Facebook Twitter

საქმე №ას-1001-2023 18 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ღ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2023 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.ბ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ღ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ზიანის ანაზღაურების, ხელშეშლის აღკვეთისა და ქმედების განხორიელების დავალების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, ....... №11-ში მდებარეობს მოსარჩელის თანასაკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა და ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრირებული სხვენი. საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე ოდითგანვე მოწყობილი იყო სხვენში ასასვლელი ხის კიბე, რომლითაც მოსარჩელე თავისუფლად, დაბრკოლების გარეშე სარგებლობდა. მოპასუხემ თვითნებურად გადააკეთა კიბე და ამ გზით მეტი ადგილი გაჩნდა ფართში, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაა და რომელსაც მოპასუხე თავისი ნივთების განთავსებისთვის იყენებს. მოპასუხის მიერ სხვენში ასასვლელი კიბის გადაკეთების შემდეგ, მოსარჩელე თავის საკუთრებაში თავისუფლად ვეღარ ადის, დიდი ფიზიკური ძალისხმევა სჭირდება, რომ შექმნილი სივიწროვის გადალახვით სხვენში შეაღწიოს. ამასთან, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სხვენში დაუბრკოლებლად ასვლას ვერავინ შეძლებს მოპასუხის მიერ კიბის უკანონოდ გადაკეთებისა და მისი დავიწროების გამო. გარდა ამისა, მოპასუხეს არ აქვს უფლება, თვითნებურად იყენებდეს მხარეების საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე არსებულ საერთო საკუთრების ფართს თავისი სანიტარული ტექნიკისთვის.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული საერთო სარგებლობის უძრავი ქონების ხელყოფით, კერძოდ, ასასვლელი კიბის უჯრედის გაუვარგისებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 4000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება; საერთო სარგებლობის/თანასაკუთრების უფლების დამრღვევი ქმედების - ხელშეშლის აღკვეთის მოპასუხისათვის დავალება, კერძოდ, საერთო სარგებლობის ფართის გამოთავისუფლება, ანუ პირადი სარგებლობის სანიტარული ტექნიკის (ხელსაბანი, სარეცხი მანქანა) დემონტაჟი და გატანა, საერთო ფართის შემავიწროებელი მის მიერ ახალაშენებული ტიხრისა და გამყოფი კარის მოშლა, ტუალეტისა და მისი კარის ყოფილ ადგილზე დაბრუნება; საერთო სარგებლობის კიბის უჯრედის პირვანდელი სახით აღდგენა, კერძოდ, კიბის – სიგანით 0.94 მეტრი, ხოლო ჭერიდან სხვენში გასასვლელი ჰორიზონტალური ღიობის – ზომებით: სიგანე 0.68 მეტრი, სიგრძე 1,42 მეტრი.

მოპასუხის შესაგებელი:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სხვენში ასასვლელი კიბე მოპასუხეს არ გადაუკეთებია, რასაც დაადასტურებენ სხვა მესაკუთრეებიც. ამასთან, არ ვლინდება ხელშეშლა, რადგან მოპასუხის სარგებლობაში არსებული ფართი მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად არის რეგისტრირებული და ამ ფართის გამოყენების უფლება აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს დაევალა სადავო საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე არსებული საერთო სარგებლობის სხვენის კიბის უჯრედის პირვანდელი სახით აღდგენა და სხვენის კიბის გაკეთება შემდეგი ზომებით: სიგანე 0.94 მეტრი, ჭერიდან სხვენში გასასვლელი ჰორიზონტალური ღიობის ზომები: სიგანე 0.68 მეტრი, სიგრძე 1,42 მეტრი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლოს სხდომის დღეს აპელანტის წარმომადგენელს დაუკავშირდა სასამართლოს მოხელე, რომელსაც წარმომადგენელმა შეატყობინა, რომ იყო ავად, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის წარმომადგენლის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის და სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი თავად მას სასამართლოსათვის არ უცნობებია, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა.

9. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აპელანტმა საჩივარი წარადგინა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

11. პალატამ მიიჩნია, რომ სხდომაზე წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო გამოუცხადებლობა აპელანტმა ვერ დაამტკიცა. საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა სს „ა.დ–ის“ მიერ გაცემული ცნობა და სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს „ე.ს–ის“ მიერ გაცემული „პაციენტის თანმხლები ბარათი“. სს „ა.დ–ის“ ცნობით დგინდება, რომ მომჩივნის წარმომადგენელი 2023 წლის 23 მაისს, სატელეფონო კონსულტაციისას, თავს გრძნობდა შეუძლოდ, აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და დიაგნოსტირდა ჰიპერტონული კრიზი. ზემოხსენებულ ცნობაში სატელეფონო კონსულტაციის დრო მითითებული არ არის, თუმცა იგი აღნიშნულია „პაციენტის თანმხლებ ბარათში“, რომლის თანახმადაც, „ე.ს–ის“ ოპერატორს პაციენტი 17:51 საათზე დაუკავშირდა, ხოლო სასწრაფო დახმარების ჯგუფი მასთან 18:05 საათზე მივიდა. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ ამ საბუთებით იმავე დღის 17:00 საათზე მომჩივნის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლებელია.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ზეპირი განხილვის დროისათვის მომჩივნის წარმომადგენლის ავადმყოფობა არ დასტურება „პაციენტის თანმხლები ბარათის“ შინაარსითაც. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ბარათის თანახმად, სამედიცინო ჯგუფის გამოცხადებისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მართალია, პირველადი გასინჯვის დროს მას მომატებული ჰქონდა წნევა და პულსი, თუმცა მეორე გასინჯვისთანავე, ე.ი. მოკლე მონაკვეთში ორივე მაჩვენებელი გამყარდა და ნორმას დაუბრუნდა. ამრიგად, საბუთებში ასახული ჯანმრთელობის მდგომარეობა სხდომაზე გამოცხადებას არ გამორიცხავდა 2023 წლის 23 მაისს, 18:00 საათისთვისაც კი, ამიტომ, იმავე დღის 17:00 საათზე სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა არ დასტურდებოდა. თავისი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები მომჩივანს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

13. საქმის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობის მიზეზი მომჩივნის წარმომადგენელს სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია. არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სასამართლოსთან დაკავშირებას ცდილობდა, არ წარმოუდგენია, ხოლო ის, რომ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სასამართლოს მოხელე დაუკავშირდა, მას სასამართლოს ინფორმირების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2023 წლის 20 ივნისის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასაამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

15. კასატორის მტკიცებით, მისმა წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით აცნობა სასამართლოს, რომ შეუძლოდ იყო და ვერ შეძლებდა პროცესზე მონაწილეობის მიღებას. ამასთან, კასატორმა წარადგინა სს „ა.დ–ის“ მიერ გაცემული ცნობა და სასწრაფო დახმარების გამოძახების ბარათი, სადაც მითითებულია, რომ პროცესის დღეს აპელანტის წარმომადგენელი ავად იყო, ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა (180) და გამოძახებულ იქნა დამატებით სასწრაფო დახმარების ჯგუფი, დაუდგინდა ჰიპერტონიული კრიზი. მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა აპელანტის უფლებები. აპელანტს საქმის მიმართ იურიდიული ინტერესი არ დაუკარგავს.

16. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტმა სხვენზე ასასვლელი კიბე თვითნებურად გადააკეთა, რის შედეგადაც მოსარჩელეს ხელი შეეშალა თავის საკუთრებაში ასვლაში. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მას კიბე არ გადაუკეთებია. სასამართლომ არც ის ფაქტობრივი გარემოება არ გაიზიარა, რომ მოპასუხე მესამე სართულზე არსებული ფართების მესაკუთრეა, მათ შორის 2 კვ.მ საპირფარეშოსი. მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ კიბის ზომის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საპირფარეშოს კარის ჩარჩომდე, რათა არსებული კარის გაღებას ხელი არ შეეშალოს. ეს არის აპელანტის ერთადერთი სველი წერტილი. სასამართლომ არც ის გაიზიარა, რომ სხვენში მოხვედრა შესაძლებელია ამჟამად არსებული კიბითაც. მოპასუხემ კიბის სიგანე 0.94 მეტრით რომ გაზარდოს, შეუძლებელი იქნება თავისი საკუთრებით (საპირფარეშოთი) სარგებლობა, რადგან კარი ვერ გაიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმოვს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

20. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის განხილვა 2023 წლის 23 მაისს, 17:00 საათზე, დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ აპელანტს სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა.

21. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

22. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387.1 მუხლის (თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

23. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

24. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად – მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ზემოაღნიშნულ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

25. კასატორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე აპელირებს, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას ავადმყოფობის გამო. უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადების შეუძლებლობის ფაქტს უშუალოდ 2023 წლის 23 მაისს, 17:00 საათზე, კერძოდ, სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ცნობა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ აპელანტმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ხოლო თავად სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული „პაციენტის თანმხლები ბარათი“ ადასტურებს, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მართალია, პირველადი გასინჯვის დროს მას მომატებული ჰქონდა წნევა და პულსი, თუმცა მეორე გასინჯვისთანავე, ე.ი. მოკლე მონაკვეთში, ორივე მაჩვენებელი გამყარდა და ნორმას დაუბრუნდა.

26. გარდა ზემოაღნიშნულისა, დადასტურებულია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასწრაფო დახმარება 17:51 საათზე გამოიძახა (სასწრაფო დახმარების ჯგუფი მასთან 18:05 საათზე მივიდა). შესაბამისად, აპელანტი ვერ ადასტურებს, თუ რატომ ვერ შეძლო 2023 წლის 23 მაისს, 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოცხადება ან სასამართლოსათვის სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლისათვის, როგორც იურისტისათვის, ცნობილია, რომ ყველა გარემოებას, რაზეც მხარე მიუთითებს, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით უნდა ადასტურებდეს (სსსკ-ის 102-105 მუხლები). საკასაციო სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო სასამართლოსათვის გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება სხდომამდე, შესაბამისად, ვერ დადასტურდა სსსკ-ის 241.1 და 215.3-ე მუხლების წინაპირობები.

28. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. შესაბამისად, ის უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები), ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), (შდრ. სუსგ №554-1474-2017, 29 ივნისი, 2018 წელი; №ას-356-338-2015, 3 ივნისი, 2015 წელი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით (სსსკ-ის 215.3 მუხლი), არ გამოცხადდა 2023 წლის 23 მაისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე, რის გამოც არ არსებობდა მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

29. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმაზეც, რომ სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც აპელანტი სადავოდ ხდიდა. საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სასამართლო უპირობოდ ეტყვის უარს სააპელაციო საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არ გამოცხადდა აპელანტი, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები (არ ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევები) და გამოცხადებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-1254-1176-2015, 15 აპრილი, 2016 წელი; №ას-191-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი). როგორც დადგინდა, ზემოაღნიშნული ყველა წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.

30. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა, არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი - მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის დაცვა უზრუნველყო.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2023 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

32. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

33. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 387-ე, 241-ე, 233-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განჩინება – დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე