Facebook Twitter

საქმე №ას-1183-2021

2 ნოემბერი, 2023 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე,

მირანდა ერემაძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ბ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარეები - ჯ.შ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

თანამოპასუხე - ა.შ–ძე (არასრულწლოვანი)

არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. არასრულწლოვანი შვილის - ა.შ–ძის (შემდეგში - არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად მამის - ჯ.შ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2. მოგვიანებით, იმავე სასამართლოს შეგებებული სარჩელი მიმართა ნ.ბ–ძემ (შემდეგში - შეგებებული მოსარჩელე, მოპასუხე ან კასატორი), რომელმაც მოითხოვა: არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის - მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით:

3.1. სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3.2. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.3. შვილთან ურთიერთობის წესი მოსარჩელეს თავდაპირველად შემდეგნაირად განესაზღვრა: პირველი ორი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად პარასკევის 12 საათიდან კვირა დღის 21 საათამდე, ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით:

5.1. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

5.3. სარჩელი დაკმაყოფილდა;

5.4. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი;

5.5. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

5.6. დედას, მოპასუხეს, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა განუსაზღვრელი დროით ურთიერთობის საშუალება, ღამისთევის გარეშე (აღსრულებაუნარიანობის გათვალისწინებით) - მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

5.7. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების სწორად გადაწყვეტის ხელშესაწყობად (რაც უპირველესად დედისა და არასრულწლოვნის ურთიერთობის აღდგენას გულისხმობს) ეფექტიანი ღონისძიებები გაეტარებინა, სახელდობრ, შეემუშავებინა ეფექტური სტრატეგია, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ იქნებოდა მიმართული;

5.8. არასრულწლოვნის დედისადმი არსებული ნეგატივიზმის დასაძლევად სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალა, მოიშველიებინა - სპეციალისტი, ფსიქოლოგი ჩაერთო, რომელიც ბავშვთან და მის მშობლებთან იმუშავებდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ერთობლივად, შესაბამის თერაპიულ გარემოში. ამ პროცესში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად გაეთვალისწინებინა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქმეში არსებულ ააიპ ,,ახალი ინიციატივა, ახალი შესაძლებლობების“ ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაშია წარმოდგენილი;

5.9. დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაწყვეტილების ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული ღონისძიებების გატარება დაუყოვნებლივ დაეწყო.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;

8. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, სახელდობრ, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება - მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის 3.2 (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83.1 (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) მუხლებით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273.2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. სსსკ-ის 355-ე მუხლში მოცემულია სასამართლოს მიერ დროებითი განკარგულების მიღების შემთხვევათა ჩამონათვალი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, განჩინების გამომტან სასამართლოს შეუძლია, მხარეთა განცხადების საფუძველზე, შეცვალოს ან მთლიანად გააუქმოს თავისი განჩინება.

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სასამართლოს საგამონაკლისო უფლებამოსილებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არ დაელოდოს არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღებას და იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება (განჩინების სახით) საქმის საბოლოო განხილვამდე, რათა გარკვეული ვადით მოაწესრიგოს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის საკითხი.

საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დროებითი განკარგულების გაუქმების საკითხზე მორიგების აქტით მხარეები არ შეთანხმებულან, ამავდროულად აშკარაა, რომ აღნიშნული საპროცესო აქტის მიღების უმთავრეს მიზანს სწორედ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეთა ურთიერთობის მოწესრიგება წარმოადგენს და ვინაიდან მხარეებს შორის მორიგება იქნა მიღწეული სასამართლო აუქმებს მოცემულ საქმეზე დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივნისისა და 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებებს.

13. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი. რაკი მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების, ანუ საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე გამოავლინეს, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელწიფო ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ნ.ბ–ძეს (პ/ნ .......) და, მეორე მხრივ - ჯ. შ–ძეს (პ/ნ ........) შორის, შემდეგი პირობებით:

1.1. ბავშვის - ა.შ–ძის (დაბადებული 2012 წლის 6 ივნისს, პ/ნ ......) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.

1.2. ა.შ–ძის სურვილის შემთხვევაში, დედას, ნ.ბ–ძეს მიეცეს უფლება, შვილი ინახულოს და თავის საცხოვრებელ ადგილას წაიყვანოს ყოველი კვირის შაბათს 12.00 (თორმეტი) საათიდან კვირა დღის 20.00 (ოც) საათამდე, მამის საცხოვრებელ ადგილას უკან დაბრუნების ვალდებულებით.

1.3. ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მშობლებმა უზრუნველყონ შვილის დედასთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით ფსიქოლოგის ჩართულობა და მასთან ვიზიტი, თვეში არანაკლებ 2-ჯერ, მამის საცხოვრებელ ადგილას ან ფსიქოლოგის მიერ შერჩეულ ადგილას. ორივე მხარე გაინაწილებს ფსიქოლოგის ჩართულობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ შეასრულებენ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს, ეთანხმებიან მორიგების აქტის პირობებს და ადასტურებენ ხელმოწერით.

6. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

7. გაუქმდეს დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივნისისა და 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებები.

8. შეწყდეს წარმოება №ას-1183-2021 სამოქალაქო საქმეზე.

9. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

10. ნ.ბ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ გადახდილი (გადახდის თარიღი 30.11.2021; საგადახდო დავალება 12091961648; ,,საქართველოს ბანკი“) სახელწიფო ბაჟი 300 ლარი.

11. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები : ამირან ძაბუნიძე

მირანდა ერემაძე