საქმე №ას-1182-2023 18 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - კ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ხ–ი, მ.ა–ძე, ე.კ–ი, ა.კ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ხ–მა, მ.ა–ძემ, ე.კ–მა და ა.კ–მა (შემდგომ – მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში კ.ხ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს ქმედების უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
2. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
3. გორის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს კასპის მუნიციპალიტეტში 2023 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაევალა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ........ მდებარე მიწის ნაკვეთის შესასვლელში (ს/კ ........) დამონტაჟებული ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი, რაც მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.
4. იმავე სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით, მოპასუხის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს კასპის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინება და მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე 2023 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინება.
6. სააპელაციო სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მისთვის გადაცემულ კონვერტში სასამართლოს გზავნილი მოთავსებული არ იყო. ასევე, არ გაიზიარა მოსაზრება ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობასთან დაკავშირებით, რისი გათვალისწინებითაც, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
8. კასატორის განმარტებით, საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა, რითაც მას შეეზღუდა უფლება, სრულფასოვნად მიეტანა ყველა პრეტენზია სასამართლომდე. აღნიშნული პროცესუალური დარღვევაა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვა. ამასთან, იგი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებას, შესაბამისად, სასამართლოს საქმე არსებითად უნდა განეხილა მხარეების მონაწილეობით, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გასაჩივრებული საოქმო განჩინებაზეც, რომლითაც მოპასუხე მხარე მოწმის დაკითხვას ითხოვდა.
9. კასატორის მტკიცებით, მისთვის გაგზავნილ სარჩელს არ ერთვოდა გზავნილი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ მას ევალებოდა შესაგებლის წარდგენა კონკრეტულ პერიოდში. სასამართლოს კანცელარიაში გზავნილის რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, რომ კასატორს ჰქონოდა შესაძლებლობა, გადაემოწმებინა გზავნილის კონვერტში ჩადება სასამართლოს კანცელარიას გამორჩა თუ კონვერტიდან დაინტერესებულმა მხარემ ამოიღო.
10. მოსარჩელე მხარემ იცოდა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მეუღლის დედას მოპასუხე სახლში მკურნალობდა. მოსარჩელეები მისი ბიძაშვილები არიან. სწორედ მაშინ ჩაჰბარდა სარჩელი, როცა იგი ავადმყოფს უვლიდა და ყოველდღიურად აკონტროლებდა სახლში არსებულ ჟანგბადის ბალონს, რაც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოებაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
14. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.
16. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვლინდებოდა ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ გზავნილი შესაგებლის წარდგენის შესახებ სარჩელს არ ერთვოდა. ამასთან, არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოებაც, ვინაიდან, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო ოჯახის წევრის ავადმყოფობით, კერძოდ, მოპასუხესთან იმყოფებოდა სიდედრი, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში ესაჭიროებოდა ჟანგბადის აპარატი, რის გამოც სახლიდან ვერ გავიდოდა. ამდენად, საჩივარი ეფუძნებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს.
18. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ 2022 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელეთა წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობა სარჩელის გასახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე (იხ. ტ.1 ს.ფ. 99), რის შემდეგაც მოსარჩელეებს წარმოეშვათ სსსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყოთ მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან ორი თვის ვადის მიხედვით. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები მოპასუხისთვის ჩასაბარებლად (ტ.1, ს.ფ. 96-97). საქმეში წარმოდგენილი გზავნილით სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე. გზავნილი ადრესატს 2023 წლის 3 იანვარს ჩაჰბარდა პირადად, რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით (ს.ფ. 101).
19. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის, შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილის გადაცემა ხდება დალუქული კონვერტით, სწორედ ამიტომ არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომდგენლისათვის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაცემულ გზავნილს თან ერთვის როგორც სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე - შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილი, სადაც მითითებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენის ვადა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი გადადის კასატორზე, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში, ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ შესაძლოა, სასამართლოს მოხელეს დავიწყდებოდა სარჩელისა და თანდართულ მასალებზე მიმართვის სახით გზავნილის დართვა (სადაც მითითებული იქნებოდა შესაგებლის წარდგენის ვადა) ან კიდევ, მოწინააღმდეგე მხარეს განზრახ ამოეღო გზავნილი კონვერტიდან.
21. პალატის მითითებით, კასატორის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ სარჩელს არ ერთოდა შესაგებლის წარდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი გზავნილი, არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას და იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, რისი გათვალისწინებითაც, აღნიშნული პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოსალოდნელი უარყოფითი რისკის თავიდან ასაცილებლად, მოპასუხის პასიური დამოკიდებულება - მიემართა სასამართლოსათვის თუნდაც ტელეფნის ან ელექტრონული ფოსტით მეშვეობით და გაერკვია მოცემულ საქმეზე შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა, გონივრულობისა და წინდახედულობის სტანდარტს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მოპასუხე მეტი წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში თავიდან აიცილებდა მის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგს – დაუსწრებელი გადაწყვეტილებას, რაც მას არ გაუკეთებია, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს (იხ. სუსგ №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი; №ას-103-2020, 29 ივნისი, 2020 წელი).
22. რაც შეეხება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებს, პალატა მიუთითებს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელი ნორმა სსსკ-ის 241-ე მუხლია, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
23. პალატის მითითებით, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
24. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად არ დასტურდება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. საკასაციო პალატა მ.ჯ–ძის სახელზე გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით და მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, პაციენტის სტაციონარში მოთავსების თარიღია 25.01.2023 წელი, ხოლო გაწერის 20.02.2023 წელი, მაშინ, როდესაც მხარეს სარჩელი 03.01.2023 წელს ჩაჰბარდა და შესაგებლის წარდგენის ვადა 13.01.2023 წლამდე ჰქონდა. პალატის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა სადავო პერიოდში (03.01.2023-13.01.2023) არ დასტურდება. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2023 წლის 20 თებერვალს მიიღო, თუმცა ამ პერიოდამდე მოპასუხეს სასამართლოსთვის შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე არ უცნობებია და არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია. ამასთან, მოპასუხის მითითება, რომ მ.ჯ–ძე სტაციონარში 2023 წლის 25 იანვარს მოათავსეს და მანამდე სახლიდან გასვლას ავადმყოფის მოვლის გამო ვერ ახერხებდა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან ჯერ კიდევ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე და ავადმყოფის სტაციონარში მოთავსებამდე (2023 წლის 23 იანვარს) იგი ........., 4-6 კორპუსში, ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში იმყოფებოდა, სადაც მინდობილობა გასცა ამ დავაში მოპასუხის ინტერესების დამცველ წარმომადგენლის სახელზე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2023 წლის 2 თებერვალს აპელანტმა სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის წინააღმდეგ აღძრა და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა, რაც კიდევ უფრო უმყარებს სასამართლოს რწმენას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების თაობაზე.
26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. რაც შეეხება მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე კასატორის მითითებას, პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სავსებით მართებულად და ვრცლად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და აპელანტის მიერ დასახელებული გარემოებების დასადასტურებლად (იმის დასადასტურებლად, თუ როგორ უვლიდა კასატორი ავადმყოფს, რის გამოც სახლიდან ვერ გადიოდა) მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოწმის ჩვენება მოცემულ შემთხვევაში არ იყო ავადმყოფობის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, მით უფრო, წინამდებარე განჩინების 25-ე პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე.
28. პალატა არ იზიარებს წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებულ სხვა საკასაციო პრეტენზიებსაც და განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მოსამართლე ნიშნავს სხდომას (თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას), მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთებოდა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო სხდომის გამართვის წინაპიროდბები არ არსებობდა. იმავე კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის (თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე, თუ საქმე უკავშირდება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას... სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე) საფუძველზე კი, სააპელაციო სასამართლოც უფლებამოსილი იყო, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება, განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება, შესაბამისად, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3-მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1423-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-168-2020, 2020 წლის 15 ივნისის განჩინება; საქმე №ას-318-2020, 2022 წლის 30 ივნისის განჩინება; საქმე №ას-57-2022, 2022 წლის 13 აპრილის განჩინება; საქმე №ას-112-2019, 2019 წლის 3 მაისის განჩინება, საქმე №ას-1315-2021, 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება).
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე