საქმე №ას-1561-2023 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – პ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
პ.ხ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.პ–ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია და კასატორს უნდა განესაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც ხარვეზის დადგენის საფუძველია.
სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
ვინაიდან განსახილველი საკასაციო საჩივრის დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულება - 4000 ლარით, ხოლო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საპროცესო კოდექსით დადგენილი მინიმალური ოდენობის (300 ლარი) ნახევრით - 150 ლარით უნდა განისაზღვროს.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა არ უთითებს რა საფუძვლით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს უნდა მიეცეს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა, რომ სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივრით კასატორი ასევე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებას, რომლითაც მ.პ–ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი, საჩივრის საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანის გამო.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებაზე. გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2023 წლის 11 მაისს მიღებული განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე და 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.პ–ის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. მ.პ–ს დაევალოს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნას შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. განემარტოს კასატორს, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური