Facebook Twitter

საქმე №ას-804-2023 30 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ტ.ე–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი .....“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება/დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ნასყიდობის თანხის უკან დაბრუნება, ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის გადაცემის გამო ზიანის ანაზღაურება, ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ–ი .....-მ“ (შემდეგ - მოსარჩელე, გამყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ.ე–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისროს: დავალიანების ძირითადი თანხა, 7 844 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით; სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხული პირგასამტეხლო, რომლის ჯამი 2 597.74 აშშ დოლარის ეკვიალენტი ლარია; პირგასამტეხლო, 7 844 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 0.05% ყოველდღიურად, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხემაც და მოითხოვა, შეწყდეს მხარეთა შორის 2018 წლის 12 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულება და შეგებებული სარჩელის მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასის - 22 556 აშშ დოლარის გადახდა, ასევე - ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელე მხარის მიერ ნასყიდობის საგნის სარემონტო ხარჯები - 26 930 ლარი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 72 000 ლარი, ასევე – დამატებით 216 000 ლარის ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 7 844 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე, სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხული პირგასამტეხლო, რომელიც ჯამურად 2597.74 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით და პირგასამტეხლო 7 844 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 0.05% ყოველდღიურად, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის, 2 360 აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. მოპასუხემ დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებაც მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადაუხდელი ნაწილისა და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რომელთა დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე და 417-ე მუხლები. შეგებებული სარჩელის დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ნასყიდობის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის გადაცემის გამო, ზიანის ანაზღაურება და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებაა. ამ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს კი წარმოადგენს სსკ-ის 487-ე, 488-ე, 394.1, 408-ე, 411-ე, 352-ე, 405-ე მუხლები.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნასყიდობის საგნის ფასი (რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისგან შეისყიდა „KOMATSU“-ს მარკის ექსკავატორი PC 290 LC) განსაზღვრული იყო 36 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 4 ნაწილად. მოპასუხეს/აპელანტს შეთანხმებით გათვალისწინებული ბოლო 7 844 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი ნივთობრივად ნაკლიანია. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ნასყიდობის საგნის ნაკლის გამოსწორებას.

8. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 02.07.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასცა ნივთობრივად ნაკლიანი და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი ნასყიდობის საგანი. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან დგინდება მხოლოდ ის, რომ გაწეული სარემონტო სამუშაოები შესრულდა არაჯეროვნად, თუმცა, როდის მიიღო დაზიანება საგანმა, დასკვნის შინაარსიდან არ გამომდინარეობს. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება დარჩენილი გადასახდელი თანხის ნაკლის გამოსწორების ანგარიშში ჩათვლასთან დაკავშირებით, საქმის მასალებით არ დასტურდება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სათანადო და არსებითი მტკიცებულებების წარდგენით დაადასტურა ნივთის ხელშეკრულებით პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მოპასუხემ/აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგენია ის უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ნაკლიან შესრულებასა და, მყიდველის მხრიდან სსკ-ის 352-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის პირობების არსებობის თაობაზე. აღნიშნული კი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე აპელანტის პოზიციაც და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ ვითარებაში, როდესაც საადვოკატო მომსახურება გაწეულია როგორც სარჩელის, ასევე – შეგებებულ სარჩელის მოსამზადებლად, სასამართლოს მიერ სწორად იქნა განსაზღვრული საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების ოდენობა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ასევე - დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.

12. კასატორი სადავოდ ხდის მისთვის ნაკლიანი ნივთის გადაცემას. ამასთან, მიუთითებს, რომ ნასყიდობის საგანი ამჟამად მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაა. მას არ მოუთხოვია მისი საკუთრების კასატორის სახელზე რეგისტრაცია. თავად მოწინააღმდეგე მხარე არ ზრუნავს მის დაბრუნებაზე. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ნივთის ნაკლი.

13. შეგებებული სარჩელთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ ყველა პირობა არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლისა. ამასთან, სასამართლო მხოლოდ შემოიფარგლა შეგებებული სარჩელის წარდგენის უსაფუძვლობაზე, თუმცა ამ გარემოებებზე გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა.

14. სასამართლომ არასწორად იმსჯელა მხარის მიერ გაწეულ ხარჯებზეც. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა ინვოისი, თუმცა საქმეში არ მოიპოვება ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა, რომელიც ექსკავატორ KOMATSU-ს (PC 290 LC, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო NK30002, გამშვების წელი - 2002) შეძენასა და სანაცვლო ანაზღაურებას გულისხმობდა, ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას ეფუძნება, შესაბამისად, ძირითადი სარჩელის მოთხოვნის - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა სსსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-718-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს, ხოლო, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნის გათვალისწინებით, ნივთის შესაძენად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 487-ე (გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი), 491.1 (მყიდველს შეუძლია, ნივთის ნაკლის გამო, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით), 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი) და 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) მუხლები, ხოლო შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.

20. პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი 36 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განისაზღვრა, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ოთხ ნაწილად. უდავოა, რომ ამ უკანასკნელმა ჯამურად მხოლოდ 28 556 აშშ დოლარი გადაიხადა (1. 03.07.2018 წელს გადაიხადა - 28 400 ლარი, რაც გადახდის დღეს მოქმედი კურსით (2.4469) შეადგენდა 11 606 აშშ დოლარს; 2. 07.08.2018 წელს გადაიხადა - 20 000 ლარი, რაც გადახდის დღეს მოქმედი კურსით (2.45) შეადგენდა 8163 აშშ დოლარს; 3. 26.09.2018 წელს გადაიხადა - 15 000 ლარი, რაც გადახდის დღეს მოქმედი კურსით (2.6184) შეადგენდა 5728 აშშ დოლარს; 4. 02.10.2018 წელს გადაიხადა - 8 000 ლარი, რაც გადახდის დღეს მოქმედი კურსით (2.6145) შეადგენდა 11 606 აშშ დოლარს), ხოლო დარჩენილი თანხის - 7 844 აშშ დოლარი ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ პირობებში, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მყიდველს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) (102-ე მუხლი), რომელმაც სსკ-ის 488-ე მუხლის (ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე) წინაპირობების არსებობა ვერ დაადასტურა.

21. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოსათვის არ წარუდგენია პირდაპირი და სარწმუნო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გამყიდველის მხრიდან ნაკლიანი ნივთის გადაცემაზე. თავად მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი აცხადებს და ადასტურებს, რომ შემოწმებისას, ქონება გარეგნულად და ტექნიკურად გამართულია, მუშაობს, იწონებს და შენიშვნაც არა აქვს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ჯერ ერთი, მხოლოდ ნასყიდობის საგნის სარემონტო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება და მეორეც - შედგენილია ნივთის გადაცემიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, როდესაც მყიდველს დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ ბოლო გადახდა. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ ამ დასკვნით არ დგინდება, როდის მიიღო საგანმა დაზიანება, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ თუ მანამდე, შესაბამისად, იგი პასუხს ვერ სცემს მთავარ კითხვას, საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს იყო თუ არა ნაკლის მქონე - ექსპლუატაციისათვის უვარგისი.

22. პალატა ყურადღებას ამახვლებს იმ გარემოებაზეც, რომ, ნაცვლად ნაკლიანი შესრულების მიღებისას კანონით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისა (სსკ-ის 490-ე-494-ე მუხლები), კასატორმა მხოლოდ მაშინ მიიღო ზომები ნაკლის მქონე ნივთის მახასიათებლების კონტრაჰენტისათვის შეტყობინებაზე, როდესაც თანხის დაკისრების შესახებ გამყიდველის სარჩელი აღიძრა, რაც ქმნის გამყიდველის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრეზუმფციას. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება დარჩენილი გადასახდელი თანხის ნაკლის გამოსწორების ანგარიშში ჩათვლის თაობაზე მხარეთა შორის რაიმე შეთანხმებაც, ასეთ ვითარებაში, შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება - 7 844 აშშ დოლარი, რაც, თავის მხრივ, გაუმართლებელს ხდის შეგებებული სარჩელის მოთხოვნების, მათ შორის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას (სსკ-ის 490-ე და შემდგომი ნორმები).

23. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ხელშეკრულებიდან (გადახდის ვადის გადაცილებისთვის, ხელშეკრულების 2.5 მუხლი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს, ვადაგადაცილებული თანხის 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და თავად სსკ-ის 417-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მისი გადახდის წინაპირობა მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ხოლო მოპასუხე უსაფუძვლოდ უარს აცხადებდა ნასყიდობის საფასურის გადახდაზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საფუძვლიანია.

24. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იურიდიული მომსახურების ხარჯთან დაკავშირებითაც და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრული ფარგლებით, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ, როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლოს ხარჯებსა და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრული ფარგლებით განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“) (სუსგ №ას-330-315-2015, 29.06.2015წ.; №ას-316-316-2018, 7.05.2018წ.; №ას-904-2022, 6.01.2023წ.).

25. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, რაც მიუთითებს მხარეთა შორის სსკ-ის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას, რომ არსებობდა მოსარჩელისთვის წარმომადგენლის ხარჯის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ანაზღაურების წინაპირობა (შდრ. №ას-330-315-2015, 29.06.2015წ.; №ას-734-702-2016, 20.01.2017წ.; №ას-904-2022, 6.01.2023წ) და აღნიშნული ხარჯი კანონიერად დაეკისრა მოპასუხეს.

26. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანი კვლავ მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაა, დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს. კასატორს არ დაუკარგავს უფლება ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივსამართლებრივად დაუსაბუთებელია.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-444-444-2018, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება; №ას-184-177-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-1209-1169-2016, 2017 წლის 12 ივლისის განჩინება).

32. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ტ.ე–ის“ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 30%-ის - 2400 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე