საქმე №ა-3569-შ-89-2023 19 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ო.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილებით შ.ო–ი და ე.ა–ი განქორწინდნენ.
2. ე.ა–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცემული საბოლოო განმარტებით დგინდება, რომ საცნობი გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და საბოლოოა.
4. თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
5. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით ე.ა–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ა–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
10. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების 23-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო საცნობ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს [23.2. მუხლი: ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციისას, შემსრულებელი მხარე გადაწყვეტილებას არსებითად კი არ განიხილავს, არამედ მხოლოდ მის ამ ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში].
11. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული მუხლით დადგენილი პირობები დაცულია. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ა–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ჩერქეზქოის პირველი ინსტანციის სასამართლოს (როგორც საოჯახო სასამართლო) 2022 წლის 8 ივნისის N2022/868 გადაწყვეტილება, რომლითაც შ.ო–ი (დაბადებული 26/04/1994 წელს, მშობლები: ე. და ფ., თ.რ. პირადი ნომერი: ........., რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თოქათ, ......., ტომი ნომ. 25, ინდივიდუალური ნომ. 83) და ე.ა–ი (დაბადებული 1976 წლის 19 დეკემბერს თბილისში, პირადი ნომერი: ......) განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი