22 ნოემბერი 2022 წელი №ას-244-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს. „ე-პ. ჯ–ია“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ქ.ი.კ“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-მ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ის მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 22 687.63 დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. მოსარჩელე ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“, როგორც ელექტროენერგიით მომმარაგებელი კომპანია, მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ს აწვდიდა ელექტროენერგიას.
5.2. მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ი 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის 26 ნოემბრამდე, წარმოადგენდა ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს აბონენტს (თელავის რაიონი, სოფელი ........) მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდებოდა ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. აბონენტი ქსელზე მიერთებული იყო 0,380 კვ. ძაბვის საფეხურზე 100 კვ. მისაერთებელი სიმძლავრით (იხ. აბონენტის ბარათი, 28.07.2017წ. განაწესი მრიცხველის მონტაჟზე, ტ.1, ს.ფ. 17-20).
5.3. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.ი.კ–სა“ და ს.ს. „კ.ე.დ“-ს შორის 2017 წლის 05 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად - „დამკვეთი“ (შ.პ.ს. „ქ.ი.კ“) უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი (ს.ს. „კ.ე.დ“) იღებს ვალდებულებას შეასრულოს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე ქვეაბონენტად მიერთების სამუშაოები 0.380 კვ. ძაბვის საფეხურზე 100კვ. მისაერთებელი სიმძლავრით. შესასრულებელი სამუშაოები განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე ობიექტზე (იხ. 2017 წლის 5 ივლისის ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ.51-53).
5.4. მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ი მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურის ვებ.პორტალზე, ჯერ ს.ს. „კ.ე.დ–ის“, ხოლო შემდეგ ს.ს. „ე პ.ჯ–ია“-ს მიერ ატვირთული ანგარიშფაქტურების მეშვეობით (იხ. ანგარიშფაქტურები ტ.1, ს.ფ. 75-90). აბონენტს ეგზავნებოდა შესაბამისი ქვითრები, მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის (გადასახდელი თანხა) მითითებით, რომლის გათვალისწინებითაც ხდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.
5.5. 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული ქვითრის შესაბამისად, შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ს 2018 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს მიმართ ელექტროენერგიის დავალიანება არ გააჩნია.
5.6. მოპასუხის წარმომადგენელმა 2018 წლის 19 ნოემბერს, განცხადებით მიმართა მოსარჩელეს აბონენტის გაუქმებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 104; 107).
5.7. 2018 წლის 26 ნოემბერს, ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს მიერ შედგენილ იქნა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი NA302611, რომლის თანახმადაც, მრიცხველი მუშაობს დასაშვები ცდომილების ფარგლებში, ასევე ბაზაში დაფიქსირებულია K=10, რეალურად კი იყო K=60 (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-21).
2019 წლის 12 აპრილის ქვითრის თანახმად, 2018 წლის 27 ნოემბრისა და 28 დეკემბრის შეფასებით შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ის დავალიანების თანხა შეადგენს 22687.63 ლარს (იხ. ტ.1, ს.ფ. 22).
5.8. ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-მ 2019 წლის 04 მარტის წერილით, შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ს აცნობა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე ობიექტზე, სადაც აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას და დარეგისტრირებული იყო აბონენტად, ერიცხება დებიტორული დავალიანება 22.687.63 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მიეცა წინადადება მითითებული დავალიანების დაფარვა მოეხდინა 2019 წლის 25 მარტამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 109).
5.9. ზემოაღნიშნულის საპასუხოდ, შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ის დირექტორმა 2019 წლის 11 მარტს, წერილით მიმართა მოპასუხეს, რომლითაც არ დაეთანხმა დავალიანების არსებობის ფაქტს და მიუთითა, რომ კომპანია პირნათლად იხდიდა ყოველთვიურად მრიცხველის მაჩვენებლით დაფიქსირებულ და შემდგომში ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს ანგარიშ-ფაქტურით მოთხოვნილ ყოველთვიურ გადასახადს. შესაბამისად, აღნიშნული გაუგებრობად მიიჩნია (იხ. ტ.1, ს.ფ. 110-111).
5.10. 2019 წლის 20 მარტის წერილით ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-მ, შ.პ.ს. „ქ.ი.კ“-ს განუმარტა, რომ დავალიანების წარმოშობა უკავშირდება ტექნიკურ უზუსტობას, რაც გამოიხატა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული შეუსაბამო კოეფიციენტით, 16 თვის განმავლობაში ხდებოდა 6-ჯერ ნაკლები მოხმარებული ელექტროენერგიის ასახვა, ვიდრე რეალურად მოიხმარდა კომპანია (იხ. ტ.1, ს.ფ. 112-113).
5.11. აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტებში კოეფიციენტად დაფიქსირებული იყო K=60, თუმცა ბაზაში შეტანილ იქნა K=10, შესაბამისად, მრიცხველის მაჩვენებლის ერთეულის გამრავლება ხდებოდა K=10-ზე, ნაცვლად K=60-სა, რამაც გამოიწვია სხვაობა აბონენტის მიერ გადახდილ და რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს შორის.
5.12. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, მათ შორის ფასზე. მოხმარებული ელექტროენერგიის ფასი მითითებული იყო ყოველთვიურ გადასახდელ ქვითრებში, რომელსაც უგზავნიდა მოსარჩელე და აღნიშნულის შესაბამისად ხდებოდა თანხის გადახდაც, მოცემული მომენტისათვის კი ფასზე შედავება დაუშვებელი იყო. ამასთან, მოპასუხემ შესაგებლით სადავოდ გახადა აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტი, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო, შემოწმების შესახებ და აქტის შედგენას არ დასწრებია მისი წარმომადგენელი (იხ. შესაგებელი ტ.1, ს.ფ. 40-50).
5.13. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, აბონენტი (მოპასუხე) ფარავდა ყოველთვიურად ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ქვითარში მითითებულ თანხას (ელექტროენერგიის საფასურს), თუმცა მოსარჩელის განმარტებით, ქვითარში მითითებული კილოვატები არ შეესაბამებოდა რეალურად მოხმარებული კილოვატების რაოდენობას, კერძოდ, მრიცხველის მაჩვენებლის ერთეულის გამრავლება ხდებოდა K=10-ზე, ნაცვლად K=60-სა, რის გამოც მოსარჩელემ სემეკის N20 დადგენილების „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელა მომხმარებლის ანგარიშის ჩასწორება.
5.14. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ თავდაპირველად მოპასუხეს ელექტროენერგიას აწვდიდა ს.ს. „კ.ე.დ“ (იხ. 05.07.2015წ. ხელშეკრულება, ასევე საგადასახადო ანგარიშფაქტურები ტ.1, ს.ფ. 75-76), აპელანტის განმარტებით, ბილინგის მონაცემთა ბაზაში კოეფიციენტის შეცდომით დაფიქსირება უკავშირდება სწორედ მის წინამორბედს (ს.ს. „კ.ე.დ“), ვინაიდან აბონენტი ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს არსებული სახით გადაეცა, ხოლო მითითებული შეცდომის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ რაც საჭირო გახდა აბონენტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება.
5.15. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მიერ დაშვებული ტექნიკური უზუსტობის (შეცდომა) გამო წარმოშობილ დავალიანებაზე, რაც გამოიხატა მრიცხველის მაჩვენებლის არასწორ კოეფიციენტზე (K-10) დაანგარიშებაში, პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებოდა მოპასუხეს. ამასთან, აღრიცხვის კვანძის შემოწმება და დავალიანების დაანგარიშება მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა იმ პერიოდში, როდესაც მხარეები ერთმანეთთან სამართლებრივ ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდნენ, კერძოდ, დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა, მოპასუხე 2018 წლის 19 ნოემბრის შემდგომ აღარ წარმოადგენდა ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს აბონენტს ხოლო აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი (NA302611) შედგენილ იქნა 2018 წლის 26 ნოემბერს. რაც შეეხება, მოთხოვნილი დავალიანების ოდენობას 22,687.63 ლარს და მისი დაანგარიშების პრინციპს, აპელანტის განმარტებით, მრიცხველის ჩვენებები გამრავლდა რეალურ საანგარიშო კოეფიციენტ - 60-ზე და გამოაკლდა მისი მეექვსედი ნაწილი, რომლის სანაცვლო ანგარიშსწორებაც უკვე განხორციელებული იყო მოპასუხის მიერ.
5.16. მიუხედავად მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული დაანგარიშების პრინციპისა, პალატის დასკვნით, არ არსებობდა ამ ოდენობით დავალიანების არსებობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან, თუკი მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოხდებოდა კოეფიციენტის ჩასწორება, კერძოდ, მრიცხველის მაჩვენებლის ერთეულის გამრავლება K=60-ზე, ნაცვლად K=10-სა, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებდა ელექტროენერგიის გადახდის ქვითრებში, უცნობია, მოიხმარდა თუ არა მოპასუხე იგივე რაოდენობის ელექტროენერგიას.
5.17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გამო (მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული შეუსაბამო კოეფიციენტი), სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს ვერ დაეკისრებოდა, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
6.2. სემეკის 18.09.2008წ. №20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში“. ანუ, მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ ადამიანური ან/და ტექნიკური შეცდომის შედეგად, შესაძლოა გაიპაროს შეცდომა და ეკომპანიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს ეს შეცდომა როგორც თავის სასარგებლო, ისე - საზიანო შედეგის დადგომისას.
6.3. ეკომპანიამ ისარგებლა მინიჭებული უფლებამოსილებით და ჩაასწორა აბონენტის მოხმარება - მრიცხველის ჩვენებები გამრავლდა რეალურ საანგარიშო კოეფიციენტზე - 60-ზე, გამოაკლდა მისი მეექვსედი ნაწილი, რომლის სანაცვლო ანგარიშსწორებაც უკვე განხორციელებული იყო ეკომპანიასთან და აბონენტს მოეთხოვა მხოლოდ რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა შეთანხმებული ოდენობითა და სემეკის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ტარიფით.
6.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აბონენტი კეთილსინდისიერად იხდიდა მრიცხველის ჩვენების მიხედვით და ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფასს. აბონენტი არა მრიცხველის ჩვენების მიხედვით, არამედ მიწოდებული ქვითრის შესაბამისად იხდიდა, რომელიც სწორედ მრიცხველის ჩვენების შეუსაბამო იყო. აბონენტი მოსარჩელეს გადმოეცა 2017 წლის 01 სექტემბრიდან ს.ს. „კ.ე–აგან“ ისევე, როგორც რამდენიმე ათეული ათასი სხვა აბონენტი. ეკომპანიას არ ჰქონდა საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შეეტანა გადმოცემული მონაცემების სიზუსტეში.
6.5. სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია მოპასუხესა და კახეთის ეკომპანიას შორის 05.07.17წ. გაფორმებული ხელშეკრულება ელ.ენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებად. ეს იყო ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა აბონენტად აყვანა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ხელშეკრულებაშიც მითითებულია, რომ მოპასუხე სამფაზა აბონენტად (0,380 კვ. ძაბვაზე) რეგისტრირდება და მოთხოვნილი სიმძლავრე აქვს 100 კვტ. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა თუ რა არის ეს კოეფიციენტი. საანგარიშსწორებო კოეფიციენტის განსაზღვრა ხდება აღრიცხვის კვანძის შემადგენელი ელემენტების, ძაბვის ტრანსფორმატორების ან/და დენის ტრანსფორმატორების სიმძლავრის შესაბამისად. აღნიშნული ელემენტები აღრიცხვის კვანძში მონტაჟდება, როცა აღრიცხვა ეწყობა 0.380კვ ძაბვის საფეხურზე და მომხმარებელს მოთხოვნილი აქვს სიმძლავრე არასაყოფაცხოვრებო მოხმარების მიზნით, რომელიც აღემატება 10 კვტ-ს.
6.6. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, აბონენტს ამ შემთხვევაში მოთხოვნილი ჰქონდა 100კვტ სიმძლავრე, რომლის ფარგლებშიც, აღრიცხვის კვანძში დამონტაჟდა სამი ერთეული 300/5 ნომინალის დენის ტრანსფორმატორი, საანგარიშსწორებო კოეფიციენტით 60. შესაბამისად, ეს არ არის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო აბონენტი და მას საკმაოდ დიდი მოცულობისა და სიმძლავრის ელ.ენერგია სჭირდება (ისეთი, რომელსაც ჩვეულებრივი ე.წ. ორფაზა მრიცხველი ვერ აღრიცხავს).
6.7. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ქვითარში ასახული იყო შეთანხმებული ფასი და შემდგომ ეტაპზე ფასზე შედავება დაუშვებელი იყო. ფასი არაა სადავო - ეს ნორმატიულად განსაზღვრულია სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით (განსაზღვრულია თითოეული კვტ/სთ ფასი) და რაც მთავარია, ეკომპანიაც შეთანხმებულ ფასს ითხოვს სარჩელით. ქვითარში კი იწერებოდა არასწორი ციფრები, რაც არ შეესაბამებოდა შეთანხმებული ფასს.
6.8. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლო ხელს უწყობს სადავო თანხით მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა მასზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორეს ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის დასადასტურებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად. კერძოდ: 1) მოპასუხის გამდიდრება, 2) მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და 3) მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. ამდენად, კანონი ადგენს კონდიქციური ვალდებულების არსებობას ყველა იმ შემთხვევაში, როცა ერთი პირი მდიდრდება მეორეს ხარჯზე.
6.10. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს მიღებული აქვს უსაფუძვლო ქონებრივი სარგებელი - არ აქვს გადახდილი ის თანხა, რომლის შესატყვისი ელექტროენერგიაც მან რეალურად მოიხმარა. შესაბამისად, გარდა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულებისა, მოპასუხეს მიღებული სარგებლის მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება გააჩნია ასევე, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმათა შესაბამისად.
6.11. მოპასუხემ არ შეასრულა დაკისრებული ძირითადი ვალდებულება და სრულად არ გადაიხადა მიწოდებული/რეალურად მოხმარებული ელ.ენერგიის საფასური, რისი ვალდებულებაც მას აგრეთვე ჰქონდა სემეკის №20 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, „მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები“.
6.12. განსახილველ საქმეში ეკომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო ყველა ის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, მოპასუხე კი, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი და ბუნდოვანი განმარტებებით შემოიფარგლა, შესაბამისად, გაუგებარია თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფულებაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია გააჩნია თუ არა მოპასუხეს კასატორის მხრიდან დამატებით დარიცხული ელ.ენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება.
11. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ მხარეები 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის 26 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა ელექტროენერგიას, მოპასუხე კი, ყოველთვიურად იხდიდა შესაბამისი ქვითრით მასზე დარიცულ მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურს. კასატორის მხრიდან, მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა 16 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა მრიცხველის ჩვენების გამრავლებით კასატორის ბაზაში დაფიქსირებულ K-10 კოეფიციენტზე. აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების 28.07.2017 წ. და 26.11.2018წ. აქტებით მოპასუხეს კოეფიციენტად უფიქსირდება K-60.
12. კასატორის განმარტებით, მართალია მოპასუხე, ელ. ენერგიის საფასურს, ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ოდენობით იხდიდა, თუმცა ქვითარში მითითებული კილოვატები არ შეესაბამებოდა რეალურად მოხმარებული ელ.ენერგიის რაოდენობას, რადგან მრიცხველის მაჩვენებლის ერთეულის გამრავლება შეცდომით ხდებოდა K=10-ზე, ნაცვლად K=60-სა.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხე მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურის ვებ.პორტალზე, ჯერ კასატორის უფლებრივი წინამორბედის, ხოლო შემდგომ - კასატორის მიერ ატვირთული ანგარიშფაქტურების მეშვეობით. აბონენტს ეგზავნებოდა შესაბამისი ქვითრები, მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის (გადასახდელი თანხა) მითითებით, რომლის გათვალისწინებითაც მოპასუხე იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით „განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად)” ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით“, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, „მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში“.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებლის მხრიდან, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანგარიშფაქტურაში (ანგარიშსწორების ქვითარში) ასახვა და მომხმარებლისთვის წარდგენა, მომხმარებლის მიერ კი, თავის მხრივ, ქვითრის საფუძველზე ანგარიშსწორება, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებად, რომლის ერთ-ერთ არსებით პირობას მოხმარებული ელექტროენერგიის კონკრეტულ ფასზე შეთანხმება წარმოადგენს.
მას შემდეგ, რაც მხარეები ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში შეთანხმდენ მიწოდებული/მოხმარებული ელექტროენერგიის ფასზე, მომხმარებელმა უზრუნველყო შეთანხმებული ფასის სრულად გადახდა და კასატორის მიერ გაცემულია ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ, დასრულებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიმწოდებლიას მხრიდან ფასის გადახედვა პალატას დაუშვებლად მიაჩნია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, მისივე მითითებით, ფასის არასწორად განსაზღვრა მიმწოდებლის ბრალით მოხდა და ფაქტების მითითების დონეზეც არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რაც მოპასუხის კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
14. საკასაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ ნორმებზე მითითებით კასატორის პოზიციას სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია) უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი). განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შესაბამისად, ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა შეფასებას ექვემდებარება სახელშეკრულებო ნორმებით და არა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით.
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1134.4 ლარის 70% – 794.08 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. „ე-პ.ჯ–ია“-ს (ს/კ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1134.4 (საგადახდო დავალება №94399001, გადახდის თარიღი: 01.02.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 794.08 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი