Facebook Twitter

30 ნოემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-780-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ.ღ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, .... მდებარე №.... (შემდეგში - პირველი უძრავი ნივთი ან პირველი უძრავი ქონება) და №......... (შემდეგში - მეორე უძრავი ნივთი ან მეორე უძრავი ქონება) საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთები ლ.ჯ–ძისა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და დ.ღ–ნის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) თანასაკუთრებაში ირიცხება.

2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 20 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით უძრავი ქონებების ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად გამიჯვნის შემდეგი ორი შესაძლებლობა არსებობს:

პირველი ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში, 168.58კვ.მ ფართიდან ½ წილის მფლობელს, შესაძლებელია, გამოეყოს დანართ №4-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 84.29კვ.მ. ფართი, რაც შეესაბამება მისი ½ წილის შესაბამის 84.29კვ.მ-ს, ხოლო, მეორე ½ წილის მფლობელს, შესაძლებელია, გამოეყოს დანართ №4-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 84.29კვ.მ ფართი, რაც შეესაბამება მისი ½ წილის შესაბამის 84.29კვ.მ-ს. ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭიროა ამოშენდეს და მოეწყოს დანართ №4-ზე წითელი ფერით აღნიშნული კარის ღიობები, ტიხარი და ლურჯი ფერით აღნიშნულ ნახევარსარდაფში ჩასასვლელი.

მეორე ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში, 168.58კვ.მ ფართიდან პირველი ½ წილის მფლობელს, შესაძლებელია, გამოეყოს დანართ №5-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 84.30 კვ.მ. ფართი, რაც 0.01კვ.მ-ით მეტია მისი ½ წილის შესაბამის 84.29კვ.მ ფართზე, ხოლო, მეორე ½ წილის მფლობელს, შესაძლებელია, გამოეყოს დანართ №5-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 84.28კვ.მ. ფართი, რაც 0.01კვ.მ-ით ნაკლებია მისი ½ წილის შესაბამის 84.29კვ.მ ფართზე. ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭიროა ამოშენდეს დანართ №5-ზე წითელი ფერით აღნიშნული ღიობები.

3. უძრავ ქონებებზე საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონებებზე საზიარო უფლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 დეკემბრის დასკვნის #4 დანართის შესაბამისად იმგვარად გაუქმდა, რომ ყვითელი ფერით მონიშნული ფართი მოსარჩელის, ხოლო, ლურჯი ფერით მონიშნული ფართი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის თანახმად, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართის გაყოფა შესაძლებელი იყო ექსპერტიზის დასკვნის მეოთხე დანართის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც საზიარო საგნები იძლევა შესაძლებლობას დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად;

ამასთან, ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის საბაზრო ღირებულება, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართის გამიჯვნა ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე შესაძლებელია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა უძრავი ნივთის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 953-ე, 961.1, 963-ე მუხლები).

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

- კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობაშია ანალოგიურ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომლითაც საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა გამოირიცხება, თუკი საქმეზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისა და სპეციალური უწყებებიდან შესაბამისი ნებართვის აღების აუცილებლობა გამოიკვეთება.

ამავე დავების განხილვისას საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით ხდება. მითითებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული საზიარო საგნის გაყოფის ფორმა, რომელიც ქონების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

13. განსახილველ შემთხვევაში, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 961.1 და 963-ე მუხლები. ამ ნორმების თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება; საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

თავდაპირველად მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული.

ასეთი წესით საზიარო ქონების გაყოფისათვის გარკვეული ფაქტობრივი წინაპირობების არსებობაა საჭირო, კერძოდ: საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება.

როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ №ას-67-65-2014, 31.07.2014; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013; №ას-1089-1020-2012, 8.10.2012; №ას-932-875-2012, 17.09.2012; №ას-1665-1562-2012, 4.02.2013).

14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საზიარო საგანი ორი უძრავი ქონებაა. აღნიშნული უძრავი ნივთები ორი პირის საკუთრებაშია აღრიცხული, რომლებიც განსახილველი დავის მხარეები არიან და თითოეულს საზიარო საგნის მიმართ თანაბარი ოდენობის წილობრივი უფლება აქვს.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის უმთავრესი გარემოება: უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმება შესაძლებელია. აღნიშნული დასკვნა ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნიდან, რომლითაც დადგენილია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართი შეიძლება გაიმიჯნოს ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა უძრავი ნივთის ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა, რაც ქმნიდა კიდეც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

15. რაც შეეხება უძრავი ქონების რეკონსტრუქციის აუცილებლობის პირობებში საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე კასატორის მითითებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა, ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, სადაც მკაფიოდაა მითითებული, რომ: მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართის გამიჯვნა, ორ იზოლირებულ (1/2 და 1/2) ნაწილად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვითაა შესაძლებელი. მოცემული დასკვნის და მასში აღნიშნული უმნიშვნელო ხასიათის სარეკონსტუქციო ხასიათის სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და წესებთან ჰარმონიული თანხვედრის უარმყოფელ არგუმენტაციას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს, რაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კასატორის მტკიცების ტვირთში შედიოდა და რომელიც საკასაციო საჩივრის ფარგლებში დაძლეული ვერ იქნა (სსსკ-ის 102.1, 103.1, 105-ე მუხლები).

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ღ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ღ–ნს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ. ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 6550, გადახდის თარიღი - 2.06.2023) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე