Facebook Twitter

16 ნოემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-377-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ა.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.გ–ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი - შპს „ა.ბ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ი მდებარე 1975 წელს აშენებულ ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი რ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა.

2. შპს „ა.ჯ–ამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2013 წლის 31 ივლისის N62/01-06 ნებართვის საფუძველზე, შუახევჰესის პროექტი განახორციელა, რომელიც ითვალისწინებდა ორი დამოუკიდებელი ჰესის, აჭარის ა.რ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში „შუახევჰესის“ და „სხალთა ჰესის“ მშენებლობასა და ოპერირებას, ნებართვა ძალაში იყო 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

2.1. მოპასუხე კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ერთ-ერთი გვირაბი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ი, კერძოდ, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ქვეშ გაიყვანა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებითი სამუშაოები გამოიყენა.

3. 2014 წელს, ჰესის მშენებლობის დაწყებამდე, შეიქმნა აჭარის ა.რ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში „შუახევჰესის“ და „სხალთა ჰესის“ მშენებლობის არეალში მოხვედრილ სოფლებში საცხოვრებელი სახლებისა და საკუთრება-სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდა აჭარის ა.რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახური, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შპს ,,გ.ე.ჯ–ის“ წარმომადგენლები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ,,კომისია“).

კომისიამ მშენებლობის დაწყებამდე შეისწავლა სამუშაოების არეალში მოსახვედრი სოფლების მაცხოვრებელთა საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობა.

3.1. 2014 წლის 5 სექტემბერს შედგენილი აჭარის ა.რ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში „შუახევჰესის“ და „სხალთა ჰესის“ მშენებლობის არეალში მოხვედრილ სოფლებში საცხოვრებელი სახლებისა და საკუთრება-სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერის N89 აქტით, ,,მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისა და საკუთრება/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომრეობის შესწავლით, დადგინდა, რომ საკარმიდამო ნაკვეთი მდებარეობდა ძველ მეწყრულ ფერდზე, საცხოვრებელი სახლი ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობაა, დეფორმაცია არ ჰქონდა“. აღნიშნული არც მოპასუხესა და არც შპს „ა.ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პრი) სადავოდ არ გაუხდიათ.

4. 2016 წლის 22 ივნისს, იმავე კომისიამ N5(89) აქტი შეადგინა, რომლის თანახმად, ,,მოსარჩელის შენობა არის ორსართულიანი მძიმე კონსტრუქციის. 2014 წლის მონაცემებით სახლს დეფორამაცია არ აღენიშნებოდა. დღეის მდგომარეობით კი, სახლს აქვს ბზარები, გადახურვის ფილაზეც და გაბზარულია კაფელიც, ფერდობები, ბოსტანი დამეწყრილია.“

კომისიამ დაადასტურა სამსენებლო სამუშაოების დაწყებამდე დეფორმაციისა და დაზიანების არარსებობა, ამასთან, დააფიქსირა შემოწმების პერიოდში სახლის ფაქტობრივი მდგომარეობა.

4.1. ჰესის მშენებლობის დაწყებამდე სახლი დაზიანებული არ ყოფილა. კერძოდ, სახლი აშენებულია მეწყრული მოვლენებით მდიდარ არეალში და მდებარეობდა ფერდობზე, დაქანებულ ტერიტორიაზე, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა მეწყრული მოვლენების აქტიურობის მიმართ;

თუმცა, მიუხედავად არახელსაყრელი მდებარეობისა და საცხოვრებელი სახლის დაზიანების დიდი ალბათობისა, ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ანუ 2014 წლამდე, თითქმის 40 წლით ადრე აშენებულ სახლს დეფორმაციისა და მეწყრული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

4.2. აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მიერ გაცემული შუახევი ჰესის მშენებლობის არეალში მოხვედრილი კერძო მესაკუთრეების საცხოვრებელი სახლებისა და საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ტექნიკური მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრების ერთობლივი განცხადების თანახმად, კომისიის მიერ განხილული იქნა შენობების საცხოვრებლად ვარგისიანობის საკითხი და დადგინდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სახლები (ნუსხა და შემოწმების აქტები თან დაერთო).

სხვა ფუნქციები, როგორიცაა ხარჯთაღრიცხვების შედგენა და ფინანსური კომპენსაციები მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. მოპასუხეს გაეგზავნა მოსახლეობის მიერ შემოსული განცხადებების საფუძველზე ერთობლივი კომისიის მიერ ხელმეორედ გადამოწმებული 86 საცხოვრებელი სახლის (ხულო-56, შუახევი-30) ინსპექტირების შედეგები და აქტები.

შემოწმება განხორციელდა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ინავრის ჩათვლით. თანდართული ნუსხის თანახმად, სოფელ ღ–ი მითითებულია მოსარჩელეც, რომლის საცხოვრებელი სახლსაც მიღებული ჰქონდა მცირე ხარისხის დეფორმაცია.

5. 2017 წლის 8 სექტემბერს ხულოს მუნიციპალიტეტმა მოსარჩელეს - 1889,00 ლარი დაურიცხა, შემდეგი დანიშნულებით: ხულოს მუნიციპალიტეტში შუახევჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები საჭიროებდა აღდგენითი-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, თანხა გადაირიცხა ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში.

6. დამოუკიდებელი ექსპერტის ინჟინერ-კონსტრუქტორის ვ. ბ–ძის 2019 წლის 9 სექტემბრის დასკვნით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროა მისი გამაგრებითი სამშენებლო სამუშაობის შესრულება. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციი (გამაგრების) სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 41004.9 ლარია.

7. მოპასუხე კომპანიის ინსპექტირების ჯგუფმა საცხოვრებელი სახლები პირველად 2014 წელს შეამოწმა, შუახევჰესის მშენებლობის საწყის ეტაპზე, ხოლო 2016 წლის ზაფხულში, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, განმეორებით შეისწავლა იმავე საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა.

აღნიშნული ინსპექტირების შედეგების შესაბამისად, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, გამოვლენილი იქნა 162 დაზიანებული შენობა-ნაგებობა, რომელთა უმრავლესობა აქტიური შეწყრული პროცესების და სამშენებლო სტანდარტების დარღვევით აშენებულ შენონებებს წარმოადგენდა, შესაბამისად, განხორციელებულმა ინსპექტირებამ ვერ გამოავლინა ურთიერთკავშირი ,,ა.ჯ–ას“ საქმიანობასა და შენობა-ნაგებობის დაზიანებას შორის.

აღნიშნულის მიუხედავად, საყურადღებოა, რომ კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეკომიგრანტთა ოჯახებისთვის სახლით უზრუნველყოფით პროგრამაში ჩართვის მიზნით, გამოყო - 5000 ლარი, რომელიც მათი განმარტებით არ იყო კომპენსაცია.

8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა მიზეზობრივი კავშირი მათ ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 41004.9 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება მათ ბრალეულ ქმედებას არ გამოუწვევია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, უსაფუძვლოდ გაიზიარა საქმეში არსებული ერთობლივი კომისიის დასკვნა და შესაბამისად დაუსაბუთებლად უარყო აჭარის ა.რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2016 წლის 27 სექტემბრის დასკვნა, სადაც ნათლად იკვეთება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების რეალური მოტივი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის სავალდებულო სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და მათი მართებული შეფასება მოახდინა.

18. მოპასუხის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ შესრულებულ აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს საკუთარ ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

19. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

20. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კომისიური შემოწმების აქტზე, რომლის თანახმადაც, 2014 წლის მდგომარეობით, ანუ მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებამდე როდესაც კომისიამ შეამოწმა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლი, მას არ აღენიშნებიდა არანაირი დეფორმაცია ან/და დაზიანება, იმის მიუხედავად, რომ იგი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა.

დადგენილია, რომ კასატორის მიერ ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდა 2014-2016 წლებში.

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის მდგომარეობით, როდესაც ამავე კომისიამ განმეორებით შეამოწმა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, მას უკვე აღენიშნება ბზარები, გადახურვის ფილაზე და გაბზარული იყო კაფელიც, ფერდობები და ბოსტანი იყო დამეწყრილი.

ამდენად, ცალსახადაა დადასტურებული, რომ მოსარჩელის საცხოვრებელმა სახლმა დაზიანება სწორედ 2014-2016 წლებში, ანუ კასატორის მიერ ჰესის მშენებლობის პერიოდში მიიღო.

21. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

21.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

21.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

21.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

21.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

21.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.

მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

22. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მოსარჩელის სახლთმფლობელობის შემოწმების კომისიური აქტის საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით.

ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მართებულად იხელმძღვანელა დამოუკიდებელი ექსპერტის ინჟინერ-კონსტრუქტორის ვ. ბ–ძის 2019 წლის 9 სექტემბრის დასკვნით, რომლის მიხედვით მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის (გამაგრების) სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 41004.9 ლარია; გასათვალისწინებელია, რომ ალტერნატიული ხასიათის და სარწმუნო შინაარსის გამოკვლევა ამავე საკითხზე კასატორს არ წარმოუდგენია; ეს გარემოებები კი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან სწორად იქნა მიჩნეული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, შესაბამისად საკასაციო პალატა მიმოიხილავს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

26. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე