Facebook Twitter

საქმე №ას-817-2023 11 ოქტომბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „კ.ბ–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება, შვებულების თანხის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „კ.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც მ.შ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე კომპანიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 4 140 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 3 750 ლარი 2 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაცია, ხოლო 390 ლარი 2020/2021 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება იყო.

2. ბანკს მიაჩნია, რომ ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, ამასთან, ადამიანური შეცდომით გამოწვეული და მხარეების მიერ ხელმოუწერელი-არაავტორიზებული შრომითი ხელშეკრულების სასამართლოს მიერ დადებულად მიჩნევა სრულიად დაუსაბუთებელია;

3. კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი უსწორობა იმაშიც ვლინდება, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების დადგენა, ეს სადავოდ არც კი გაუხდია, თუმცა, მოითხოვა კომპენსაციის გაცემა იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულმა თვითონ გამოავლინა ნება სამუშაოდან წასულიყო და არ მოისურვა მუშაობა იმ დამსაქმებელთან, რომელსაც არ ჰქონია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სურვილი;

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:

8.1. მოსარჩელე 2020 წლის 1 აგვისტოდან დასაქმებული იყო სს „ფ.ბ.ს“-ს ბათუმის ფილიალში (ამჟამად მოპასუხე კომპანიაში) უფროსი სესხის ოფიცრის თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1 875 ლარს (იხ. ს.ფ. 16-31; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტი).

8.2. 2021 წლის 18 ოქტომბერს, სს „ფ.ბ.ს“ რეორგანიზაციის შემდეგ შეერწყა მოპასუხეს და შესაბამისად, გახდა მისი უფლებამონაცვლე (იხ. ს.ფ. 36- 38;).

8.3. სს „ფ.ბ.ს–ს“ რეორგანიზაციის პროცესში მოდავე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მოსარჩელის მოპასუხე კომპანიაში მუშაობის გაგრძელების შესახებ (იხ. ს.ფ. 61-82).

8.4. 2021 წლის 17 ივლისს, კომპანიამ მოსარჩელეს შესთავაზა უფროსი სესხის ოფიცრის პოზიცია ბანკში და აცნობა, რომ დაელოდებოდა მის დასტურს შემოთავაზებაზე. მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა თანდართული ფაილი/შრომითი ხელშეკრულების ფორმა (იხ. ს.ფ. 61-69;).

8.5. მოსარჩელემ 2021 წლის 30 სექტემბერს ელექტრონული წერილით აცნობა დამსაქმებელს, რომ უარს აცხადებდა კომპანიის შემოთავაზებაზე (იხ. ს.ფ. 70).

8.6. მოპასუხე კომპანიამ 2021 წლის 30 სექტემბერს, სს „კ.ბ–ი“-მ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა 2021 წლის 30 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი შეთანხმება N1, რომლის თანახმადაც მ.შ–ძეს მისცემდა ორი თვის შრომის ანაზღაურებას და დარჩენილ საშვებულებო ანაზღაურებას (იხ. ს.ფ. 29-31;).

8.7. 2021 წლის 7 ოქტომბერს, მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით აცნობა მოსარჩელეს, რომ წინა შეთანხმების გამოგზავნა მოხდა შეცდომით და გაუგზავნა ახალი გასწორებული ორმხრივი შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 81).

8.8. 2021 წლის 12 და 21 ოქტომბერს, დასაქმებულმა ელექტრონული წერილით აცნობა დამსაქმებელს, რომ უარს აცხადებდა ბანკის შემოთავაზებაზე, რადგანაც ამ შემოთავაზებით სამუშაო პირობები იცვლებოდა მისთვის საზიანოდ, მისაღები არ იყო ბანკის სამუშაო გარემო და სპეციფიკა, რომელსაც პირდაპირი ნეგატიური გავლენა ექნებოდა მის მუშაობაზე და შედეგებზე. მისთვის არ იყო მისაღები კრედოს საკომპენსაციო და საბონუსე სქემები, არ იყო მისაღები ბანკის მიდგომები და დამოკიდებულება შიდა და გარე მომხმარებელთან. კ.ბ–ის კულტურა, მართვისა და მუშაობის სტილი რადიკალურად განსხვავდებოდა იმ გარემოსაგან, რომელშიც ის მუშაობდა და მისთვის არ იყო მისაღები. შესაბამისად, არ აპირებდა ბანკში მუშაობის გაგრძელებას (იხ. ს.ფ. 78-79, 82-83).

8.9. 2021 წლის 27 ოქტომბერს, ბანკმა ელექტრონული ფოსტით აცნობა მოსარჩელეს, რომ ვინაიდან მას არ უცნობებია ოფიციალურად სამსახურიდან წასვლის თაობაზე და სამართლებრივად ავტომატურად გადავიდა ბანკში და იმ ეტაპზე ოფიციალურად კვლავ მათი ბანკის თანამშრომლად მიიჩნეოდა და მის ელექტრონულ ფოსტას მიიღებნენ ცნობად სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამასთან, სადავო შეთანხმება შეცდომით გადაიგზავნა, კომპანია არ ყოფილა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი და ვინაიდან ხელშეკრულება თავად დასაქმებულმა შეწყვიტა, შეთანხმების ნაცვლად, მას უნდა დაეწერა ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და რადგან ასეთი განცხადება არ დაწერილა, ელექტრონულ წერილს მიიღებნენ ასეთ ცნობად და გამოსცემდნენ შესაბამის ბრძანებას (იხ. ს.ფ. 82-83).

8.10. 2021 წლის 29 ოქტომბერს, კომპანიამ გამოსცა ბრძანება დასაქმებულის 2021 წლის 18 ოქტომბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, საფუძვლად კი მიეთითა, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება (იხ. ს.ფ. 85;).

8.11. 2021 წლის 7 დეკემბერს, დასაქმებულმა წერილობით მიმართა კომპანიას, რომ მასსა და სს „ფ.ბ.ს“-ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, ასევე, მხარეთა შორის 2021 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უნდა მიეღო კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობითა და გამოუყენებელი შვებულების შესაბამისი კომპენსაცია (იხ. ს.ფ. 32-33;).

8.12. დამსაქმებელმა 2021 წლის 24 დეკემბრის წერილით მიმართა მოსარჩელეს და განუმარტა, რომ დამსაქმებელი არ იყო ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი, შესაბამისად, დამსაქმებელს არ ეკისრებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციების გადახდის ვალდებულება საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და 48-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის გათვალისწინებით (იხ. ს.ფ. 34-35;).

8.13. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ დასაქმებული კომპანიაში სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ ასრულებს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, იგი დასაქმებულია სხვა კომპანიაში (იხ. ს.ფ. 83;).

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული საქმის შესწავლისა და გამოკვლევისათვის, გარდა იმისა, რომ ეს ინდივიდუალურად ხდება, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე განმარტებები, რომლებიც ანალოგიურ საქმეებს უკავშირდება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ნორმის განმარტება სავალდებულოა ყველა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის. ამდენად, კასატორისეული განზოგადებული მითითება, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, ერთსა და იმავე პერიოდში რამდენიმე დასაქმებულმა რატომ გადაწყვიტა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კონკურენტ დამსაქმებელთან გააგრძელა მუშაობა, მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება და სამართლებრივად უვარგისი არგუმენტია. წინამდებარე დავა დასაქმებულის ინიცირებულია სასამართლოში, ხოლო თუ რამდენიმე დასაქმებულმა ერთი და იმავე სერვის-ცენტრიდან კონკურენტ დამსაქმებელთან გადაინაცვლა და ამით რაიმე საფრთხე შეუქმნა დამსაქმებელს ან ზიანი მიაყენა, ეს სხვა დავის საგანი შეიძლება იყოს და დამსაქმებელს საკუთარი საპროცესო უფლების განკარგვა შეუძლია კანონით განსაზღვრული წესით. დამსაქმებლის ეს არგუმენტი იმ თვალსაზრისითაც არის უსაფუძვლო, რომ განსახილველი შემთხვევა არ უკავშირდება სშკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გამოყენებას-შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეზღუდვას. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით იმას ნიშნავს, რომ „ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის გამო, კომპენსაციის დაკისრებისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სშკ-ის 31.5-ე (შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად) და 48.2-ე (დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებული არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით) მუხლებიდან გამომდინარეობს.

11. განსახილველ შემთხვევასი საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფორმალურსამართლებრივი საფუძვლები და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა და დასკვნები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე რეორგანიზაციამდე უფროსი საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობდა სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1 875 ლარს შეადგენდა. მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული განჩინებით უცვლელადაა დატოვებული, 4 140 ლარი წარმოადგენდა, საიდანაც 3 750 ლარი 2 თვის შრომის ანაზღაურება, ხოლო, 390 ლარი 2020/2021 წლის გმაოუყენებელი შვებულების ანაზღაურება იყო.

12. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ ბანკის მიერ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება სშკ-ის 47.1-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) საფუძვლით მოხდა, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების საფუძველია.

13. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ.

14. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ,,ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით იმისათვის, რომ დამსაქმებელს არ მიეცეს თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო გათავისუფლების შესაძლებლობა, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი“ (იხ.სუსგ-ები: N ას-545-513-2012, 5.10. 2012წ.; N ას-106-101-2014, 2.10. 2014 წ.; N ას- 893-851-2013 , 7.11.2013წ.).

15. სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ამ ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ N ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.). ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება, მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის (სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

16. გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი დგება მაშინ, როდესაც მხარეები საკუთარ ან/და ერთმანეთის სიტყვებს ან/და ქმედებებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად, მოვლენათა განვითარებას აღწერენ განსხვავებულად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალია, გამოარკვიოს რეალურად რას გულისხმობდა მხარე სადავო სიტყვასა თუ ქცევაში. განმარტების მიზანი არ არის არსებული სამართალურთიერთობისათვის ახალი, მხარეთა მიერ მოუაზრებელი შინაარსის მინიჭება, არამედ განმარტებით მიღწეულ უნდა იქნეს მხარეთა ქმედებებისა და გამოთქმების ერთიან, ლოგიკურ ჯაჭვში მოქცევა, რომლითაც რომელიმე სახელშეკრულებო პირობას ძალა კი არ დაეკარგება, არამედ იმოქმედებს სხვა პირობებთან კოორდინირებულად (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-425-425-2018, 18.02.2021წ; №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ).

17. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251- 256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში.

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ელექტრონულ ფოსტაზე მიწერილი შეტყობინებით, მოსარჩელემ გამოხატა ნება სამსახურიდან გათავისუფლებაზე, თუმცა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დამსაქმებელმა შეუცვალა, გაუუარესა მას შრომითი ხელშეკრულების პირობები, რაც პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა დასაქმებულისათვის, რის გამოც დასაქმებული იძულებული გახდა უარი ეთქვა შეთავაზებულ სამუშაოზე და, შესაბამისად, დამსაქმებელ ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებულს ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე არ დაუწერია. ამასთან, დასაქმებულმა შემდგომში ფაქტიურად უარყო მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება და 2021 წლის 7 დეკემბრის ელექტრონულ წერილში დააფიქსირა, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, რის გამოც დამსაქმებელს სთხოვდა 2 თვის კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ბანკი არ შედავებია მოსარჩელის არგუმენტს ახლად შეთავაზებული სამუშაო პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით. დამსაქმებლის ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ დასაქმებულმა თავად დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

20. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო და მხარეთა მიერ საკუთარი საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის თვალსაზრისით, კანონიერად მიუთითა, რომ მოპასუხე ბანკი არ შედავებია მოსარჩელის არგუმენტს ახლად შეთავაზებული სამუშაო პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით. დამსაქმებლის ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ დასაქმებულმა თავად დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

21. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

22. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

23. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

24. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). ამასთან, შრომითი დავები სპეციფიკური მტკიცების ტვირთით ხასიათდება, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით იმას გულისხმობს, რომ შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-1145-1001-2016, 17.03.2017წ; N ას- 227-216-2017, 13.10.2017წ; N ას- 1263-2018, 14.12.2018წ; N ას-1418-2018, 13.12.2019წ; N ას-871-2020, 18.12.2020წ; N ას-744-2021, 28.12.2021წ; N ას-301-2022, 30.11.2022წ; N ას-799-2021, 14.12.2022წ; N ას-1378-2023, 1.03.2023წ. N ას-584-2023, 07.07.2023წ; N ას-222-2023, 23.07.2023წ; ).

25. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმა და საქართველოს საერთო სასამართლეობის პრაქტიკა სწორედ დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობის /favour prestatoris/ პრინციპის გამოყენებას ეფუძნება, რა დროსაც დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში უნდა შეფასდეს (შეად. სუსგ-ებს: Nას-941-891-2015, 29.01.2016წ. პ-48; ასევე - N ას-1295-2020. 05.02.2021წ; N ას-1291-2020, 09.02.2021წ; N ას- 102-2020. 17.02.2021წ; N ას-5112-2020, 18.02.2021წ; N ას-792-2019, 18.02.2021წ; N ას-952-2020, 05.03.2021წ; N ას- 1172-2020, 12.03.2021წ; N ას-360-2023, 11.05.2023წ; N ას-222-2023, 27.07.2023წ.). სააპელაციო სასამართლოს განჩინება მხარეთა მტკიცების ტვირთზე სწორედ სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობის მოთხოვნებს, შრომით დავებზე დადგენილ საუკეთესო სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეფუძნება, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „კ.ბ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9912340, გადახდის თარიღი 2023-06-13) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე