Facebook Twitter

16 ნოემბერი, 2023 წელი,

საქმე №ას-1224 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ი–ლი ?“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ა–ვი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ.მ–ვი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ი–ლი ?“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ..-ლი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, ს.ა–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხესა და გ.მ–ვს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მძღოლი) მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 4 740 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.

საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მესაკუთრის მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ არ გასულა დაუსაბუთებელია. განსახილველი საკითხი სამართლებრივად არასწორად შეფასდა და მიღებული განჩინება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ავტომანქანა „ფოლკსვაგენ გოლფს“, რომელსაც მართავდა მოსარჩელე, 2020 წლის 26 ნოემბერს, თბილისში, მოსკოვის გამზირი #10-ის მიმდებერედ, ავტოსაგზაო შემთხვევისას შეეჯახა პირველი მოპასუხის კუთვნილი ‘’ოპელის‘’ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მეორე მოპასუხე მართავდა.

4.4. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად და ბრალეულ პირად მიჩნეულ იქნა მეორე მოპასუხე, კერძოდ, დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მეორე მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ, სახელდობრ, ,,ოპელის’’ მძღოლმა რომელიც მოძრაობდა მოსკოვის პროსპექტზე, ჯავახეთის ხიდების მიმართულებით, არასწორი მანევრის გამო, დაკარგა მართვა, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით და შეეჯახა ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანას მოსკოვის პროსპექტზე, სამგორის ქუჩის მიმართულებით (იხ. საჯარიმო ქვითარი).

4.5. ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 დეკემბრის დასკვნა).

4.6. ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანი - 4 700 ლარია (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 დეკემბრის დასკვნა).

4.7. ევაკუატორით მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 40 ლარი, ხოლო ექსპერტიზის ხარჯი - 765 ლარია.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

7. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სახეზეა თუ არა სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები.

თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი.

შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

სსკ-ის 408.1 მუხლის თანახმად კი, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409 მუხლი).

ამდენად, კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მეორე მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (იხ. საჯარიმო ქვითარი). გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, დაზიანდა მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია (იხ. ექსპერტიზის დასკვა).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური ნორმის - სსკ-ის 999.1 (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი) მუხლის გამოყენებას განაპირობებს ავტოსატრანსპორტო საშუალების, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, მესაკუთრის მიმართ დაწესებული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა განპირობებულია ნივთის სპეციფიკური თვისებებით - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.). ნორმის მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხისშემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო უარყოფით შედეგების მიმართ.

დადგენილია, რომ ზიანი პირველი მოპასუხის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია. ამასთან, სადავო არ არის, რომ მეორე მოპასუხე უშუალოდ მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოვლენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999.1 მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები, რაც პირველი მოპასუხისთვის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს წარმოადგენს, კასატორის პრეტენზია კი, რომ მეორე მოპასუხის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გაქირავებული ჰქონდა მესამე პირზე (ა. კ–ი), სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

დადგენილია, რომ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანი - 4 700 ლარი, ევაკუატორით მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 40 ლარი, ხოლო საექსპერტო მომსახურების ხარჯი - 765 ლარია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და შპს „ა.ჯ–ას“ მიღება-ჩაბარების აქტებით.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლეს დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანი 4700 ლარზე ნაკლებია.

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა არგუმენტები და მტკიცებულებები სათანადოდ გამოიკვლია და მართებულად დაადგინა, რომ სახეზეა დელიქტური ვალდებულების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება; რამაც სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება განაპირობა.

8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

9. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #18444456267, გადახდის თარიღი 04.09.2023 წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი–ლი ?-ის “ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ი–ლი ?“ (ს/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 % - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე