საქმე № ას-1312-2023 9 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ.ბ–ძე, ბ.ი–ძე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი" (საარბიტრაჟო მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შპს „დ.გ.ც–ის" (საქმე #2306) 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით, სს „ბ.რ–ის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2. 2023 წლის 29 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს ,,ტ.კ–ის“ წარმომადგენელმა, და ზემოაღნიშნულ საქმეზე სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ჩართვა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ 2022 წლის 21 იანვარს მიღებული N2ბ/4255-13 განჩინებიდან და 2014 წლის 25 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მ.ბ–ძისა და ბ.ი–ძის მიმართ შეიძინა შპს ,,ტ.კ–მა“ (იხ. მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება).
3. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, განმცხადებელმა ითხოვა სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე სამოქალაქო დავაში შპს ,,ტ.კ–ის“ ცნობა სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ და ასევე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა შპს ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, რადგან სააღსრულებო ფურცელი დაკარგულია, ამასთან მოვალე მხარეს ვალდებულება არ შეუსრულებია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით, შპს „ტ.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა;
სამოქალაქო საქმეზე #2ბ/4255-13 სს „თ.ბ–ის“ (სს ბ. „რ–ის“ უფლებამონაცვლე) (ს/ნ .....) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ტ.კ–ი“; შპს „ტ.კ–ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებაზე 2014 წლის 25 თებერვალს გაცემული #2ბ/4255-13 სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინებაზე მ.ბ–ძემ და ბ.ი–ძემ წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2013 წლის 25 ივნისს იქნა მიღებული, სააპელაციო სასამართლომ კი, უფლებამონაცვლეობა გადაწყვეტილების აღსრულების კანონით დადგენილი 10 წლიან ვადის გასვლის შემდგომ, 2023 წლის 25 ივლისს დაადგინა.
5.2. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ვინაიდან სახეზეა 2022 წლის 21 იანვრის, სს „თ.ბ–სა“ და შპს „ტ.კ–ს“ შორის გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 24-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
8. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერების საკითხი, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,ტ.კ–ის“ მოთხოვნა სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
9. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.
შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
10. დადგენილია, რომ 2022 წლის 21 იანვარს, სს „თ.ბ–სა“ და შპს „ტ.კ–ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება და მ.ბ–ძისა და ბ.ი–ძის მიმართ 7888.13 ლარის ფარგლებში არსებული მოთხოვნის უფლება შპს ,,ტ.კ–მა“ შეიძინა (იხ. დანართი #1), აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ერთმნიშვნელოვნად განმცხადებლის/ცედენტის უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველია.
11. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2013 წლის 25 ივნისს იქნა მიღებული, სააპელაციო სასამართლომ კი, საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესახებ მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების კანონით დადგენილი 10 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ, 2023 წლის 25 ივლისს დაადგინა.
11.1. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების მითითებულ პრეტენზიას უარყოფს და მათ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ.გ.ც–ის“ 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, სს „ბ.რ–ას“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა;
შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „ბ.რ–სა" და მ.ბ–ძეს შორის 2012 წლის 20 თებერვალს გაფორმებული #000155938 საკრედიტო ხელშეკრულება სახელფასო სესხის შესახებ და 2012 წლის 6 აგვისტოს საკრედიტო ბარათის #10051712346 ხელშეკრულება;
კერძო საჩივრის ავტორებს 2012 წლის 20 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში საკრედიტო დავალიანების - 6730. 91 ლარის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისრათ.
მ.ბ–ძეს 2012 წლის 6 აგვისტოს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით, 817. 69 ლარი დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით კი, სს „ბ.რ–ას“ განცხადება გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა და შპს „დ.გ.ც–ის“ 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას.
ამდენად, აშკარაა, რომ ზემოაღნიშნულმა საარბიტრჟო გადაწყვეტილებამ აღსრულებაუნარიანი ხასიათი სწორედ თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინების საფუძველზე შეიძინა და კრედიტორსაც ამავე პერიოდიდან მიენიჭა დასახელებული გადაწყვეტილების იძულებით არსასრულებლად მიქცევის უფლებამოსილება; შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზია, რომ უფლებამონაცვლეობა გადაწყვეტილების აღსრულების კანონით დადგენილი 10 წლიან ვადის გასვლის შემდგომ დადგინდა, დაუსაბუთებელია.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინება კანონიერი, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძისა და ბ.ი–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე