Facebook Twitter

ბს-555-64-გ-03 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ განიხილა გ. ნ.-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 22 მაისს გ. გ.-მ სარჩელი აღძრა გ. ნ.-ის მიმართ და სკ-ის 164-ე მუხლის საფუძველზე შემდეგი მოტივით მოითხოვა არაკეთილსინდისიერ მფლობელად მოპასუხის ცნობა, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ მოპასუხის სახელზე გაცემული დოკუმენტების ბათილობა და მის (მოსარჩელის) სახელზე მიკროავტობუსის გადაფორმების საშუალების მიცემა:

მოსარჩელის მითითებით, 1999 წელს გ. კ.-ისგან გენერალური მინდობილობით შეიძინა “მერსედესის” მარკის მიკროავტობუსი. 2000წ. ივლისში მოსარჩელე გაემგზავრა გერმანიაში და მიკროავტობუსი ჩამოსვლამდე სამუშაოდ დაუტოვა შემცვლელს _ ე. ტ.-ს. მასვე დაუტოვა მინდობილობა და მანქანის საბუთები. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მოსარჩელემ ვერც მანქანა და ვერც ე. ტ.-ი რომ ვერ ნახა, დაიწყო ძებნა. მოსარჩელემ დაადგინა, რომ ე. ტ.-ს ნოტარიუს ნ. ბ.-ის დახმარებით, ყალბი მინდობილობის შედგენით, 2000წ. 15 აგვისტოს მიკროავტობუსი გადაუფორმებია ბიძისთვის, გ. გ.-ისთვის, რომელმაც მეორე დღესვე ნოტარიუს გ. გ.-სთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და მინდობილობა და ავტობუსი მიჰყიდა გ. ნ.-ს.

2000წ. დეკემბერში ე. ტ.-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. გ.-ის კუთვნილი ავტომანქანის თაღლითური გზით გაყიდვის ფაქტზე. გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორის 2002წ. 26 ოტომბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივლისის განჩინებებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნოტარიუსები: ნ. ბ.-ე, მ. გ.-ა და ქ. თბილისის საგზაო პოლიციის სამსახური.

მოპასუხე გ. ნ.-ემ და მესამე პირებმა (ნოტარიუსებმა) სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სკ-ის 164-ე და 187-ე მუხლების საფუძველზე გ. ნ.-ე ცნობილ იქნა “მერსედეს ბენცი” 207 დ მარკის ავტომობილის, არაკეთილსინდისიერ მფლობელად; მანქანა დაუბრუნდა მოსარჩელეს; ასევე ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ სადავო ავტომანქანის გ. ნ.-ის სახელზე აღრიცხვის გადაწყვეტილება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ნ.-ის მიერ. ვინაიდან, სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ სადავო ავტომანქანის გ. ნ.-ის სახელზე აღრიცხვის გადაწყვეტილება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო ადმინისტრაციული ორგანოსადმი და, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.

დავის განსჯადობის შესახებ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას არ დაეთანხმა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად მასალები შემდეგი მოტივით გადმოგზავნა უზენაეს სასამართლოში:

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნივთზე (ავტომანქანაზე) არაკეთილსინდისიერ მფლობელად აღიარება და არაკეთილსინდისიერი მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვა, რაც წმინდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობაა და მისი განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა მოხდეს. რაც შეეხება ავტომანქანის სარეგისტრაციო დოკუმენტების ბათილად ცნობას, სააპელაციო პალატის აზრით, იგი დავის არსებითი გადაწყვეტის შედეგია, რადგან ნივთზე მფლობელად აღიარება ან არაღიარება მექანიკურად იწვევს ავტომანქანის სარეგისტრაციო დოკუმენტების ბათილად ცნობას ან არცნობას და არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოსადმი მოთხოვნასთან, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს რაიმე ქმედება ან გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ.-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ და სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს და, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა:

ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;

ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

განსახილველი სარჩელის უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ავტომანქანაზე აპელანტ გ. ნ.-ის არაკეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა და არაკეთილსინდისიერი მფლობელიდან ნივთის უკან გამოთხოვა. პროცესუალურ სუბიექტებს წარმოადგენენ მოსარჩელე ფიზიკური პირი გ. გ.-ე და მოპასუხე გ. ნ.-ე, რომელიც ასევე ფიზიკური პირია. ნოტარიუსი ნ. ბ.-ე და გ. გ.-ა, აგრეთვე, ქ. თბილისის საგზაო პოლიციის სამსახური გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 ივლისის განჩინებებით საქმეში ჩაბმულნი არიან მესამე პირებად. ამდენად, ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვით განსახილველი დავა კერძო სამართლებრივი დავაა ფიზიკურ პირებს, გ. გ.-სა და გ. ნ.-ს შორის, რომელიც სსკ-ის 11-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ განსაზღვრავს მის სამართლებრივ ბუნებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს. როგორც აღინიშნა, სადავო ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული მოპასუხის, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე _ ფიზიკური პირი გ. გ.-ე ითხოვს მოპასუხე _ ფიზიკური პირის, გ. ნ.-ის, ავტომანქანაზე არაკეთილსინდისიერ მფლობელად ცნობას და არაკეთილსინდისიერი მფლობელიდან ნივთის (მანქანის) უკან გამოთხოვას. ნივთზე არაკეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა სამართლებრივად წარმოადგენს ფიზიკურ პირებს შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც წესრიგდება სკ-ის 159-ე მუხლით, ხოლო არაკეთილსინდისიერი მფლობელიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ ვინდიკაციური სარჩელიც სკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტია. ამიტომ დავის არსისა და საგნის მიხედვით, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველი დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას მოსარჩელის მესამე მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გ. ნ.-ის სახელზე გაფორმებული ავტომანქანის სარეგისტრაციო დოკუმენტების ბათილად ცნობას. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე გ. ნ.-ის, როგორც არაკეთილსინდისიერი მფლობელის, სახელზე გაფორმებული ავტომანქანის სარეგისტრაციო დოკუმენტების ბათილად ცნობა წარმოადგენს ნივთის (მანქანის) არაკეთილსინდისიერ მფლობელად ცნობისა და ვინდიკაციური სარჩელის გადაწყვეტის სამართლებრივ შედეგს. სახელდობრ, სადავო ავტომანქანაზე გ. ნ.-ის არაკეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა და არაკეთილსინდისიერი მფლობელობიდან მანქანის გამოთხოვის შესახებ გ. გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილება წარმოადგენს გ. ნ.-ის, როგორც არაკეთილსინდისიერი მფლობელის, სახელზე გაფორმებული ავტომანქანის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, რასაც შედეგად მოჰყვება ამ დოკუმენტაციის ბათილად ცნობა, ისევე როგორც უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელ სახლზე) პირის არაკეთილსინდისიერ მფლობელად (მესაკუთრედ) ცნობას შედეგად მოჰყვება საჯარო რეესტრში საცხოვრებელი სახლის არაკეთილსინდისიერი მესაკუთრის სახელზე რეგისტრაციის გაუქმება.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას გ. ნ.-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის შესახებ და მიაჩნია, რომ განსახილველი დავა სამართალსუბიექტობის პრინციპისა და დავის არსის მიხედვით წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს განსჯად სასამართლოს – სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

2. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.