10 ივლისი 2023 წელი
№ას-129-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,მ2"
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.ა–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, აპელანტი“ „კასატორი“, „მყიდველი“, „შემკვეთი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „მ“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „გამყიდველი“, „მენარდე“) მიმართ, პირგასამტეხლოს _ 5 007.90 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. 2017 წლის 13 ნოემბერს ა.ა–ძესა და შ.პ.ს. „მ“-ს შორის დაიდო უძრავი ქონებების (ბინა და ორი ავტოსადგომი) ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველი იღებდა ვალდებულებას, სრულად გადაეხადა უძრავ ქონებათა ღირებულება, რაც მყიდველმა შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. მყიდველის მიერ გადახდილი ქონების ღირებულებამ შეადგინა 182 770.12 აშშ დოლარი. გამყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 30 ოქტომბრამდე სრულად დაესრულებინა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები, რაც გამყიდველმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში არ შეასრულა. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ვადაგადაცილებული დღეების საერთო რაოდენობამ შეადგინა - 274 კალენდარული დღე. პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადახდილი თანხის 0.01%-ს - რაც შეადგენს - 5 007.90 აშშ დოლარს. 2019 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი უძრავი ქონებების გადაცემის შესახებ, თუმცა მყიდველის სახელზე უძრავი ქონებების რეგისტრაცია არ განხორციელებულა 2019 წლის პირველ აგვისტომდე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2019 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა როგორც ბინის, ისე ავტოსადგომის ნასყიდობის ხელშეკრულებები და განხორციელდა ხელშეკრულებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეებმა სრულად შეასრულეს ნასყიდობით ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებები და მათ პრეტენზიათა გაცხადების უფლება აღარ გააჩნიათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შ.პ.ს. „მ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2 000 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2017 წლის 13 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №კ15/2/131, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისი, .........., მდებარე №131 ბინის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 147 818.56 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში.
7.2. 2017 წლის 13 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №კ15/257, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისი, ......... ავტოსადგომი №..-ის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15 500 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში.
7.3. 2017 წლის 13 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №კ15/258, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..... ავტოსადგომი №..-ის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 15 500 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში.
7.4. სამივე ხელშეკრულების 6.1. პუნქტით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2018 წლის 30 ოქტომბრამდე საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების სრულად დასრულების შესახებ, ხოლო 12.1. პუნქტის მიხედვით, ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების დათქმულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს მიენიჭა ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.01%-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
7.5. 2017 წლის 14 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება დამატებითი სამუშაოების ჩატარებაზე, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, ....... მდებარე №131 ბინაში ჩაეტარებინა დამატებითი სამუშაოები, რომლის ოდენობაც შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად განისაზღვრა - 2 030.02 აშშ დოლარის ოდენობით.
7.6. 2018 წლის 23 ივლისს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება დამატებითი სამუშაოების ჩატარებაზე, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება ქ.თბილისში, .......... მდებარე №131 ბინაში ჩაეტარებინა დამატებითი სამუშაოები, რომლის ოდენობაც შეთანხმების მეორე პუნქტის თანახმად განისაზღვრა - 3 951.56 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე პუნქტის თანახმად, აღნიშნული თანხიდან კლიენტს დაფარული აქვს 2 030.02 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 2017 წლის 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე.
7.7. ნასყიდობის საგნის მიღება-ჩაბარების 2019 წლის 24 ივნისის აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ იმ დროისათვის ნასყიდობის საგნები უკვე სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობას, ხოლო მყიდველს სრულად ჰქონდა გადახდილი მათი ღირებულება, რის შემდეგაც მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრულად არ იყო დასრულებული ამ მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის დროსაც.
7.8. 2019 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ა.ა–ძის საკუთრებაში გადავიდა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემდეგი უძრავი ქონებები: ქ. თბილისში, ......, საცხოვრებელი კომპლექსის „ც“ ბლოკში, 21-ე სართულზე მდებარე 144.08 კვ.მ. ფართის ბინა №131, ს/კ: .........; ქ. თბილისში, ........., საცხოვრებელ კომპლექსში, მდებარე 12.00 კვ.მ. ფართის №256 ავტოსადგომი, ს/კ: ........; ქ. თბილისში, ........., საცხოვრებელ კომპლექსში, მდებარე 12.00 კვ.მ. ფართის #255 ავტოსადგომი, ს/კ: .........
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს) და 420-ე მუხლები (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
8.2. მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების 6.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს 2018 წლის 30 ოქტომბრამდე სრულად უნდა დაესრულებინა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულებების 12.1. პუნქტის მიხედვით, ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულების დათქმულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს მიენიჭა ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულების 12.1.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემთხვევებზე, რა დროსაც გამყიდველზე არ მოხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა: ა) ხელშეკრულების 7.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში მიუღებლობა და ბ) აღნიშნულიდან გამომდინარე, 7.2. პუნქტით გათვალისწინებული, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვადის დარღვევა.
8.3. საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში თანხა სრულად იქნა გადახდილი. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 274 კალენდარული დღე. ყოველდღიურად 0.01%-ის ოდენობით დარიცხვის პირობებში, პირგასამტეხლო შეადგენს 5 007.90 აშშ დოლარს. ვინაიდან, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი, ამ თარიღიდან ვალდებულების შესრულებამდე _ უძრავი ქონების მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემამდე (2019 წლის 1 აგვისტომდე) არსებობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი უძრავი ქონების ღირებულების 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.4. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ ჩათვალა, რომ ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი და განმარტა, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული და რეპრესიული დატვირთვა აქვს. პრევენციული დანიშნულება გამოიხატება მასში, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს, თუმცა ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან.
8.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე მიუთითებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გარდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, რომელიც მიმწოდებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკისრება. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა რიგ შემთხვევებში არაპროპორციულად მაღალია. ვინაიდან, ხელშეკრულების შესრულების გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი უნდა დაიცვან და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, გაითვალისწინონ იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ობიექტურ რისკებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ასევე მიუთითა, რომ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს სასამართლო, კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე მცირდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მყარი სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული. შედეგად, პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სააგენტომ რეკომენდაციის სახით მიუთითა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
8.6. სააგენტოს რეკომენდაციასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა, შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. რეკომენდაციიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 2 000 აშშ დოლარზე ბევრად მეტი. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა და მოპასუხეზე 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრებაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ა–ძემ და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. გაუმართლებელია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ კვალიფიკაცია, ვინაიდან ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც დადგინდა პირგასამტეხლოს ოდენობა, შედგენილია თავად მოპასუხის მიერ, რომელიც უმსხვილესი სამშენებლო ორგანიზაციაა, ოპერირებს სამშენებლო ბაზარზზე და უამრავი მსგავსი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, შესაბამისად, მის მიერ შემოთავაზებული პირგასამტეხლო _ 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ შეესაბამება სამშენებლო სფეროში დადგენილ ოდენობას, ამავდროულად, იგი ამ ტიპის გარიგებებში არ არის სუსტი მხარე, რომლის დაცვის მიზნითაც პირგასამტეხლოს ოდენობაში სასამართლოს ჩარევა გამართლებული იქნებოდა. გარდა ამისა, გასაჩივრებულ განჩინებაში არ დასაბუთებულა, თუ კონკრეტულად ამ საქმისთვის მნიშვნელოვან რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიჩნეული მოთხოვნილი პირგასამტეხლო დარღვევის სიმძიმესთან შეუსაბამოდ, იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დადგენილი ფაქტია 274 კალენდარული დღის ოდენობით ვალდებულების დარღვევა და მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საფასურის _182 770.12 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დათქმულ ვადებში გადახდა.
9.2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციისათვის, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა სადავო განჩინების გამოტანისას, მისაღებ განაკვეთად არის მიჩნეული ჯარიმა 20%-მდე ოდენობით, ასევე საურავი _ ყოვფელდღიურად 0.02%-მდე ოდენობით, შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.01%-ის ოდენობით, რაც ჯამში ნასყიდობის ფასის 2.74%-ს შეადგენდა, არ უნდა განხილულიყო არათანაზომიერ პასუხისმგებლობის ზომად მოპასუხის მიმართ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, მიღებული იქნა არსებითად განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, კასატორის პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. ამავდროულად, მიუხედავად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, მოპასუხეს არ უსარგებლია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების) გასაჩივრების შესაძლებლობით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
13.1. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
13.2. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებული შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას.
13.3. განსახილველ შემთხვევაში, პალატისთვის საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგებები სახელდებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებად და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებსაც სამართალურთიერთობა შეფასებული აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულების ჭრილში, თუმცა საკასაციო პალატას დადგენილი აქვს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა მასზედ, რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ნივთის შექმნის და მასზე საკუთრების უფლების მეორე მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, წარმოადგენს არა ნასყიდობის წინარე ურთიერთობას, არამედ ნარდობას (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-194-2019, 27.05.2019წ.).
13.4. „წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. წინარე ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას საგნის და ვადის თაობაზე, რომელშიც მხარეები კისრულობენ ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულების საგანი სხვა უნდა იყოს და ძირითადის — სხვა. წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების აშენებისა და საკუთრების გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ასაშენებელი/გადასაცემი საგანი და შემხვედრი ვალდებულებაც (ანაზღაურების) შესრულებულია, სწორედ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მეტყველებს და ამ ტიპის გარიგებას წინარე ხელშეკრულებასთან ვერ გავაიგივებთ“ (იხ. სუსგ. №ას-625-625-2018 31.10.2018წ).
13.5. იმ იურიდიული შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს მოსარჩელე, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
13.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ. №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – დათქმულ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ (იხ. ზ.ძლიერიშვილი „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016, გვ.288).
13.7. საკასაციო პალატას მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).
14.1. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან...საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).
14.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. სუსგ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. სუსგ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
14.3. სასამართლო პრაქტიკა მასზედ, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშვება მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, მხარდაჭერილია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი...შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ., „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
14.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).
14.5. მოცემულ საქმეზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის დადებულია ძირთადი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზითაც მოპასუხემ შეასრულა კასატორთან დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ნასყიდობის საგნები მყიდველმა მოიწონა და არ გამოუთქვამს პრეტენზია, რის გამოც, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ დაკარგა პირგასამტეხლოზე პრეტენზიის გაცხადების უფლება. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეს რაიმე შუამდგომლობა შესაგებელში მითითებული გარემოებების დაზუსტების ან დამატების მიზნით სასამართლოს წინაშე არ ჰქონია და მხოლოდ 2022 წლის 05 აპრილის მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის შემდგომ, ახსნა-განმარტების ეტაპზე შეედავა პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდს _ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენდა 146 დღეს, ხოლო პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ძირითადი ნასყიდობის, არამედ მხოლოდ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უძრავი ქონებების ღირებულებიდან.
14.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. მოპასუხეს შესაგებლისგან განსხვავებულ გარემოებათა მთავარ სხდომაზე მითითებისას საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუსაბუთებია, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა შეფასებულიყო შესაგებელში ასახული არგუმენტაციის ფარგლებში.
14.7. საკასაციო პალატის განსჯით, შესაგებლის პოზიციას, რომ ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მოსარჩელემ მოიწონა ნივთები და არ განუცხადებია პრეტენზია, კვალიფიციური შესაგებლის ბუნება არ გააჩნია, რამეთუ მოსარჩელე საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას უკავშირებს არა ვალდებულების არაჯეროვან (ნაკლიან) შესრულებას, არამედ აშენებულ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ვადის დარღვევას. არასათანადო შესაგებლის პირობებში პალატას დადასტურებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ ნარდობის საფასური, რომელიც პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა, 182 770.12 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ქონების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება შესრულებულია 274 დღის დაგვიანებით, რაც ყოველდღიურად 0.01%-იანი საურავზე შეთანხმების პირობებში, წარმოშობს 5007.9 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. არც შესაგებელში და არც მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე, მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია ამ გარემოების სამტკიცებლად, შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების _ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი, ამდენად, იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
14.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
14.9. საკასაციო პალატის განსჯით, წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად დადგინდა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, თუმცა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა მათ, რამაც განაპირობა სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების უსწორობა. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.
სასამართლო ხარჯები:
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
15.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 459.07 ლარი, სააპელაციო საჩივარზე _ 612.10 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე _ 765.10 ლარი. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელისთვის სრულად ანაზღაურება ეკისრება მოპასუხეს.
15.3. კასატორი სარჩელში შუამდგომლობდა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებას 2500 ლარის ოდენობით. ხსენებული ხარჯის გაწევის დასტურად სარჩელს დაერთვის 2020 წლის 15 მარტით დათარიღებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება მოსარჩელესა და გ.ს–ს შორის, აგრეთვე მოსარჩელის მიერ წარმომადგენელთან 2500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი (ტ.1, ს.ფ. 105). საქმეშია ა.ა–ძის მიერ გ.ს–თვის მიცემული რწმუნებულება სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებზე მითითებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 103).
15.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
15.5. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მოცემული საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში სრული მოცულობით აწარმოა მოსარჩელის წარმომადგენელმა _ შეადგინა სარჩელი (ადასტურებს ხელმოწერა), საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ზეპირ განხილვაში მონაწილეობდა სწორედ გ.ს–ი, შესაბამისად, გაწეული ძალისხმევისა და საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯის ნაწილის _ დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით _ მოპასუხეზე დაკისრების საპროცესო საფუძველი, რაც შეადგენს 200 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
ს ა რ ე ზ ოლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 53-ე, 394-ე, 407-ე ,408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა.ა–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ა.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. შ.პ.ს. ,,მ2''-ს ა.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5007 (ხუთიათასშვიდი) ა.შ.შ. დოლარის და 90(ოთხმოცდაათი) ცენტის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
5. შ.პ.ს. „მ“-ს ა.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 459 ლარის და 07 თეთრის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 612 ლარის და 10 თეთრის გადახდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 765 ლარის და 10 თეთრის გადახდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. შ.პ.ს. „მ“-ს ა.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი