საქმე №ას-1219-2019 7 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.რ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით ს.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება (რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ლ.რ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ არ დაკმაყოფილდა) და ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინება.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 30 იანვარს, ერთი მხრივ, მოსარჩელეს (მსესხებელი, მესაკუთრე) და მეორე მხრივ, მოპასუხეს, ხ.ფ–სა და გ.ო–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხემ სესხის სახით გადასცა 9 000 აშშ დოლარი, ხ.ფ–მ - 10 000 აშშ დოლარი, გ.ო–მა - 7000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 იანვარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა როგორც სარგებელი, თვეში 3%-ის დარიცხვით, ასევე, სესხის ან/და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 11%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი .........;
2.2. 2015 წლის 10 თებერვალს, ერთი მხრივ, მოსარჩელეს (მსესხებელი, მესაკუთრე) და, მეორე მხრივ, მოპასუხეს, ხ.ფ–სა და გ.ო–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი;
2.3. 2016 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სადაც კრედიტორად მითითებულია მოპასუხე, ხოლო მოვალედ - მოსარჩელე, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 9000 აშშ დოლარი, რვა თვის საპროცენტო სარგებელი - 2160.00 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 0.11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან აღსრულებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 137.34 ლარი. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიეთითა როგორც 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე - 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრით (სარჩელით) მოსარჩელე მოითხოვს: 1. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობას; 2. ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს მოპასუხის სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რომლითაც გაუქმდა 2017 წლის 16 იანვარს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დავა გადაწყვიტა არსებითად.
5. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 316-ე, 317-ე, 50-ე, 54-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. პალატამ ყურადღება გაამახვილა სასარჩელო მოთხოვნაზე (ა) ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს არასწორად დაეკისრა სესხიდან გამომდინარე სარგებლის თანხა; და ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2016 წლის 23 სექტემბერს მოპასუხის სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა რვა თვის სესხის სარგებლის - 2160 აშშ დოლარის გადახდა) და აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად ცნო ბათილად, როგორც 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, ასევე - 2016 წლის 23 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განსაზღვრული იყო არა მხოლოდ რვა თვის საპროცენტო სარგებელი - 2160.00 აშშ დოლარი, არამედ, ასევე, -სესხის ძირითადი თანხა - 9000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 0.11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან აღსრულებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 137.34 ლარი. დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლით ასევე განისაზღვრა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 248-ე მუხლი).
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა ისიც, რომ სადავო შეთანხმების მხარეებს, გარდა მოდავე მხარეებისა, ასევე წარმოადგენდნენ ხ.ფ–ძე და გ.ო–ი, რომლებიც წინამდებარე დავაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ წარმოადგენდნენ მოპასუხეებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი სასამართლომ სრულად ცნო ბათილად ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 2015 წლის 10 თებერვალს დამოწმებული N150123792 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომელიც ასევე ეხებოდა იმ პირთა უფლებებს (ხ.ფ– და გ.ო–ი), რომლებიც საქმის განხილვაზე მოწვეულნი არ ყოფილან. ამასთან, საქმის მასალებით არ ირკვეოდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოსარჩელე მხარეს მათ მიმართ შესრულებული ჰქონდა ვალდებულება.
7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მას არ ჩაბარებია შესაგებელი, რითაც დაირღვა სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. პალატის მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე ამ გარემოებაზე აპელირებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოში ამ საკითხის დაყენება კი ეწინააღმდეგება სსსკ-ის 219-ე და 380-ე მუხლების მოთხოვნებს. შესაბამისად, პალატამ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მხარე ვერ უთითებდა და ასაბუთებდა მის საპატიოობას (სსსკ-ის 215-ე მუხლი).
8. დავის არსებით მხარესთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2015 წლის 10 თებერვლის შეთანხმებისა და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, მისთვის რვა თვის სარგებლის, 2160 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ნოტარიუსის 2016 წლის 23 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და, აქედან გამომდინარე, 2160 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებით უკანონოდ დაერიცხა რვა თვის პროცენტი - 2160 აშშ დოლარი და უთითებს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მსგავსი შეთანხმების დადების შეუძლებლობაზე. მისი განმარტებით, 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვები იყო ამავე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ასეთი გარიგების დადება გულისხმობდა ახალი ხელშეკრულების დადებას.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ხელშეკრულებაში გამოხატული მხარეთა ნება მოიცავდა, ერთი მხრივ, გასესხებული თანხის კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულების ფარგლებში მის უკან დაბრუნებას, ხოლო, მეორე მხრივ, - სესხის სახით მიღებული თანხის დროულად გასტუმრებასა და იპოთეკის საგნის საკუთრებაში შენარჩუნებას, რის გამოც მხარეებმა გამოხატეს თანხმობა 2014 წლის 30 იანვრის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
10. პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, სადავო შეთანხმება მხარეთა შორის დაიდო ძირითადი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 10 თებერვალს, თუმცა, აღნიშნული არ მიუთითებდა გარიგების კანონსაწინააღმდეგობაზე ან/და ამორალურობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ სსკ-ის 319.1. მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული გარიგება თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ ატარებდა კანონსაწინააღმდეგო და ამორალურ ხასიათს (სსკ-ის 54-ე მუხლი).
11. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება წარმოადგენდა ახალ ხელშეკრულებას, ვინაიდან, სასამართლოს მსჯელობით, სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, მასში არ არის მოცემული მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. პალატამ აღნიშნა, რომ 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა სესხისა და იპოთეკის 2014 წლის 30 იანვრის №140080159 ხელშეკრულებაში, ემსახურება მხოლოდ ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არსებითი პირობების შესრულებას და იგი დამოუკიდებელ ხელშეკრულებად ვერ მოიაზრება. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შეთანხმებით დაზუსტდა ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, კერძოდ, ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე, ხოლო ამ ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
12. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ასევე სააღსრულებო ფურცლის კანონშეუსაბამოდ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
18. საკასაციო საჩივრის თანახმად:
18.1. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის კანონიერებაზე. თავად სიტყვათაწყობა „ვადის გაგრძელება“ იურიდიულად მკაცრად და ცალსახად ნიშნავს ნებისმიერი კონკრეტული ვადის გაგრძელებას ამავე ვადის ამოწურვამდე და არანაირად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. ამის გამო, მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ისეთი უკანონო გარიგებაა, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და ბათილია სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით;
18.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებაში არ უნდა გაუქმებულიყო;
18.3. რადგან მოსარჩელეს არ ჩაბარებია შესაგებელი, სასამართლომ უხეშად დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. მოსარჩელე არ იყო ვალდებული სასამართლო სხდომაზე გამოეთქვა პრეტენზია შესაგებლის ჩაუბარებლობაზე. სააპელაციო პალატას უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაებრუნებინა ამავე სასამართლოში შესაგებლის გასაცნობად და მასზე მოსაზრებების წარმოსადგენად.
19. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ 2015 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 54-ე მუხლით [ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს] გარიგების ბათილობის სამი ალტერნატიული წინაპირობაა განსაზღვრული: 1. არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს; 2. ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს; 3. ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
21. სსკ-ის 54-ე მუხლის თაობაზე მსჯელობისას, დოქტრინაში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს და მარტოოდენ 54-ე მუხლი სხვა ნორმების, რომლებიც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიცავენ, მითითების გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ გარიგების შინაარსის შესაფასებლად, შესაძლებელია დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული დასახელებული მუხლი, როდესაც გარიგების ამორალურობას უკავშირდება სადავო საკითხი (იხ. შდრ. სუსგ საქმე №ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი). 54-ე მუხლი მხოლოდ ბლანკეტურ, მითითებით მუხლს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილად მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველთვის კანონის კონკრეტული ნორმის მითითება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2017, გვ. 323).
22. განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მართლსაწინააღმდეგოა, თუმცა, მას არ მიუთითებია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს აღნიშნულს.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის მე-10 [სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება] და 319.1. მუხლებზე [კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას] და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის გამოვლინებაა ხელშეკრულების თავისუფლება.
24. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება: ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2017, გვ. 58). შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესის შესაბამისად განსაზღვრონ უფლება-მოვალეობები, კერძოდ, აირჩიონ სასურველი ხელშეკრულების ტიპი და მისი პირობები (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2019, გვ. 56).
25. დადგენილია, რომ 2014 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 9 000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 იანვარი. დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის 10 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 10 თებერვლამდე. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.2. ქვეპუნქტები).
26. ამდენად, ძირითადი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ახალ ვადაზე, რაც არ მიუთითებს ამ შეთანხმების კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე და იგი სრულად ექცევა მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 320,78 ლარის 70% – 224,55 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ს.მ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს გ. კ–ის (პ/ნ: .......) მიერ 2019 წლის 15 ოქტომბერს №8547334387 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 320,78 ლარის 70% – 224,55 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი