საქმე №ას-1293-2023 17 ნოემბერი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ს–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება თ.ს–ვას (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავ ნივთში განთავსებული მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად იქნა განაწილებული, სასამართლო მხოლოდ მოწმის ჩვენებას დაეყრდნო სადავო მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით, რაც უკანონოა. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შეთანხმებას მოძრავი ნივთების შესახებ.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
5.საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, .........., მე-3 სართულზე მდებარე ბინა N9-ში (საკადასტრო კოდი: N........) განთავსებული, აღსრულების ეროვნული ბიუროს 04.07.2022 წლის NF22000844 ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმში აღწერილი და შემდეგი ნუმერაციით დასურათებული მოძრავი ნივთები: ორი მუქი ყავისფერი ერთკაციანი საწოლი (ფოტო N4); ღია ნაცრისფერი საკერავი მაგიდა (ფოტო N11); თეთრი სარეცხის მანქანა Indesit-ის ფირმის (ფოტო N12); ორი გაერთიანებული საწოლი (ფოტო N13); სამფრთიანი ყავისფერი ტანსაცმლის კარადა (ფოტო N14); სამგანყოფილებიანი კომოდი (ფოტო N15); ორფრთიანი ყავისფერი კარადა 6 უჯრით (ფოტო N16); მუქი ყავისფერი პატარა კომოდი (ფოტო N5); მუქი ყავისფერი დიდი ტანსაცმლის კარადა (ფოტო N6); ყავისფერი კარადა მინის ორფრთიანი კარით (ფოტო N7); მუქი ყავისფერი პატარა ტანსაცმლის კარადა (ფოტო N8); კომოდი ერთი დიდი სარკით და უჯრებით (ფოტო N9); ყავისფერი მაგიდა (ფოტო N10); დივანი (ფოტო N17); ორი სავარძელი (ფოტო N18); ჟურნალების მაგიდა შავი ფერის (ფოტო N20); მართკუთხედი ფორმის მაგიდა, მომრგვალებული კუთხეებით, გარშემო სქელი, წითელი ფერის კანტით და შუაში ბეჟი ფერის (ფოტო N21); ორი სკამი ყავისფერ და ნაცრისფერ ფერებში (ფოტო N22); ნაცრისფერი მაცივარი Toshiba-ს ფირმის (ფოტო N24); გაზქურა შავ-ნაცრისფერ ფერებში (ფოტო N25); და აღნიშნული ნივთები გადაეცა მესაკუთრეს.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 20 ოქტომბერს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ........., მე-3 სართულზე მდებარე ბინა N9-ში (საკადასტრო კოდი: N..........). ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 65 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში;
6.2. ქ. თბილისში, ........, მე-3 სართულზე მდებარე ბინა N9-ში (საკადასტრო კოდი: N........) განთავსებულია და მოპასუხის მფლობელობაშია შემდეგი მოძრავი ნივთები: ორი მუქი ყავისფერი ერთკაციანი საწოლი, ღია ნაცრისფერი საკერავი მაგიდა, თეთრი სარეცხის მანქანა Indesit-ის ფირმის, ორი გაერთიანებული საწოლი, სამფრთიანი ყავისფერი ტანსაცმლის კარადა, სამგანყოფილებიანი კომოდი, ორფრთიანი ყავისფერი კარადა 6 უჯრით, მუქი ყავისფერი პატარა კომოდი, მუქი ყავისფერი დიდი ტანსაცმლის კარადა, ყავისფერი კარადა მინის ორფრთიანი კარით, მუქი ყავისფერი პატარა ტანსაცმლის კარადა, კომოდი ერთი დიდი სარკით და უჯრებით, ყავისფერი მაგიდა, დივანი, ორი სავარძელი, თეთრი ფერის კონდიციონერი Orion-ის ფირმის, ჟურნალების მაგიდა შავი ფერის, მართკუთხედი ფორმის მაგიდა, მომრგვალებული კუთხეებით, გარშემო სქელი, წითელი ფერის კანტით და შუაში ბეჟი ფერის, ორი სკამი ყავისფერ და ნაცრისფერ ფერებში, Longvy-ის ფირმის გამათბობელი, ნაცრისფერი მაცივარი Toshiba-ს ფირმის, გაზქურა შავ-ნაცრისფერ ფერებში, Karma-ს ფირმის წყლის გამათბობელი და სამზარეულოს ავეჯი;
6.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 131-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოპასუხის მფლობელობაშია, დაადასტურა თავად მოპასუხე მხარემ;
6.4. ქ. თბილისში, ........., მე-3 სართულზე მდებარე ბინა N9-ში (საკადასტრო კოდი: N.......) განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთებიდან: ორი მუქი ყავისფერი ერთკაციანი საწოლი, ღია ნაცრისფერი საკერავი მაგიდა, თეთრი სარეცხის მანქანა Indesit-ის ფირმის, ორი გაერთიანებული საწოლი, სამფრთიანი ყავისფერი ტანსაცმლის კარადა, სამგანყოფილებიანი კომოდი, ორფრთიანი ყავისფერი კარადა 6 უჯრით, მუქი ყავისფერი პატარა კომოდი, მუქი ყავისფერი დიდი ტანსაცმლის კარადა, ყავისფერი კარადა მინის ორფრთიანი კარით, მუქი ყავისფერი პატარა ტანსაცმლის კარადა, კომოდი ერთი დიდი სარკით და უჯრებით, ყავისფერი მაგიდა, დივანი, ორი სავარძელი, თეთრი ფერის კონდიციონერი Orion-ის ფირმის, ჟურნალების მაგიდა შავი ფერის, მართკუთხედი ფორმის მაგიდა, მომრგვალებული კუთხეებით, გარშემო სქელი, წითელი ფერის კანტით და შუაში ბეჟი ფერის, ორი სკამი ყავისფერ და ნაცრისფერ ფერებში, Longvy-ის ფირმის გამათბობელი, ნაცრისფერი მაცივარი Toshiba-ს ფირმის, გაზქურა შავ-ნაცრისფერ ფერებში, Karma-ს ფირმის წყლის გამათბობელი და სამზარეულოს ავეჯი, მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაშია ორი მუქი ყავისფერი ერთკაციანი საწოლი, ღია ნაცრისფერი საკერავი მაგიდა, თეთრი სარეცხის მანქანა Indesit-ის ფირმის, ორი გაერთიანებული საწოლი, სამფრთიანი ყავისფერი ტანსაცმლის კარადა, სამგანყოფილებიანი კომოდი, ორფრთიანი ყავისფერი კარადა 6 უჯრით, მუქი ყავისფერი პატარა კომოდი, მუქი ყავისფერი დიდი ტანსაცმლის კარადა, ყავისფერი კარადა მინის ორფრთიანი კარით, მუქი ყავისფერი პატარა ტანსაცმლის კარადა, კომოდი ერთი დიდი სარკით და უჯრებით, ყავისფერი მაგიდა, დივანი, ორი სავარძელი, ჟურნალების მაგიდა შავი ფერის, მართკუთხედი ფორმის მაგიდა, მომრგვალებული კუთხეებით, გარშემო სქელი, წითელი ფერის კანტით და შუაში ბეჟი ფერის, ორი სკამი ყავისფერ და ნაცრისფერ ფერებში, ნაცრისფერი მაცივარი Toshiba-ს ფირმის, გაზქურა შავ-ნაცრისფერ ფერებში.
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
8. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
9. სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
10. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნად მითითებულია უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისში, .........., მე-3 სართულზე მდებარე ბინა N9-ში (საკადასტრო კოდი: N.......)) და მასში არაფერია ნათქვამი ბინაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე. ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმის ჩვენებაზე. ჟ.ს–ი არის მოპასუხის დედა, რომელიც ამავდროულად მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა მოპასუხეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას. მოწმემ განმარტა, რომ ბინის ნასყიდობისას, არც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების წინა პერიოდში, არც სანოტარო ორგანოში ბეს თანხის გადაცემისას, ნივთის ნასყიდობის თაობაზე მოსარჩელესთან შეხვედრისას და არც უშუალოდ ხელშეკრულების გაფორმებისას ბინაში არსებულ ნივთებზე საუბარი და შესაბამისად, შეთანხმება არ ყოფილა. მოწმის ჩვენებით, ასეთ მითითებას არც უძრავი ნივთის ნასყიდობის თაობაზე გაკეთებული ის განცხადება შეიცავდა, რომელიც მან მისი საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსის კედელზე ნახა. სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევდა ბინაში არსებულ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულებას დადებულად, მოწმემ აღნიშნა, რომ ნასყიდობის საფასურის გათვალისწინებით, ვინაიდან 65 000 აშშ დოლარი, იმ დროს არსებული ფასების გათვალისწინებით, იმ მისამართზე მდებარე ასეთივე ფართის ქონება, ნივთების გარეშე არ ღირდა.
11. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა ელექტრონული ფორმით. განცხადებაში აღწერილია ბინის მდგომარეობა (ბინა ბუდაპეშტზე, 100კვ.მ, 3 ოთახიანი, ლოჯით, მე-3 სართულზე 8 სართულიანში. აქვს სარდაფიც და ავტოფარეხიც), თუმცა არაფერია ნათქვამი ბინაში არსებულ ნივთებზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მან უძრავი ქონება მასში არსებულ ნივთებთან ერთად შეიძინა. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ამ შეფასებას სრულად ეთანხმება.
12. სააპელაციო სასამართლომ სადავო ნივთებიდან Orion-ის ფირმის, თეთრი ფერის კონდიციონერი, Longvy-ის ფირმის გამათბობელი, Karma-ს ფირმის წყლის გამათბობელი და სამზარეულოს ავეჯი მიიჩნია საკუთვნებლად, რომლებზეც სსკ-ის 324-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, გავრცელდა მთავარი ნივთის ბედი და მათზე მოსარჩელე ვინდიცირების უფლებას ვერ გაავრცელებდა.
13. კონდიციონერთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საუბარია არა ერთიან კონდიცირების სისტემაზე, რომელიც გულისხმობს შენობა-ნაგებობაში დამონტაჟებული ფართის ერთიანი გაგრილებისათვის საჭირო დანადგარების თუ ნაწილების კავშირს, არამედ ერთ დამოუკიდებელ დანადგარზე, რომლის მოცილებაც მთავარი ნივთიდან შესაძლებელია ერთის ან მეორის განადგურების გარეშე, გამოცალკევება ასევე არ შეცვლის მათ ბუნებას და დანიშნულებას (დამატებითიხ.: OLG Hamm, Urteil vom 18.04.2000 – 27 U 125/99; სუსგ-ები: Nას-263-2020, 06.11.2020წ., Nას-1357-2022, 17.11.2022წ.)
14. ანალოგიურად, გამათბობლების შემთხვევაშიც, მათი მოცილება შესაძლებელია მთავარი ნივთის, ასევე, თავად ამ ნივთების დაზიანების გარეშე და განკუთვნილია უძრავი ნივთით ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სამზარეულოს ავეჯთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება სამზარეულო ასაწყობია, თუ ჩაშენებული. მხოლოდ მოწმე ჟ.ს–ის განმარტება, რომ სამზარეულო არის ჩაშენებული, სარწმუნო მტკიცებულება ვერ იქნება მოცემული გარემოების დასადასტურებლად.
15. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, სააპელაციო სასამართლომ, საკუთვნებლად არ მიიჩნია და არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებული სასამართლო პრაქტიკა (N ას-204-197-2013, 1.07.2013) ავეჯის ბინის საკუთვნებლად მიჩნევასთან მიმართებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი შემთხვევა განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მოხმობილი დავისგან. აპელანტის მიერ საკუთარი პოზიციის გასამაყარებლად მოხმობილ გადაწყვეტილებაში საუბარია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მესამე პირი აცხადებს პრეტენზიას საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე. კონკრეტული შემთხვევა სპეციფიკურია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთ შემთხვევაში ბინა წარმოადგენს აღსრულების საგანს და სასამართლოს კვლევის საგანია იმის დადგენა, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება. ამგვარი დავების განხილვისას ქონებაზე საკუთრების უფლების მატარებელი სუბიექტის დადგენის მიზნით საკმარისი არ არის მხოლოდ პრეზუმფცია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის მასში განთავსებული მოძრავი ნივთების (ავეჯის) მესაკუთრეც (სსკ-ის 158-ე მუხლი). განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მოხმობილ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისგან. კონკრეტულ შემთხვევაში, დასადგენი გარემოებაა, რამდენად მოიპოვა უძრავი ქონების შემძენმა მასში არსებულ ნივთებზე საკუთრების უფლება და მოძრავი ნივთების გასხვისება წარმოადგენდა თუ არა გამყიდველის ნებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასეთი დავების განხილვისას ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბინის საკუთვნებლად რომ მიიჩნიოს, სახეზე იქნება ის მოცემულობა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ჩანაწერის არარსებობისას იმოქმედებს პრეზუმფცია, რომ მესაკუთრემ უძრავი ქონება გაასხვისა მასში არსებულ ნივთებთან ერთად, რაც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ამ მხრივ გაზრდის დავებს ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის. საკასაციო სასამართლო მართებულად და დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს მასზე.
16. ამდენად, მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ორი მუქი ყავისფერი ერთკაციანი საწოლი, ღია ნაცრისფერი საკერავი მაგიდა, თეთრი სარეცხის მანქანა Indesit-ის ფირმის, ორი გაერთიანებული საწოლი, სამფრთიანი ყავისფერი ტანსაცმლის კარადა, სამგანყოფილებიანი კომოდი, ორფრთიანი ყავისფერი კარადა 6 უჯრით, მუქი ყავისფერი პატარა კომოდი, მუქი ყავისფერი დიდი ტანსაცმლის კარადა, ყავისფერი კარადა მინის ორფრთიანი კარით, მუქი ყავისფერი პატარა ტანსაცმლის კარადა, კომოდი ერთი დიდი სარკით და უჯრებით, ყავისფერი მაგიდა, დივანი, ორი სავარძელი, ჟურნალების მაგიდა შავი ფერის, მართკუთხედი ფორმის მაგიდა, მომრგვალებული კუთხეებით, გარშემო სქელი, წითელი ფერის კანტით და შუაში ბეჟი ფერის, ორი სკამი ყავისფერ და ნაცრისფერ ფერებში, ნაცრისფერი მაცივარი Toshiba-ს ფირმის, გაზქურა შავ-ნაცრისფერ ფერებში, დაბრუნება.
17. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, უტყუარ მტკიცებულებზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. ნივთის ვინდიცირების შემადგენელი ელემენტებიდან ერთ-ერთის დამტკიცების შეუძლებლობა სარჩელის უარყოფის საფუძველია. რაც შეეხება მფლობელს, მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაძლევის შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მას ეკისრება.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია რომ უძრავ ქონებაში არსებული სადავო ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, მოპასუხის მფლობელობაში აღმოჩნდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად, სადაც კონკრეტულად სადავო მოძრავი ნივთების გასხვისების შესახებ აღნიშნული არ არის. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მოწმე ჟ.ს–ის ჩვენებაზე, რომ ნასყიდობის მომენტისათვის ბინის საბაზრო ღირებულება გაცილებით დაბალი იყო და ბინის შეძენა უფრო სარგებლიანი იყო ნივთებთან ერთად, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს მოწმის მოსაზრებას და უძრავ ქონებასთან ერთად მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის დადასტურების მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მოძრავი ნივთების ვინდიცირების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობის კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი (სხვა მრავლთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-795-2020, 30.06.2022წ; N ას-461-2021, 31.05.2022წ; N ას-948-2021, 17.12.2021წ; N ას-656-2020, 5.02.2021წ; N ას-276-2020, 1.07.2020წ; N ას-865-865-2018, 18.07.2018წ.).
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ს–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გ.კ–ძის (პ/ნ ........) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N5485, გადახდის თარიღი 2023 წლის 30 ოქტომბერი), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური