Facebook Twitter

საქმე №ას-771-2022 16 ნოემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ს–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ს–ი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) ქ.თელავის ისტორიულ მუზეუმში 1979 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელე სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი იყო და მისი ყოველთვიური ხელფასი 333 ლარს შეადგენდა.

2. სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმის (შემდეგში - მოპასუხე, საწარმო ან დამსაქმებელი) დირექტორის 2019 წლის 1 მაისის ბრძანებიდან ირკვევა, რომ საწარმოში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე მოშლის ან მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ყველა თანამშრომელი უნდა გაეფრთხილებინათ. ხსენებულ ბრძანებას მოსარჩელე სხვა თანამშრომლებთან ერთად გაეცნო, რაც ხელმოწერით დაადასტურა.

3. 2019 წლის 15 იანვრის საშტატო ნუსხის მიხედვით, მოპასუხე საწარმოში განსაზღვრული იყო 55 საშტატო ერთეული, მათ შორის, არსებობდა სამეცნიერო განყოფილების მენეჯერის 1 საშტატო ერთეული, რომლის თანამდებობრივი სარგო 333 ლარით იყო განსაზღვრული. ამასთან, წლიური შრომის ანაზღაურება ყველა საშტატო ერთეულისთვის 224 000 ლარს შეადგენდა.

2019 წლის 16 აპრილს ახალი საშტატო ნუსხა დამტკიცდა, რომლითაც 55 საშტატო ერთეულის ნაცვლად 30 საშტატო ერთეული ჩამოყალიბდა. ახალი საშტატო ნუსხით გაუქმდა სამეცნიერო განყოფილების მენეჯერის საშტატო ერთეული, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. ამავდროულად, დასაქმებულ პირებს შრომითი ანაზღაურება გაეზარდათ.

4. მოპასუხე საწარმოში ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ზოგიერთ თანამდებობაზე თანამშრომელთა დანიშვნის მიზნით კანდიდატურების შესარჩევი კომისიის 2019 წლის 3 ივნისის N1 სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ სამინისტროსთან შეთანხმებული ახალი საშტატო ნუსხის ფორმირება სხვადასხვა გარემოებებს ეფუძნებოდა, რამაც ჯამურად საშტატო ერთეულების შემცირება გამოიწვია.

ახლადშექმნილი საშტატო ერთეულების დაკავების მიზნით კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდა და ვაკანტურ თანამდებობებზე მუზეუმის წინაშე არსებული გამოწვევების, გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე/ზეპირ დავალებებზე მიღებული პასუხების, კონკრეტული პოზიციის სპეციფიკისთვის საჭირო უნარებისა და კრიტერიუმების ან/და საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის, ასევე, ანალოგიურ პოზიციაზე სხვა კონკურსანტების მიერ გამოვლენილი უპირატესობის გათვალისწინებით იმ პირთა სია განისაზღვრა, რომლებიც თანამდებობებზე დასანიშნად არ წარადგინეს, მათ შორის იყო მოსარჩელე.

5. კომისიის ზემომითითებული სხდომის ოქმი მიხედვით, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო კონკურსში საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერისა და საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტის პოზიციებზე.

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად უპირატესობა იმ კანდიდატებს მიენიჭათ, რომლებიც სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე სათანადო ცოდნას ფლობდნენ, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/ განხორციელების გამოცდილება და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ან/და მუზეუმში უკვე არსებული საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწის/განვითარების თაობაზე შესაბამისი ხედვები/სათანადო მიდგომა ჰქონდათ.

6. 2019 წლის 15 ივნისის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2019 წლის 15 ივნისიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და დასაქმებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

7. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

8. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

კანდიდატურების შესარჩევი კომისიის 2019 წლის 3 ივნისის N1 სხდომის ოქმისა და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საშტატო ნუსხის ფორმირება გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებით - მუზეუმის რეაბილიტაციით, კერძოდ, ფონდსაცავების თემატური ნიშნით გაერთიანებით და რეაბილიტაციის შედეგად ბატონის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობების აღებით, რის გამოც საექსპოზიციო დარბაზები მხოლოდ ორ შენობაში დარჩა განთავსებული. ყოველივე ზემოაღნიშნულმა წარმოქმნა გიდების, მეთვალყურეების და სხვა თანამშრომლების მიერ დაკავებული საშტატო ერთეულების შემცირების საფუძველი.

10.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მტკიცების გაზიარების პირობებშიც, რომ მის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული სამეცნიერო განყოფილების მენეჯერის თანამდებობა, ფუნქცია-მოვალეობებით მსგავსი იყო ახლადშექმნილი საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერისა და საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტის თანამდებობისა, ვერ გახდებოდა აღნიშნული პოზიციიდან რომელიმე მათგანზე დასაქმებულის პირდაპირ დანიშვნის საფუძველი, ვინაიდან უდავო იყო დამსაქმებელ ორგანიზაციაში შრომითი ძალის შემცირების ფაქტი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სხვა დასაქმებულებსაც თანაბარ პირობებში აძლევდათ იმის შესაძლებლობას, რომ ახლად შექმნილი პოზიციები დაეკავებინათ.

10.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაკი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა უშუალოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის იდენტური თანამდებობა, სადაც მისი პირდაპირი წესით გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი, კონკურსი გასაუბრების ფორმით ჩატარდა, თუმცა მოსარჩელის კანდიდატურა მის დაინტერესებაში არსებულ თანამდებობებზე არ შერჩეულა, რაც მას სადავოდ არ გაუხდია და კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია; ამდენად, აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად მისი კანდიდატურის უარყოფითად შეფასება (კონკურსის) განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა.

10.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის ქმედება კანონიერი იყო, მოსარჩელის შრომით უფლებებს არ არღვევდა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 54-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას არ ქმნიდა, ვინაიდან დამსაქმებლის ნება სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.1. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, გაუქმებული შტატის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურული ერთეული შემოიღეს, რომლებიც შინაარსობრივად იგივე ფუნქცის მქონეა.

ამასთან, ახლადშექმნილი სამუშაო შტატებისთვის განსაზღვრული ხელფასი მოსარჩელის ხელფასს ბევრად აღემატება. შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანება კანონშეუსაბამოა და საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთანაც წინააღმდეგობაშია.

11.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში მოპასუხე საწარმოს ყოფილმა თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ გასაუბრებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რომლის მიმდინარეობის პროცესში არავინ არ დაინტერესებულა კანდიდატთა შრომითი გამოცდილებით ან უნარებით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნები, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

14. განსახილველი სარჩელის ავტორს, რომელსაც სამუშაოდან მისი განთავისუფლება უკანონოდ მიაჩნდა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა სურდა, უწინარესად, სადავო ბრძანების კანონშეუსამობა და, აქედან გამომდინარე, სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა უნდა დაედასტურებინა.

15. სარჩელის დასახელებული მოთხოვნები სშკ-ის 38.8 (გასაჩივრებული ბრძანების მიღების პერიოდისთვის მოქმედი რედაქცია) (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების კონკრეტული საფუძვლის კვლევის შედეგად.

მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყველა ბრძანებას თავისი ინდივიდუალური საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

ამდენად, დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, მოცემული საკითხის გარკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის სრულყოფილად შესწავლა გაანალიზების პირობებში (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177). ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

18. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:

- „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად...

ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (იხ. სუსგ: №ას-1029-2020, 2.12.2020).

- „სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით“ (იხ. სუსგ: №ას-280-2020, 5.03.2021).

19. სანამ სადავო ბრძანების კანონიერების შეფასებას შევეხებით, აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

ამდენად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაადასტუროს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მის მიერ მითითებული მიზეზების გათვალისწინებით აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული.

20. ზემოაღნიშნული საკითხის შეფასება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს განთავისუფლების გონივრული საფუძველი.

ამასთან, იმისთვის, რომ სასამართლომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება და მათი გავლენა დასაქმებულზე, აუცილებელია, შეფასდეს, თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა.

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული, რამაც უნდა გამორიცხოს მცირედი ეჭვის არსებობის საფუძველი, რაც დასაქმებულის კანონიერი ინტერესის ხელყოფის ფაქტს მიემართება. ანალოგიურ განმარტებებს შეიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის, Nას-224-224-2018, 18.05.2018წ.

21. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო, დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ:

დადგენილია, რომ მოპასუხე საწარმოში ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ზოგიერთ თანამდებობაზე თანამშრომელთა დანიშვნის მიზნით კანდიდატურების შესარჩევი კომისიის 2019 წლის 3 ივნისის N1 სხდომის ოქმის მიხედვით, ახლადშექმნილი საშტატო ერთეულების დაკავების მიზნით კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდა.

ვაკანტურ თანამდებობებზე მუზეუმის წინაშე არსებული გამოწვევების, გასაუბრებაზე დასმულ კითხვებზე/ზეპირ დავალებებზე მიღებული პასუხების, კონკრეტული პოზიციის სპეციფიკისთვის საჭირო უნარებისა და კრიტერიუმების ან/და საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის, ასევე, ანალოგიურ პოზიციაზე სხვა კონკურსანტების მიერ გამოვლენილი უპირატესობის გათვალისწინებით იმ პირთა სია განისაზღვრა, რომლებიც თანამდებობებზე დასანიშნად არ წარადგინეს, მათ შორის იყო მოსარჩელე.

საკასაციო პალატის განსჯით, ზეპირი გასაუბრების ფორმით ჩატარებული შესარჩევი კონკურსის პირობებში სწორედ დამსაქმებელს ეკისრება საპროცესოსამართლებრივი ვალდებულება არაორაზროვნად, სათანადო რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენით დაადასტუროს, რომ მოსარჩელესთან გასაუბრებისას, გაცემული პასუხების ხასიათი იძლეოდა სხვა პირებისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ამგვარი ხასიათის მტკიცებულებანი საქმის მასალებში არაა დაცული და საკასაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელესთან მიმართებით სხვა კონკურსანტების უპირატესობის შესახებ დასკვნის ჩამოყალიბება არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან.

22. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა არჩევანისას უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენაჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.; შდრ. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).

23. ამდენად, განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება, რაც, თავის მხრივ, განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძველია.

24. სშკ-ის 48.8 მუხლში მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). განთავისუფლების კანონშეუსაბამობის დადასტურება, პირველ რიგში, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას განაპირობებს, თუკი სადავო ადგილი ვაკანტურია.

იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, თანმდევ მოთხოვნათა დაკმაყოფილების წინაპირობაც გამოიკვეთა, თუმცა სშკ-ის 38.8 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი დეფინიციიდან გამომდინარე, რაკი მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ არის, არსებობს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაცვლად კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილი გარემოებებს ასევე კასატორის ინდივიდუალურ მახასიათებლებს (მათ შორის: დასაქმებულის ასაკი, სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაცია, შრომითი ანაზღაურების ოდენობა, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა და პოტენციურად სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივა) და არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რომელთა გათვალისწინებითაც დასაკისრებელი სამართლიანი კომპენსაციის მოცულობას განსაზღვრავს კასატორის 36 თვის პერიოდში მისაღები ხელფასის (გადასახადის გამოქვითვის შემდეგ მიღებული თანხა) მოცულობით და მოწინააღმდეგე მხარეს აკისრებს (333:100X80=266,4; 266,4X36=9590,4) 9590,4 ლარს.

25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

26. სსსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 550 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ.ს–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ.ს–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ თელავის ისტორიულ მუზეუმს ლ.ს–ს სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 9590,4 ლარის გადახდა;

5. სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმს ლ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 550 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე