Facebook Twitter

30 ნოემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-292 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ე.ე–სი“, დირექტორი მ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საზოგადოების პარტნიორის მიერ აუდიტორის მეშვეობით წლიური ანგარიშის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ე.ე–სი“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან საწარმო) 2017 წლის 18 ივლისს დაფუძნდა. დაფუძნებისას საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორების წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ი.მ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) - 33%, მ.ს–ი (შემდეგში - საწარმოს დირექტორი) - 34%, დ.ს–ძე - 33%. მოგვიანებით, დ.ს–ძის კუთვნილი წილის მესაკუთრე გახდა ე.ბ-ს–ძე.

2. საწარმოს პარტნიორთა 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და ამავე თანამდებობაზე მ.ს–ი დაინიშნა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის საფუძველზე აღძრული დავის (საქმე N2/10888-20, მოწინააღმდეგე მხარის სარჩელისა გამო ე.ბ–ს–ძისა და მ.ს–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე) ფარგლებში, მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინების საფუძველზე საწარმოს დირექტორ მ.ს–ის მიერ განხორციელდა საწარმოს გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა.

4. მოსარჩელემ, როგორც საწარმოს პარტნიორმა, მოპასუხეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება საწარმოში აუდიტის ჩატარების შუამდგომლობით.

5. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა, რომ საწარმოს დირექტორს დავალებოდა მისთვის საწარმოს 2017-2020 წლების პერიოდის წლიური ანგარიშებისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის წარდგენა და მათი სისწორის შემოწმების მიზნით აუდიტორის მეშვეობით სრული დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე საწარმოს დირექტორს 2017-2020 წლების პერიოდის წლიური ანგარიშებისა და საწარმოს ყველა პუბლიკაციის მოსარჩელისათვის გადაცემა და აღნიშნული ანგარიშების სისწორის შემოწმების მიზნით აუდიტორის მეშვეობით სრული დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფა დაევალა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა: საქმის მასალებით არ დასტურდებოდა გარემოება იმის თაობაზე, რომ დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ ვალდებულება მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა და მოსარჩელეს ყველა ის დოკუმენტაცია გადასცა, რასაც ეს უკანასკნელი ითხოვდა. ამასთან, მოსარჩელის სურვილი, მიეღო კონკრეტული დოკუმენტაცია, არ იყო მიმართული საწარმოს ინტერესების წინააღმდეგ.

8.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის, როგორც პარტნიორის უფლებაა, მოითხოვოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ, რომელთა სისწორის შემოწმების მიზნით უნდა მოხდეს სრული დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფა აუდიტორის მეშვეობით („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში სპეციალური კანონის 3.10 და 46.4 მუხლები). შესაბამისად, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ სარჩელი წარმატებულად მიიჩნია და მისი დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ)

საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყო საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება.

მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა მითითებული კანონის 3.10 მუხლის სადავო სამართალურთიერთობის აღმოცენების პერიოდში მოქმედ რედაქციაშია წარმოდგენილი (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო 46.4 (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) მუხლით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონის აღნიშნული დანაწესი ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს.

ამრიგად, სასამართლომ მართებულად დაავალა მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა, რადგან საწარმოს პარტნიორი ასეთი დოკუმენტაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირია და სამეწარმეო სუბიექტის რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება პარტნიორის ერთ ერთ ფუნდამენტურ უფლებებს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ კანონმდებელმა დაადგინა პარტნიორის დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმი, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო

პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.ე–სის“ (დირექტორი მ.ს–ი) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ე.ე–სს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ს–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 16728616304, გადახდის თარიღი 13.04.2023) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე