული ა–ის სამკვიდროში ასევე შედის ქ. თბილისში, ....... N3-ში, არსებული მიწის ნაკვეთის ნახევარი, რომლის მეოთხედი ნაწილი, მიღებული აქვს მოსარჩელე ლ.ს–ძეს“, აზრობრივად ერთსა და იმავე გარემოებას ადასტურებს და არ ცვლის საბოლოო სურათს, რის გამოც აღნიშნული არ წამოადგენს სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არის გამოვლენილი უსწორობის გასწორების წინაპირობები, მით უფრო მაშინ, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განჩინების აღსრულების საფრთხე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მასში დაშვებული უსწორობის გამო, სახეზე არ არის და შუამდგომლობის ავტორს, მისი საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საფრთხე არ შეიძლება რომ შეექმნას.
11. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის მიერ 31.12.2022 წელს N 221776943 სამკვიდრო მოწმობით დადასტურებული ფაქტი, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არის უდავო ფაქტი, რომელიც დამატებით მტკიცებას აღარ საჭიროებს, ხოლო განჩინებაში მითითებული სიტყვები: „მოსარჩელის განმარტებით“ სსსკ-ის 105.2-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის სუბიექტური მოსაზრებაა, რაც დამატებით მტკიცებას საჭიროებს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის, გასაჩივრებული განჩინების განხილვისა და გაანალიზების შედეგად, საპროცესო კოდექსის ფარგლებში არსებული მოწესრიგებიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის.
16. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. განსახილველი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მხარე, რომლის წინააღმდეგაცაა მიღებული სასამართლოს შემაჯამებელი აქტი, უფლებამოსილია, საპროცესო წესების დაცვით ზემდგომი წესით გახადოს სადავოდ გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერება გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. სუსგ #ას-743-695-2017, 19.07.2017 წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული სიტყვების შეცვლა არსებითად არ ცვლის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განჩინების შინაარსს, ამდენად, საკასაციო სასამართლომ ზემოხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი არ და ვერ ხელყოფს მის რაიმე მატერიალურ- პროცესუალურ უფლებას, რაც იმას ადასტურებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი მოთხოვნის მიმართ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იურიდიული შედეგის თვალსაზრისით, მოსარჩელის რომელიმე უფლების გაუმჯობესება ან გაუარესება მოხდებოდა. შესაბამისად, კერძო საჩივრის პრეტენზიები არარსებითი და დაუსაბუთებელია, რის გამოც ისინი უარყოფილია და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ს–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური