საქმე №ას-302-2019 12 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.წ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით ა.წ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი გ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხეს 2000-2005 წლებში ავტოსატრანსპორტო საწარმოსთან შპს „გ–თან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქარელი-აგარას მარშრუტზე საკუთარი მიკროავტობუსით „ფორდ ტრანზიტით“ (შემდგომში - „მიკროავტობუსი“) ანაზღაურების სანაცვლოდ გადაჰყავდა მგზავრები;
2.2. მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2005 წელს ბ.ლ–მა მიკროავტობუსის შეძენის მიზნით, ბიძამისი - მოსარჩელე დააკავშირა მოპასუხეს, რის შემდეგაც მოსარჩელემ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისგან იყიდა მიკროავტობუსი;
2.3. მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 7000 აშშ დოლარი;
2.4. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძენილი მიკროავტობუსით შპს „გ–თან“ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელესთან შეთანხმებით, ქარელი-აგარის მარშრუტზე მგზავრები გადაჰყავდა ჯერ ბ.ლ–ს 3 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ, 4-5 წლის განმავლობაში - მ.კ–ის.
3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მან მოპასუხისგან მიკროავტობუსი იყიდა 3000 აშშ დოლარად, ხოლო 4000 აშშ დოლარი გადაიხადა სამარშრუტო ხაზის შესაძენად.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილი 9800 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხისგან 3000 აშშ დოლარად იყიდა მიკროავტობუსი, ხოლო 4000 აშშ დოლარად - სამარშრუტო ხაზი. ვინაიდან შემდგომში აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეს სამარშრუტო ხაზი არ უყიდია, ის ითხოვს მოპასუხისგან უსაფუძვლოდ გადახდილი 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტის - 9800 ლარის უკან დაბრუნებას. სადავო გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე, მისივე ახსნა-განმარტების გარდა, მიუთითებს თავისი ძმისშვილის - ბ.ლ–ის ჩვენებაზე.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამარშრუტო ხაზზე სადავო გარიგების დადება და ამ გარიგების ფარგლებში 4000 აშშ დოლარის გადახდა საქმეზე დაკითხულ მოწმეთაგან დაადასტურა მხოლოდ ერთმა მოწმემ, მოსარჩელის ახლო ნათესავმა ბ.ლ–მა. საქმეზე დაკითხულმა სხვა მოწმეებმა: ნ.თ–ძემ, გ.ვ–მა და ბ.გ–მა კი გამორიცხეს მხარეებს შორის სამარშრუტო ხაზზე რაიმე გარიგების არსებობა (იხ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი). ამასთან, სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საქმეში სხვა მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, რადგან მის მიერ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ იქნა დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს 7000 აშშ დოლარი გადასცა არა მხოლოდ მიკროავტობუსის შესაძენად, არამედ - სხვა დანიშნულებითაც.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე შესრულების უკან დასაბრუნებლად მოცემული უნდა იყოს შემდეგი სამი პირობა: შესრულება – შეგნებულად და მიზანმიმართულად განხორციელებული მოქმედება, ვითომ-კრედიტორის გამდიდრება და შესრულების საფუძვლის არარსებობა. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან არ დადასტურდა მხარეთა შორის სამარშრუტო ხაზზე ცალკე გარიგების დადებისა და ხსენებული გარიგების ფარგლებში რაიმე თანხის გადახდის ფაქტი, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამარშრუტო ხაზის ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მან 4000 აშშ დოლარი გადაიხადა სამარშრუტო ხაზის შესაძენად. სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება და რატომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები;
12.2. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რატომ უხდიდნენ მოსარჩელეს ყოველთვიურ ქირას - 300 ლარს წლების განმავლობაში სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლები, როცა ავტობუსის ღირებულება, მოპასუხის განმარტებითაც, მოსარჩელეს უკვე გადახდილი ჰქონდა.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
14. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები].
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-839-805-2016, 6 მარტი, 2017 წელი). მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
16. სააპელაციო პალატის მითითებით, სამარშრუტო ხაზზე სადავო გარიგების დადება და ამ გარიგების ფარგლებში 4000 აშშ დოლარის გადახდა საქმეზე დაკითხულ მოწმეთაგან დაადასტურა მხოლოდ ერთმა მოწმემ, მოსარჩელის ახლო ნათესავმა ბ.ლ–მა. საქმეზე დაკითხულმა სხვა მოწმეებმა: ნ.თ–ძემ, გ.ვ–მა და ბ.გ–მა კი გამორიცხეს მხარეებს შორის სამარშრუტო ხაზზე რაიმე გარიგების არსებობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი). ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით სადავო ფაქტის დადასტურება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
18. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 490 ლარის 70% – 343 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა.წ–ს (პ/ნ: .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 18 მარტს №19704126 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 490 ლარის 70% – 343 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი