Facebook Twitter

ას-1106-2023

30 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კეი.ი.სი. ი.ლ.წ.ს–ში“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.კ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შპს „კ.ი.ს. ი.ლ.წ.ს–ში“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15071 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი, ს.ფ.: 1-12).

1.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, დარჩა განუხილველი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

3.2. პალატამ მიუთითა, რომ მოცემული დავის განხილვა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე უკვე გადაიდო იმავე მიზეზით, რომ აპელანტის წარმომადგენელი სხვა საქმეზე დანიშნულ სხდომაში იღებდა მონაწილეობას. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის დადასტურება, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩენილიყო.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.კ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

4.1. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გამოცხადდა 2023 წლის 30 მაისს სასამართლოში, გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წერილობით აცნობა და განმარტა, რომ იმავე დღეს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მონაწილეობის შესახებ სასამართლო უწყება ჩაბარდა დაგვიანებით, რაც წარდგენილ იქნა სააპელაციო პალატაში. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე გაითვალისწინა მისი თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფნის გამო 2023 წლის 25 აპრილს გასამართ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა და გადადო საქმის განხილვა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ იგივე მიზეზით გამოუცხადებლობა ადასტურებს განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას აპელანტის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს, იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

12. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის ის გარემოება, რომ აპელანტი მხარე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ.

13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წერილობით აცნობა და განმარტა, რომ იმავე დღეს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. მითითებული გარემოების დასადასტურებლად, აპელანტის წარმომადგენელმა 2023 წლის 30 მაისს მიმართა სააპელაციო პალატას და დაურთო უწყება, 2023 წლის 30 მაისს 14:00 საათზე, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში განსახილველ საქმეში წარმომადგენლობის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო მოხელის მიერ შედგენილ აქტსა და სატელეფონო შეტყობინებაზე, რითაც დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2023 წლის 25 აპრილს ეცნობა იმავე წლის 30 მაისს 14:00 საათზე სხდომის გადადების შესახებ. აღნიშნულს არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ. კერძო საჩივრის ავტორი, სააპელაციო სასამართლოში, მის მიერ 2023 წლის 30 მაისს ზეტაფონის რაიონულ სასამართლოში განსახილველ საქმეში წარმომადგენლობის შესახებ წარდგენილ უწყებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული უწყება ჩაბარდა დაგვიანებით, თუმცა ამავე საქმეზე 2023 წლის 30 მაისს სხდომა ჩანიშნული იყო 2023 წლის 25 აპრილზე უფრო ადრე. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2023 წლის 30 მაისს დანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით უწყება შედგენილი არის 2023 წლის 29 მაისს და ის უფრო ადრე ვერ გაეგზავნებოდა ადრესატს. ასევე აღნიშნულის შესახებ აპელატის წარმომადგენელს არ უცნობებია სასამართლო მოხელის მიერ გაგზავნილი SMS შეტყობინების პასუხად, როდესაც მას 2023 წლის 25 აპრილს ეცნობა სხდომის 2023 წლის 30 მაისს გადადების შესახებ. საკასაციო პალატა, აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მითითების გათვალისწინების შემთხვევაშიც, აპელანტის წარმომადგენელს ჰქონდა გონივრული ვადა და შესაძლებლობა, 2023 წლის 25 აპრილს, ნ.კ–ძის სააპელაციო საჩივრის 30 მაისისთვის გაადადების შესახებ მიღებულის შეტყობინების შემდეგ, წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე დანიშნული სხდომა გადაიდო 30 მაისს, იმავე დღეს 16:50 საათზე, აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სადაც ის უთითებდა, რომ ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას, ვინაიდან, იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2023 წლის 30 მაისს (კვლავ სასამართლო სხდომის დღეს) მხარეს არ წარმოუდგენია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის განხორციელებისას წარმომადგენელმა უნდა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და გულისხმიერება და როდესაც ის სასამართლოს განმეორებით მიმართავს შუამდგომლობით იდენტუსი საფუძვლით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს დამაჯერებელი მტკიცებულება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ. გარდა ამისა, სააპელაციო პალატისთვის ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობის წარდგენა ეჭვის საფუძველს ქმნის საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს და არ უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას.

15. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე