საქმე №ა-4563-ა-28-2023 19 დეკემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – სს კ.ბ. „პ–კი“ (შუამდგომლობის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი.კ–ი, გ.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება (საქმე №ა-4090-შ-109-2023)
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით (საქმე №ა-4090-შ-109-2023) (შემდგომში - „კანონიერ ძალაში შესული განჩინება“ ან „გასაჩივრებული განჩინება“) სს კ.ბ. „პ–კის“ შუამდგომლობა მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩა განუხილველი.
2. კანონიერ ძალაში შესული განჩინების თანახმად, ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს წარმოებაშია უკრაინული ბანკის - სს კ.ბ. „პ–კის“ სარჩელი მოპასუხეების: ისრაელის მოქალაქის ი.კ–ის, უკრაინის მოქალაქის გ.ბ–ის, აგრეთვე, Teamtrend Limited-ის, Trade Point Agro Limited-ის, Collyer Limited-ის, Rossyn Investing Corp-ის, Milbert Ventures Inc-ისა და Zao Ukrtransitservice Ltd-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელის - სს კ.ბ. „პ–კის“ განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა გაყინვის (ყადაღის) ბრძანება („მსოფლიო მასშტაბის გაყინვის ბრძანება“, „Worldwide freezing order“ ან „WFO“) (შემდგომში - „გაყინვის ბრძანება“) მოპასუხეების, მათ შორის, ი.კ–ისა და გ.ბ–ის წინააღმდეგ.
3. კანონიერ ძალაში შესული განჩინების თანახმად, მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანება იყო ზოგადი შინაარსის; მართალია, მასში აღნიშნული იყო, რომ ბრძანებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ ბრძანებაში არ იყო დაკონკრეტებული საქართველოში რეგისტრირებული ის კომპანიები, რომლებშიც, შუამდგომლობის ავტორის თანახმად, არაპირდაპირ ფლობენ წილებს მოწინააღმდეგე მხარეები და არც საქართველოში მდებარე ის ქონებები იყო მითითებული, რომელთა მიმართაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. სამოქალაქო საქმეთა პალატამ შუამდგომლობის ავტორს ასევე განუმარტა, რომ უზენაესი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ჩარეულიყო, რაიმე ფორმით განემარტა ან შესწორება შეეტანა თავად გადაწყვეტილებაში (ბრძანებაში) ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაყინვის (ყადაღის) ბრძანება, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ მიიჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიან და აღსრულებად გადაწყვეტილებად და დაასკვნა, რომ არ არსებობდა შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები.
4. 2023 წლის 8 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სს კ.ბ. „პ–კის“ (შემდგომში - „განმცხადებელი“) წარმომადგენელმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინების (საქმე №ა-4090-შ-109-2023) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის ბრძანებით გამოყენებულ იქნა დროებითი (სარჩელის უზრუნველყოფის) ღონისძიება, რომლითაც, მოპასუხეებს აეკრძალათ იმ აქტივების განკარგვა ან ღირებულების 2 600 000 000 (ორი მილიარდ ექვსასი მილიონი) აშშ დოლარზე მეტად შემცირება, რომელთაც ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ ან აკონტროლებენ ინგლისსა და უელსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
4.2. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ განცხადებელს უფლება არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების აღსრულება ან მისი ანალოგიური უზრუნველყოფის ღონისძიება მოეთხოვა უცხოურ იურისდიქციებში, ინგლისის სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშე;
4.3. 2022 წლის 09 სექტემბრის განაცხადის საფუძველზე, მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის ბრძანებით, განმცხადებელს ნება დაერთო სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების ცნობა-აღსრულება მოეთხოვა 6 საზღვაგარეთულ იურისდიქციაში, მათ შორის, საქართველოში;
4.4. საქართველოსთან მიმართებაში ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილია შემდეგი: 1. განმცხადებელს უფლება აქვს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს სამართლებრივი დახმარება, კერძოდ, WFO-ს ცნობა საქართველოში; 2. მოთხოვნილი ბრძანება (სამართლებრივი დახმარება) უნდა შეესაბამებოდეს WFO-ს ფორმას და ითვალისწინებდეს პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ დადგენილ ყველა გამონაკლისსა და დაცვას; 3. WFO-ს ცნობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ პირველი ორი მოპასუხის (ე.ი. არა დანარჩენი მოპასუხეების) მიმართ; 4. საქართველოში შესაბამისი განაცხადის წარდგენის შესახებ უნდა ეცნობოს პირველ ორ მოპასუხეს; 5. მოთხოვნილი ბრძანება (სამართლებრივი დახმარება) შემოიფარგლება საქართველოში არსებული აქტივებით. ამასთან, შეიძლება ბრძანებაში კონკრეტულად დასახელდეს შპს „ჯ.მ–ი“ და შპს „ვ....“; 6. მიღებული ბრძანებით (WFO-ს ცნობით) ბანკს არ მიენიჭა პრიორიტეტი სხვა კრედიტორებთან შედარებით, გადახდისუუნარობის წარმოების დროს;
4.5. განმცხადებელი თავისი შუამდგომლობით არ ითხოვდა და არც ამჟამად ითხოვს WFO-ს (მისი სარეზოლუციო ნაწილის) რაიმე სახის ცვლილებას, დამატებას, შესწორებას ან განმარტებას. ამასთან, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომელთაც არაპირდაპირ ფლობენ (აკონტროლებენ) პირველი და მეორე მოპასუხეები, განსაზღვრულია მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის ბრძანებით, რომელიც საცნობი გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და თან ერთვის შუამდგომლობას №6 დანართის სახით;
4.6. საცნობი გადაწყვეტილება თავისთავად, ცალკე აღებული, განმცხადებელს არ ანიჭებს საზღვარგარეთულ იურისდიქციებში, მათ შორის, საქართველოში მისი ცნობა-აღსრულების მოთხოვნის უფლებას, ინგლისის სასამართლოს სპეციალური ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვა გაიცა მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის ბრძანებით, მას შემდეგ, რაც იდენტიფიცირებულ იქნა მოპასუხეები, აქტივები და იურისდიქციები, რომელზეც WFO-ს მოქმედება ვრცელდება. კერძოდ, დადგინდა 6 ასეთი იურისდიქცია (მათ შორის, საქართველო); ასევე მოპასუხეთა წრე, ვის მიმართაც საქართველოში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს WFO-ს ცნობა-აღსრულება (კ–ი, ბ–ი); აგრეთვე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომელთაც მითითებული მოპასუხეები არაპირდაპირ ფლობენ (შპს „ჯ.მ–ი“ და შპს „ვ. ...“). აღნიშნული კი მართლმსაჯულების მაღალმა სასამართლომ დაადგინა, მათ შორის, მოპასუხეთა მიერ აქტივების გამჟღავნების ვალდებულების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარეები (კ–ი, ბ–ი) არაპირდაპირ ფლობენ/აკონტროლებენ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს იმთავითვე აღიარებული და დადასტურებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ და საქმის უდავო ფაქტების რიგს შეიძლება მიეკუთვნოს;
4.7. სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული გარემოებები ცნობილი რომ ყოფილიყო, იგი დასაშვებად ცნობდა შუამდგომლობას, ვინაიდან ისინი სასამართლოს მისცემდა სულ ცოტა იმის პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ საცნობი გადაწყვეტილება აღსრულებაუნარიანია საქართველოში, რაც შუამდგომლობის განსახილველად მიღების საკმარის წინაპირობას წარმოადგენს;
4.8. ის ფაქტი, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომელთაც არაპირდაპირ, როგორც საბოლოო ბენეფიციარები, ფლობენ და აკონტროლებენ მოწინააღმდეგე მხარეები, უშუალოდ საცნობ გადაწყვეტილებაში სახელდებით მითითებული არ არის, არ იქნებოდა განხილული, როგორც შუამდგომლობის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან აღნიშნული კომპანიების არსებობის ფაქტი ეჭვს არ იწვევს, რამდენადაც იგი აღიარებულია მოწინააღმდეგეთა მიერ და დადასტურებულია მაღალი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის ბრძანებით, რომელიც WFO-ს განუყოფელი ნაწილია და აზუსტებს მისი მოქმედების ფარგლებს უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში;
4.9. საცნობი გადაწყვეტილებით დადგენილი ღონისძიება, თავისი არსით, წარმოადგენს სსსკ-ის 198.2. მუხლის არა „ა“ ქვეპუნქტით (ყადაღა), არამედ - „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას (მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა). უზრუნველყოფის ასეთი ღონისძიება კი, უძრავ ნივთზე ყადაღისაგან განსხვავებით, არ მოითხოვს კონკრეტული ქონებრივი ობიექტის კუთვნილების ფაქტის დადასტურებას;
4.10. ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორეს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ცნობილი და აღსასრულებლად მიქცეული აქვს არაერთი დროებითი ღონისძიება, რომელიც პერსონალურ ხასიათს ატარებდა და კონკრეტულ ქონებრივ ობიექტზე უშუალო მითითებას არ შეიცავდა (მაგ.: საქმე №ა-4678-შ-88-2012).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სს კ.ბ. „პ–კის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეული იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინების (საქმე №ა-4090-შ-109-2023) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები [სსსკ-ის 421.1. მუხლი].
8. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინების (საქმე №ა-4090-შ-109-2023) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას სსსკ-ის 423.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე [კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას].
9. სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) არ ქმნის სსსკ-ის 423.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს.
10. გაყინვის ბრძანების:
10.1. მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო განხილვამდე ან სასამართლოს შემდგომ განჩინებამდე მოპასუხემ არ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
10.1.1. „ა. ამოიღოს ინგლისიდან და უელსიდან მისი ნებისმიერი აქტივი, რომელიც არის ინგლისსა და უელსში შესაბამისი მაქსიმალური თანხის ოდენობამდე [როგორც განსაზღვრულია ბრძანების მე-14 პუნქტში]; ან
10.1.2. ბ. ნებისმიერი გზით განკარგოს, გაუმკლავდეს ან შეამციროს მისი ნებისმიერი აქტივის ღირებულება ინგლისსა და უელსში შესაბამისი მაქსიმალური ჯამის ღირებულებამდე; ან
10.1.3. გ. ნებისმიერი გზით განკარგოს, გაუმკლავდეს ან შეამციროს მისი ნებისმიერი აქტივის ღირებულება ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინგლისსა და უელსში მისი ყველა აქტივის მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება [როგორც ეს განსაზღვრულია ბრძანების პუნქტში 5(ა)] არ აღემატება შესაბამის მაქსიმალურ თანხას; ან
10.1.4. დ. კორპორატიულ ორგანოებთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ ან ირიბად ფლობენ და/ან აკონტროლებენ მოპასუხე მხარეს და არ გააჩნიათ სავაჭრო საქმიანობა (მათ შორის, ეჭვების თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერი კორპორატიული ორგანო, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს და/ან აკონტროლებს ასეთი ორგანოების კორპორატიულს და არ გააჩნია სავაჭრო საქმიანობა) („არასავაჭრო კომპანია“), შეისყიდოს ან მიეცეს უფლება ამ კორპორაციულ ორგანოებს განკარგონ, გაუმკლავდნენ ან შეამცირონ თავიანთი შესაბამისი აქტივების ღირებულება ინგლისისა და უელსის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, შესაბამისი მაქსიმალური თანხის ოდენობამდე. ეჭვების თავიდან ასაცილებლად, ეს ქვეპუნქტი არ მოქმედებს სავაჭრო კომპანიების აქტივებზე“;
10.2. მე-4 პუნქტის თანახმად, „ბრძანების მე-3 პუნქტი ვრცელდება მოპასუხის ყველა აქტივზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი მის სახელზე და არის თუ არა ისინი ერთპიროვნულ თუ ერთობლივ საკუთრებაში და დაინტერესებულია თუ არა მოპასუხე ამით იურიდიულად, სარგებლით თუ სხვაგვარად. ამ ბრძანების მიზნებისათვის მოპასუხის აქტივები მოიცავს ნებისმიერ აქტივს, რომელიც მას აქვს უფლება, პირდაპირ ან ირიბად, განკარგოს ან გაუმკლავდეს ისე, თითქოს ის საკუთარი იყოს. მოპასუხე უნდა ჩაითვალოს, რომ აქვს ასეთი უფლებამოსილება, თუ მესამე მხარე (რომელიც მოიცავს არასავაჭრო კომპანიას და რწმუნებულს, მაგრამ არა სავაჭრო კომპანიას) ფლობს ან აკონტროლებს აქტივს მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითებების შესაბამისად. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით და შეზღუდვის გარეშე, ტერმინი აქტივი მოიცავს ნებისმიერ არჩეულ მოქმედებას“.
10.3. მე-5 პუნქტის თანახმად:
10.3.1. „ა. თუ ინგლისსა და უელსში მოპასუხის აქტივების უსასყიდლო ან სხვა ფასიანი („დაუტვირთავი ღირებულება“) ქაღალდების მთლიანი ღირებულება აღემატება შესაბამის მაქსიმალურ თანხას, მაშინ ამ რესპოდენტს შეუძლია ამოიღოს რომელიმე ეს აქტივი ინგლისიდან და უელსიდან ან განკარგოს ან გაუმკლავდეს მათ მანამ, სანამ ამ რესპოდენტის აქტივების მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება ჯერ კიდევ ინგლისსა და უელსში რჩება შესაბამის მაქსიმალურ თანხაზე მეტი;
10.3.2. ბ. თუ რომელიმე რესპოდენტს აქვს აქტივები ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ, მას შეუძლია განკარგოს ან გაუმკლავდეს ამ აქტივებს მანამ, სანამ მისი აქტივების მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება ინგლისსა და უელსში აღემატება შესაბამის მაქსიმალურ თანხას“.
10.4. მე-14 პუნქტის თანახმად „შესაბამისი მაქსიმალური ჯამი“ ნიშნავს:
10.4.1. „ა. პირველ მოპასუხესთან დაკავშირებით: 2 600 000 000 აშშ დოლარის ჯამსა (ორი მილიარდ ექვსასი მილიონი აშშ დოლარი) და დამატებითი თანხას, რომელიც დროდადრო ჩერდება ინგლისისა და უელსის სასამართლოების მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გაყინვის (ყადაღის) ბრძანების შესაბამისად პირველი მოპასუხის წინააღმდეგ (მათ შორის, შეუზღუდავად, კომერციულ სასამართლოში აღძრული საქმის წარმოებაში ნომერი CL-2016-000172 სარჩელით).
10.4.2. ბ. მეორე მოპასუხესთან დაკავშირებით: 2 600 000 000 აშშ დოლარის ჯამი (ორი მილიარდ ექვსასი მილიონი აშშ დოლარი) და დამატებითი თანხა, რომელიც დროდადრო ჩერდება ინგლისისა და უელსის სასამართლოების მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გაყინვის ბრძანების შესაბამისად მეორე მოპასუხის წინააღმდეგ (მათ შორის, შეუზღუდავად, კომერციულ სასამართლოში აღძრული საქმის წარმოებაში ნომერი CL-2016-000172 სარჩელით).“
11. გაყინვის ბრძანების თანახმად, განმცხადებელი სასამართლოს ნებართვის გარეშე არ შეეცდება აღასრულოს ეს ბრძანება ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ ან მოიძიოს მსგავსი ხასიათის ბრძანება მოპასუხის ან მოპასუხის აქტივების მიმართ ბრალდების ან სხვა სახის უზრუნველყოფის ბრძანებების ჩათვლით (იხ. ტ. I, ს.ფ. 72).
12. მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის ბრძანებით კი მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს უფლება აღასრულოს WFO და/ან მოიძიოს მსგავსი ხასიათის ბრძანება პირველი მოპასუხის და/ან მეორე მოპასუხის წინააღმდეგ და/ან მათი აქტივების მიმართ საქართველოში. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ: 1. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს პირადი დახმარება, რომელიც შედგება WFO-ს აღიარებისგან „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად; 2. მოთხოვნილი ბრძანება არსებითად უნდა შეესაბამებოდეს WFO-ს ფორმას და უნდა შეიცავდეს WFO-ში მოცემულ პირველი და მეორე მოპასუხეთა ყველა გამონაკლისსა და დაცვას; 3. მოპასუხეები იქნებიან პირველი და მეორე მოპასუხეები; 4. პირველ და მეორე მოპასუხეს უნდა ეცნობოს განცხადების შესახებ ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად; 5. ბრძანება არ იქნება მსოფლიო ხასიათის, მაგრამ შემოიფარგლება მხოლოდ იმ აქტივებით, რომლებსაც ფლობენ და/ან აკონტროლებენ პირველი და მეორე მოპასუხეები საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, ბრძანებაში შეიძლება კონკრეტულად დასახელდეს შპს „ჯ.მ–ი“ და შპს „ვ....“; 6. ნებისმიერი მიღებული ბრძანება არ უნდა აძლევდეს ბანკს პრიორიტეტს გადახდისუუნარობის ვითარებაში მყოფ სხვა კრედიტორებთან შედარებით (იხ. ტ. I, ს.ფ. 234).
13. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ საცნობი გადაწყვეტილება თავისთავად, ცალკე აღებული, განმცხადებელს არ ანიჭებს საზღვარგარეთულ იურისდიქციებში, მათ შორის, საქართველოში მისი ცნობა-აღსრულების მოთხოვნის უფლებას, ინგლისის სასამართლოს სპეციალური ნებართვის გარეშე. თუმცა, 2023 წლის 27 ივლისს წარმოდგენილი შუამდგომლობით განცხადებელმა მოითხოვა მხოლოდ მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და მის განუყოფელ ნაწილად ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის ბრძანება. შესაბამისად, განმცხადებლის აპელირება მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის ბრძანებაზე და იმაზე, რომ ამ ბრძანებით დადგინდა 6 იურისდიქცია (მათ შორის, საქართველო), ასევე მოპასუხეთა წრე, ვის მიმართაც საქართველოში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს WFO-ს ცნობა-აღსრულება (კოლომოისკი, ბოგოლიუბოვი) და, აგრეთვე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომელთაც მითითებული მოპასუხეები არაპირდაპირ ფლობენ (შპს „ჯ.მ–ი“ და შპს „ვ....“), არ წარმოადგენს მითითებას ისეთ ახალ გარემოებებზე, რომლებიც გამოიწვევდა განმცხადებლისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას ანუ მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის გაყინვის (ყადაღის) ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მისი შუამდგომლობის განსახილველად მიღებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი სასამართლოს აქტი თავისთავად არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიან და აღსრულებად გადაწყვეტილებას [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1. მუხლის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას].
14. სამოქალაქო საქმეთა პალატა განმცხადებელს განუმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (იხ. სუსგ საქმე №ა-2447-გან-8-2022, 24 მაისი, 2022 წელი). ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი ბრძანების ცნობა-აღსრულების ფარგლებში გასცდეს მის შინაარსს და გადაწყვიტოს ისეთი საკითხები, რომლის თაობაზეც საცნობ ბრძანებაში მსჯელობა არ ყოფილა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინების (საქმე №ა-4090-შ-109-2023) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს კ.ბ. „პ–კის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინების (საქმე №ა-4090-შ-109-2023) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი