Facebook Twitter

№ას-1060-2022

05 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „G&A “ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჯ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.ჯ–იამ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „G&A -ის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 2-25).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ.ჯ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე შპს „G&A -ს“ დირექტორის ვ.უ–ას 2021 წლის 18 აგვისტოს N1508-211 ბრძანება ზ.ჯ–იას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 1000 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 18 აგვისტოდან 2021 წლის 25 ნოემბამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 574 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენდა 1855.7 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ზ.ჯ–ია 2020 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „G&A -ში“ ფარშის გამკეთებლის პოზიციაზე 1 (ერთი) წლის ვადით. მისი ყოველთვიური ხელფასი დაკავებულ პოზიციაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე შეადგენდა 574 ლარს.

5.2. 2021 წლის 26 იანვარს, მოსარჩელე ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა საწარმოს ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილებაში. 2021 წლის 6 თებერვალს, ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა სამუშაოზე წვერგაუპარსავ მდგომარეობაში გამოცხადებაში. 2021 წლის 12 ივლისს, ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა ჰიგიენური ნორმების დარღვევაში. 2021 წლის 22 ივლისს, ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა სამსახურში დაგვიანებაში. აღნიშნული დისციპლინური დარღვევის ოქმები, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.

5.3. 2021 წლის 19 აგვისტოს, ზ.ჯ–იამ მიმართა დამსაქმებელს მისი გათავისუფლების ბრძანებისა და გათავისუფლების საფუძვლის გადმოცემის მოთხოვნით, რის პასუხადაც 2021 წლის 25 აგვისტოს გაეგზავნა წერილი და მისი გათავისუფლების შესახებ 2021 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №1508-211, რომლითაც ირკვეოდა, რომ ზ.ჯ–ია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის 18 აგვისტოდან, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამსახურში 16, 17 და 18 აგვისტოს გამოუცხადებლობის გამო.

5.4. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც დამსაქმებლის ტერიტორიაზეა გადაღებული და ასახავს 2021 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელის მოპასუხე კომპანიაში გამოცხადების პერიოდს, დგინდებოდა, რომ ზ.ჯ–ია, დაახლოებით 08:20 საათზე, გამოცხადდა სამუშაო ადგილას, სპეციალური საშვის მეშვეობით შევიდა საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც ადმინისტრაციულ შენობასთან შეხვდა მოპასუხე კომპანიის დაცვის სამსახურის თანამშრომელს. მოსარჩელესა და დაცვის თანამშრომელს შორის მოხდა გასაუბრება, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომელი საუბრობს მობილურ ტელეფონზე და შედის ადმინისტრაციულ შენობაში. აღნიშნულის შემდგომ, დაცვის თანამშრომელი გამოდის ადმინისტრაციული შენობიდან და კვლავ ესაუბრება მოსარჩელეს, რის შემდეგაც მოსარჩელე ტოვებს საწარმოს ტერიტორიას.

5.5. საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული იქნა ის დაცვის თანამშრომელი, რომელიც შეხვდა 2021 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელეს დილით, სამუშაო ადგილზე გამოცხადებისას. მოწმის განმარტებით, ზ.ჯ–ია შეხვდა კიბეზე შემთხვევით, თვითონ კი გამოდიოდა შენობიდან. ზ.ჯ–იას უნდოდა HR თანამშრომლის ნახვა, მან კი უთხრა, რომ იგი არ იყო ადგილზე, რის შემდეგაც მოსარჩელე წავიდა. სხვა დეტალები არ ახსოვს. სამსახურში გამოცხადების შესახებ შემოწმებას ის არ ახდენს და ეს საკითხი მას არ ეხება. ასევე, მისთვის არავის უთქვამს, რომ ზ.ჯ–ია სამსახურში არ შემოეშვა. მას არ მოუწოდებია მოსარჩელისთვის დაეტოვებინა საწარმოს ტერიტორია, თუმცა მათ შორის არსებული საუბრის კონკრეტულ შინაარსს, ამასთან, ამ პერიოდში მობილური ტელეფონით თუ ვის ესაუბრა, რატომ შევიდა შენობაში და ისევ რატომ დაბრუნდა, ვერ იხსენებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ყოფილიყო მიჩნეული, აუცილებელი იყო, სახეზე ყოფილიყო ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა. პროპორციულობის პრინციპის დაცვით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებლად იქნებოდა მიჩნეული ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. შესაბამისად, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამხდარიყო დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევდა მნიშვნელოვან დონეს.

5.7. პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია ზ.ჯ–იას მიმართ მართლაც იყო სხვადასხვა პერიოდში შედგენილი დისციპლინური დარღვევის ოქმები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის სამსახურში ზედიზედ 3 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობას, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზ.ჯ–ია 17 და 18 აგვისტოს სამსახურში ნამდვილად არ გამოცხადებულა, თუმცა აღნიშნულის განმაპირობებელ მიზეზად მიიჩნია, 16 აგვისტოს დამსაქმებლის მხრიდან მისი სამსახურში არდაშვების ფაქტი.

5.8. ვინაიდან, უდავოდ დგინდებოდა, რომ ზ.ჯ–იასთან შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა 2021 წლის 18 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, ხოლო მისი შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო ერთი წლის ვადით 2020 წლის 25 ნოემბრიდან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულად დაეკისრა მოპასუხეს გათავისუფლების დროიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1855.7 ლარის ოდენობით. სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში კი, რადგან საქმის განხილვის დროისათვის გასული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი იყო დასაქმების ხანგრძლივობა, გათავისუფლების უკანონობის ხარისხი, ასევე შრომითი ხელშეკრულების ვადიანი ხასიათი. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა მოპასუხეს სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით კომპენსაციის 1 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „G&A -მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არამართებულად შეაფასა 2021 წლის 16 აგვისტოს დასაქმებულის მიერ სამუშაო ადგილზე გამოცხადების ფაქტი. სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ 16 აგვისტოსთვოს მოსარჩელის პლასტიკური ბარათი არ იყო გაუქმებული. შესაბამისად, მას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლო სამუშაო ადგილზე გამოცხადება. სასამართლო ასევე არამართებულად უყურებს მოსარჩელის მიერ ობიექტზე გამოცხადების ფაქტს. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 16 აგვისტოს დასაქმებული გამოცხადდა რა საწარმოში, არამედ ადმინისტრაციულ შემობასთან, სადაც მას არაფერი ევალებოდა. დასაქმებულის გამოცხადების მიზანი არა საწარმოში მისვლა, არამედ, კონკრეტულად ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა და HR-თან გასაუბრება იყო. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია დაცვის თანამშრომლის ჩვენებასთან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ჩანაწერით არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელის იძულებას რაიმე სახით ობიექტის დატოვების მიზნით, ან ხელშეშლას.

6.2. მოსარჩელის მიერ ადგილი ჰქონდა ერთი წლის განმავლობაში 4 დარღვევის ფაქტს, რაზეც გამოცემულია შესაბამისი ბრძანებები დისციპლინური ზომების მიღების შესახებ. შესაბამისად, ზ.ჯ–ია მართებულად გათავისუფლდა სამსახურიდან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ შპს „G&A -ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერება. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; სუსგ №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).

13. კასატორის (მოპასუხის) საკასაციო პრეტენზია უკავშირდება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლიანობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ინ ნაწილზე, რომელის სადავო ბრძანების მართლზომიერებას შეეხება.

14. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი: „დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა“. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულია, რომ ზ.ჯ–იას მიმართ 2021 წლის 26 იანვარს, 2021 წლის 06 თებერვალს, 2021 წლის 12 ივლისსა და 2021 წლის 17 ივლისს შედგენილ იქნა დისციპლინური დარღვევის ოქმები. ზ.ჯ–ია 2021 წლის 16 აგვისტოს არ გამოცხადდა სამსახურში, ხოლო მის უშუალო ხელმძღვანელს განუმარტა, რომ არ აპირებდა სამუშაო პროცესის გაგრძელებას. ზ.ჯ–ია არც 2021 წლის 16 აგვისტოს შემდეგ გამოცხადებულა სამსახურში, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა კომპანიის საქმიანობა და საწარმოო პროცესს შეექმნა საფრთხე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი ხასიათი. დაუშვებელია ერთი და იმავე არაარსებითი დარღვევისას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. გარდა ამისა, გათავისუფლების მიზნებისათვის საჭიროა დარღვევის ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა. უნდა შეფასდეს, რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება.

16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერებისა და თანაზომიერების საკითხი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-887-854-2016, 08.02.2019 წ.).

17. პროპორციულობის პრინციპის დაცვით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ №ას-536-2021, 21.09.2021წ).

18. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მოპასუხეა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტები, რაც მითითებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ წინაპირობად იქნება მიჩნეული (სუსგ №ას-1483-2019, 19.12.2019წ.).

19. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ სამართლებრივ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმად 2021 წლის 26 იანვარს, მოსარჩელე ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა საწარმოს ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილებაში. 2021 წლის 6 თებერვალს, ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა სამუშაოზე წვერგაუპარსავ მდგომარეობაში გამოცხადებაში. 2021 წლის 12 ივლისს, ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა ჰიგიენური ნორმების დარღვევაში. 2021 წლის 22 ივლისს, ზ.ჯ–იას მიმართ შედგა ოქმი დისციპლინური დარღვევის შესახებ, რაც გამოიხატა სამსახურში დაგვიანებაში. აღნიშნული დისციპლინური დარღვევის ოქმები, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.

20. 2021 წლის 19 აგვისტოს, ზ.ჯ–იამ მიმართა დამსაქმებელს მისი გათავისუფლების ბრძანებისა და გათავისუფლების საფუძვლის გადმოცემის მოთხოვნით, რის პასუხადაც 2021 წლის 25 აგვისტოს გაეგზავნა წერილი და მისი გათავისუფლების შესახებ 2021 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №1508-211, რომლითაც ირკვეოდა, რომ ზ.ჯ–ია დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის 18 აგვისტოდან, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამსახურში 16, 17 და 18 აგვისტოს გამოუცხადებლობის გამო.

21. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, რომელიც დამსაქმებლის ტერიტორიაზეა გადაღებული და 2021 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელის კომპანიაში გამოცხადებას ასახავს, დასტურდება, რომ ზ.ჯ–ია 08:20 საათზე გამოცხადდა სამუშაო ადგილას, სპეციალური საშვის მეშვეობით შევიდა საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც ადმინისტრაციულ შენობასთან შეხვდა მოპასუხე კომპანიის დაცვის სამსახურის თანამშრომელს. მოსარჩელესა და დაცვის თანამშრომელს შორის მოხდა გასაუბრება, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომელი საუბრობს მობილურ ტელეფონზე და შედის ადმინისტრაციულ შენობაში. აღნიშნულის შემდგომ, დაცვის თანამშრომელი გამოდის ადმინისტრაციული შენობიდან და კვლავ ესაუბრება მოსარჩელეს, რის შემდეგაც მოსარჩელე ტოვებს საწარმოს ტერიტორიას.

22. საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ იქნა დაცვის თანამშრომელი, რომელიც შეხვდა მოსარჩელეს 2021 წლის 16 აგვისტოს, დილით, სამუშაო ადგილზე გამოცხადებისას. მოწმის განმარტებით, ზ.ჯ–ია შეხვდა კიბეზე შემთხვევით. ზ.ჯ–იას უნდოდა HR თანამშრომლის ნახვა, მან კი უთხრა, რომ იგი არ იყო ადგილზე, რის შემდეგაც მოსარჩელე წავიდა. სხვა დეტალები არ ახსოვს. დაცვის თანამშრომელმა განმარტა, რომ სამსახურში გამოცხადების შესახებ შემოწმებას ის არ ახდენს და ეს საკითხი მას არ ეხება. ასევე, მისთვის არავის უთქვამს, რომ ზ.ჯ–ია სამსახურში არ შემოეშვა. მას არ მოუწოდებია მოსარჩელისთვის დაეტოვებინა საწარმოს ტერიტორია, თუმცა მათ შორის არსებული საუბრის კონკრეტულ შინაარსს, ამასთან, ამ პერიოდში მობილური ტელეფონით თუ ვის ესაუბრა, რატომ შევიდა შენობაში და ისევ რატომ დაბრუნდა, ვერ იხსენებს.

23. მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად მოწმე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოწმე იმით განსხვავდება პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებისაგან, რომ მას არ გააჩნია საქმის შედეგის მიმართ იურიდიული დაინტერესება. ამდენად, მოწმე არის საქმის მიმართ იურიდიული ინტერესის არმქონე პირი. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. the Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43). სსსკ-ის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელე გამოცხადდა სამუშაო ადგილზე და დაცვის თანამშრომელთან კონუნიკაციის შემდეგ დატოვა საწარმოს ტერიტორია. ზემოაღნიშნული შეესაბამება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მოწმის - დაცვის თანამშრომლის განმარტება, რომ ახსოვს მხოლოს ის, რომ მოსარჩელეს უნდოდა HR თანამშრომლის ნახვა, რომელიც ადგილზე არ იყო, ხოლო არ ახსოვს მასსა და მოსარელეს შორის არსებული საუბრის კონკრეტული შინაარსი, არ ახსოვს თუ ვის ესაუბრა ტელეფონით და რატომ შევიდა შენობაში, სანდოობას უკარგავს მოწმის ჩვენებას და საკასაციო პალატას უქმნის რწმენას, რომ ზ.ჯ–იამ 2021 წლის 16 აგვისტოს მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა საწარმოს ტერიტორია. ამდენად, მოპასუხის მიერ წარდგენილი მოწმის ჩვენებით, რომელიც დამსაქმებლის დაქვემდებარებაშია, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებით ასევე არ დატურდება გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული გარემოება მასზედ, რომ ზ.ჯ–იამ მის უშუალო ხელმძღვანელს შეატყობინა, რომ არ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის პოზიციას. რაც შეეხება იმავე წლის 17 და 18 აგვისტოს მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან, ზ.ჯ–ია 16 აგვისტოს მოპასუხემ არ დაუშვა სამუშაო ადგილზე, აღნიშნული გარემოება მას ათავისუფლებდა მომდევნო დღეებში სამსახურში გამოცხადების ვალდებულებისგან. სამუშაო ადგილზე მოსარჩელის არდაშვების ფაქტს ასევე სარწმუნოს ხდის ის გარემოება, რომ ზ.ჯ–იამ 2021 წლის 19 აგვისტოს დამსაქმებელს მიმართა განცხადებით მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებისა და გათავისუფლების საფუძვლის გადაცემის მოთხოვნით. ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართვა კი თავისთავად ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე უკვე ინფორმირებული იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებული დარღვევის (2021 წლის 16 აგვისტოს და მას შემდეგ დღეებში მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის) დამადასტურებელი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი წინაპირობები უნდა იყოს მკაფიო და დამაჯერებელი, რომელიც შექმნის დასაბუთებულ საფუძველს ერთადერთი გადაწყვეტილებისათვის - დასაქმებულის გათავისუფლებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეული არ იყო მისი ბრალეულობით, შესაბამისად, სახეზე არ არის სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო, ის ფაქტი, რომ კონკრეტული დარღვევის გარეშე შეწყდა შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის, გამორიცხავს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერებას.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 30 სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „G&A -ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „G&A -ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N913, გადახდის თარიღი 08.08.2022) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე