Facebook Twitter

№ას-1480-2022

11 იანვარი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ტ. ს–ა (ს–ა) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

არასრულწლოვანი ბავშვები – ვ.ს–ვა (ს–ა), ე.ს–ვა (ს–ა) და ვ.ს–ვ (ს–ი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად ცნობა და ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ. ს–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტ. ს–ას (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად, 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ის არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად ცნობისა და მათი რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოთხოვნით.

2. მოპასუხე ტ. ს–ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი - „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ვ.ს–ვას (ს–ა) /დაბადებული 2013 წლის 20 ივნისს/, ე.ს–ვასა (ს–ა) /დაბადებული 2015 წლის 20 აგვისტოს/ და ვ.ს–ვის (ს–ი) /დაბადებული 2018 წლის 12 ნოემბერს/ არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების თაობაზე, დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ არასრულწლოვნები დაბრუნებულ იქნენ რუსეთის ფედერაციაში და მათი დაბრუნება (წაყვანა) განხორციელდეს მამის/მოსარჩელის მიერ; მოსარჩელის მოთხოვნა (შუამდგომლობა) გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3.1.პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავთ სამი საერთო შვილი - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ა, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ი.

3.1.2. რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სადაც განხილულ იქნა მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის მიმართ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ და მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, მოპასუხეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხის მიმართ, მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის უფლებები არასრულწლოვნების: 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ის მიმართ;

- დაეკისრა ალიმენტი მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვნების: 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ის სარჩენად მყარ ფულად თანხაში - 5 806 რუბლის ოდენობით, რაც შეესაბამება როსტოვის ოლქში ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის ზომის 50%-ს ყოველთვიურად, კანონით დადგენილი წესით, შემდგომი ინდექსაციით, დაწყებული 2021 წლის 29 იანვრიდან თითოეული შვილის სრულწლოვანებამდე;

-რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეების კოლეგიაში, სადაც 2022 წლის 2 მარტის სააპელაციო განსაზღვრებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3.1.3. 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით, მოპასუხის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ნიშნებზე. დადგენილების თანახმად, მოპასუხემ ჩაიდინა წამება, ანუ ფიზიკური და ფსიქიკური წვალების მიყენება სისტემატიური ცემის ან სხვა ძალდატანებითი ქმედების გზით, თუ ამან არ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 112-ე მუხლებში მითითებული შედეგები, ჩადენილი აშკარად არასრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებიც დამნაშავისათვის აშკარად იმყოფებიან უმწეო მდგომარეობაში, დამნაშავისგან მატერიალურ ან სხვა დამოკიდებულებაში მყოფნი.

3.1.4. დადგენილების თანახმად, მოპასუხე, მცირეწლოვანთა (2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ა, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ა) უმნიშვნელო დამნაშავეობათა ნიადაგზე, არასრულწლოვანი ქალიშვილების ქცევით უკმაყოფილო, სისტემატურად, დროის პერიოდში დაახლოებით 01.08.2020 წლიდან 31.12.2020 წლამდე, აცნობიერებდა რა თავისი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, განჭვრეტდა საზოგადოებრივ-საშიში შედეგების დადგომის გარდაუვლობას არასრულწლოვნებისათვის ფიზიკური ტკივილის, ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენების სახით და მათი დადგომის სურვილით, განიცდიდა რა უკანასკნელთა მიმართ პირად მტრობას, განზრახ სცემდა არასრულწლოვან ვ. ს–ას და ე. ს–ას, სახელდობრ ხელებს ურტყავდა დუნდულებისა და ტანის მიდამოში, ასევე უჭერდა ხელებს ყელზე, ფიზიკური ტკივილის მიყენებით.

3.1.5. 2021 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ქალაქ ბატაისკის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებული მოპასუხის მიმართ შერჩეულ იქნა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 2 თვის ვადით.

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების - ვ. ს–ას, ე. ს–ასა და ვ. ს–ის, ასევე არასრულწლოვანი განმცხადებლების კანონიერი წარმომადგენლის (მამის) - ვ. ს–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გამოიცა დამცავი ორდერი 4 თვის ვადით შემდეგი პირობებით:

-ტ. ს–ას აეკრძალა არასრულწლოვნებთან: 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ასთან, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ასთან და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–თან, მათ საცხოვრებელ სახლთან, სასწავლებელთან და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებიან.

3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 მარტის განჩინებით (საქმე N2/34363-21), დაკმაყოფილდა მოსარჩელე (არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით) ტ. ს–ას და მოპასუხე ვ. ს–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე:

-სამოქალაქო საქმეზე (საქმე №2/34363-21) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოპასუხეს და მოსარჩელეს აეკრძალათ არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გაყვანა ორივე მშობლის თანხმობის გარეშე, ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით.

-საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოპასუხეს დაევალა მამის, ვ.ს–ვის და შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფა შემდეგი გრაფიკის დაცვით: ყოველდღიურად ორი საათის განმავლობაში ელექტრონული სახით, საღამოს 16:00 საათიდან 20:00 საათამდე და ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს მამისა და ბავშვების შეხვედრის უზრუნველყოფა თბილისში მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

3.1.8. მოპასუხე არასრულწლოვან შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა დაახლოებით 2021 წლის ნოემბრის თვეში, მათ მინიჭებული აქვთ თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსი.

-მოპასუხე ცხოვრობს თბილისში და მუშაობს შპს „ა.ქ.ს–ში“ 2021 წლის 20 დეკემბრიდან.

-არასრულწლოვნები ამჟამად ცხოვრობენ მამასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში და სწავლობენ შპს „ა.ქ.ს–ში“.

3.2.პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. არასრულწლოვნები - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ა, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ი ცხოვრობდნენ მამასთან - ვ. ს–თან, მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. ბატაისკი, „ჰ–თა“ სააგარაკე არაკომერციული ამხანაგობა, მე-12 ქუჩა, სახლი N290, რაც ბავშვების ჩვეულებრივ ადგილასამყოფელს წარმოადგენს.

3.2.2. არასრულწლოვნების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ას და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ას გადაადგილება მათი ჩვეული ადგილსამყოფელიდან განხორციელდა მეორე მშობლის - მამის თანხმობის/მოწონების გარეშე, რითაც ტ. ს–ას (ს–ას) მხრიდან დაირღვა მამის მეურვეობის უფლება.

3.2.3. არასრულწლოვნები - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ა, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ი, მათი ჩვეული ადგილსამყოფელიდან არამართლზომიერად გადაადგილების შემდგომ, საქართველოში დედასთან ერთად, 2021 წლის ნოემბრის თვიდან დასახლდნენ. ხოლო, მამის - ვ. ს–ის განსახილველი სარჩელი (საქმე N2/14520-22) თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2022 წლის 16 მაისს; ადმინისტრაციულ საქმეზე (3/786-22) ტ. ს–ას (ს–ას) მიმართ დამცავი ორდერი გამოცემულია 2022 წლის 25 მარტს. საწყის ეტაპზე არასრულწლოვნები საქართველოში ცხოვრობდნენ დედასთან, ხოლო ამჟამად იმყოფებიან მამასთან. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვების ინტეგრაცია საქართველოში ვერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ დასახლდნენ ქალაქ თბილისში და დაიწყეს სწავლა ქართულ სკოლაში. უშუალოდ განსახილველ დავის საგანთან მიმართებით, დგინდება უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ არასრულწლოვნებს სურთ იცხოვრონ/დაბრუნდნენ რუსეთის ფედერაციაში (როსტოვში, როგორც ბავშვები განმარტავენ) საკუთარ საცხოვრებელ გარემოში, ნათესავებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან. ბავშვები, საცხოვრებლად და მათთვის ჩვეულ გარემოდ აღიქვამენ რუსეთის ფედერაციაში მდებარე მამის საცხოვრებელ მისამართს.

3.2.4. მიუხედავად იმისა, რომ დავის საგანი არ შეეხება მშობლებისა და არასრულწლოვნების ურთიერთობის წესს, აგრეთვე არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ან მშობლის უფლებების განხორციელების საკითხებს, არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინებით გამოვლინდა და დადგინდა გარემოებები, რომ ბავშვებს სურთ და მათ ინტერესებს შეესაბამება - ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან (თუმცა უპირობოდ ცხოვრება სურთ რუსეთის ფედერაციაში). მშობლების/მხარეების შეუთანხმებლობა და მათი დაპირისპირება (არამარტო სამართლებრივი, არამედ ზოგადად მათი მიდგომები ბავშვების დაპირისპირებაში ჩართვასთან დაკავშირებით) უარყოფითად აისახება არასრულწლოვნების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, უსაფრთხოების შეგრძნებაზე და მათ სოციალურ განვითარებაზე (არამარტო მშობლებთან, არამედ მესამე პირებთან ურთიერთობაში). გამოვლინდა ბავშვების დედის მხრიდან გარკვეული სახის გავლენის მცდელობა ბავშვების აზრზე მამასთან მიმართებით, მათი დაპირისპირებაში ჩაბმის მცდელობა, რაც არ შეესაბამება არასრულწლოვნების ინტერესებს.

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოში არასრულწლოვნების ჩამოყვანამდე, ბავშვების საცხოვრებელს წარმოადგენდა მამის საცხოვრებელი რუსეთში, როგორც ფაქტობრივად, ასევე კანონიერად. ამასთან, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ იქნა დაკმაყოფილებული მოპასუხის სარჩელი არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით და პირიქით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებების შეზღუდვის მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი მხარეებმა სადავოდ გახადეს, სასამართლოს მოსაზრებით, ეს არ ცვლიდა იმ მოცემულობას, რომ არასრულწლოვნები დაიბადნენ და გაიზარდნენ რუსეთის ფედერაციაში - ბავშვების ჩვეულებრივ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე მამის საცხოვრებელი მისამართი და მათ რჩენა-აღზრდაზე ზრუნავდა მამა. ამდენად, არასრულწლოვნების გადაადგილება მათი ჩვეული ადგილსამყოფელიდან განხორციელდა მეორე მშობლის - მამის თანხმობის/მოწონების გარეშე, რის გამოც, მოპასუხის მხრიდან დაირღვა მეურვეობის უფლება. მოპასუხემ არ შეატყობინა მეორე მშობელს ბავშვების ადგილსამყოფელისა და მათი გამგზავრების შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც სამართლებრივი დავა მშობლებს შორის არ დასრულებულა, ბავშვების ფაქტობრივ და კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენდა მამის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, დედის მიმართ მიმდინარეობს არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება (აღძრულია სისხლის სამართლის საქმე), მხოლოდ ერთი მშობლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების ჩვეულებრივი ადგილსამყოფელიდან გადაადგილება უცხო ქვეყანაში წარმოადგენს ბავშვების უფლებების დარღვევასა და არამართლზომიერ ქმედებას.

3.3.2. სასამართლომ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე, არასრულწლოვნების ადვოკატის პოზიციები სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის უსაფრთხო და სტაბილური ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მათი აღზრდა-განვითარების პროცესში და ინაწილებდნენ უფლება-მოვალეობას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, კერძოდ, მოსარჩელე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მოპასუხის საცხოვრებელი ადგილს წარმოადგენს საქართველო - თბილისი. ამასთან, მშობლებს შორის არის კონფლიქტური ურთიერთობა, რამაც ასახვა არ უნდა ჰპოვოს ბავშვების ზრდა-განვითარების პროცესზე, მათ ემოციურ მდგომარეობაზე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო სოციალური სამსახურის პოზიცია, რომლის თანახმად, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ ასაკის ბავშვების სურვილი თუ სად ურჩევნიათ ცხოვრება. ბავშვები მამისაგან ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფლები არიან და დამოუკიდებლად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, ნებას, რომ მათ სურთ იცხოვრონ და სწავლა განაგრძონ ქ. როსტოვში, სადაც ფაქტობრივად გაიზარდნენ, დაკავშირებულნი არიან იქაურ გარემოსთან - სადაც უფრო მეტად ადაპტირებულები, რეალიზებულები არიან, არ აქვთ ენის ბარიერი და შეგუების პრობლემები.

3.3.3. სასამართლოს განმარტებით, არ გამოიკვეთა არანაირი გარემოება, რაც ბავშვების რუსეთში მამასთან ცხოვრების შემთხვევაში, რაიმე საფრთხეს ან ზიანს გამოიწვევდა არასრულწლოვანთა სწორი აღზრდა-განვითარების პროცესზე და ზიანს მიაყენებდა მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას (რაც რუსეთის ფედერაციაში სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც დადასტურდა). სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება გამომდინარეობდა ამ უკანასკნელთა ჭეშმარიტი ინტერესებიდან, რადგან ჩვეული გარემოდან გადაადგილების დროიდან სასამართლოსთვის მომართვამდე არ იყო გასული ერთი წელი, ბავშვები საქართველოში იმყოფებოდნენ მათთვის უცხო გარემოში, მათი სურვილი აქ ცხოვრებას არ მოიცავდა და ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მამასთან ცხოვრების პირობებში დადებითად ფასდებოდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდებოდა რისკის არსებობა იმის თაობაზე, რომ გარემო, რომელშიც ბავშვები, რუსეთში დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდებოდნენ, შეუქმნიდათ მათ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს - პირიქით არასრულწლოვნების საქართველოში მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვება არ იქნებოდა ბავშვების ინტერესებთან შესაბამისობაში.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ - ტ. ს–ამ (ს–ამ), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ტ. ს–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება; ვ. ს–ის მოთხოვნა (შუამდგომლობა) გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მისი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვნის არამართლზომიერად გადაადგილებისა ან/და არამართლზომიერად დაკავების ფაქტის არსებობა-არარსებობის შემოწმება, ხოლო, დადასტურების შემთხვევაში, იმის განსაზღვრა - არასრულწლოვნების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება შეესაბამებოდა თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ხომ არ იქნებოდა მათთვის ფიზიკური ან/და ფსიქოემოციური საფრთხის შემცველი (კონვენციის საგამონაკლისო შემთხვევები). ამ მიმართებით, პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც უნდა არსებობდეს გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დასადგენად. კერძოდ, პირველ რიგში, უნდა დადგენილიყო, რომ გადაადგილებით/დაკავებით დარღვეულ იქნა განმცხადებლის მეურვეობის უფლება (კონვენციის მე-3(1)(ა) მუხლი), ხოლო შემდეგ ეტაპზე დასამტკიცებელი იყო გადაადგილებამდე/დაკავებამდე განმცხადებლის მიერ რეალურად მეურვეობის უფლების განხორციელება (კონვენციის მე-3(1)(ბ) მუხლი).

6.2. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია იმ გარემოებას შეეხებოდა, რომ მას მეურვეობის უფლება არ დაუღვევია, შესაბამისად, არასრულწლოვანი ბავშვების არამართლზომიერად გადაადგილება ან/და დაკავებას ადგილი არ ჰქონია, რადგან რუსეთის ფედერაციის კანონდებლობით ბავშვის საზღვრის გარეთ გაყვანა შესაძლებელია მეორე მშობლის თანხმობის გარეშეც. ამასთან, მოპასუხე რეგისტრირებულია საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის უფლებები და ბავშვების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, რუსეთის ფედერაციის საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა და დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

6.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია და პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ბავშვები მოპასუხეს საქართველოში უნდა წაეყვანა. ამასთან, დადგენილი იყო, რომ ბავშვზე მეურვეობის უფლება არ ჰქონდა მამას ჩამორთმეული, რაც გამორიცხავდა ამავე უფლებით დედის მიერ ექსკლუზიურად სარგებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ერთი მშობლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების ჩვეულებრივი ადგისამყოფელიდან გადაადგილება უცხო ქვეყანაში, სააპელაციო პალატის შეფასებით, წარმოადგენდა ბავშვის უფლებების დარღვევას და არამართლზომიერ ქმედებას.

6.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, რომელთა სისწორის შესახებ სააპელაციო საჩივარში შედავება განხორციელებული არ იყო და არც რაიმე ისეთი მტკიცებულება არ წარმოდგენილა, რაც სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს შეუქმნიდა, პალატამ მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არასრულწლოვნების ფაქტობრივი მეურვე იყო მამა - მოსარჩელე, რომელსაც არ გაუცია არასრულწლოვნის რუსეთის ფედერაციიდან გაყვანის შესახებ თანხმობა. ამდენად, ამ მიმართებით პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა იმის შესახებ, რომ სახეზე იყო როგორც არასრულწლოვნის არამართლზომიერად გადაადგილების, ასევე - არამართლზომიერად დაკავების ფაქტი.

6.5. რაც შეეხება სასამართლოს საკვლევ იმ გარემოებას, თუ რომელი ადგილი უნდა მიჩნეულიყო არასრულწლოვნების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად, სააპელაციო პალატამ, უპირველესად, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე.

6.6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დასტურდებოდა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები საქართველოში ჩამოყვანამდე ცხოვრობდნენ მამასთან მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. ბატაისკი, „ჰ–თა“ სააგარაკე არაკომერციული ამხანაგობა, მე-12 ქუჩა, სახლი N290, აღნიშნული ბავშვების ჩვეულებრივ ადგილასამყოფელს წარმოადგენდა. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფდა თავად აპელანტი. ამასთან, სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა დავა მშობლის უფლებებთან და ბავშვების საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა დედის მოთხოვნა, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დარჩა მამის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დედას ფაქტობრივად არ ჰქონდა შეზღუდული შვილებთან ურთიერთობა, რაც დადასტურდა თავად მისი განმარტებითაც, პერიოდულად აკითხავდა შვილებს და მიჰყავდა თავისთან, ხოლო შემდგომ აბრუნებდა მამის საცხოვრებელ მისამართზე. სწორედ ამგვარი ურთიერთობისა და მშობლის უფლების (შვილებთან ურთიერთობის) განხორციელების პროცესში მოახდინა დედამ ბავშვების არამართლზომიერი გადაადგილება და მეურვეობის უფლების უგულვებელყოფა.

6.7. პალატამ განმარტა, რომ არასრულწლოვანის არამართლზომიერად გადაადგილებულად ცნობა, კონვენციის მიხედვით, ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების წინაპირობაა, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს იმ გამონაკლისების არსებობა, რაც დადგენილია ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებით და რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ იყო ვალდებული, მიეღო არასრულწლოვნების უკან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება. პალატამ ხაზი გაუსვა იმ საკითხსაც, რომ აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასახულია სსსკ-ის 35116-ე მუხლშიც.

6.8. პალატამ ყურადღება მიაპყრო სოციალური სამსახურის პოზიციას, კერძოდ, სოციალური მუშაკის თ.ნ–ძის ჩვენებას, რომელსაც შეფასებული აქვს ბავშვების მდგომარეობა ორივე მშობელთან ყოფნის პერიოდში და აღნიშნა, რომ „ორივე მშობელი უყვართ ბავშვებს, თუმცა ჩვენი სამსახურის აუცილებელი პირობაა, რომ გავითვალისინოთ ბავშვების უსაფრთხოება. მოცემულ შემთხვევაში, დედის მხრიდან დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოში, მამასთან არ დაფიქსირებულა, ბავშვები აბსოლუტურად სრულფასოვნად და ლაღად არიან მამასთან“. ამასთან, პალატამ მიუთითა ფსიქოლოგის დასკვნებზე, კერძოდ, ფსიქოლოგ მ.ხ–ძის (რომელიც დამცავის ორდერის გამოცემის პერიოდში მუშაობდა ბავშვებთან) ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, „ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დედის მხრიდან შეინიშნებოდა ფსიქოლოგირუი ზეგავლენა, მაგალითად, როდესაც დედა იყო ოთახში ბავშვები აგრესიას გამოხატავდნენ მამის მიმართ, როგორც კი დედა გადიოდა ოთახიდან ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ მამას, ახლოს ჯდებოდნენ, ინტერესდებოდნენ მისი მონაყოლით... მას შემდეგ რაც დამცავი ორდერი გამოიცა დედის მიმართ და ბავშვები მამასთან გადავიდნენ საცხოვრებლად, სახლში, რომ მივედით ბავშვები მამასთან თავს ლაღად გრძნობდნენ, არ შეინიშნებოდა აგრესია მამის მიმართ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ენატრებოდათ დედა“. მოსამართლის კითხვაზე არიან თუ არა ადაპტირებული ბავშვები საქართველოში, ფსიქოლოგმა განმარტა, რომ „ეს საკითხი დამოკიდებულია მშობლების ზეგავლენაზე, კერძოდ, როდესაც არასრულწლოვნები იყვნენ დედასთან, მისი მიზანი იყო, რომ საქართველოში დარჩენილიყვნენ და ამიტომ მიიყვანა ქართულ სკოლაში, ასწავლიდა ქართულ ენას, ხოლო როდესაც იყვნენ მამასთან, ამ უკანასკნელს სამსახური რუსეთში ჰქონდა, შესაბამისად, ბავშვებს ესაუბრებოდა რუსეთში დაბრუნების თაობაზე, ბავშვებს მშობლების მოსაზრებების მიმართ აგრესია და პროტესტი არ ჰქონიათ, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ ბავშვებს უნდოდეთ რუსეთში სახლში დაბრუნება, მეგობრებთან და ახლობლებთან“.

6.9. ამდენად, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სამივე არასრულწლოვანი განიცდიდა მშობლებს შორის უთანხმოებას, მათზე მშობლების დაძაბული ურთიერთობა უარყოფით გავლენას ახდენდა, რაც სპეციალისტის მითითების გარეშეც შესამჩნევი იყო. ცალსახა იყო, რომ ბავშვებს უყვართ ორივე მშობელი და სურთ ორივე მათგანთან ურთიერთობა, მაგრამ ასევე დადგინდა, რომ ბავშვები მამისაგან ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფლები იყვნენ და დამოუკიდებლად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას, ნებას.

6.10. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვერ დადგინდა არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოში სრული ინტეგრირების ფაქტი. ამ მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვების არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის მომენტამდე არ იყო გასული ერთი წელი. ამასთან, საქართველოში ინტეგრაციაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ასაკობრივი და გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავად ბავშვების ნება-სურვილის გათვალისწინება. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად არ დადასტურდა და პირიქით, გამოიკვეთა ბავშვების ნათელი და აშკარა სურვილი რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისა, მათთვის ადაპტირებულ და ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში, სადაც ფაქტობრივად გაიზარდნენ, დაკავშირებულნი არიან იქაურ გარემოსთან - სადაც უფრო მეტად ადაპტირებულები, რეალიზებულები არიან, არ აქვთ ენის ბარიერი და შეგუების პრობლემები. საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა არასრულწლოვან ბავშვებს. (გასაიდუმლოებულია არასრულწლოვან ბავშვებთან გასაუბრების ჩანაწერი, 06.10.2022 წლის სხდომის ოქმი) და საბოლოო ჯამში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ არასრულწლოვნების ცხოვრების წესის იმგვარი ადაპტაცია, როდესაც თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობენ, საქმის გარემოებებით არ დასტურდებოდა, რაც ცალსახად გამორიცხავდა კონვენციის მე-12 მუხლით განმტკიცებული საგამონაკლისო ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.

6.11. არამართლზომიერად გადაადგილებული პირის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მეორე საგამონაკლისო შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც განსაზღვრულია ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლით, პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის მამა, რომელიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას შვილებზე რეალურად ზრუნავდა, არასრულწლოვნის გადაადგილებაზე თანხმობა არ გაუცია და არც შემდგომში არ შეჰგუებია მას (წარადგინა სარჩელი), ამიტომ მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოება არ არსებობდა, ხოლო, რაც შეეხება „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ გამოიკვეთა რაიმე სახის გარემოება, რაც ბავშვების რუსეთში მამასთან ცხოვრების შემთხვევაში, რაიმე საფრთხეს ან ზიანს გამოიწვევდა არასრულწლოვანთა სწორად აღზრდა-განვითარების პროცესზე და ზიანს მიაყენებდა მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

6.12. რაც შეეხება არამართლზომიერად გადაადგილებული პირის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მესამე საგამონაკლისო შემთხვევას, რომელიც მოცემულია ჰააგის კონვენციის მე-20 მუხლით (მე–12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია თანახმად მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპებისა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება), ამ მუხლში დასახელებული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ, სააპელაციო საჩივარში არ იყო წარმოდგენილი არგუმენტები და მათი არსებობა არც სასამართლოს შინაგანი რწმენიდან არ გამომდინარეობდა, რაც საგამონაკლისო შემთხვევის არარსებობის დადგენის წინაპირობას ქმნიდა.

6.13. ამდენად, პალატამ, მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის და არასრულწლოვნების ადვოკატისა და ფსიქოლოგის განმარტებების, ბავშვებთან უშუალო გასაუბრებებისა და საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება გამომდინარეობდა ამ უკანასკნელთა ჭეშმარიტი ინტერესებიდან, რადგან ჩვეული გარემოდან გადაადგილების დროიდან სასამართლოსთვის მომართვამდე არ იყო გასული ერთი წელი, ბავშვები საქართველოში იმყოფებოდნენ მათთვის უცხო გარემოში, მათი სურვილი აქ ცხოვრებას არ მოიცავდა და ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მამასთან ცხოვრების პირობებში დადებითად ფასდებოდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდებოდა რისკის არსებობა იმის თაობაზე, რომ გარემო, რომელშიც ბავშვები რუსეთში დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდებოდნენ, შეუქმნიდათ მათ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს - პირიქით, არასრულწლოვნების საქართველოში მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ იქნებოდა ბავშვების ინტერესებთან შესაბამისობაში.

6.14. პალატამ ყურადღება მიაპყრო აპელანტის იმ პრეტენზიაზეც, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მთავარი სხდომის განხილვისას წარმოადგინა. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, არასრულწლოვნების ინტერესებს სასამართლოში იცავდა არა სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატი, არამედ, მამის/მოსარჩელის მიერ დაქირავებული ადვოკატი. აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 14.06.2022 საოქმო განჩინებით, მოცემულ საქმეზე, ჩამოცილდა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების დამცველი ადვოკატი - თ.ყ–ი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე/აპელანტი დაეთანხმა ინტერესების დამცველი ადვოკატის ჩამოცილებას. ამასთან, აპელანტს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად აღნიშნული საოქმო განჩინება არ გაუსაჩივრებია, თუმცა, აპელანტის მიერ, საპროცესო ნორმების დაცვით შედავების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, მოცემული პრეტენზიის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან მოცემული დავის ფარგლებში (დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად ცნობა და ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება) კანონდებლობა არ ითვალისწინებს მშობლის უფლების შეჩერების პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს, ამასთან, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავს. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვებთან გასაუბრების შედეგად, მათი ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი იყო მოწვეული ადვოკატი, არასრულწლოვნების ინტერესების დასაცავად საქმეში მესამე პირად ჩართული იყო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელსაც დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა, მათ შორის ბავშვის პოზიციის სასამართლო სხდომაში მონაწილეობისა და ადვოკატის ჩართვის თაობაზე წარმოდგენა, სასამართლოს არ ჰქონდა მოწვეული ადვოკატის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის ფაქტობრივი და სამართულებივი საფუძველი და სასამართლოს მიერ უფასო იურიდიული დახმარების მიზნით ადვოკატის დანიშვნის სავალდებულოობა არ არსებობდა.

6.15. პალატამ აპელანტის ვერც ის ჰიპოთეტური მოსაზრებები გაიზიარა, რომ ბავშვების როსტოვის ოლქში დაბრუნება სახიფათოა, ვინაიდან იქ მძიმე, საომარი მდგომარეობაა. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად, მან სასამართლოს ინფორმაციის სახით წარუდგინა ინტერნეტ ვებ. გვერდიდან ამონარიდრები რუსულ ენაზე, რომელიც საქმეს მტკიცებულების სახით არ დაერთო. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოსაზრებები, სათანადო მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული, შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ს–ამ (ს–ამ), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7.1. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1.1. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ბავშვები არამართლზომიერად გადაადგილებული პირები არ არიან, ისინი ადაპტირებულნი არიან ქართულ საცხოვრებელ გარემოს, ითხოვენ მამის მხრიდან გამოვლენილი ძალადობისგან, დაცვას და მათ რეალურ ნებასა და საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს იცხოვრონ დედასთან ერთად საქართველოში, რა დროსაც დაცულნი იქნებიან მამის მხრიდან გამოვლენილი ყველა ფორმის ძალადობისგან. კერძოდ:

7.1.1.1.კასატორის განმარტებით, ტ. ს–ას საზღვარი ბავშვებთან ერთად არამართლზომიერად არ გადმოულახავს. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ კრძალავს ბავშვების მამის თანხმობის გარეშე დედასთან ერთად საზღვარგარეთ გადაადგილებას. ამასთან, რუსეთის ფედერაციის საკასაციო სასამართლოს 09.08.2022 წლის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ს–ის სარჩელი ტ. ს–ას მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რითაც დადასტურდა, რომ ტ. ს–ას ვ. ს–ის მეურვეობის უფლება არ დაუღვევია.

7.1.1.2.კასატორის მითითებით, ბავშვების საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლით არ მომხდარა მათი ჩვეული გარემოს შეცვლა. ჩვეული გარემო არ წარმოადგენს მხოლოდ სახლს, მისამართს, არამედ, უმთავრესად ესაა საზოგადოება, ადამიანები, საურთიერთობო წრე; ბავშვები 1 წლის ჩამოვიდნენ საქართველოში, დღეს 7, 9 და 4 წლისანი არიან; მათი საყვარელი სკოლა და მეგობრები საქართველოში არიან; ბავშვებს არ აქვთ არავითარი გაუცხოვება არც ქართულ ენასთან, არც საზოგადოებასთან და არც ქვეყანასთან, შესაბამისად, მათი ინტეგრირება სრულად მომხდარია.

7.1.1.3.კასატორის განმარტებით, ბავშვები მამის - ვ. ს–ის მხრიდან არა მარტო ფსიქოლოგიური ძალადობის, არამედ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც არიან. კერძოდ, 2022 წლის 30 ოქტომბერს, არასრულწლოვნებთან: ვ.ს–ვასთან და ე.ს–ვასთან განხორციელდა გასაუბრება, რა დროსაც ბავშვებმა გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, 2022 წლის 09 ნოემბერს სისხლის სამართლის No006140622003 საქმეზე დაბარებულნი და გამოკითხულნი იქნენ არასრულწლოვნები: ვ.ს–ვა და ე.ს–ვა. 09.11.2022 წელს, ბავშვებმა გამოკითხვისას დეტალურად მიუთითეს მამის მხრიდან ჩადენილ ძალადობის მძიმე ფაქტებზე. ბავშვების მხრიდან გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მათ მიმართ მამის მხრიდან განხორციელებული ფაქტები ბოლო უახლოეს პერიოდშიც ხდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ არასრულწლოვნებმა გამოძიებაშიც დაადასტურეს და პირად საუბრებშიც არაერთგზის მიუთითეს, რომ მამა - ვ. ს–ი მათ მიმართ ახორციელებდა არაერთ ძალადობრივ ქმედებას, რის გამოც ბავშვები განიცდიდნენ ძლიერ ტკივილს, ტანჯვასა და შიშს. მამის, ვ. ს–ის მხრიდან ბავშვებზე გამოვლენილი ძალადობის გამო, ბავშვებმა როგორც კი შეძლეს, დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და აცნობეს მამის მიერ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობების შესახებ. ასევე, არასრულწლოვნებმა მათი ადვოკატის მეშვეობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მამის ვ. ს–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. პრემიერ მინისტრს, გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველს და სასამართლოს ბავშვებმა პირადად, საკუთარი ხელით დაწერილი განცხადებებით მიმართეს და შველა ითხოვეს. ბავშვების რუსეთის ფედერაციაში მამის - ვ. ს–ის საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება კი, გულისხმობს მოცემულობას, რომ ვ. ს–ი კვლავ გააგრძელებს ბავშვებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

7.1.1.4.კასატორის მითითებით, სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს ბავშვების სურვილი - იცხოვრონ დედასთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვებს თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცემიათ. იმ დროს, როდესაც ისინი ინფორმაციას იძლეოდნენ, თუ სად სურდათ ცხოვრება და უნდოდათ თუ არა რუსეთის ფედერაციაში მამის საცხოვრებელ სახლში დაბრუნება, მამის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მამამ ალაპარაკა ის, რაც მის ინტერესებს შეესაბამებოდა. ბავშვები გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებენ გარემოებას, რომ ვ. ს–ი მათ ატყუებდათ, რომ დედა - ტ. ს–ა იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში და თუ დედის ნახვა უნდოდათ, უნდა ეთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება სურდათ. სწორედ აღნიშნულის გამო ამბობდნენ ბავშვები, რომ მათ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება უნდოდათ, რეალურად კი მათ არათუ მამის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება, არამედ დედასთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრების გაგრძელება და მამისგან დაცვა სურდათ. ბავშვები ჯანსაღ მიჯაჭვულობას ავლენენ დედის მიმართ და მასთან თავს დაცულად გრძნობენ. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებები, რომ ბავშვებმა დედასთან კონტაქტი არ უნდა გაწყვიტონ.

7.1.1.5.კასატორის მითითებით, სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს დედის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, ტ. ს–ა ფსიქიურად დაავადებული არ არის; თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია შეიგნოს მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი; მას ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს და აღნიშნული დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 მარტის დასკვნით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ტ. ს–ა არის ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, ე.ი. 100%-ით დადასტურებულია ყველა სხვა დასკვნის სიყალბე, რომელიც ტ. ს–ას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განსხვავებულ შეფასებას აკეთებს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ტ. ს–ას (ს–ას) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების თანახმად, კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე, არასრულწლოვანთა არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად ცნობას, ამავე კონვენციით განმტკიცებული გამონაკლისების არარსებობის დადგენასა და ბავშვების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, ვლინდება თუ არა არასრულწლოვანთა არამართლზომიერი გადაადგილება ან/და არამართლზომიერი დაკავება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, არსებობს თუ არა საგამონაკლისო ნორმების გამოყენებისა და ბავშვის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის ქვეყანაში - რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძვლები.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციით (შემდგომში კონვენციით) არის რეგლამენტირებული. ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo-ს“ აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელ. პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელ. პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).

15. დამატებით კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-35118 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-13059 მუხლებზე, რომლებიც აწესრიგებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებებს, ასევე ითვალისწინებს ასეთი საქმეების განხილვის თავისებურებებს და აღნიშნული ნორმები სრულად შეესაბამება 1980 წლის ჰააგის კონვენციის მოთხოვნებს.

16. აღსანიშნავია, რომ კონვენციის მიზანი ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ როგორ მოწესრიგდება მომავალში მასზე მეურვეობა. დაბრუნების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს არამართლზომიერი გადაადგილების შედეგად დარღვეული უფლების აღდგენა ბავშვის იმ ადგილას დაბრუნებით, რომელიც მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილია. თუ მეურვეობის უფლება უნდა შეიცვალოს, მაშინ ეს იქნება ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი. ასეთ განმარტებას აკეთებს ასევე ერთ-ერთ საქმეში ფინეთის უზენაესი სასამართლო (Finland: Supreme Court of Finland: KKO:2004:76 [INCADAT cite: HC/E/FI 839]). კონვენციის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს არა მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, არამედ იმ ქვეყანას, სადაც არის არასრულწლოვნის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, კონვენცია არ ეხება ბავშვზე მეურვეობის უფლების განსაზღვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მისი რეგულირების სფერო და მეურვეობის უფლება. კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, მას შემდეგ, რაც მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც შეეხება ბავშვის არამართლოზმიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლის მნიშვნელობით, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები, რომელში გადაყვანილია ან დაკავებულია ბავშვი, არ ღებულობენ გადაწყვეტილებას მეურვეობის უფლებათა არსის თაობაზე მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ბავშვი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ამ კონვენციის მიხედვით, ან თუ ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში. აღნიშნული მუხლი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ აძლევს უფლებამოსილებას, მიიღონ მეურვეობის უფლების შესახებ გადაწყვეტილება მანამ, სანამ არ გამოვა გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ან კონვენციის საფუძველზე განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში. ამასთან, კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ არ უნდა ჩაითვალოს დადგენილებად მეურვეობასთან დაკავშირებული რაიმე საკითხის არსის თაობაზე. ანუ, ამ მუხლის თანახმად უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ განსაზღვრავს და არ ადგენს მეურვეობის უფლების არსს. ამ დებულების მთავარი მიზანია, მოახდინოს იმ პირის მიერ, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი, ცალმხრივი ქმედებით შეცვლილი გარემოების ზეგავლენის პრევენცია არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 20).

17. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში. პალატას, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები არ აპელირებენ და არ მიუთითებენ რაიმეს კონვენციის 38-ე მუხლთან მიმართებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ იურისდიქციის საკითხი შეაფასოს კონვენციის 38-ე მუხლიდან (ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეუძლია შეუერთდეს ამ კონვენციას... შეერთებას ძალა ექნება მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობასთან მიმართებაში, რომლებსაც განცხადებული ექნებათ მათ მიერ შეერთების მიღების შესახებ. ამგვარი განცხადება გასაკეთებელი ექნება ნებისმიერ იმ წევრ სახელმწიფოსაც, რომელიც კონვენციას რატიფიკაციას გაუკეთებს, მიიღებს ან დაამტკიცებს შეერთების შემდეგ) გამომდინარეც, რომლის თანახმად, მოთხოვნის გამგზავნი და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოები ორმხრივად უნდა თანამშრომლობდნენ. დასახელებული ნორმის მიხედვით, კონვენცია აწესებს კონკრეტული სახელმწიფოებისათვის კონვენციის ძალაში შესვლის დამატებით მოთხოვნას, რაც საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში არატრადიციული მოწესრიგებაა და იგი მოითხოვს, რომ კონვენციის ასამოქმედებლად, საჭიროა ეს მიერთება აღიარონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთათვისაც კონვენცია უკვე ძალაშია შესული (იხ. ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო).

18. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოები, 1980 წლის ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს წარმოადგენენ, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმება/კონვენციასთან მიერთების აღიარება კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული ვითარება არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისას კონვენციით გათვალისწინებული დებულებების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან კონვენციის 29-ე მუხლის თანახმად, „ეს კონვენცია ხელს არ უშლის ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან ორგანოს, რომელიც აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევას მე–3 (ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების/დაკავების საფუძვლები) და 21–ე მუხლის (შეფარების უფლება) მნიშვნელობის ფარგლებში, მიმართოს უშუალოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს, ამ კონვენციის დებულებათა თანახმად იქნება ეს, თუ არა“. დასახელებული ნორმის საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჰააგის კონვენცია არ ცდილობს შექმნას განსაკუთრებული სისტემა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ბავშვების დაბრუნების მიზნით. პირიქით, ის წარმოგვიდგება, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი იმ პირების დასახმარებლად, ვისი მეურვეობის ან ნახვის უფლებაც დარღვეულ იქნა. შესაბამისად, პირებს ამავე კონვენციით აქვთ არჩევანის შესაძლებლობა – მიმართონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებს, ანუ გამოიყენონ კონვენციის მექანიზმები, თუ აირჩიონ უშუალო ქმედების გზა მეურვეობისა და ნახვის უფლებების სფეროში კომპეტენტური ორგანოების წინაშე იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვი იმყოფება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანუ, როდესაც დაინტერესებული პირები ამჯობინებენ პირდაპირ მიმართონ აღნიშნულ ორგანოებს, მათ შეუძლიათ მეორე არჩევანიც გააკეთონ და წარადგინონ თავიანთი განცხადება „კონვენციის დებულებების გამოყენებით ან მის გარეშე“. მეორე შემთხვევაში, ცხადია, კომპეტენტური ორგანოები არ იქნებიან ვალდებული, გამოიყენონ კონვენციის დებულებები, თუ სახელმწიფოს არ აქვს ისინი გადატანილი შიდა კანონმდებლობაში კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად.

19. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ საკუთარი უფლების დაცვის მიზნით, უშუალოდ მიმართა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს - სასამართლოს და მოთხოვნა სწორედ ჰააგის კონვენციით განმტკიცებულ დებულებებს დააფუძნა, რაც სასამართლოს, დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, სწორედ ამ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენების წინაპირობებს უქმნის. ამდენად, სახეზე არ არის კონვენციის 38-ე მუხლიდან გამომდინარე მისი გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება.

20. რაც შეეხება ჰააგის კონვენციის იურისდიქციის გავრცელების სხვა წინაპირობებს, აღნიშნული რეგლამენტირებულია კონვენციის მე-4 მუხლში, რომლის თანახმად კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიაღწევს. ამ ნორმიდან გამომდინარე, ბავშვი იმ შემთხვევაში ექცევა კონვენციის იურისდიქციაში, თუ მას არ შესრულებია 16 წელი, სახეზე არის არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება და არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

21. უდავო ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბავშვებს არ მიუღწევიათ 16 წლის ასაკისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც არსებობენ გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დასადგენად, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი გარემოებაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, ექცევიან თუ არა არასრულწლოვნები ჰააგის კონვენციის იურისდიქციაში.

22. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.

23. ამდენად, იმისათვის, რომ არასრულწლოვნის გადაადგილება/დაკავება არამართლზომიერად შეფასდეს, სახეზე უნდა იყოს განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა და ეს უფლება გადაადგილებამდე/დაკავებამდე რეალურად უნდა ხორციელდებოდეს; ამასთან, არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ჩვეულებრივ უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. შესაბამისად, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რას გულისხმობს მეურვეობის უფლება და მისი რეალური განხორცილება, ასევე, რა მოიაზრება ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილში.

24. ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზუნველობას, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას; ხოლო, „ურთიერთობის უფლება“ - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305​7-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.

25. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებების კონცეფციის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონვენციის ე.წ. „ავტონომიური“ ბუნებისა და მისი რეგულირების ობიექტის გათვალისწინებით. კონვენციის „ავტონომიური“ ბუნება გულისხმობს მასში არსებული ცნებების, მათ შორის „მეურვეობის“ განმარტებას მხოლოდ ამ კონვენციაში არსებული მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე. კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მეურვეობის უფლება გულისხმობს ბავშვზე მზრუნველობას, რაც უკავშირდება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას. ხელშემკვრელი სახელმწიფოების სასამართლოების მიერ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მეურვეობის უფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება. ამასთან, როგორც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის მიერ არის აღნიშნული, სახელმწიფოების დიდი ნაწილის სასამართლო პრაქტიკა მხარს უჭერს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ურთიერთობის უფლებისა და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე ვეტოს უფლების ერთობლიობა კონვენციის მიზნებისათვის ქმნის მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 28-32).

26. მეურვეობის უფლების რეალური გამოყენება პირობითად მეორე კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერებას. ამ კრიტერიუმის ძირითადი იდეა არის ის, რომ სახელმწიფოების მიერ მეურვეობის უფლების აღიარება არ მოხდეს მარტივად და გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში იყოს მიღებული, თუ რამდენად ხდებოდა რეალურად ამ უფლებით სარგებლობა. ამასთან, მისი მიზანია დაიცვას ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებობს ამ კრიტერიუმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის პრაქტიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც დაფიქსირდა არაერთი ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის ის, რომ კონვენციის საფუძველზე მეურვეობის უფლების დასადგენად არ არის სავალდებულო მეურვეობის უფლების განხორციელება უშუალოდ და პირდაპირ ხდებოდეს ამ უფლების მქონე პირის მიერ. უპირატესი მეურვეობის უფლების მქონე პირს (parent having primary custody right) ხშირად შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, აქვს უფლება განსაზღვროს ვის მიანდოს ბავშვი აღსაზრდელად. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მეურვეობის უფლების მქონე პირს აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მის მიმართ. სხვა მიდგომის მიხედვით, მეურვეობის უფლების განხორციელება შესაძლებელია მოხდეს იმ მშობლის მხრიდანაც, რომელიც არ ფლობს უპირატეს მეურვეობას, მაგრამ მუდმივ/რეგულარულ კონტაქტშია ბავშვთან და ინარჩუნებს ნახვის/ურთიერთობის უფლებას. იმ მშობლის მხრიდან ბავშვთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება, რომელიც ფლობს de jure მეურვეობის უფლებას, ნიშნავს, რომ მშობელი ამ უფლებას ახორციელებს. ამასთან, მშობელი, რომელსაც უფლება აქვს შეეწინააღმდეგოს მისი თანხმობის გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბავშვის გაყვანას, ითვლება, რომ ახორციელებს მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 32-34; ჰააგის კონვენციის (ელ. პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 72).

27. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა მშობლების მეურვეობის უფლების/მისი რეალურად განხორციელებისა და ასევე, არასრულწლოვანთა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნებისათვის, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიმართ საკასაციო საჩივარში წამოყენებული არ არის დასაშვები ან დასაბუთებული პრეტენზია და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვისაც.

28. დადგენილია, რომ მოპასუხე არასრულწლოვან შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა დაახლოებით 2021 წლის ნოემბრის თვეში, ხოლო, საქართველოში ჩამოსვლამდე, 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ა, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ს–ი ცხოვრობდნენ მამასთან, მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. ბატაისკი, „ჰ–თა“ სააგარაკე არაკომერციული ამხანაგობა, მე-12 ქუჩა, სახლი N290 და ბავშვების რჩენა-აღზრდაზე ზრუნავდა მამა, დედა კი, პერიოდულად აკითხავდა შვილებს და მიჰყავდა თავისთან, ხოლო შემდგომ, კვლავ მამის საცხოვრებელ მისამართზე აბრუნებდა, რაც დადასტურებულია თავად მოპასუხის განმარტებითაც. ამდენად, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, უდავოდ დასტურდება, რომ არასრულწლოვნების მამა ბავშვების მიმართ რეალურად ახორციელებდა მეურვეობის უფლებას და ის იყო ბავშვების ე.წ. „უპირატესი მეურვე“ („primary carer“), რადგან ბავშვები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ მასთან.

29. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრებოდა და იგი იქნებოდა არასრულწლოვნების ე.წ „უპირატესი მეურვე“ (primary carer), აღნიშნული ვერ გამორიცხავდა მამის მეურვეობის უფლებას, რადგან მამას არ ჰქონია ჩამორთმეული ან შეზღუდული ბავშვებთან ურთიერთობის უფლება. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება კი, ჰააგის კონვენციის შესაბამისად, აღიარებულია როგორც მეურვეობის უფლების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი ელემენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე, რომ სადავო არ არის დედის მიერ არასრულწლოვნების რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მამის ნებართვის გარეშე ჩამოყვანა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბავშვების ამგვარი გადაადგილებით დაირღვა მამის - ვ. ს–ის, როგორც მეურვის უფლება.

30. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში მხარეთა შორის მიმდინარეობდა დავა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს - დედას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მასთან განსაზღვრის თაობაზე, ხოლო, მოსარჩელის - მამის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხის - დედის მიმართ, მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - დედას შეეზღუდა მშობლის უფლებები არასრულწლოვნების მიმართ და დაეკისრა ალიმენტი მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვნების სარჩენად. რუსეთის ფედერაციის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეების კოლეგიაში, სადაც 2022 წლის 02 მარტის სააპელაციო განსაზღვრებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს განჩინებით, გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება, ასევე, როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2022 წლის 02 მარტის სააპელაციო განჩინება და საქმე გადაეგზავნა როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

31. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს განჩინებაზე დაყრდნობით აცხადებს კასატორი, რომ მას ბავშვების მამის მეურვეობის უფლება არ დაუღვევია, ხოლო, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ კრძალავს მამის თანხმობის გარეშე ბავშვების დედასთან ერთად საზღვარგარეთ გადაადგილებას, ბავშვები არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად არ უნდა იქნენ მიჩნეულნი.

32. საკასაციო პალატის შეფასებით, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 09.08.2022 წლის გადაწყვეტილებით, ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (რომლითაც ტ. ს–ას სარჩელი ვ. ს–ის მიმართ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო, ვ. ს–ის სარჩელი ტ. ს–ას მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა) გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა, წარმოიშვა საფუძველი მხოლოდ იმისა, რომ დავა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მშობლის უფლებების შეზღუდვისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ხელახლა იქნეს განხილული და აღნიშნული ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არასრულწლოვნების საქართველოში გადაადგილებამდე, რუსეთის ფედერაციაში ბავშვების „რეალური მეურვე“ მამა - ვ. ს–ი იყო. იმ ვითარებაში კი, როდესაც უდავოა, რომ დედამ არასრულწლოვნები რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მამის/„რეალური მეურვის“/„უპირატესი მეურვის“ ნებართვის გარეშე ჩამოიყვანა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ მას ბავშვების მამის მეურვეობის უფლება არ დაუღვევია.

33. კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მამის მეურვეობის უფლების დარღვევა დაადგინეს არა იმის გამო, რომ ბავშვების დედას ბატაისკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ჰქონდა მშობლის უფლებები არასრულწლოვნების მიმართ და ამ შეზღუდვის გამო არ ჰქონდა მამის ნებართვის გარეშე რუსეთის ფედერაციიდან ბავშვების გაყვანის შესაძლებლობა, არამედ იმიტომ, რომ ბავშვების „რეალური“/„უპირატესი“ მეურვე იყო მამა, რადგან საქართველოში გადაადგილებამდე ბავშვები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ მამასთან, რომელსაც ბავშვების გადაადგილებაზე ნებართვა არ გაუცია.

34. საკასაციო პლატას, კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ კრძალავს მამის თანხმობის გარეშე ბავშვების დედასთან ერთად საზღვარგარეთ გადაადგილებას და ბავშვები არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად არ უნდა იქნენ მიჩნეულნი, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვის/ბავშვების გადაადგილება/დაკავება არამართლზომიერად იქნეს მიჩნეული. მითითებული მუხლის თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვეულია მეურვეობის უფლების მქონე პირის მეურვეობის უფლება, მიკუთვნებული ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის კანონმდებლობით და რომელსაც ის იყენებდა ბავშვის/ბავშვების არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე. ამ მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ბავშვის/ბავშვების გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერად მიჩნევისათვის განმსაზღვრელი არ არის ის, თუ როგორ წესრიგდება ბავშვის გადაადგილება სახელმწიფოს საზღვარზე იმ ქვეყნის კანონმდებლობით, საიდანაც ადგილი აქვს ბავშვის არამართლზომიერ გადაადგილებას, არამედ განმსაზღვრელია იმის დადგენა, ადგილი ჰქონდა თუ არა მეურვეობის უფლების დარღვევას, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა. შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელი და არარელევანტურია კასატორის მითითება იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა არ კრძალავს მამის თანხმობის გარეშე ბავშვების დედასთან ერთად საზღვარგარეთ გადაადგილებას, რის გამოც ბავშვები არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად არ უნდა იქნენ მიჩნეულნი.

35. რაც შეეხება ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს, ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. კონვენციის საფუძველზე განხილულ საქმეებში ეს ტერმინი, ძირითადად, შემდეგ სამ თეორიაზე დაყრდობით განიმარტება – ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ: 1. სად ცხოვრობდა რეალურად ბავშვი; 2. სად აქვთ მშობლებს განზრახული, რომ იცხოვროს; 3. ორივე კრიტერიუმის ერთობლიობით. პირველი მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე; მეორე მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას მნიშვნელოვანია მშობლების (ან ბავშვზე მეურვეობის მქონე სხვა ნებისმიერი პირის) განზრახვის, მიზნების გათვალისწინება. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება ტერმინისგან - „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” (ე.წ. Domicile), რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის საჭიროა არსებობდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მუდმივად ცხოვრების განზრახვა, ან ვადის განსაზღვრის გარეშე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება შესაბამისი განზრახვით. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის ასეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 25-26).

36. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ს–ა, (დაბადებული 2013 წლის 20 ივნისს) ე. ს–ა (დაბადებული 2015 წლის 20 აგვისტოს) და ვ. ს–ი (დაბადებული 2018 წლის 12 ნოემბერს) დაბადების შემდეგ ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ რუსეთის ფედერაციაში ორივე მშობელთან ერთად მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. ბატაისკი, „ჰ–თა“ სააგარაკე არაკომერციული ამხანაგობა, მე-12 ქუჩა, სახლი N290, ხოლო, მას შემდეგ, რაც ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბავშვების დედას შეეზღუდა მშობლის უფლებები არასრულწლოვნების მიმართ და დაეკისრა ალიმენტი მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვნების სარჩენად, ბავშვები საცხოვრებლად დარჩნენ მამასთან იგივე მისამართზე. ბავშვების რუსეთის ფედერაციიდან ხანგრძლივი გაყვანის მტკიცებულებები (არამართლზომიერ გადაადგილებამდე) წარმოდგენილი არ არის, ისინი საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში დადიოდნენ რუსეთის ფედერაციაში, საუბრობენ რუსულ ენაზე. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს აფიქრებიდნებდა, რომ არასრულწლოვნების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი არის არა რუსეთის ფედერაცია, არამედ სხვა რომელიმე ქვეყანა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, არასრულწლოვანი ბავშვების ცხოვრებისეული გამოცდილება დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციასთან და ცხოვრების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ბავშვებს საცხოვრებელი ადგილის მიმართ ბუნებრივად ჩამოუყალიბდებოდათ ემოციური კავშირი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სისწორის შესახებ საკასაციო საჩივარში შედავება განხორციელებული არ არის და არც რაიმე ისეთი სახის მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს შეუქმნიდა, საკასაციო სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ჰააგის კონვენციის მიზნებისათვის, არასრულწლოვნების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა.

37. ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ უკვე გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დედის მიერ არასრულწლოვნების რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მამის ნებართვის გარეშე ჩამოყვანით დაირღვა მამის - ვ. ს–ის, როგორც მეურვის უფლება და არასრულწლოვნების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს საქართველოში ჩამოსვლამდე რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, არასრულწლოვნები - ვ. ს–ა, ე. ს–ა და ვ. ს–ი წარმოადგენენ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოდან - რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებს, რის გამოც ჰააგის კონვენციის მიხედვით, ისინი ექცევიან აღნიშნული კონვენციის იურისდიქციაში და სახეზეა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში ბავშვების დაბრუნების ერთ-ერთი წინაპირობა.

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის დაბრუნების ზოგად წესზე მიუთითებს ასევე ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცი, რომლის თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული ნორმიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ თუ განცხადება ბავშვის დაბრუნების შესახებ წარდგენილია ერთწლიანი ვადის დაცვით, მაშინ მოპასუხე მხარე ვერ იდავებს არასრულწლოვნის დაბრუნებაზე ბავშვის გარემოში ინტეგრაციის საფუძვლით, ვინაიდან კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ამ შემთხვევაში ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ არ არსებობს სხვა საგამონაკლისო საფუძველი ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმისათვის (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 43-44). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ს–მა სასამართლოს მიმართა კონვენციის მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცით დადგენილი ერთწლიანი ვადის დაცით, რაც ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნების საფუძველს ქმნის.

39. კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, გათვალისწინებულია ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საგამონაკლისო საფუძველი. მითითებული აბზაცის თანახმად, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში. ამდენად, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტი ვადა გავიდა, სასამართლომ ან შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვის ინტეგრაცია ახალ გარემოში თვალნათლივ არის ნაჩვენები (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 43-44).

40. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული არასრულწლოვნის დაბრუნების ზოგადი ვალდებულება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დადგენას a priori არ მოჰყვება ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს უკანასკნელი კი კონვენციით გათვალისწინებული იმ გამონაკლისი შემთხვევების არსებობითაა განპირობებული, როცა სასამართლოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს იმ გამონაკლისების არსებობა, რაც დადგენილია ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცით, მე-13 და მე-20 მუხლებით და რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს.

41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არსებობს ფართო კონსენსუსი საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იგივე ფილოსოფიაა დამახასიათებელი ჰააგის კონვენციისთვისაც, რომელიც ასოცირდება ბალანსის აღდგენის ინტერესთან, რაც ნიშნავს უკანონო გატაცების შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამავდროულად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში იყოს გამართლებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია გამონაკლისების არსებობა, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი იქნება გაუსაძლის პირობებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, 21.07.2015წ., პარ. 44).

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღირებულ პრინციპს. მართალია კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე, მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, ასევე ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მაგრამ ზოგადი ვარაუდი, რომ სწრაფი დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის, კონკრეტულ საქმეში შეიძლება არ იყოს რელევანტური, ბავშვის საუკეთესო ინტერების დაცვის უზრუნველსაყოფად კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობების შეფასების შედეგად გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე.

43. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ აქვთ ჰააგის კონვენციით განსაზღვრული გამონაკლისების ფართო ინტერპრეტაციის საშუალება, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიწვევდა კონვენციის მიზნების განხორციელების ხელშეშლას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ეს გამონაკლისები „შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა და ამით ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 47-48; ჰააგის კონვენციის (ელ. პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 34).

44. საქმეზე X ლატვიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ როდესაც, სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ ბავშვის დაბრუნების შესახებ ჰააგის კონვენციის თანახმად, ადგილი არ ჰქონდა ყველა შესაბამისი გარემოების სიღრმისეულ ანალიზს, რითაც ჩარევა არაპროპორციული შეიქმნა. აღინიშნა, რომ სახელმწიფოებისადმი მინიჭებული შეფასების ზღვარის ფარგლებში, იმის დადგენისას თუ რამდენად იყო ბავშვისა და მშობლების და საჯარო წესრიგს შორის ინტერესთა ჯეროვანი ბალანსი დაცული ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის ინტერესების დაცვა უნდა ყოფილიყო პირველადი საზრუნავი. ამ მხრივ, ევროპული კონვენციისა და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული ინტერპრეტაციის მიზნებისათვის, ის გარემოებანი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ უკანასკნელი კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცში, მე-13 და მე-20 მუხლებში და ეხება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბურუნების ვალდებულებისაგან გამონაკლისებს, უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ჯეროვნად გათვალისწინებული სასამართლოს მიერ, რომელსაც ამ საკითხზე უნდა მიეღო სათანადოდ არგუმენტირებული გადაწყვეტილება და მხოლოდ შემდეგ შეეფასებინა იგი ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლი ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებს აკისრებდა პროცედურულ ვალდებულებას, რომელიც ბავშვის დაბრუნების შეფასებისას სასამართლოებისაგან ითხოვდა განეხილა ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში მისადმი „უკიდურესი საფრთხის“ არსებობის შესახებ ბრალდებანი და მიეღო განჩინება კონკრეტული მიზეზების მითითებით.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციისა და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ პირს, ვინც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის მე-12-13 მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით (lex fori) (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 49; ჰააგის კონვენციის (ელ. პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 109).

46. ვიდრე, საკასაციო პალატა ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული იმ საგამონაკლისო წინაპირობების შემოწმებას შეუდგება, რომელთა არსებობის შემთხვევაში სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნების ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას კი, საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრაში და მტკიცებულებათა გამოთხოვაში გამოიხატება. კერძოდ, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022წ.). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობების შეფასებისას, საკასაციო პალატა არ დასჯერდება მხოლოდ მხარეთა მიერ ქვემდგომი ინსტანციით საქმის განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებებს და საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებათა გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღებს საკასაციო განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

46.1. ტ. ს–ას 2022 წლის 17 ნოემბრის საკასაციო საჩივარს ერთვის:

- ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 07 ნოემბრის მიმართვა ტ. ს–ას ინტერესების დამცველს - მ.ღ–ას, რომლის თანახმად, 2022 წლის 14 ივნისს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №006140622003 საქმეზე, ვ. ს–ის მიერ შვილებზე-ვ. ს–აზე, ე. ს–აზე და ვ– ს–ზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელზეც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები;

-რუსეთის ფედერაციის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 აგვისტოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილება, ასევე, როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2022 წლის 02 მარტის სააპელაციო განჩინება და საქმე გადაეგზავნა როსტოვის ოლქის ბატაისკის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 25 მარტის დასკვნა, რომლის მიხედვით, ტ. ს–ა ფსიქიურად დაავადებული არ არის და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია შეიგნოს მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი; ხოლო, საკითხები - რით არის განპირობებული წარმოდგენილ ვიდეოებში ასახული ტ. ს–ას შვილებთან ამგვარი მოპყობა, შესაძლოა თუ არა ტ. ს–ა დღეის მდგომარეობით ახორციელებდეს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას შვილების მიმართ ან რაიმე ფორმით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობასა და განვითარებაზე, შეუძლია თუ არა განახორციელოს თავისი არასრულწლოვანი შვილების მოვლა, აღზრდა-განვითარება, იცხოვროს მათთან ერთად, საშიშია თუ არა ბავშვების დედასთან დატოვება - სცდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომპეტენციას.

46.2. ვ. ს–ის 2022 წლის 11 ნოემბრის საკასაციო შესაგებელს ერთვის:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვნების - ვ. ს–ასა და ე. ს–ას 2022 წლის 01 ნოემბრის განცხადება მამის - ვ. ს–ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის დროებითი განჩინება, რომლითაც ა.ტ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და არასრულწლოვნები - ვ. ს–ა და ე. ს–ა განცალკევებულნი იქნენ დედისგან - ტ. ს–გან, გამოყვანილ იქნენ დედის საცხოვრებელი სადგომი ადგილიდან და აღსაზრდელად გადაეცნენ ბებიას (მამის მხრიდან) - ა.ტ–ას.

46.3. ტ. ს–ასა და მისი წარმომადგენლების - მ.ღ–ასა და თ.ს–ძის 2022 წლის 30 ნოემბრის განცხადებას ერთვის:

- ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 22 ნოემბრის წერილი, რომლის თანახმად, არასრულწლოვნები - ვ. და ე. ს–ები ცნობილ იქნენ დაზარალებულად, ხოლო ვ. ს–ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა;

- 2022 წლის 18 ნოემბრის დადგენილებები: ვ. ს–ის ბრალდებულად ცნობის შესახებ, ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას დაზარალებულად ცნობის შესახებ;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 19 ნოემბრის განჩინება ბრალდებულ ვ. ს–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ;

- შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის/არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის 2022 წლის ცნობა, რომლის მიხედვით, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის/არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №100241122004 საქმეზე, ა.ტ–ას მიერ, შვილიშვილების მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულის საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

- ა.ტ–ას მიმართ 2022 წლის 25 ნოემბერს გამოცემული №028035 და №028036 შემაკავებელი ორდერები - ვ.ს–ვასა და ე.ს–ვაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო.

46.4. არასრულწლოვნების წარმომადგენლის - ი.ა–ის მიერ, 2022 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილ მოსაზრებას ერთვის:

- ს–ი ვ.ის, ს–ა ვ.სა და ს–ა ე.ს მიმართ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 17 ოქტომბრის №119 დასკვნა, რომლის თანახმად, დასმულ კითხვებს გაეცა შემდეგი პასუხები:

„1. საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან არის თუ არა არასრულწლოვნებზე ვ., ე. და ვ. ს–ებზე ზემოქმედება (ფსიქოლოგიური, ფიზიკური) დედის ტ. ს–ა (ა–ო) მხრიდან დღევანდელ დღემდე?

პასუხი: საქმეში დევს ვ. ს–ას მარჯვენა საფეთქლის არეში დაფიქსირებული სისხლჩაქცევის ამსახველი ფოტო, რაზეც თავიდან ვ. განმარტავდა, რომ არ ახსოვს, რაც ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ბატონმა ვ.მ მომასმენინა აუდიო მასალა, სადაც ვ. ამბობს, რომ დედამ ჰკრა ხელი, რის შედეგადაც წაიქცა, ხოლო ხელის კვრის მიზეზი გახდა პატარა ვ–თვის პამპერსის გამოცვლის დაგვიანება. დღემდე დედის ძალადობა ვერ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბავშვები მასთან აღარ იმყოფებიან.

2. წარმოდგენილი მასალების, მათ შორის ვიდეო და აუდიო ფაილების საფუძველზე დედის ბავშვებთან ურთიერთობის (აღზრდის) რა მოდელი იკვეთება?

პასუხი: არც ერთი არსებული სამი გავრცელებული მოდელიდან - „ავტორიტარული” „ავტორიტეტული” „ჩაურევლობა - არც ერთი, საერთოდ აღზრდასთან არ გვაქვს საქმე. მე დავარქმევდი „მანქურთებად ქცევის მოდელს“

3. არის თუ არა დავიწყების პროცესში ბავშვებზე დედის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგი?

პასუხი: რედუცირების (შემცირების) პროცესშია

4. აქვთ თუ არა ბავშვებს საქართველოში დარჩენის სურვილი?

პასუხი: არა

5. სურთ თუ არა ბავშვებს სახლში (რუსეთში) დაბრუნება ?

პასუხი: დიახ, ეს არის მათი ოცნება...

6. რა მოქმედებები უნდა განახორციელონ მშობლებმა ერთად თუ ცალ-ცალკე ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად?

პასუხი: არ მოახდინონ ბავშვების რეტრავმირება.

7. ბავშვების დედასთან ურთიერთობა შეიცავს თუ არა მათზე დედის მხრიდან განმეორებითი ან განგრძობითი ძალადობის რისკებს?

პასუხი: შეიცავს განმეორებითი ძალადობის მაღალ რისკებს!

8. ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში დასაშვებია თუ არა დედისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა/ჩამორთმევა?

პასუხი: დასაშვებია მშობლის უფლების შეზღუდვა/ჩამორთმევა

9. იყენებს თუ არა დედა ბავშვებს ინსტრუმენტად თავისი პირადი ინტერესებისთვის?

პასუხი: დედა იყენებს ბაშვებს პირადი მერკანტილური თუ სხვა ინტერესებისთვის

10. დასაშვებია თუ არა დედის და ბავშვების ამჟამინდელი დისტანციური მდგომარეობა ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე?

პასუხი: დასაშვებია.

11. როგორია არასრუწლოვნების - ვ., ე. და ვ. ს–ების, თითოეულის, ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

პასუხი: ვ., ე. და ვ. ს–ების ფსიქოლოგიური ტრავმები რედუცირების ფაზაშია.

12. როგორია მამის, ვ. ს–ის, თავის არასრუწლოვან შვილებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი?

პასუხი: მამის, ვ. ს–ის შვილებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი არის სრულად დამაკმაყოფილებელი, კეთილგონივრული და შვილების საუკეთესო ინტერესებზე მიზანშეწონილად გათვლილი.

13. როგორია დედის, ტ. ს–ა (ა–ო) არასრუწლოვან შვილებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი?

პასუხი: დედის, ტ. ს–ას (ა–ო) შვილებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, უმწიფარი, პრიმიტიული და ფეთქებადსაშიში“.

46.5. ტ. ს–ასა და მისი წარმომადგენლის - რ.ფ–ას მიერ, 2022 წლის 09 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებას ერთვის:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 დეკემბრის დროებითი განჩინება, რომლითაც არასრულწლოვნების: ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ა.ტ–ას აეკრძალა მსხვერპლების - ვ.ს–ვას და ე.ს–ვას საცხოვრებელ სახლთან, სასწავლებელთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ისინი იმყოფებიან;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 დეკემბრის დროებითი განჩინება, რომლითაც ი. ა–ოს (ბებია დედის მხრიდან) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების გამოტანამდე არასრულწლოვანი ვ.ს–ვი გარიდებულ იქნა ბებიისგან - ა.ტ–ასგან, გამოყვანილ იქნა ბებიის საცხოვრებელი ადგილიდან და აღსაზრდელად გადაცემულ იქნა სახელმწიფო მზრუნველობაში; ამასთან, ა.ტ–ას აეკრძალა ვ.ს–ვთან ურთიერთობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;

- ვ. და ე.ს–ვების შესახებ ააიპ „კ.ს–ის“ 2022 წლის 04 დეკემბრის №04/12-01/22 ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმად, „1.1. ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას დედასთან, ტ. ს–ასთან უფიქსირდებათ ე.წ. მაღალი ხარისხის სანდო მიჯაჭვულობა, რაც გულისხმობს ღრმა, ხანგრძლივ ურთიერთკავშირს, რომელიც მოიაზრებს ფიზიკური და ემოციური სიახლოვის სურვილს, რაც თავის მხრივ, ბავშვში აღძრავს უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდას. დედის მიმართ ნდობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი ბავშვების მხრიდან გამოიხატება ქცევის შემდეგი ასპექტებით: მათ ყოველთვის აქვთ დედის მხარდაჭერის იმედი და დახმარებისათვის და ერთობლივი აქტივობებისათვის ხშირად მიმართავს მას (საკვების ერთად მომზადება, წიგნის კითხვა, გაფერადება, შემეცნებითი და განმავითარებელი აქტივობები, სამოსის ერთად შერჩევა, ერთად თამაში, ახალი სათამაშოს აწყობა და სხვ). ბავშვები მიილტვიან დედისკენ, აქვთ მისი მხარდაჭერის იმედი. გოგონები დედას იყენებენ როგორც „სანდო ბაზას“ ყველა სიტუაციასა და ყველაფერთან მიმართებაში. თავის მხრივ, შვილთან მიმართებაში დედა ყოველთვის არის თბილი, მზრუნველი, მგრძნობიარე, თანმიმდევრული, ჯანსაღი ადეკვატური რეაქციებით შვილების სურვილებთან მიმართებაში და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირებით ბავშვების სასურველ ან პრობლემურ საკითხებზე; 1.2. დედის მიერ ბავშვების ირგვლივ შექმნილი გარემო განსაზღვრული და უზრუნველყოფილია ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს ბავშვის ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას. ვ.ს–ვა და ე.ს–ვა პოზიტიურად, დადებითად და სრულად ინტეგრირებული დედასთან ერთად საცხოვრებელ გარემოში; 1.3. ვ.ს–ვა და ე.ს–ვა მამის მხრიდან დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, იძულებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ბავშვებს აქვთ მამის შიში, მათ წარმოდგენაში მამა ასოცირდება ტკივილთან; 1.4. ვ.ს–ვა და ე.ს–ვა მამის მხრიდან დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, იძულებას, ფიზიკურ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ბავშვებს აქვთ მამის შიში, მათ წარმოდგენაში მამა ასოცირდება ტკივილთან; 1.5. ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას მიმართ ბებიის ა.ტ–ას მხრიდან განხორციელებულია ფიზიკური სახით ზემოქმედება, ბავშვებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ბებიის დარტყმები მუცლის არეში; 1.6. ვ.ს–ვა და ე.ს–ვას აუცილებლად სჭირდებათ სიმშვიდე, განვითარების სტაბილური გარემო, მათ გვერდით საყვარელი ადამიანი, ცხოვრება მათთვის სასურველ პირთან, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბება; 1.7. ვ.ს–ვამ და ე.ს–ვამ უნდა გაიარონ ფსიქორეაბილიტაციის ინტენსიური კურსი (მინიმუმ 10-15 სესია, სასურველია 15-20 სეანსი). სამწუხაროა რეალობაა, მაგრამ ბავშვების ფსიქიკა ძალიან დაზიანებულია. მათ ფსიქიკაზე ზრუნვა არ მომხდარა, არ მომხდარა მათი საჭიროებების გათვალისწინება და მათი სურვილების პატივისცემა; 1.8. ამ ეტაპზე არ ესახება (გამოკვლევის შედეგების ავტორს) ბავშვების მამასთან ურთიერთობის რაიმე საფუძველი, ვინაიდან არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მამასთან ურთიერთობა ბავშვების ფსიქიკას დააზიანებს. ნებაყოფლობით ბავშები არ წავლენ მამასთან, ბავშვის მოტყუება ან მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება კი დაუშვებელია. სხვა ფორმით კი ბავშვები არ დატოვებენ დედას. ბავშვები ამგვარი რყევებისთვის არ არიან მზად, მათ ძალიან ბევრი სტრესი გადაიტანეს; 1.9. სანდო მიჯაჭვულობის ხარისხიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე, ბავშვებისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და დედასთან ტ. ს–ასთან დაშორება უდავოდ იქნება მაღალი ფსიქოტრავმატიზაციის შემცველი, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გულისხმობს იმას, რომ ბავშვებს დაერღვევათ არსებული უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. მიჯაჭვულობის ობიექტისგან სეპარაცია გამოვლინდება გარკვეულ პერიოდში აგრესიულობის განსხვავებული ხარისხით და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მწვავე ფსიქოლოგიური პრობლემებით შიშები, ფობიები, დეპრესიული მდგომარეობა, ასოციალურობა, კომუნიკაციის დაბალი ხარისხი, საკუთარი უმწეობის და არასრულფაოვნების განცდა და სხვა. ვ. - ს–ასა და ე.ს–ვას დაზიანების ხარისხი ნამდვილად არის განსაკუთრებით მაღალი, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ რენე ჟილის ინტერპერსონალური ოჯახური ურთიერთობების პროექციული მეთოდიკის შედეგების ანალიზის საფუძველზე, გამოვლინდა ე.წ. კონფლიქტის ზონები ოჯახურ ურთიერთობებში (მამასთან) და ბავშვის ოჯახურ–პიროვნული ურთიერთობების სისტემაში დედისადმი დამოკიდებულების მაღალი დადებითი მაჩვენებელი, რამაც დამატებით, ცალსახად დაადასტურა დედისადმი სანდო მიჯაჭვულობა და დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა. აღნიშნული ურთიერთობების რღვევა კი უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის პიროვნების შემდგომ განვითარებაზე და შესაბამისად, დაირღვევა მათი საუკეთესო ინტერესებიც (ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და სხვ). გარდა ამისა, დედასთან კვლავ დაშორება სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს ბავშვების ჯანსაღ განვითარებას, რაც შესაძლებელია გამოიხატოს დათრგუნულობით, ძალადობის სხვადასხვა ფორმით და ხარისხით, თვითდაზიანებით, კვებითი პრობლემებით, კომპულსიური ტყუილებით, დანაშაულის გრძნობის არქონით და ფსიქოლოგიური სახის სხვადასხვა დესტრუქციული ქცევებით“;

46.6. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მიერ, 2022 წლის 20 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებას, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ეცნობა, რომ სამივე არასრულწლოვანი განთავსებულნი არიან სახელმწიფო 24 საათიან მზრუნველობაში, ერთვის ვ. ს–ას, ე. ს–ასა და ვ. ს–ის ფსიქოლოგური გამოკვლევის შედეგების შესახებ 2022 წლის 12 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვით ირკვევა შემდეგი: „2022 წლის 17 თებერვალს სააგენტოს ტერიტორიაზე ჩატარდა პირველი შეხვედრა, როგორც არასრულწლოვნებთან, ასევე მათ მშობლებთან. მოცემულ პერიოდში ბავშვები ცხოვრობდნენ დედასთან ერთად და სამივე არასრულწლოვანი მან მოიყვანა შეხვედრაზე. ვ.სთან და ე.სთან ჩატარდა ინდივიდუალური გასაუბრებები ცალკე ოთახში, ხოლო ვ–ზე, ასაკიდან გამომდინარე, განხორციელდა დაკვირვება. თავდაპირველად გოგონებს აღენიშნებოდა უნდობლობა, შიში და ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს, რაც ართულებდა სპეციალისტთან კონტაქტის დამყარებას, შფოთვა, თუმცა ტ. ს–ა აცხადებდა თანამშრომლობისთვის მზაობას და მასთან გასაუბრების შემდეგ ჯერ ვ., შემდეგ ლ. გამომყვნენ ინდივიდუალურ გასაუბრებაზე. არასრულწლოვნების საუბარი, ქცევა, მიმიკა და ჟესტიკულაცია ურთიერთკავშირში იყო. აზროვნება, ყურადღება, მეტყველება, ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამებოდა მათ ასაკს. იმის მიუხედავად, რომ არასრულწლოვნებს ესმით კითხვების შინაარსი, როგორც პირველ შეხვედრაზე, ასევე მომდევნო ვიზიტების დროსაც ხშირი იყო გარკვეულ კითხვებზე თავის არიდების შემთხვევები, ან თემის გადატანა, ზოგჯერ დრო სჭირდებოდათ მოსაფიქრებლად თუ რას იტყოდნენ. გოგონებთან გასაუბრება ტარდებოდა ცალ-ცალკე, თუმცა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იყო ბევრი მსგავსება, ნახატებშიც კი, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი წინასწარ იყვნენ შემზადებულები. აქვე აღსანიშნავია, რომ ბავშვები ფლობდნენ ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მშობლებს შორის კონფლიქტს, დავებს, ფინანსურ საკითხებს, ყოველივე ეს კი ზეგავლენას ახდენს ბავშვის დამოკიდებულებაზე მეორე მშობლის მიმართ. როდესაც ვ.სთან და ლ.სთან დასრულდა ინტერვიუები, შეხვედრაზე მოვიდა მათი მამაც. როგორც წესი, ფსიქოლოგთან გასაუბრება და შეფასების პროცესში სხვადასხვა მეთოდით მიღებული ნედლი მონაცემები კონფიდენციალურია, თუმცა გოგონებმა მოისურვეს ეჩვენებინათ მშობლებისთვის საკუთარი ნახატები, თუ როგორ დახატეს დედა და შემდეგ მამასაც აჩვენეს თუ როგორი გამოსახულება ჰქონდა მას. პირველ ეტაპზე დედა ესწრებოდა მამისა და შვილების შეხვედრას, რა პერიოდშიც არასრულწლოვნები არ უახლოვდებოდნენ მამას, მიბრუნებულები იყვნენ ფანჯრისკენ და არ სურდათ მასთან კონტაქტში შესვლა, შემდეგ დაიწყეს მის მიმართ აგრესიის გამოხატვა და დადანაშაულება იმაში რაც ხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ქალბატონი ტ. შენიშვნას აძლევდა შვილებს მამის მიმართ გამოვლენილ ქცევაზე, ისინი მაინც აგრძელებდნენ იგივეს. შემდგომ ვთხოვე დედას გასულიყო ოთახიდან, რაზეც ის დამთანხმდა. ამის შემდეგ ბავშვები ნელნელა შევიდნენ მამასთან კომუნიკაციაში, მიუჯდნენ მას, თუმცა გამოხატავდნენ ამბივალენტურ დამოკიდებულებას: თითქოს უხაროდათ მისი ნახვა, იცინოდნენ, თუმცა მაინც ავლენდნენ მის მიმართ აგრესიას, ესროდნენ სათამაშოებს, ურტყავდნენ. შვილების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულების მიუხედავად, ბატონი ვ. ინარჩუნებდა სიმშვიდეს და კეთილგანწყობას გამოხატავდა მათ მიმართ. დაკვირვების ბოლოს, როდესაც გავაღე კარები, რომ დედას გაემზადებინა შვილები წასაყვანად, მშობლებს შორის მოხდა შელაპარაკება, რის შედეგადაც ქალბატონი ტ. ატირდა და ბავშვებიც ანერვიულდნენ ამის გამო, ჩაეხუტნენ მას და გაუბრაზდნენ მამას. მშობლებს მივეცი მითითება, რომ შვილების თანდასწრებით თავი შეეკავათ და არ გამოეჩინათ ნეგატიური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. აღნიშნული შეხვედრისას გამოიკვეთა ბავშვების მოკავშირეობა დედასთან, დედა აღიქმებოდა მათ მიერ როგორც მსხვერპლი, ხოლო მამა-მოძალადე, რომელიც ცუდათ ექცევა დედას და სურს რომ დედა-შვილები დააშოროს. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დედის დაცვას და სპეციალისტთან მის დადებითად წარმოჩენას.

სასამართლოს დავალებით ჩატარდა კიდევ დამატებითი შეხვედრები. შემთხვევაზე მომუშავე სოციალურ მუშაკთან ერთად გაუფრთხილებლად მივედით საცხოვრებელ მისამართზე საღამოს არასამუშაო დროს. ბავშვები იმყოფებოდნენ სახლში დედასთან ერთად, ისინი ხშირად ეკროდნენ და ეხუტებოდნენ დედას, გამოხატავდნენ მის მიმართ სიყვარულს, თუმცა აღნიშნულს ჰქონდა დემონსტრაციული ხასიათი. ზოგჯერ სპონტანურად, საკუთარი ინიციატივით გვეუბნებოდნენ თუ როგორ უყვართ დედა და მასთან უნდათ დარჩენა, ასევე ნეიტრალურ კითხვაზეც კი რომელიც არ ეხებოდა მშობლებს ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა აღნიშნა რომ უყვარს დედა. ჩვენს მიმართ კი იჩენდნენ უნდობლობას, ზოგჯერ აგრესიასაც კი, ნაკლებად შემოდიოდნენ კომუნიკაციაში და მხოლოდ დედის შენიშვნის შემდეგ გვპასუხობდნენ ზოგ კითხვაზე. ერთმანეთის მიმართაც ბავშვები ავლენდნენ პერიოდულად აგრესიულ ქცევას, გოგონებს შორის კი ვლინდებოდა კონკურენცია. შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის დაკვირვებისათვის სააგენტოს ტერიტორიაზე, თუმცა დანიშნულ დღეს ქალბატონმა ტ–მ შემატყობინა, რომ არასრულწლოვნებმა უარი თქვეს მოსვლაზე და ეცდებოდა დისტანციურად ჩაერთო მაინც. განხორციელდა მოკლეხნიანი ვიდეოზარი მამასა და შვილებს შორის, რა დროსაც ბავშვები ისევ გამოხატავდნენ აგრესიას მამის მიმართ და არ სურდათ მასთან კომუნიკაცია.

ზემოაღნიშნული სასამართლო წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, დედის მიმართ გაიცა დამცავი ორდერი 4 თვის ვადით და ბავშვები გადაეცნენ აღსაზრდელად მამას, თუმცა, დედას მიეცა უფლება დისტანციურად დაკავშირებოდა შვილებს. თავდაპირველად მათ ჰქონდათ დისტანციური კავშირი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობლებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და ტ. ს–ა დამიკავშირდა და მაცნო, რომ ყოფილმა მეუღლემ დაბლოკა ის და გვთხოვა რომ სააგენტო დახმარებოდა მას შვილებთან კომუნიკაციის აღდგენაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ მუშაკთან ერთად მივმართეთ ვ. ს–ს და მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და მისცა დედას საშუალება დალაპარაკებოდა შვილებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე განმეორდა, თავად ქალბატონმა ტ–მაც აღიარა რომ „ზედმეტი“ მოუვიდა (ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია ძიძა, რომელიც უვლიდა ბავშვებს) შვილებთან საუბრის დროს და ისევ გვთხოვა დახმარება, თუმცა ამჯერად მამამ განაცხადა, რომ დედა შვილებზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა და მასთან საუბრის შემდეგ მათი ემოციური მდგომარეობა უარესდებოდა, ასევე აღნიშნა, რომ ბავშვებთან მუშაობენ კერძო ფსიქოლოგები, რომლებიც ამ ეტაპზე არ უწევენ რეკომენდაციას დედა-შვილების კონტაქტს (ბატონი ვ.ს გადმოცემით, არასრულწლოვნებთან მუშაობდა ფსიქოლოგი როგორც საქართველოში, ასევე დისტანციურ რეჟიმში უცხოელი სპეციალისტებიც).

2022 წლის 12 აპრილს სოციალურ მუშაკთან თ.ნ–ძესთან ერთად განხორციელდა გაუფრთხილებელი ვიზიტი მამის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ცხოვრობდნენ არასრულწლოვნებიც. სახლში იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები, მათი მამა, ბებია (მამის დედა) და ძიძა. მამის გარემოში არასრულწლოვნები გრძნობდნენ თავს თავისუფლად, მათი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყო. ცალკე ოთახში გოგონებთან ჩავატარე ინდივიდუალური გასაუბრებები. ამჯერად ისინი დაუბრკოლებლად შემოვიდნენ კონტაქტში. ბავშვები გამოხატავდნენ დადებით დამოკიდებულებას ორივე მშობლის მიმართ, ასევე სხვა ოჯახის წევრების მიმართაც - ორივე მხრიდან. სურდათ ჰქონოდათ თანაბარი ურთიერთობა დედასთანაც და მამასთანაც. დედის მიერ გაგზავნილ საჩუქრებს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მაშინვე ამოიღეს დაათვალიერეს, გამოხატავდნენ დადებით ემოციას და იხსენებდნენ დედასთან დაკავშირებულ ამბებს. მამის გარემოში ბავშვები თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს, აზრსა და ქცევას.

ზაფხულის პერიოდში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ ბათუმში და მათ მდგომარეობას მონიტორინგს უწევდა აჭარის რეგიონალური ცენტრი. სექტემბერში, როდესაც ისინი დაბრუნდნენ თბილისში და ჩაინიშნა მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც ეხებოდა დედის მიმართ გამოცემულ დამცავ ორდერს, დედასა და შვილებს დისტანციური ჩართვა დედასთან, რაზეც თავდაპირველად ბატონმა ვ–მ თანხმობა განმიცხადა, თუმცა მეორე დღეს დამიკავშირდა და მაცნო, რომ ბავშვების ადვოკატს ბატონ ი–ის მიმართული ჰქონდა ბავშვების ფსიქოლოგიური ექსპერტიზისთვის და ექსპერტების გადმოცემით მათი კვლევის პროცესში დედა-შვილებს შორის კომუნიკაცია ხელს შეუშლის ექსპერტიზას და დაამახინჯებს შედეგებს. ამრიგად მოცემული შეხვედრა ვერ შედგა.

შემდგომი შეხვედრა ჩატარდა 8 ნოემბერს ვ–თან, აღნიშნული პერიოდისთვის იგი იმყოფებოდა მამასთან, ხოლო ვ. და ლ. - დედასთან. დედის მხარემ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც გოგონები მიუთითებდნენ მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიდეოების გადაღება არის დიდი სტრესი ბავშვებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მათ სულ ჰქონდათ უნდობლობა და შიში, რომ ვიღაც იწერს მათ საუბარს, უსმეთ, ფარულ კამერებს ეძებდნენ ყველგან. ამის შესახებ ადრეც მქონია საუბარი მშობლებთან, რომ მსგავსი ქმედებები ბავშვებზე ნეგატიურად აისახება და ატრავმირებს. ასევე საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა საქმე მამის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. სოციალურ მუშაკთან ერთად კვლავ განვახორციელე ვიზიტი მამის საცხოვრებელ მისამართზე, არასრულწლოვანი ვ–ის მდგომარეობის შესაფასებლად. სახლში იმყოფებოდნენ მამა, შვილი ვ. ს–ი, მამის მეგობარი და ბავშვის ძიძა. არასრულწლოვანი იყო ლაღი, თავს გრძნობდა თავისუფლად, ყველანი ერთად ჩავერთეთ თამაშში, ბავშვი იყო კეთილგანწყობილი როგორც ოჯახის წევრების მიმართ, ასევე ჩვენს მიმართ, გამოხატავდა სითბოსა და სიყვარულს, გვეხუტებოდა. მის მიმართ რაიმე ძალადობის ნიშნები ვიზიტის განმავლობაში არ გამოკვეთილა.

შემდეგ 16 ნოემბერს განხორციელდა ვიზიტი დედის საცხოვრებელ მისამართზე. გოგონები იმყოფებოდნენ სახლში დედასთან ერთად. ისინი მეცადინეობდნენ, ასევე გვაჩვენეს ხელნაკეთობები რასაც დედასთან ერთად აწყობდნენ. თუმცა მათი ქცევა ისევ გახდა დემონსტრაციული, საკუთარი ინიციატივით გვეუბნებოდნენ, რომ უყვართ დედა და სურთ მასთან ყოფნა, იმის მიუხედავათ რომ მსგავსი კითხვა არც დაგვისვამს. სავარაუდოდ, ცდილობდნენ დედის გულის მოგებას და მისი მოსაწონი ქცევის განხორციელებას.

არასრულწლოვნების შეფასების პროცესში გამოვლინდა, რომ მათ აქვთ მჭიდრო ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, უყვართ ორივე და აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება ჰქონდეთ ურთიერთობა მათთან. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნები ავლენენ ამბივალენტურ დამოკიდებულებას მშობლების მიმართ, ურთიერთსაწინააღმდეგო ქცევას, ემოციასა და საუბარს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ გარემოში არიან დედასთან თუ მამასთან. მამის გარემოში მათი ქცევა თავისუფალია, ისინი თამამად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, შეუძლიათ მამაზე როგორც კარგი, ასევე ნეგატიური რამ თქვან, არ ეშინიათ მისი (შეუძლიათ ღიად გამოხატონ აგრესია მამის მიმართ), ასევე თავისუფლად გამოხატავდნენ მამასთან ყოფნის პერიოდში დედის მიმართ დადებით დამოკიდებულებას; ამის საპირისპიროდ დედასთან მეტად მოზომილები და თავშეკავებულები არიან, ცდილობენ ისე მოიქცნენ და ილაპარაკონ, რომ დედა იყოს კმაყოფილი, ავლენენ მოკავშირეობას მასთან, დედაზე მხოლოდ კარგს ამბობენ, ხოლო მამის მიმართ რადიკალურად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ, გოგონებს ჰქონდათ მოთხოვნილება, რომ დედისთვის მოეთხროთ მათი მოქმედებების შესახებ, როცა ძირითადად მამის შესახებ უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ, ყოველივე აღნიშნული კი დედისა და მისი გარემოს მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეგავლენაზე მიუთითებს. შესაძლებელია ბავშებს აქვთ შიში, რომ თუ დედაზე იტყვიან რაიმეს ნეგატიურს ამისათვის შესაძლოა დაისაჯონ. ამასთანავე, მათ აქვთ ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ და ვფიქრობ, ცდილობენ მის დაცვას. აღსანიშნავია, რომ ვ. ს–ას აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე, როდესაც ლ. საუბრობს, ის ცდილობს ხოლმე შეაჩეროს, ეჩურჩულება, უსწორებს ნათქვამს, ყოველივე ეს კი ართულებს სანდო ინფორმაციის მიღებას.

არასრულწლოვნებს არ აქვთ სტაბილურობის განცდა, უწევთ მორგება ცვალებად გარემოსთან, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვების განვითარებასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ბავშვების ჯანსაღი განვითარებისათვის კი აუცილებელია სტაბილური, უსაფრთხო, არაძალადობრივი და მზრუნველი გარემო, ორივე მშობლის მხრიდან თანმიმდევრული და მსგავსი აღზრდის სტილი.

სასამართლო დროებითი განჩინების საფუძველზე 3 დეკემბერს არასრულწლოვანი ვ. და ე. ს–ები გადავიდნენ სახელმწიფო ზრუნვაში. მათი მდგომარეობის შესაფასებლად 7 დეკემბერს განვახორციელე ვიზიტი მინდობით აღმზრდელის ოჯახში. მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის რთული, ისინი არიან გაურკვევლობაში, ენატრებათ ახლობლები, განსაკუთრებით სურდათ ძმის ნახვა. 8 დეკემბერს კი, სასამართლოს დროებითი განჩინების საფუძველზე მოხდა ვ. ს–ის განცალკევებაც და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა. არასრულწლოვნები საჭიროებენ ფსიქოთერაპიას, რაც დაეხმარება მათ ახალ გარემოში ადაპტირებასა და ასევე, არსებული ფსიქოტრავმებისა და სტრესის გადამუშავებაში, მდგომარეობის შემსუბუქებაში. მათ საუბარსა, ქცევასა და ემოციაში ჯერ კიდევ იკვეთება დედის ფსიქოლოგიური ზეგავლენა, ამრიგად ამ ეტაპზე არასრულწლოვნებისგან ობიექტური ინფორმაციის მიღების შანსი ნაკლებია, გარკვეული პერიოდი მათ სჭირდებათ ყოფნა ნეიტრალურ გარემოში და სპეციალისტთან მუშაობა აღნიშნული ზეგავლენების შემცირებისათვის. ვ.ს და ლ.ს ჰქონდათ სურვილი ოჯახის წევრებისთვის გადაეცათ ნახატები და ასევე საპასუხოდაც მიეღოთ რაიმე მათგან. აღნიშნულმა შესაძლოა დაეხმაროთ ახალ გარემოსთან შეჩვევაში, თავს აღარ იგრძნობენ მიტოვებულად ოჯახის მიერ უცხო გარემოში და გარკვეულ მხარდაჭერასა და სიყვარულს შეიგრძნობენ ახლობლებისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, გზავნილები უნდა იყოს ნეიტრალური შინაარსის, რათა არ მოხდეს არასრულწლოვნებზე ნეგატიური ზეგავლენა.

რაც შეეხება სასამართლოსა და სხვა უწყებებში სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ბავშვების გამოკითხვის საკითხს, ვინაიდან ისინი მიმდინარე წლის განმავლობაში ბევრჯერ იყვნენ უკვე სასამართლოშიც გამოკითხულნი და ყოველი მათი მოსვლა იწვევდა მათში შფოთვას, შიშსა და სტრესს, დაუშვებელია მოცემულ ვითარებაში მყოფი ბავშვების ისევ სასამართლოს შენობაში მისვლა, ეს მხოლოდ გააუარესებს მათ მდგომარეობას, მით უფრო იმ იპირობებში, როდესაც არაერთი დავა მიმდინარეობს მათთან დაკავშირებით. სხვა გზით თუ ვერ მოხერხდება სასამართლოსა და სხვა უწყებების მიერ მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება და აუცილებელი იქნება ბავშვების აზრის მოსმენა, აღნიშნული უნდა მოხდეს არასრულწლოვნების ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესის შემდეგ, არაფორმალურ გარემოში, არა სასამართლოსა და პოლიციის შენობაში. ამასთანავე ვინაიდან პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე დავა, ოპტიმალური გამოსავლი იქნება კითხვების გაერთიანება და ერთი შეხვედრის ფორმატში (ან ერთხელ დისტანციურ რეჟიმში) პასუხების მიღება. განსაკუთრებით მიმდინარე ეტაპზე ყოვლად დაუშვებელია ბავშვების მრავალჯერადი გამოკითხვა, ეს მხოლოდ დააზიანებს მათ საუკეთესო ინტერესებს. მათ შორის ადვოკატებთანაც ბავშვების შეხვედრა არ არის ამ ეტაპისთვის რეკომენდირებული. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს არასრულწლოვნების ჩართვა ფსიქოთერაპიისა და რეაბილიტაციის სერვისში, შემდეგ კი მათთან მომუშავე სპეციალისტის შეფასებით, რომელიც დაეყრდნობა არასრულწლოვნების ფსიქო–ემოციურ მდგომარეობას, განიხილოს ზემოაღნიშნული საკითხის მიზანშეწონილობა და ბავშვების მზაობა. ამასთანავე საყურადღებოა, შეფასების მთელი პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ სააგენტოს იმ სპეციალისტებთან, რომლებიც ჩართულნი არიან საქმეში და დაკავშირებულნი არიან მშობლებს შორის მიმდინარე დავებთან (მათ შორის ფსიქოლოგიც) არასრულწლოვნები იქცევიან სხვაგვარად (შესაძლოა დედის ზეგავლენით), მიზანმიმართულად აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ ყოველივე ეს გავლენას მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ბავშვების მიერ გამოკითხვისას ჩართული იყოს ახალი ფსიქოლოგი, რომლის მიმართაც არასრულწლოვნებს არ ექნებათ მსგავსი მოლოდინები, განწობებეი და გარკვეული ქცევის სქემები.

46.7. არასრულწლოვნების წარმომადგენლის - ი.ა–ის მიერ, 2022 წლის 27 დეკემბერს წარმოდგენილ მოსაზრებას ერთვის:

- ნ.ჩ–ას ფსიქოლოგიური ცენტრის მიერ, 2022 წლის 22 დეკემბერს გაცემული დასკვნა, რომლითაც რევიზია გაუკეთდა „კ.ს–ას“ მიერ, 04.12.2022 წელს გაცემულ ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და დადგინდა, რომ „მოწოდებული მასალა - „კ.ს–ას“ მიერ, 04.12.2022 წელს გაცემული ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების შესახებ, შედგება 14 გვერდისგან, რომელშიც არ არის წარმოდგენილი გამოკვლევის დაწყების თარიღი და აუცილებელია დაზუსტება, რადგან 2022 წლის 25 ნოემბერს სასამართლო განჩინების მიხედვით, ტ. ს–ას აეკრძალა შვილებთან ვ. და ე. ს–ებთან ურთიერთობა, რაც აღსრულებულ იქნა 2022 წლის 3 დეკემბერს პოლიციის ძალით. „კ.ს–ას“ მიერ წარმოდგენილ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში არ არის წარმოდგენილი ვ. და ე.ს–ვას მამის - ვ. ს–ის და მისი დედის, ბავშვების ბებიის - ა.ტ–ას მიერ ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის და არც ბავშვების დედის ტ. ს–ას აღზრდის ეფექტური სტილის ან სანდო მიჯაჭვულობის დამადასტურებელი მასალა. აღნიშნული დასკვნის წინააღმდეგობრიობას და არაობიექტურობას ადასტურებს შემდეგი:

1. ამონარიდი: „პირველი ვიზიტისას, რომელიც შედგა დედის საცხოვრებელ სახლში, ბავშვები შემხვდნენ უხალისოდ, ეტყობოდათ უნდობლობა და შიში, მათთვის მე უცხო ადამიანად ვიყავი აღქმული და ხშირად უსვამდნენ შეკითხვას დედას ჩემს შესახებ, აინტერესებდათ ვისგან ვიყავი მისული. ბაშვები დაძაბულები და შეშინებულლები იყვნენ, მათ პირველი რეაქცია ჩემს დანახვაზე იყო მაგიდის ქვეშ შეძვრომა. ბავშვებთან მუშაობის დაწყების შემდეგ, ისინი დადებითად განეწყვნენ ჩემს მიმართ. საუბრის განმავლობაში ბავშვები თავს გრძნობდნენ დაცულად როცა მათთან ახლოს იყო დედა, თუკი დედა ცოტა ხნით თვალს მიეფარებოდა, კითხულობდნენ, ჰქონდათ განცდა რომ ვიღაც მათ წაიყვანს, დაკარგული ჰეონდათ უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნება, აღენიშნებოდათ შფოთვა და გაღიზიანება, შიშით რეაგირებდნენ სახლის კარის გაღებაზე. ბავშვებში აისახებოდა სტრესისა და დაძაბულობის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ადვილად მისახვედრი იყო რომ ისინი განიცდიდნენ მათი ასაკისთვის სრულიად არასასურველ სტრესსა და შიშებს, მათთვის უკვე მიყენებული იყო სერიოზული ზიანი, რამაც მათი ფსიქიკა დააზიანა“. - როგორც ტექსტშია აღნიშნული, ბავშვებთან პირველი ვიზიტი შედგა დედის საცხოვრებელ სახლში და თუ კი, ბავშვები იმთავითვე მათთვის უცხო ადამიანს „შეხვდნენ უხალისოდ, ეტყობოდათ უნდობლობა და შიში“, ამ ფაქტის ანალიზისას იკვეთება შემდეგი ფსიქოლოგიური ფაქტორი: ბავშვები დედის ოჯახში და მისსავე გარემოცვაში თავს დაცულად და უსფრთხოდ არ გრძნობენ, რადგან ისინი უცხო ადამიანის დანახვისას დედასთან მიახლოვების ნაცვლად, მაგიდის ქვეშ იმალებიან. ბავშვში საფრთხის შეგრძნების პირველი იმპულსი, დედასთან გაქცევას, მასთან მიახლოვებას იწვევს. ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისგან მიღებული აქვს უპირობო სიყვარული, რაც დაცულობის განცდის განმაპირობებელია. ეს პროცესი მიმდინარეობს ავტომატურად ნებისმიერი საფრთხის განცდისას, რომელზედაც რეაგირებს უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი ზურის ტვინი. პირველი ვიზიტისას ბავშვებთან საფრთხის პირველმა იმპულსმა გაიარა თუ არა, მათთვის დედა უცხო ადამიანთან შედარებით რაღა თქმა უნდა ნაცნობი, ახლობელი იქნებოდა და სწორედ ამ ფაქტის გამო ბავშვებს შეიძლებოდა მოეკითხათ დედა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებს სხვა არჩევანიც არ ჰქონდათ, რადგან მათ სიახლოვეს დედის გარდა სხვა მათთვის ნაცნობი ადამიანი არ იმყოფებოდა. რაც შეეხება გატაცების ფაქტს და ბავშვებში გამძაფრებულ შიშს, უნდა აღინიშნოს რომ დედის მხრიდან ბავშვების სკოლიდან გატაცება საფრთხის განცდის ანუ გატაცების შიშის დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ. ამოტომაც, ბავშვებში შიშის მოულოდნელი შეგრძნებისას უცხო ადამიანის დანახვისას თავს მაგიდის ქვეშ აფარებენ და არა დედას. უფრო კონკრეტულად კი, განხორციელებულმა გატაცებამ დედისადმი უნდობლობის საფუძველი კიდევ უფრო გააძლიერა და სწორედ ამიტომ შიშის დროს დედასთან არ მირბიან.

2. ამონარიდი: „მომდევნო ვიზიტების დროს შევძელი ბავშვებთან გასაუბრება სხვა პირთა დასწრების გარეშე, თუმცა ხშირად ითხოვდნენ დედასთან ვიზუალურ კონტაქტს, მთავარია დაენახათ რომ დედა სხვაგან არ წავიდა, ეს საკმარისი იყო“ (გვ.3 აბზ.6) - მსგავსი დამოკიდებულება ბავშვების მხრიდან დედისადმი საერთო უნდობლობას ადასტურებს. ანუ, დედისადმი უნდობლობა და დედის უპირობო სიყვარულის დეფიციტი საერთო უნდობლობის ფონს ქმნის და სწორედ ამ უნდობლობის ველში იმყოფებიან ბავშვები.

3. ამონარიდი: „ემოციური მდგომარეობის შეფასება: მოცემულ ეტაპზე, ვ.ს–ვას და ე.ს–ვას ემოციური მდგომარეობა ხასიათდება დადებითი და პოზიტიური ტენდენციებით, ვინაიდან ისინი თავისუფალ გარემოში ცხოვრობენ ამ ეტაპისთვის, ნათელია რომ დედასთან ცხოვრების პირობებში ისინი არ ექვემდებარებიან ქცევით ან მეტყველებით იძულებას, ბავშვები თავიანთი სურვილებით ურთიერთობენ ადამიანებთან და თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს. ბავშვები განწყობის შესაბამისად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, გააჩნიათ ასაკთან შესაბამის თვითიდენტობის და თვითშეფასების ადეკვატური განცდა იკვეთება ბავშვების ემოციური სტაბილურობის დადებითი ტენდენციები. არ ვლინდება ქცევითი და ემოციური დისბალანსი. ბავშვები არიან ტრამვირებულები. ე. ხშირად დგება კუთხეში, ასევე თვალებს ხუჭავს და იფარებს თვალებზე ხელებს. ამ და მსგავსი ქმედებით ბავშვების ქვეცნობიერი იცავს თავს ტრამვისგან.“ (გვ. 5-6) - ბავშვების ემოციური მდგომარეობის ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობა დასკვნის ობიექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

4. ბავშვების ვ. და ე.ს–ვას მსჯელობა სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ 7 და 9 წლის ბავშვის ასაკს არ შეეფერება (გვ.6;7), რადგანაც ეს არის ზრდასრული ადამიანის დასკვნა, რომელიც აზროვნებს ცნებებით და სასამართლოს ფუნქცია, დანიშნულების გაცნობიერებული აქვს.

5. თავად ფსიქოლოგის განაცხადი (გვ 7. აბზ. 2) სასამართლოს მიმართ მხოლოდ სიტყვიერადაა წარმოდგენილი და შესაბამისი დამადასტურებელი მასალა არც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია მითითებული.

6. ამონარიდი: „ვ.ს–ვა და ე. – ს–ა ემოციური თვალსაზრისით, დედის გვერდით თავს გრძნობენ სანდოდ, დაცულად და უსაფრთხოდ“ (გვ.7 აბზ. 4) - დედობრივი სიყვარული, როგორც უპირობო სიყვარული აღნიშნულისამებრ ფაქტია, მაშინ ამავე ფსიქოლოგის მიერ აღწერილი ბავშვებში არსებული პირველივე შეხვედრის შიშის დროს ბავშვებს დედასთან უნდა მიერბინათ და მის ზურგს უკან ამოფარებულებს თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ, რაც სამწუხაროდ ასე არ იყო და ბავშვებმა მათივე დაცულობისა და უსაფრთხოებისათვის თავი მაგიდის ქვეშ შეაფარეს. ეს ფაქტი კი ადასტურებს იმას, რომ ბავშვები დედასთან, დედის გარემოცვაში საკუთარ თავს დაცულად და უსფრთხოდ ვერ აღიქვავენ და უფრო მეტიც, ჩვენს მიერ წინა დასკვნაში (2.12.2022) მოწოდებული და წარმოდგენილი ვიდეო მასალაზე დაყრდნობით აშკარად იკვეთება დედასთან არასანდო და არასაიმედო მიჯაჭვულობა, სადაც ბავშვები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან.

7. ამონარიდი: „დედისა და შვილების ურთიერთობა არის სასიამოვნო, დიალოგზე აზრთა ურთიერთგაცვლაზე აგებული. დედის მხრიდან აგრეთვე წახალისებულია ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი შესაძლებლობები, რაც ვლინდება სამყაროს შემეცნებასა და აღმოჩენების გაკეთებაში, თუმცა ამავე დროს, დედის მხრიდან ბავშები უზრუნველყოფილნი არიან დახმარებითა და ადეკვატური რჩევებით. შესაბამისად, ბავშვებს დედასთან მიმართებაში არ უფიქსირდებათ ემოციური და ქცევითი პრობლემები (აგრესიულობა, ძილის პრობლემები, ღამის კოშმარები, ჭირვეულობა, უმიზეზო ტირილი, ენურეზი და სხვა)“ (გვ. 8, აბზ. 3). - ზემოთ მოყვანილ ტექსტში ღამის კოშმარების, ძილის პრობლემების არ არსებობის რა დამადასტურებელი ფაქტები არსებობს და ან სამყაროს შემეცნებისა და აღმოჩენის რა ფაქტებზეა საუბარი?!

8. ამონარიდი: „ჩემი დიდი მცდელობების მიუხედავად, ბავშვების მამა არ გამოვიდა კომუნიკაციაზე, გაირკვა, რომ იგი რუსეთშია წასული“ (გვ.8, აბზ. 4). - ფსიქოლოგიის დანასკვის სანდოობა ისევ ეჭვქვეშ დგება, რადგან თავად დასკვნაშივე აღნიშნული იყო, რომ ბავშვების მამა იმყოფებოდა რუსეთში, ამიტომ ტექსტში უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა მამის რუსეთში ყოფნის გამო. მაშინ როცა ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ თითქოსდა მამა არ გამოვიდა კომუნიკაციაზე. „არ“ და „ვერ“ შორის არის პრინციპული განსხვავება. აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები წინასწარი განწყობილებითაა შექმნილი და შესაბამისად არის ტენდენციური.

9. ამონარიდი: „მათი მეხსიერება არ ინახავს ინფორმაციას დედის მხრიდან მათზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების ან იძულების შესახებ“ (გვ.9 აბზ.4) - მატრავმირებელი ფაქტის თანმხლებ განცდას ფსიქიკა სამუდამოდ ინახავს, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებას მარადიულ ფონად თანდაყვება. რაც შეხება მეხსიერების იმ საფეხურს, როცა ადგილი აქვს მომხდარის აღდგენის ანუ გახსენების შესაძლებლობას, ხშირად ფსიქიკა არაცნობიერ ნაწილში ინახავს მას, როგორც დაცვის მექანიზმს, რასაც განდევნას უწოდებენ. არსებობს ორი ტიპის მეხსიერება, როცა ხდება მანიფესტაცია და როცა ფსიქიკაში რჩება იმპლიციტურად. სწორედ იმპლიციტურ მეხსიერებაში არის ის დაფარული შინაარსები, რომელიც ადამიანის დამოკიდებულებას სინამდვილის მიმართ მიმართულების მიმნიჭებელნი ხდებიან და არაადექვატურ ქცევის საფუძვლად აღმოცენდებიან ხოლმე. აქედან დასკვნა: ფსიქოტრავმები არ იკარგებიან!

10. ამონარიდი: „არ არსებობს გარემოება, რომელიც გადაწონის იმ ზიანს, რაც ბავშვებს მიადგათ დედისგან დისტანცირებით, ვინაიდან მათ ნამდვილად, რეალურად აქვთ დედასთან ცხოვრებისა და ურთიერთობის მოთხოვნილება“ (გვ.10 აბზ.2) - ზოგადად ბავშვების სურვილი დედასთან ცხოვრების ბუნებრივი მოთხოვნილებაა. სამწუხაროდ, არსებობს სასამართლოსათვის ცნობილი და ჩვენს მიერ გაანალიზებული ვიდეომასალა, რომელშიც დასტურდება ბავშვების მიმართ, დედის ძალადობრივი ქცევა. ცხადია, ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ვ. და ე. ს–ების მძიმე ფსიქოლოგიურ მატრავმირებელი მდგომარეობას. დიახ, ბავშვების ბუნებრივ მოთხოვნილებას ეწინააღმდეგება მათ მიმართ დედის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. ამასთანავე ავღნიშნავთ, რომ: „ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში“, გამოყენებულ მეთოდიკაში მითითებულია ერთ-ერთი რუდოლფ ამთხაუერის „ზოგადი გონიერების ტესტი“ მოწოდებული 12-40 წლამდე ასაკის პირთათვის და შესაბამისად არ უნდა ყოფილიყო 7 და 9 წლის ბავშვებთან გამოყენებული. საუბარია ასევე „ექსპერიმენტულ მეთოდზე“, თუმცა გაურკვეველია რას გულისხმობს, რადგან ზემოთ ხსენებულ ამთხაუერის მეთოდი და რენე ჟილეს მეთოდი თავისთავად წარმოადგენენ ექსპერიმენტულ მეთოდიკას, „შემარიგებელი მეთოდი“, „არაპირდაპირ მეთოდი“, რაც ჩვენთვის ასევე ბუნდოვანია და არც მის მიერ არის განმარტებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ერთობ „ფართო სპექტრის“ ექსპერიმენტული კვლევის მონაცემები არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად არც მათი ანალიზი.

„ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში“ აღნიშნულია:

· ტ. ს–ას დადებითი მხარეების არაარგუმენტირებული წარმოჩინება (გვ.5 - IV აბზაცი; გვ. 6 – II, III, IV, V, VI აბზაცები; გვ. 7 – IV და V აბზაცები; გვ. 8 – II, III, IV, V აბზაცები; გვ. 9 — V აბზაცი; გვ. 11 — IV, V, VI აბზაცები);

· მამის - ვ. _ ს–ის უარყოფითი მხარეების არაარგუმენტირებული წარმოჩინება (გვ. 4 – III აბზაცი; გვ. 5 – III აბზაცი; გვ.8 – VII აბზაცი; გვ.9 – II, III, IV აბზაცები; გვ 10. VI აბზაცი; გვ. 11 II აბზაცი; გვ. 12 II აბზაცი);

· სასამართლოს გადაწყვეტილებების მწვავე და დაუსაბუთებელი კრიტიკა ( გვ. 6, VI აბზაცი; გვ. 10 II, V აბზაცები; გვ. 11, IVაბზაცი).

· თვითდაჯერებული იმპერატიული მოწოდებები (გვ. 5, II აბზაცი; გვ.7, II, III აბზაცი; გვ. 10, II, III, IV აბზაცები; გვ. 11, III, IV, V აბზაცები).

აღნიშნულ გვერდებსა და აბზაცებში პრაქტიკულად მეორდება ერთი და იგივე და ატარებს, დაუსაბუთებულ, ტავტოლოგიურ ხასიათს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ „მკვლევარს“ არ მოუხდენია ბავშვების არც მიკრო-სოციუმის კვლევა და არ იცნობს არც საქმის მასალებს. არ დაინტერესებულა თუ რა მიზეზით იყვნენ ბავშვები სეპარირებული დედისგან, თუ როგორ აღმოჩდნენ კვლავ მოძალადე დედის გარემოცვაში, მაშინ, როდესაც ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლოს არასოდეს გამოუტანია.

04.12.2022 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში, რომელიც გაცემულია „კ.ს–ას“ მიერ, ვფიქრობთ, რომ დეტალურად არ არის შესწავლილი ამ საქმესთან დაკავშირებით უამრავ ვიდეომასალა თუ ფსიქოლოგიური დასკვნა, სადაც არაერთი ფსიქოლოგიური კვლევიდან დადგენილია, რომ ბავშვები დედის მხრიდან განიცდიან მძიმე მატრავმირებელ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას და რის საფუძველზეც სასამართლომ ტ. ს–ას ჩამოართვა ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა“.

46.8. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მიერ, 2022 წლის 28 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილ განცხადებას ერთვის:

- ვ., ე. და ვ. ს–ების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 09 ნოემბრის სიტუაციური ანალიზი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ: „სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრში, არასრულწლოვნების: ვ., ე. და ვ.ს–ვების შესახებ წარმოდგენილი განჩინებებისა და განცხადებების საფუძველზე, არასრულწლოვნების მდგომარეობის შეფასების მიზნით, მიმდინარე წლის 03 ნოემბერს გაიგზავნა წერილები შსს თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაში, ტ. ს–ასა და ვ. ს–ის წარმომადგენლებთან. პოლიციის განყოფილებიდან მიღებული იქნა საპასუხო ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო ტ. ს–ას არასწორი მისამართი. საპასუხო ინფორმაცია არ იქნა მიღებული ტ. ს–ას წარმომადგენლის მიერ. შესაბამისად ვერ მოხდა ვ. და ე.ს–ვების მდგომარეობის შეფასება. ხოლო ვ. ს–ის წარმომადგენლისგან მიღებული საპასუხო ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტოს ფსიქოლოგთან ერთად, 08.11.2022 წელს განხორციელდა ვიზიტი ვ. ს–ის საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე ვიზიტის დროისთვის, მცირეწლოვანი ვ.ს–ვი იმყოფებოდა მამასთან, ძიძასთან და მამის მეგობართან ერთად. ბავშვი იყო სათანადოდ მოწესრიგებული, გამოიყურებოდა კარგად, ხალისიანად, ენერგიულად. იყო ყურადღების ცენტრში, აქტიურად ეთამაშებოდა ოჯახის წევრებსა და სტუმრებს (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი). თამაშისას ახდენდა სხვადასხვა როლურ ინტერპრეტაციას. ვ.ს აქვს ასაკის შესაბამისად კარგად თხრობის, გადმოცემის, გამოხატვის უნარი. ბავშვი ავლენს სითბოს გარშემომყოფთა მიმართ, მისი ნებისმიერი მოქმედება დროულად და ადეკვატურად არის რეაგირებული ოჯახის წევრთა მხრიდან. ბავშვის საცხოვრებელი გარემოპირობები კეთილმოწყობილი და უსაფრთხოა. ვ–ს აქვს პირადი ნივთები და სათამაშოები. ბავშვი უზრუნველყოფილია ყურადღებით და ყველა სხვა საჭიროებით. შემდგომი ღონისძიება შეფასების მიზნით განხორციელდება არასრულწლოვნების, ვ. და ე.ს–ვების საცხოვრებელი მისამართის დადგენის შემდეგ“.

- ვ.ს–ვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 24 ნოემბრის სიტუაციური ანალიზი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ: „სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრში, არასრულწლოვნების, ვ., ე. და ვ.ს–ვების შესახებ წარმოდგენილი განჩინებების, წერილებისა და განცხადებების საფუძველზე, არასრულწლოვნის მდგომარეობის შეფასების მიზნით, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს განხორციელდა ვიზიტი ვ.ს–ვის საცხოვრებელ მისამართზე. ბავშვის მდგომარეობის შეფასების მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ვიზიტი ასევე განხორციელდა 08 ნოემბერს, სადაც ვ.ი მამასთან ერთად იმყოფებოდა. 24 ნოემბერს, ვიზიტის დროისათვის, ვ.ი სახლში იყო ბებიასთან, ძიძასთან და დამხმარესთან (ოჯახის დამხმარე საოჯახო საქმეებში) ერთად. ბავშვი გამოიყურებოდა კარგად, მოწესრიგებულად, ენერგიულად. არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები ან რაიმე სხვა პრობლემები. საცხოვრებელი გარემოც ასევე გარგად იყო მოწესრიგებული. ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ იყო დაცული. ვ.ს დიდი სივრცე აქვს აქტიური თამაშებისთვის. მისი სათამაშოები მთელ სახლშია განთავსებული. ბავშვი მუდმივად არის ყურადღების ქვეშ მზრუნველი პირებისაგან და მისი საჭიროებები სრულფასოვნად არის დაკმაყოფილებული. ვ–ი აქტიურად ეთამაშებოდა ოჯახის წევრებსა და სტუმარს (სოციალური მუშაკი). თამაშისას ახდენდა სხვადასხვა როლურ ინტერპრეტაციას, აწყობდა ლეგოებს, თამაშობდა პულტიანი მანქანით, გაახსენდა ჰელოუინის გოგრა, რომლითაც წინა შეხვედრის დროს ძალიან მხიარულად გაერთო. როგორც ყველა სხვა შემთხვევებში, ვ.ი ამჯერადაც თავისუფლად შევიდა კონტაქტში სოციალურ მუშაკთან. ბავშვს აქვს ასაკის შესაბამისად კარგად თხრობის, გადმოცემის, გამოხატვის უნარი. ავლენს სითბოს გარშემომყოფთა მიმართ. უფროსი დების შესახებ ვ.მა თქვა, რომ ისინი თვითონ წავიდნენ და დაბრუნდებიან. რაც შეეხება საბავშვო ბაღში სიარულს, ვ.ის პასუხით - „ბაღში არ დადის, იმიტომ რომ არ უნდა“. ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციით, ვ.ს მამა ყოველდღიურად ურეკავს და ძილის წინ ზღაპრებს უკითხავს. ძირითად დროს კი, სახლში ატარებენ. ბავშვი გარეთ ვერ გაჰყავთ, რადგან ეშინიათ ბავშვის დედის, რომელმაც უფროსი შვილები ჩუმად წაიყვანა. ამიტომ კატეგორიულად ითხოვენ არ გამჟღავნდეს ინფორმაცია მათი საცხოვრებელი მისამართის შესახებ. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია უმოკლეს ვადაში იქნას მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა სამივე არასრულწლოვანმა ერთად, მშვიდად და სტაბილურად შეძლონ თანაცხოვრება მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ურთიერთობის განსაზღვრული წესითა და პირობებით“.

- ვ.ს–ვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 09 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ: „2022 წლის 8 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრში, დაახლოებით 15:00 საათისათვის შემოვიდა მხარის ი. ა–ოს წარმომადგენლის რ.ფ–ას N 628331 განცხადება, თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის დროებითი განჩინება, რომლის მიხედვითაც, ზრუნვის სააგენტოს დაევალა აღსრულება არასრულწლოვნის, ვ.ს–ვის განცალკევება ბებიის (მამის მხრიდან) ა.ტ–ასგან და სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება. აღნიშნულ შემთხვევაზე 2022 წლის 8 დეკემბერს გასვლა მოხდა სოციალური მუშაკის თ.მ–ის მიერ, სხვა სპეციალისტების კერძოდ: იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობა არ გამოკვეთილა, ვინაიდან საქმის მოცემულობა წინასწარი შეფასებით იყო მშვიდი, თუმცა აღნიშნული სპეციალისტები იყვნენ ინფორმირებულები, ჰქონდათ მზაობა და საჭიროებისა და ვითარების გართულებისას დაუყოვნებლივ გამოცხადდებოდნენ არასრულწლოვნის გადასაცემ ადგილზე. ვიზიტი განხორციელდა შეთანხმებით ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეხვედრაზე ბავშვის ძიძა და ბავშვის ადვოკატი ი.ა–ი მაქსიმალურად თანამშრომლობდნენ აღსრულების პროცესებში. ბავშვი იყო ემოციურად მშვიდი, პოზიტიურად განწყობილი. საყურადღებოა ის გარემოებებიც, რომ ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ბებიის, ა.ტ–ას მისამართზე ბოლო ვიზიტი განხორციელდა 30 ნოემბერს. ვიზიტის დროისათვის, ვ.ი სახლში იყო ბებიასთან, ძიძასთან და ოჯახის წევრთან ერთად. ბავშვი გამოიყურებოდა კარგად, იყო მოწესრიგებული და მოვლილი. არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები ან რაიმე სხვა პრობლემები, იყო მხიარული და ენერგიული. ბავშვზე ხორციელდებოდა სათანადო ყურადღება, მასზე სრულფასოვნად დაკმაყოფილებული იყო მისი ასაკის შესაბამისი საჭიროებები. ოჯახში ბავშვისთვის შექმნილი იყო უსაფრთხო, მზრუნველი და თბილი გარემო. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს დროებითი განჩინების საფუძველზე (არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ დავების საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე), ვინაიდან საჭირო გახდა ბავშვის განთავსება ზრუნვის სისტემაში, უპირატესი უფლების (ბიოლოგიური ოჯახი) გათვალისწინებით, მოძიებულ იქნა იგივე მიმღები ოჯახი სადაც განთავსებული იყვნენ ვ–ის დები ვ. და ე.ს–ვები. ბავშვის განთავსება მოხდა ყოველგვარი სირთულის გარეშე, დედმამიშვილების შეხვედრამ გამოიწვია მათი სიხარული, აღნიშნული გაუადვილებს მათ ადაპტაციის პროცესს. ბავშვები გადაუდებელ მიმღებ ოჯახში თავს კარგად გრძნობდნენ, მიმღები მშობლის მხრიდან კმაყოფილდება მათი ასაკის და მდგომარეობის შესაბამისი საჭიროებები“.

- ვ.ს–ვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 12 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ: „სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრში, არასრულწლოვნების, ვ., ე. და ვ.ს–ვების შესახებ წარმოდგენილი განჩინებების, წერილებისა და განცხადებების საფუძველზე, არასრულწლოვნის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, სოციალურ მუშაკთან - თ.მ–ესთან ერთად განხორციელდა ოჯახთან შეუთახმებელი/გაუფრთხილებელი ვიზიტი ვ.ს–ვის საცხოვრებელ მისამართზე. ოჯახის წევრებს კარის გაღება გაუჭირდათ, კითხულობდნენ თუ ვინ იყო მისული. შემდეგ გააღეს კარი და განმარტეს, რომ ეშინიათ ბავშვების დედის და მასთან დაკავშირებული პირების. ვიზიტის დროისათვის, ვ.ი იმყოფებოდა სახლში, ბებიასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ბავშვი იყო მოწესრიგებული, ენერგიული, დადებით განწყობაზე. არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები ან რაიმე სხვა პრობლემები. ასევე კარგად მოწესრიგებული იყო ბავშვის საცხოვრებელი გარემო, დაცული იყო ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები. ბავშვის მიმართ მუდმივი ყურადღებაა გამოვლენილი მისი მზრუნველი პირებისაგან, საჭიროებები სრულფასოვნად დაკმაყოფილებულია. ბავშვი აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან, იმყოფება მათი ყურადღების ცენტრში, ყველა მის სურვილზე და მოქმედებაზე იღებს შესაბამის უკუკავშირს მზრუნველი პირებისაგან. ბავშვი გახსნილად და თავისუფლად მიმართავს ოჯახის წევრებს, ეთამაშება და ეხუტება მათ. ვ.ი ასევე თავისუფალ კომუნიკაციაში შევიდა სოციალურ მუშაკებთან, საკუთარი ინიციატივით გაუმასპინძლდა ხილით. აუწერა ნახატი, რომელიც დაფაზე ჰქონდა დახატული. სოციალური მუშაკები კიდევ მიიწვია სტუმრად სახლში. ვ.ს–ვი ასაკის შესაბამისად განვითარებული ბავშვია. მას აქვს კარგად თხრობის, გადმოცემის, გამოხატვის უნარები. ოჯახის წევრების მიერ ბავშვის ინიციატივა წახალისებულია. ხელი ეწყობა მის ჯანსაღ განვითარებას. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია უმოკლეს ვადაში იქნას მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა სამივე არასრულწლოვანმა ერთად, მშვიდად და სტაბილურად შეძლონ თანაცხოვრება მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ურთიერთობის განსაზღვრული წესითა და პირობებით“.

- ვ. და ე.ს–ვების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ „მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრში მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.11.2022 წლის დროებითი განჩინება დამცავი ორდერის შესახებ, არასრულწლოვნების, ვ. და ე.ს–ვების, დედისაგან-ტ. ს–ასაგან განცალკევების თაობაზე. იმავე განჩინებით, არასრულწლოვნების გადაცემა უნდა მომხდარიყო ბების (მამის მხრიდან) - ა.ტ–ასათვის. თუმცა ა.ტ–ას მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, შესაბამისად აღსრულება ამ ნაწილში შეუძლებელია. განჩინების პირობების აღსრულების მიზნით, შემთხვევაზე გასვლა მოხდა სააგენტოს თანამშრომლებთან (სოციალური მუშაკი-თ.მ–ე და იურისტი-ნ.დ–ძე) და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ვიზიტი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, ........ ვიზიტის დროისთვის აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა არასრულწლოვნების დედა-ტ. ს–ა, რომელმაც ჩართული ვიდეოკამერით გააღო კარი და მისვლის მიზეზი იკითხა. ტ. ს–ამ კატეგორიული უარი განაცხადა საცხოვრებელ ბინაში შესვლასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიული, ბრალდებითი შინაარსის მიმართვებს როგორც ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების ისე პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მან მიმართა გამომძიებელს, რომ გასცლოდა იქაურობას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდა მათ მიმოწერას. ტ. ს–ასთან საუბარი წარიმართა სადარბაზოში. ტ. ს–ასათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სასამართლოს დროებითი განჩინების შინაარსის და საჭირო ღონისძიების შესახებ. ტ. ს–ას ინფორმაციით, მისი არასრულწლოვანი შვილები არ ცხოვრობენ მასთან ერთად. ბავშვები ცხოვრობენ ბებიასთან (დედის მხრიდან)-ი. ა–ოსთან ერთად. ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს შვილებთან ურთიერთობა, არ იცის მათი მისამართი და არც სურვილი აქვს, რომ ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ იცოდეს, ვინაიდან უკვე ინფორმირებული იყო დროებითი განჩინების შესახებ და არ სურდა პირობების დარღვევა. ტ. ს–ას ასევე განემარტა, რომ აუცილებელია ბავშვების ნახვა, მათი მდგომარეობის შეფასება, ასევე დადასტურება, რომ ბავშვები დედასთან ნამდვილად არ ცხოვრობენ. დადასტურების მიზნით, საცხოვრებელ ბინაში შესვლის უფლება მისცა სააგენტოს მხოლოდ ერთ თანამშრომელს (თ.ნ–ძე) თარჯიმანთან ერთად. გამოვლინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე, დედასთან ერთად არასრულწლოვნები (ვ. და ე.) ნამდვილად არ იმყოფებოდნენ. საცხოვრებელი ბინა იყო არეული, განლაგებული იყო შეკრული ბარგი. რამდენადაც ბავშვების საცხოვრებელი მისამართის შესახებ ტ. ს–ამ ინფორმაცია არ გასცა, პოლიციის თანამშრომლის მიერ მოხდა დაკავშირება ტ. ს–ას წარმომადგენელთან, მ.ღ–ასთან, რომელმაც გარკვეული პირობები წაუყენა როგორც პოლიციას ისე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. მათ შორის, ერთ-ერთი პირობა იყო პოლიციის განყოფილებაში შეხვედრა და მოლაპარაკება ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებთან, რასთან დაკავშირებითაც მიიღო უარი. ასევე, იყო პირობა, რომ ბავშვებთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცემოდა მის საადვოკატო ოფისში, რასთან დაკავშირებითაც განემარტა, რომ ბავშვების მდგომარეობის შეფასება მათ საცხოვრებელ მისამართზე უნდა მოხდეს და არა ნებისმიერ სხვა ობიექტზე. აღნიშნული საუბრები მ.ღ–ასთან, ე.წ შეთანხმება რომ როგორღაც მოხერხებულიყო ბავშვების ნახვა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, განაცხადა რომ ითხოვს პირობას, რომ არ გამჟღავნდეს ბავშვების მისამართის შესახებ ინფორმაცია მეორე მხარისათვის, რის შემდგომაც უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლებისათვის ბავშვების საცხოვრებელი მისამართის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მიღებული ინფორმაციით, იმ დროისათვის არასრულწლოვნები უკვე იმყოფებოდნენ საადვოკატო ბიუროს ოფისში ბებიასთან-ი. ა–ოსთან, ბავშვების ახალ ადვოკატთან-გ.ლ–ძესთან და დედის წარმომადგენელთან-მ.ღ–ასთან ერთად. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საწყის ეტაპზე ვიზიტი განხორციელდა საადვოკატო ბიუროს ოფისში. ვიზიტის დროისათვის, სააგენტოს თანამშრომლების დანახვისას ე. კალთაში ჩაუჯდა ბებიას-ი. ა–ოს და ჩაეხუტა, ხოლო ვ., მარჯვენა მკლავზე ჩაეჭიდა ბებიას და ხელს არ უშვებდა. ბავშვების ინფორმაციით, მათ სურდათ ბებიასთან ერთად ცხოვრება, მასთან თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება დედას, ბავშვების ინფორმაციით, დედას დღეს (29.11.2022) შეხვდნენ, ის მათთან დასამშვიდობებლად იყო მისული და აუხსნა, რომ გარკვეული პერიოდი ვერ ნახავდნენ ერთმანეთს. ბავშვებთან საუბრის პროცესში ბებია-ი. ა–ო ცდილობდა პასუხების გაცემას ბავშვების ნაცვლად, რასთან დაკავშირებითაც მიეცა შენიშვნა/რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ ბავშვების მონათხრობი არ ემთხვევა დედის მიერ მოწვდილ ინფორმაციას. ვ. ცდილობდა გაეკონტროლებინა როგორც საკუთარი, ისე ე–ს საუბარი, რა დროსაც ე–ს ძლიერად უჩქმიტა ფეხზე (ისე რომ ე–მ შეჰყვირა) და გააჩუმა საუბრის პროცესში. კითხვაზე, თუ რატომ უჩქმიტა დას, მიპასუხა, რომ მან ფეხი მოარტყა. დედის წარმომადგენლისათვის და ბავშვების ადვოკატისათვის კიდევ ერთხელ მოხდა განმარტება, რომ აუცილებელია ბავშვების მდგომარეობის და უსაფრთხოების შეფასება მათ საცხოვრებელ მისამართზე. რაც შეეხება მისამართის დაფიქსირებას, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არც მიმდინარე დრომდე ფიქსირდებოდა მისამართები. შესაბამისად, მათი მხრიდან მოხდა მისამართის გამჟღავნება და ვიზიტი ბავშვებისა და ბებიის ბინაში. ვიზიტის დროისათვის ბავშვების გარემო მოწესრიგებული იყო. მაგიდაზე ეწყო წიგნები და რვეულები. ე–მ გვაჩვენა რვეული, სადაც რუსული ენის წერით სავარჯიშოებს ასრულებდა. მოხდა საცხოვრებელი ბინის დათვალიერება, ბავშვებისათვის განკუთვნილი იყო ორ ადგილიანი საწოლი (საძინებელ ოთახში), ხოლო ბებიისათვის განკუთვლი იყო დივანი, სტუდიოს ტიპის ოთახში. ბავშვებს სადილად ჰქონდათ ბოსტნეულის წვნიანი. საცხოვრებელ მისამართზე ბავშვებთან და ბებიასთან ერთად იყო ბავშვების ადვოკატი-გ.ლ–ძე, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს არავითარ შემთხვევაში არ დაგვტოვებს მარტო ბავშვებთან და არ მოგვცემს მარტო დალაპარაკების შესაძლებლობას. გ.ლ–ძეს განემარტა არასრულწლოვანთა მდგომარეობისა და უსაფრთხოების მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ. ბავშვების ბებიამ-ი. ა–ომ ასევე განაცხადა, რომ თვითონაც იქნებოდა ბავშვებთან ერთად. ბებიისა და ადვოკატების დამოკიდებულების, ასევე გვიანი დროის გათვალისწინებით, ბავშვებთან დამშვიდობება მოკლე დროში მოხდა. არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი გაგრძელდა ბავშვებისა და დედის წარმომადგენლებთან. მათი განცხადებით (როგორც წერილობით ისე სიტყვიერი), ყოველდღიურ სურთიერთობაში არიან ბავშვებთან და ბებიასთან-ი. ა–ოსთან და თავადვე უზრუნველყოფენ როგორც უსაფრთხოებას, ისე დროებითი განჩინების პირობების შესრულებას. კონკრეტულად იმასაც, რომ დედა-ტ. ს–ა ვერ მიუახლოვდება შვილებს და არ ექნება მათთან ურთიერთობა. რაც შეეხება მონიტორინგს, მხოლოდ მიესალმებიან სააგენტოს მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის განხორციელებას. კითხვაზე, უცხადებენ თუ არა სრულ ნდობას ბავშვების დედას-ტ. ს–ას შვილებთან უსაფრთხოების ნაწილში, მ.ღ–ამ განაცხადა, რომ სანამ თავად აქვს წარმოებაში აღნიშნული საქმე და სანამ მისი ყოველდღიური კონტროლის ქვეშაა, სრულად არის დარწმუნებული, რომ არაფერი მოხდება დედის მხრიდან. ხოლო შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, ეს არავინ იცის წინასწარ. ასევე აღნიშნა, რომ როგორც ადვოკატი, ბუნებრივია დაიცავს საკუთარ კლიენტს და რათქმაუნდა მნიშვნელობა აქვს ჰონორარს. მხარის პოზიცია ქმნის შთაბეჭდილებას/სუბიექტურ აზრს, რომ კლიენტის სურვილი უპირატესია არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე. წერილობითი და სიტყვიერი პოზიცია ასევე წარმოდგენილი იქნა ბებიის-ი. ა–ოსაგან (განცხადებები დარეგისტრირდა სააგენტოს კანცელარიში შემდეგ სამუშაო დღეს), რომელსაც ერთვის მაიდენტიფიცირებელი და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ვინაიდან გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნები ფაქტობრივად განცალკევებულები იყვნენ დედისაგან, მაგრამ რჩებოდნენ დედის გარემოში (ბებია დედის მხრიდან), აუცილებელი გახდა შეუთანხმებელი მონიტორინგების დაგეგმვა-განხორციელება“.

- ვ. და ე.ს–ვების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 15 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ: „თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, დედის-ტ. ს–ასაგან ფაქტობრივად განცალკევებული არასრულწლოვნების ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, 30 ნოემბერს საღამოს საათებში, სოციალურ მუშაკთან-თ.მ–ესთან ერთად განხორციელდა ოჯახთან შეუთანხმებელი ვიზიტი ბავშვებისა და ბებიის (დედის მხრიდან) საცხოვრებელ მისამართზე. ვიზიტის დროისათვის, არასრულწლოვნები და ბებია-ი. ა–ო იმყოფებოდნენ სახლში. მიუხედავად ინფორმირებულობისა და წინა დღის შეთანხმებისა, რომ აუცილებელია ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, ი. ა–ოს მხრიდან გამოვლინდა აგრესიული განწყობა სოციალური მუშაკებისადმი, ასევე კატეგორიული მოთხოვნა, რომ კარის ზღურბლს არ გავცდენილიყავით, ვიდრე გაარკვევდა შევეშვით თუ არა ბინაში. ხელით მიგვითითა რომ იქვე ვმდგარიყავით და დაურეკა ბავშვების დედას-ტ. ს–ას. დიალოგის პროცესში სააბაზანოდან გამოვიდა ვ., ბებიამ მას ხელი მოკიდა და სააბაზანოში შეაბრუნა. უთხრა, რომ არ გამოსულიყვნენ სააბაზანოდან (ე.ც სააბაზნოში იყო). ი. ა–ომ, ტ. ს–ას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის საცხოვრებელში მისულები იყვნენ სოციალური მუშაკები (განვუმარტეთ რომ იყო სამონიტორინგო ვიზიტი) და ჰკითხა მას შევეშვით თუ არა საცხოვრებელში. ტ. ს–ას მითითებით, ი. ა–ომ დაურეკა ადვოკატს და მისგანაც მიიღო ნებართვა სოციალური მუშაკების შეშვების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარება და გარემოს დათვალიერება. აღნიშნული გარემოება ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ი. ა–ო არ არის დამოუკიდებელი პირი ბავშვებთან ურთიერთობაში, არამედ ექვემდებარება ბავშვების დედისა და დედის წარმომადგენლების მითითებებს. ვ.სა და ე.ს მაგიდაზე ჰქონდათ წიგნები, რვეულები და გასართობი საშუალებები. ე.მ გვაჩვენა მის მიერ შესრულებული რუსული ენის წერითი სავარჯიშოები. რამდენი იმუშავა გუშინდელი დღის შემდეგ. ბავშვები ძირითადად დადებით განწყობაზე იმყოფებოდნენ, აქტიურად საუბრობდნენ, წარმოაჩენდნენ როგორი ნახატები დაამზადეს ბებიასთან ერთად, ბებია ირა როგორი საუკეთესოა, ყველაზე ლამაზი და ყველაზე კეთილია, პერიოდულად ეხუტებოდნენ მას. ე. დადგა სკამზე და მხატვრული ჟესტებიტა და ხმის ტემბრით შეასრულა ლექსი, რომელიც შინაარსობრივად ასახავდა დედისა და ბებიის სიყვარულს. ბებიამ შეახსენა სხვა ლექსიც, რომელიც ე.მ ჯერ კარგად არ იცოდა. ი. ა–ომ აღწერა ბავშვების კვების რაციონი, თუ რას უმზადებდა მათ დღის განმავლობაში. კითხვაზე, განაახლეს თუ არა ბავშვებმა სკოლაში სიარული, ბებიამ თქვა, რომ იგი ამეცადინებს სახლის პირობებში. ვ.მ გაიხსენა სკოლის ორი მეგობარი ტყუპი დები და რომ ძალიან მოსწონდა სკოლის გარემო. ბავშვები თავს იკავებდნენ გაეხსენებინათ სკოლაში სიარულის ის პერიოდი, როდესაც ცხოვრობდნენ მამასთან. ი. ა–ომ გაახსენა ბავშვებს ტაგანროგში ყოფნის პერიოდები, როგორ ერთობოდნენ, სად დადიოდნენ, რას აკეთებდნენ. ასევე გაახსენა ქალაქის დღე და თეატრი. ბავშვებსაც და ჩვენც გვაჩვენა იქ გადაღებული ფოტოები. თეატრის თემაზე გოგონებს დაესვათ შეკითხვა „თბილისშიც ხომ დადიოდნენ თეატრში?“ ბავშვებმა სწრაფად გვიპასუხეს, რომ დადიოდნენ თეატრში, თუმცა დამატებით კითხვებზე (რა სპექტაკლები ნახეს, მოეწონათ თუ არა) ვ. დაიბნა, ტუჩები მოკუმა და თითქოს გახსენებას შეეცადა, შემდეგ კი სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვები დედის გარემოში მამაზე ან მამასთან დაკავშირებულ პერიოდზე არ საუბრობენ. შემდგომ ვ.მ უთხრა ე.ს, რომ ბალიშებით გაეკეთებინა ულვაშებიანი კაცი და ძლიერად ეცემა იგი, რადგან წარმოსახვით ულვაშებიან მამაკაცს ე. შეუყვარდა და მას ხელი სთხოვა. ე. ამაზე უნდა გაბრაზებულიყო და ფიზიკურად გასწორებოდა ბალიშებს (წარმოსახვით მამაკაცს). ე. ასრულებდა დის მითითებებს და გამეტებით ურტყამდა ბალიშებს. კითხვაზე, თუ რატომ იქცეოდნენ ისინი ასე, ვ–მ გვიპასუხა, რომ მან და ე–მ აღთქმა დადეს, რომ არასდროს შეუყვარდებათ მამაკაცი და არასდროს გათხოვდებიან. ბავშვებზე დაკვირების შედეგად გამოიკვეთა, რომ ვ.ს შეუძლია გავლენა მოახდინოს უმცროს დაზე. ე. ითვალისწინებს უფროსი დის მითითებებს. ბებიამ-ი. ა–ომ ბავშვების თანდასწებით გაიხსენა გარკვეული ფაქტები ბავშვების მამასთან დაკავშირებით უარყოფით და კრიტიკულ კონტექსტში. რაზეც სოციალური მუშაკების მხრიდან არაერთხელ მიეცა რეკომენდაცია, რომ არ განიხილოს მსგავსი საკითხები ბავშვების თანდასწრებით. ბავშვები ხშირად ამყარებდნენ თვალის კონტაქტს ბებიასთან, პერიოდულად მიდიოდნენ მასთან და ეხუტებოდნენ, მათი ქცევები შეიცავდა დემონსტრაციულ ხასიათს. ყოველგვარი კითხვის გარეშე ე–მ გვითხრა - „მე ბებიას ვთხოვე დედასთან ტელეფონით დალაპარაკება და მან არ დამალაპარაკა. ბებიის ინფორმაციით, იგი იცავდა სასამართლოს დროებით განჩინებას, თქვა, რომ ტ. ს–ას არ ჰქონდა კონტაქტი შვილებთან. ტ–ს მხოლოდ მიჰქონდა საკვები პროდუქტები საცხოვრებელ კორპუსთან. პროდუქტებს ხან ი. ა–ოს გადასცემდა, ხან კი უტოვებდა და სხვები აწვდიდნენ, ასევე ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია დედასთან-ი. ა–ოსთან. ვიზიტის დროისათვის ბავშვები გამოიყურებოდნენ კარგად, იყვნენ მოწესრიგებული და მოვლილები. არ აღენიშნებოდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები ან რაიმე სხვა პრობლემები. მოწესრიგებული იყო საცხოვრებელი გარემო. დაცული იყო ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები. ბავშვებმა ასევე მხიარულად ითამაშეს ფერადი განათების სანათურით. ჩააქრეს ოთახის განათება და ფერადი ნათების ფონზე შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. მონიტორინგის ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ მოწესრიგებული დღის რუტინა, რადგან არ დადიოდნენ სკოლაში, ყოველდღიურ რეჟიმში უწევდათ ურთიერთობა დედის ადვოკატებთან, მათ ადვოკატებთან და სხვადასხვა პირებთან. აუცილებელია დროის უმოკლეს ვადაში იქნას დასრულებული სამართლებრივი დავები“.

- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, აჭარის ა/რ ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის 2022 წლის 24 ივნისის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, „სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი წერილში მითითებულ მისამართზე ქ. ბათუმი ......., სადაც შეხვდა ვ. ს–ს და მასთან მცხოვრებ არასრულწლოვან შვილებს ვ., ე. და ვ. ს–ებს. ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ კერძო ტიპის კეთილ მოწყობის სახლში. გარემო და საცხოვრებელი პირობები ძალიან კარგია. ვიზიტის დროს ბავშვები იყვნენ მოწესრიგებულები და სეზონურად ადეკვატურად ჩაცმულები. ოჯახში იყო საკმარისი რაოდენობის სათამაშოები და საგანმანათლებლო ინვენტარი. ასევე აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ვ. ს–ის ნათესავები, რომლებიც დასასვენებლად არიან ჩამოსულები. ოჯახში ვიზიტის დროს ბავშვები თამაშობდნენ და მხიარულობდნენ, საუბარში მათ აღნიშნეს რომ ბედნიერები არიან აქ ყოფნით. ასევე ვ. ს–მა აღნიშნა, რომ ის რეგულარულად ბავშვები გაყავს ბუნებაში და ერთად ერთვებიან რეკრეაციულ ღონისძიებებში. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე არასრულწლოვნების ამჟამინდელი მდგომარეობა კარგია, ისინი დაცულები არიან ძალადობისგან და უგულველყოფისაგან“.

- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, აჭარის ა/რ ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის 2022 წლის 06 სექტემბრის მიმართვა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის უფროსს, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2022 წლის 2 სექტემბერს, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი არასრულწოვნების საცხოვრებელ მისამართზე სადაც შეხვდა და ესაუბრა ვ. ს–ს და არასრულწლოვნებს, ასევე საცხოვრებელში იმყოფებოდნენ ბავშვების ძიძა და ბებია. მიმართვის თანახმად, „ვიზიტის დროს არასრულწლოვნები იყვნენ მოწესრიგებულები, ოჯახში დაცული იყო სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა. ვიზიტით დროს ბავშვები იყვნენ აქტიურები, თამაშობდნენ, ცდილობდნენ ოჯახის სხვა წევრების ჩართვას თამაშის პროცესში. ვ. ს–თან საუბარში გაირკვა რომ ბავშვებს ვიდეო ზარის მეშვეობით კომუნიკაცია ქონდათ დედასთან 2022 წლის 20–21 აგვისტოს, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ბებია და ძიძაც ასევე ვ. და ე. ს–ები. არასრულწლოვნები თავს არიდებდნენ დედაზე საუბარს, მაგრამ აღნიშნავენ რომ როდესაც დედასთან დარეკვის დროა ისინი ესაუბრებიან მას. ჩემი ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნების ამჟამინდელი მდგომარეობა კარგია, ისინი დაცულები არიან ძალადობისგან და უგულველყოფისაგან“.

47. საკასაციო პალატა სწორედ ზემოაღნიშნულ აბზაცებში (46.1-46.8) მითითებული მტკიცებულებების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ურთიერთშეჯერებით იმსჯელებს და შეაფასებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული, ბავშვების ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები (რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა უკან დაბრუნების შესახებ).

48. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია, მე-12 მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის დაწესებით აღიარებს, რომ ერთი წელი არ არის საკმარისი ბავშვის ახალ გარემოში ინტეგრაციისათვის, ხოლო ვ. ს–მა სასამართლოს მიმართა ბავშვების არამართლზომიერი გადაადგილების თარიღიდან - 2021 წლის ნოემბრიდან კონვენციის მე-12 მუხლის 1-ლი აბზაცით დადგენილ ერთწლიან ვადაში (სარჩელი წარდგენილია 2022 წლის 16 მაისს), რაც მოპასუხეს, გარემოში ინტეგრაციის საფუძვლით ბავშვების დაბრუნებაზე შედავების უფლებას უსპობს და შესაბამისად, ბავშვის ინტეგრაციის საკითხზე მსჯელობა რელევანტური არ არის კონვენციის მე-12 მუხლის ჭრილში, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მაინც იმსჯელოს და შეაფასოს, თუ რამდენად არიან ბავშვები ამჟამად ინტეგრირებულნი თავიანთ ახალ გარემოში, რადგან კასატორის ერთ-ერთი შედავება (ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს ის გარემოება, რომ ბავშვები ადაპტირებულნი არიან ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში და აქვთ სურვილი - იცხოვრონ დედასთან ერთად საქართველოში, რაც ბავშვების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველია) სწორედ ამ გარემოებას ეხება.

49. სადავო საკითხთან მიმართებით, პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებისთვის, ადაპტაცია განიხილება არა გარემოსადმი შეგუებად, არამედ არასრულწლოვნის მხრიდან გარემო-პირობების, ცხოვრების წესის იმგვარ ადაპტაციად, როდესაც ის თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, ობიექტურად განიცდის კეთილგანწყობას იმ ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი, სადაც მას მოუხდა ცხოვრება და ფაქტობრივად ჩამოუყალიბდა ოჯახური ცხოვრების განცდა, რომლის დარღვევაც მეტი ზიანის მომტანი იქნება მისთვის (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1040-2020, 19 აპრილი, 2021 წელი). ამასთან, ემოციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნება არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ბავშვს ინტეგრაციისას ეუფლება (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 88-89).

50. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციით საქმის განხილვისა და საკასაციო განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, ასევე, განსახილველ საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნები არ არიან ინტეგრირებული ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, რაც გამორიცხავს ინტეგრირების საფუძვლით ბავშვების დაბრუნებაზე უარის თქმას. კერძოდ, ამ დასკვნამდე საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

50.1. დადგენილია, რომ არასრულწლოვნები მათი ჩვეული ადგილსამყოფელიდან არამართლზომიერად გადაადგილების შემდგომ, საწყის ეტაპზე, 2021 წლის ნოემბრის თვიდან, საქართველოში ცხოვრობდნენ დედასთან, შემდგომ მამასთან ერთად, ხოლო, მას შემდეგ რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი - „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ვ.ს–ვას (ს–ა) /დაბადებული 2013 წლის 20 ივნისს/, ე.ს–ვასა (ს–ა) /დაბადებული 2015 წლის 20 აგვისტოს/ და ვ.ს–ვის (ს–ი) /დაბადებული 2018 წლის 12 ნოემბერს/ არამართლზომიერად გადაადგილებულ პირებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა, დედამ - ტ. ს–ამ, 2022 წლის 28 ოქტომბერს, არასრულწლოვნები - ვ. და ე. ს–ები სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანა და მას შემდეგ არასრულწლოვანი გოგონები ცხოვრობდნენ დედასთან.

50.2. 2022 წლის 25 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა დროებითი განჩინება, რომლითაც დადგინდა, რომ ვ. ს–ა და ე. ს–ა განცალკევებულნი იქნენ დედისგან - ტ. ს–გან, გამოყვანილ იქნენ დედის საცხოვრებელი სადგომი ადგილიდან და აღსაზრდელად გადაეცნენ ბებიას (მამის მხრიდან) - ა.ტ–ას, რომლის მიმართაც იმავე დღეს, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერები ე. და ვ. ს–ებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო.

50.3. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 14 დეკემბრის სიტუაციური ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს, სააგენტოს თანამშრომლებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 25.11.2022 წლის დროებითი განჩინების პირობების აღსრულების მიზნით, განხორციელდა ვიზიტი არასრულწლოვნების დედის საცხოვრებელ მისამართზე და ტ. ს–ასათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სასამართლოს დროებითი განჩინების შინაარსის და საჭირო ღონისძიების შესახებ. ტ. ს–ასგან საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაციით, მისი არასრულწლოვანი შვილები არ ცხოვრობენ მასთან ერთად. ბავშვები ცხოვრობენ ბებიასთან (დედის მხრიდან) - ი. ა–ოსთან ერთად. ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს შვილებთან ურთიერთობა, არ იცის მათი მისამართი და არც სურვილი აქვს, რომ ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ იცოდეს, ვინაიდან უკვე ინფორმირებული იყო დროებითი განჩინების შესახებ და არ სურდა პირობების დარღვევა.

50.4. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 დეკემბრის დროებითი განჩინების საფუძველზე, 2022 წლის 03 დეკემბრიდან არასრულწლოვნები: ვ. და ე. ს–ები განთავსებულნი არიან სახელმწიფო 24 საათიან მზრუნველობაში, ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 06 დეკემბრის დროებითი განჩინებით, არასრულწლოვანი ვ.ს–ვიც გარიდებულ იქნა ბებიისგან - ა.ტ–ასგან, გამოყვანილ იქნა ბებიის საცხოვრებელი ადგილიდან და აღსაზრდელად გადაცემულ იქნა სახელმწიფო მზრუნველობაში. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 09 დეკემბრის სიტუაციური ანალიზით ირკვევა, რომ ვინაიდან საჭირო გახდა ვ.ს–ვის გაანთავსება ზრუნვის სისტემაში, უპირატესი უფლების (ბიოლოგიური ოჯახი) გათვალისწინებით, მოძიებულ იქნა იგივე მიმღები ოჯახი სადაც განთავსებული იყვნენ ვ.ის დები: ვ. და ე.ს–ვები. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 20 დეკემბრის განცხადებით კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დამატებით ეცნობა, რომ სამივე არასრულწლოვანი განთავსებულნი არიან სახელმწიფო 24 საათიან მზრუნველობაში.

50.5. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური ანალიზებითა და გამოკვლევებით დგინდება, რომ „ბავშვებს არ აქვთ მოწესრიგებული დღის რუტინა, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ურთიერთობა დედის ადვოკატებთან, თავიანთ ადვოკატებთან, სხვადასხვა პირებთან და არ დადიან სკოლაში. კითხვაზე, განაახლეს თუ არა ბავშვებმა სკოლაში სიარული, ბებიამ (დედის მხრიდან) თქვა, რომ იგი ამეცადინებს სახლის პირობებში“ (იხ. 2022 წლის 09 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი). „არასრულწლოვნებს არ აქვთ სტაბილურობის განცდა, უწევთ მორგება ცვალებად გარემოსთან, რაც ნეგატიურად აისახება ბავშვების განვითარებასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე“....., „არასრულწლოვნები საჭიროებენ ფსიქოთერაპიას, რაც დაეხმარება მათ ახალ გარემოეში ადაპტირებასა და ასევე, არსებული ფსიქოტრავმებისა და სტრესის გადამუშვებაში, მდგომარეობის შემსუბუქებაში“(იხ. 2022 წლის 12 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი). საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის - „პერსონა“-ს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 31.03-18.04.2022 წლის N9/30 დასკვნაც გასცემს რეკომენდაციას მასზედ, რომ „ნევროზული სიმპტომატიკის თავიდან ასაცილებლად ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური, უსაფრთხო, დაცული ოჯახური გარემო“. ანალოგიურ მითითებებს შეიცავს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური ანალიზებიც, რომლის თანახმად, „მიზანშეწონილია უმოკლეს ვადაში იქნას მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა სამივე არასრულწლოვანმა ერთად, მშვიდად და სტაბილურად შეძლონ თანაცხოვრება მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ურთიერთობის განსაზღვრული წესითა და პირობებით“ (იხ. 2022 წლის 24 ნოემბრის და 2022 წლის 12 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი).

51. ზემოთმითითებული გარემოებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ ბავშვებს, საქართველოში შემოყვანის შემდეგ არ ჰქონიათ ნორმალურ, მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა, რამეთუ, მათ ირგვლივ მუდმივად შექმნილი იყო საცხოვრებელად არასტაბილური ვითარება; ისინი აღსაზრდელად ხან დედასთან იმყოფებოდნენ, ხანაც მამასთან, მოგვიანებით ბებიასთან (დედის მხრიდან), შემდგომ მეორე ბებიასთან (მამის მხრიდან), საბოლოოდ კი, ბავშვები გადაცემულნი აღმოჩნდნენ სახელმწიფო მზრუნველობაში, ქვეყანაში, სადაც დედის მიერ არამართლზომიერად შემოყვანამდე ნამყოფებიც კი არ იყვნენ, არ იციან ქართული ენა და არიან ქართულისაგან განსხვავებული კულტურის თუ წესების მქონე ქვეყანაში გაზრდილნი, ვერ დადიან სკოლაში და მოწესრიგებული დღის რუტინაც კი არ აქვთ. შესაბამისად, ბავშვებს არ ჰქონიათ იმის შესაძლებლობა და პირობები, რომ შეგუებოდნენ ახალ გარემო-პირობებს, აქაურ ცხოვრების წესებს, იმგვარად, რომ, ჩამოყალიბებოდათ ოჯახური ცხოვრების, სტაბილურობის განცდა და თავი ეგრძნოთ მშობლიურ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში, რაც მათ ინტეგრაციას აშკარას გახდიდა. ემოციური სტაბილურობა და უსაფრთხოების შეგრძნება ბავშვს სწორედ ინტეგრაციისას ეუფლება.

52. პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტეგრაცია ახალი გარემოსადმი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მისი ჩვეულებრივი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნებას, იმდენად ღრმა და ძლიერი უნდა იყოს, რომ ბავშვის დაბრუნება და ამით ახალი, უკვე ინტეგრირებული გარემოსაგან მოწყვეტა უფრო მეტი ზიანის მომტანი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის, ვიდრე დაბრუნებაზე უარის თქმა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყოველგვარ საფუძველს და გონივრულ განსჯას მოკლებულია მითითება ბავშვების არა თუ იმგვარ ინტეგრაციაზე, რომელიც დაბრუნების შემთხვევაში მათი საუკეთესო ინტერესებისათვის საზიანო იქნება, არამედ რაიმე სახის, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო ადაპტაციასა და ინტეგრაციაზე მითითებაც კი. ნიშანდობლივია, რომ არასრულწლოვნები არათუ საქმის ქვემდგომი ინსტანციით განხილვისას, არამედ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვის მომენტისთვისაც კი არ არიან ადაპტირებულნი ახალ გარემოში.

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ბავშვების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნებაზე უარის თქმის საგამონაკლისო წინაპირობა - ინტეგრაცია ახალ გარემოში.

54. როგორც უკვე აღინიშნა, იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ, მიეკუთვნება კონვენციის მე-13 მუხლიც. დასახელებული ნორმის თანახმად, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დასესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ:

ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან

ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

საამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვის მისი დაბრუნების წინააღმეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.

55. ზემოაღნიშნული ნორმის პირველივე წინადადება მიუთითებს იმაზე, რომ იმ პირობებშიც, როდესაც არსებობს კონვენციის ყველა სხვა მუხლების საფუძველზე ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნების წინაპირობები, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება და არ არის ვალდებული დააბრუნოს ბავშვი, თუ იარსებებს კონკრეტული ობიექტური გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე საგამონაკლისო შემთხვევას, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უპირველესი პრინციპიდან გამომდინარეობს.

56. საკასაციო პალატა ვიდრე კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო წინაპირობების არსებობას შეაფასებს, იქამდე აღნიშნავს, რომ მოცემული ეტაპისათვის, სახეზეა არასრულწლოვანების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების ყველა სხვა წინაპირობა. მიხედავად ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, უნდა შეფასდეს, ხომ არ აქვს ადგილი კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ დაბრუნების გამომრიცხავ გარემოებებს, რაც ხელს შეუშლის ბავშვების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას და გაამართლებს მათ არამართლზომიერ გადაადილებას.

57. როგორც წინამდებარე განჩინების განვითარებულმა მსჯელობამ ცხადყო, ბავშვების მამას, რომელიც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას შვილებზე რეალურად ზრუნავდა, არასრულწლოვნების გადაადგილებაზე თანხმობა არ გაუცია და არც შემდგომში შეგუებია მას (წარადგინა სარჩელი), ამიტომ ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დაბრუნების გამომრიცხავი გარემოება არ არსებობს.

58. რაც შეეხება კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს, მასში ჩამოყალიბებულია ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი, რომელიც ემყარება არასრულწლოვნისთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხის ან სხვაგვარად გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების სერიოზული რისკის არსებობას. კონვენციის მე-13(ბ) მუხლი ხაზს უსვამს იმას, რომ დაბრუნების შემთხვევაში უშუალოდ არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვს (და არა სხვა პირს) უნდა შეექმნას ფიზიკური ან ფსიქიკური საფრთხე ან სხვაგვარად ჩავარდეს გაუსაძლის მდგომარეობაში, რომ გამოყენებულ იქნეს ეს დებულება. ასეთ შემთხვევებში, როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ხოლო მტკიცების სტანდარტი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით.

59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ზღვარი საკმაოდ მაღალია მაშინ, როდესაც პირი, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი, უთითებს განმცხადებლის მიერ სექსუალური ხასიათის დანაშაულებისა ან/და სხვა სახის ძალადობის ჩადენის შემთხვევებზე. ასეთი ბრალდება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნა არ ეფუძნება საკმარის მტკიცებულებებს. ამ მიმართებით, საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლომ საქმეში – CA Amiens – არ გაითვალისწინა ბრალდება მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე და დაადგინა, რომ ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეზეა ძალადობა, ის უნდა იყოს სერიოზული, რათა მოხდეს კონვენციის მე-13(1)(ბ) მუხლის გამოყენება [France: CA Amiens 4 mars 1998, No de RG 5704759 [INCADAT cite: HC/E/ FR 704] (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 68-69). კონვენციის მე-13(1)(ბ) მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრი ტესტი დიდი ბრიტანეთის სასამართლომაც დაადგინა და განაცხადა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები უნდა იყოს ნამდვილად სერიოზული, რათა კონვენციის ამ დებულების მოქმედებაში მოექცეს (UK: Re S. (A Child) (Abduction: Grave Risk of Harm) [2002] 3 FCR 43 [2002] EWCA Civ 908 [INCADAT cite: HC/E/UKe 469]). ანალოგიურ განმარტებას აკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც საქმეზე X. v. Latvia, სადაც დიდმა პალატამ განმარტა, რომ დაბრუნების მოწინააღმდეგე მშობელმა პირველ რიგში, საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რაც მე-13 მუხლის (ბ) პუნქტის მნიშვნელობით არსებულ სერიოზულ რისკს დაადასტურებს (ECHR: X. v. Latvia (Application No. 27853/09), Grand Chamber [INCADAT cite: HC/E/LV 1234]). ამდენად, კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისები, კონვენციის არსიდან და მიზნებიდან გამომდინარე არ გამოიყენება ავტომატურად, ნებისმიერი უსაფუძვლო არგუმენტების მითითების საფუძველზე, მათზე დაყრდნობა მხოლოდ კონკრეტული საქმეზე მხარის მიერ მყარ, წონად არგუმენტებზე მითითების და საქმეში არსებული გარემოებების ყოველმხრივი, ძირეული ანალიზის შედეგად ხდება.

60. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავისი არსით, ბავშვების მიმართ ძალადობა, რომელიც ინტენსივობით და ხერხით, შესაძლებელია არ აღწევდეს წამების ან არაადამიანური მოპყრობის ხარისხს, მაინც უთანაბრდება ისეთ აბსოლუტურ უფლებას, როგორიცაა ბავშვის დაცვა ყოველგვარი ძალადობისგან, განურჩევლად იმისა თუ ვინ, რატომ, რა მიზეზით და საფუძვლით ან/და რა ზეგავლენის გამო ახორციელებს აღნიშნულს. ნებისმიერი მცირედი ეჭვის არსებობა, რომელიც არ იქნება გაქარწყლებული რელევანტური მტკიცებულებით, სასამართლოს უდგენს კონვენციურ ვალდებულებას დაიცვას არასრულწლოვნები ყოველგვარი ძალადობისგან, სანამ ასეთი არ იქნება აღმოფხვრილი.

61. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში „სერიოზული რისკის“ საფრთხის დადგენის მიზნებისათვის, კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს, რომ ბავშვები მამის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან და ბავშვების რუსეთის ფედერაციაში მამის საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება გულისხმობს მოცემულობას, რომ ვ. ს–ი კვლავ გააგრძელებს ბავშვებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

62. რამდენადაც კასატორი მიუთითებს გატაცებამდელ სიტუაციაში არასრულწლოვნების დაბრუნების შემთხვევაში მათთვის „სერიოზული რისკის“ მიყენების ვარაუდზე, საკასაციო პალატა არც ამ შემთხვევაში დასჯერდება მხოლოდ მხარეთა მიერ ქვემდგომი ინსტანციით საქმის განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებებს და საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებათა გათვალისწინებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, კონვენციის მე-13(ბ) მუხლთან მიმართებითაც, მხედველობაში მიიღებს საკასაციო განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებებსაც. აქვე, საკასაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას, რომლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან სწრაფ მოქმედებებს, ეს არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისაგან ეფექტიანად შეისწავლოს ერთ-ერთი გამონაკლისის საფუძველზე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მკაფიოდ გათვალისწინებული მე-13 მუხლის (ბ) პუნქტით (ECHR: X. v. Latvia (Application No. 27853/09), Grand Chamber [INCADAT cite: HC/E/LV 1234]).

63. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში, „სერიოზული რისკის“ დადგენის მიზნებისათვის და მამის მხრიდან ბავშვებზე მოსალოდნელი ძალადობის განხორციელების დასადასტურებლად, კასატორმა საკასაციო განხილვის ეტაპზე წარმოადგინა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 22 ნოემბრის წერილი, რომლის თანახმად, არასრულწლოვნები - ვ. და ე. ს–ები ცნობილ იქნენ დაზარალებულად, ხოლო ვ. ს–ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა; 2022 წლის 18 ნოემბრის დადგენილებები: ვ. ს–ის ბრალდებულად ცნობის შესახებ, ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას დაზარალებულად ცნობის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 19 ნოემბრის განჩინება ბრალდებულ ვ. ს–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილ იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2021 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით, კასატორ (მოპასუხე) ტ. ს–ას მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ნიშნებზე. დადგენილების თანახმად, მოპასუხემ ჩაიდინა წამება, ანუ ფიზიკური და ფსიქიკური წვალების მიყენება სისტემატიური ცემის ან სხვა ძალდატანებითი ქმედების გზით, თუ ამან არ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 112-ე მუხლებში მითითებული შედეგები, ჩადენილი აშკარად არასრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებიც დამნაშავისათვის აშკარად იმყოფებიან უმწეო მდგომარეობაში, დამნაშავისგან მატერიალურ ან სხვა დამოკიდებულებაში მყოფნი. ამავე დადგენილების თანახმად, მოპასუხე, მცირეწლოვანთა (2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ს–ა, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ს–ა) უმნიშვნელო დამნაშავეობათა ნიადაგზე, არასრულწლოვანი ქალიშვილების ქცევით უკმაყოფილო, სისტემატურად, დროის პერიოდში დაახლოებით 01.08.2020 წლიდან 31.12.2020 წლამდე, აცნობიერებდა რა თავისი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, განჭვრეტდა საზოგადოებრივ-საშიში შედეგების დადგომის გარდაუვლობას არასრულწლოვნებისათვის ფიზიკური ტკივილის, ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენების სახით და მათი დადგომის სურვილით, განიცდიდა რა უკანასკნელთა მიმართ პირად მტრობას, განზრახ სცემდა არასრულწლოვან ვ. ს–ას და ე. ს–ას, სახელდობრ ხელებს ურტყავდა დუნდულებისა და ტანის მიდამოში, ასევე უჭერდა ხელებს ყელზე, ფიზიკური ტკივილის მიყენებით. 2021 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით კი, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ქალაქ ბატაისკის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებული მოპასუხის მიმართ შერჩეულ იქნა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 2 თვის ვადით.

65. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციით საქმის განხილვისას წარმოდგენილი მასალებითა და საკასაციო განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებით იკვეთება, რომ საქმე გვაქვს ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევასთან, როდესაც ორივე მშობლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და ორივე მშობელს, დედას - რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მამას - საქართველოში, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვთ პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ ორივე მშობლის მიმართ მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით და ანალოგიურად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვითაც, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად). ასეთ ვითარებაში კი, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი და აუცილებელიცაა, რომ გატაცებამდელ სიტუაციაში, მამის საცხოვრებელ მისამართზე არასრულწლოვნების დაბრუნების შემთხვევაში „სერიოზული რისკის“ არსებობის საფრთხის შესაფასებლად, ასევე ბავშვების დაბრუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში არსებული რისკების განსასაზღვრად, დეტალურად იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული საქმის მასალებში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები, ფსიქოლოგების/სოციალური მუშაკების განმარტებები და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სიტუაციური ანალიზები. საკასაციო პალატა აქაც მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას მასედ, რომ პროფესიონალისაგან აღებული ცნობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის (ბ) პუნქტის მნიშვნელობით შესაძლო სერიოზული რისკის არსებობის შესახებ დასკვნების არგათვალისწინება, ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს (ECHR: X. v. Latvia (Application No. 27853/09), Grand Chamber [INCADAT cite: HC/E/LV 1234]).

66. იმ საკითხის გამოსარკვევად, თუ რამდენად შეიცავს რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ კონკრეტულ მტკიცებულებებზე:

66.1. ვ., ე. და ვლადიმის ს–ების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 09 ნოემბრის სიტუაციური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ: ვ. ს–ის წარმომადგენლისგან მიღებული საპასუხო ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტოს ფსიქოლოგთან ერთად, 08.11.2022 წელს განხორციელდა ვიზიტი ვ. ს–ის საცხოვრებელ მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე ვიზიტის დროისთვის, მცირეწლოვანი ვ.ს–ვი იმყოფებოდა მამასთან, ძიძასთან და მამის მეგობართან ერთად. ბავშვი იყო სათანადოდ მოწესრიგებული, გამოიყურებოდა კარგად, ხალისიანად, ენერგიულად. იყო ყურადღების ცენტრში, აქტიურად ეთამაშებოდა ოჯახის წევრებსა და სტუმრებს (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი). თამაშისას ახდენდა სხვადასხვა როლურ ინტერპრეტაციას. ვ.ს აქვს ასაკის შესაბამისად კარგად თხრობის, გადმოცემის, გამოხატვის უნარი. ბავშვი ავლენს სითბოს გარშემომყოფთა მიმართ, მისი ნებისმიერი მოქმედება დროულად და ადეკვატურად არის რეაგირებული ოჯახის წევრთა მხრიდან. ბავშვის საცხოვრებელი გარემოპირობები კეთილმოწყობილი და უსაფრთხოა. ვ.ს აქვს პირადი ნივთები და სათამაშოები. ბავშვი უზრუნველყოფილია ყურადღებით და ყველა სხვა საჭიროებით“.

66.2. ვ.ს–ვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 24 ნოემბრის სიტუაციური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ: „მიმდინარე წლის 24 ნოემბერს განხორციელდა ვიზიტი ვ.ს–ვის საცხოვრებელ მისამართზე. ბავშვის მდგომარეობის შეფასების მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ვიზიტი ასევე განხორციელდა 08 ნოემბერს, სადაც ვ.ი მამასთან ერთად იმყოფებოდა. 24 ნოემბერს, ვიზიტის დროისათვის, ვ.ი სახლში იყო ბებიასთან, ძიძასთან და დამხმარესთან (ოჯახის დამხმარე საოჯახო საქმეებში) ერთად. ბავშვი გამოიყურებოდა კარგად, მოწესრიგებულად, ენერგიულად. არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები ან რაიმე სხვა პრობლემები. საცხოვრებელი გარემოც ასევე გარგად იყო მოწესრიგებული. ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ იყო დაცული. ვ.ს დიდი სივრცე აქვს აქტიური თამაშებისთვის. მისი სათამაშოები მთელ სახლშია განთავსებული. ბავშვი მუდმივად არის ყურადღების ქვეშ მზრუნველი პირებისაგან და მისი საჭიროებები სრულფასოვნად არის დაკმაყოფილებული. ვ.ი აქტიურად ეთამაშებოდა ოჯახის წევრებსა და სტუმარს (სოციალური მუშაკი). თამაშისას ახდენდა სხვადასხვა როლურ ინტერპრეტაციას, აწყობდა ლეგოებს, თამაშობდა პულტიანი მანქანით, გაახსენდა ჰელოუინის გოგრა, რომლითაც წინა შეხვედრის დროს ძალიან მხიარულად გაერთო. როგორც ყველა სხვა შემთხვევებში, ვ.ი ამჯერადაც თავისუფლად შევიდა კონტაქტში სოციალურ მუშაკთან. ბავშვს აქვს ასაკის შესაბამისად კარგად თხრობის, გადმოცემის, გამოხატვის უნარი. ავლენს სითბოს გარშემომყოფთა მიმართ. უფროსი დების შესახებ ვ.მა თქვა, რომ ისინი თვითონ წავიდნენ და დაბრუნდებიან. რაც შეეხება საბავშვო ბაღში სიარულს, ვ.ის პასუხით - „ბაღში არ დადის, იმიტომ რომ არ უნდა“. ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციით, ვ.ს მამა ყოველდღიურად ურეკავს და ძილის წინ ზღაპრებს უკითხავს. ძირითად დროს კი, სახლში ატარებენ. ბავშვი გარეთ ვერ გაჰყავთ, რადგან ეშინიათ ბავშვის დედის, რომელმაც უფროსი შვილები ჩუმად წაიყვანა. ამიტომ კატეგორიულად ითხოვენ არ გამჟღავნდეს ინფორმაცია მათი საცხოვრებელი მისამართის შესახებ. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია უმოკლეს ვადაში იქნას მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რათა სამივე არასრულწლოვანმა ერთად, მშვიდად და სტაბილურად შეძლონ თანაცხოვრება მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ურთიერთობის განსაზღვრული წესითა და პირობებით“.

66.3. ვ.ს–ვის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 12 დეკემბრის სიტუაციური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ: „მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, სოციალურ მუშაკთან - თ.მ–ესთან ერთად განხორციელდა ოჯახთან შეუთახმებელი/გაუფრთხილებელი ვიზიტი ვ.ს–ვის საცხოვრებელ მისამართზე. ოჯახის წევრებს კარის გაღება გაუჭირდათ, კითხულობდნენ თუ ვინ იყო მისული. შემდეგ გააღეს კარი და განმარტეს, რომ ეშინიათ ბავშვების დედის და მასთან დაკავშირებული პირების. ვიზიტის დროისათვის, ვ.ი იმყოფებოდა სახლში, ბებიასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ბავშვი იყო მოწესრიგებული, ენერგიული, დადებით განწყობაზე. არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები ან რაიმე სხვა პრობლემები. ასევე კარგად მოწესრიგებული იყო ბავშვის საცხოვრებელი გარემო, დაცული იყო ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები. ბავშვის მიმართ მუდმივი ყურადღებაა გამოვლენილი მისი მზრუნველი პირებისაგან, საჭიროებები სრულფასოვნად დაკმაყოფილებულია. ბავშვი აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან, იმყოფება მათი ყურადღების ცენტრში, ყველა მის სურვილზე და მოქმედებაზე იღებს შესაბამის უკუკავშირს მზრუნველი პირებისაგან. ბავშვი გახსნილად და თავისუფლად მიმართავს ოჯახის წევრებს, ეთამაშება და ეხუტება მათ. ვ.ი ასევე თავისუფალ კომუნიკაციაში შევიდა სოციალურ მუშაკებთან, საკუთარი ინიციატივით გაუმასპინძლდა ხილით. აუწერა ნახატი, რომელიც დაფაზე ჰქონდა დახატული. სოციალური მუშაკები კიდევ მიიწვია სტუმრად სახლში. ვ.ს–ვი ასაკის შესაბამისად განვითარებული ბავშვია. მას აქვს კარგად თხრობის, გადმოცემის, გამოხატვის უნარები. ოჯახის წევრების მიერ ბავშვის ინიციატივა წახალისებულია. ხელი ეწყობა მის ჯანსაღ განვითარებას“.

66.4. ვ. ს–ას, ე. ს–ასა და ვ. ს–ის ფსიქოლოგური გამოკვლევის შედეგების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 12 დეკემბრის დასკვნის მიხედვით ირკვევა „2022 წლის 12 აპრილს სოციალურ მუშაკთან თ.ნ–ძესთან ერთად განხორციელდა გაუფრთხილებელი ვიზიტი მამის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ცხოვრობდნენ არასრულწლოვნებიც. სახლში იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები, მათი მამა, ბებია (მამის დედა) და ძიძა. მამის გარემოში არასრულწლოვნები გრძნობდნენ თავს თავისუფლად, მათი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყო. ცალკე ოთახში გოგონებთან ჩავატარე ინდივიდუალური გასაუბრებები. ამჯერად ისინი დაუბრკოლებლად შემოვიდნენ კონტაქტში. ბავშვები გამოხატავდნენ დადებით დამოკიდებულებას ორივე მშობლის მიმართ, ასევე სხვა ოჯახის წევრების მიმართაც - ორივე მხრიდან. სურდათ ჰქონოდათ თანაბარი ურთიერთობა დედასთანაც და მამასთანაც. დედის მიერ გაგზავნილ საჩუქრებს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მაშინვე ამოიღეს დაათვალიერეს, გამოხატავდნენ დადებით ემოციას და იხსენებდნენ დედასთან დაკავშირებულ ამბებს. მამის გარემოში ბავშვები თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს, აზრსა და ქცევას“; „.....სოციალურ მუშაკთან ერთად კვლავ განვახორციელე ვიზიტი მამის საცხოვრებელ მისამართზე, არასრულწლოვანი ვ.ის მდგომარეობის შესაფასებლად. სახლში იმყოფებოდნენ მამა, შვილი ვ. ს–ი, მამის მეგობარი და ბავშვის ძიძა. არასრულწლოვანი იყო ლაღი, თავს გრძნობდა თავისუფლად, ყველანი ერთად ჩავერთეთ თამაშში, ბავშვი იყო კეთილგანწყობილი როგორც ოჯახის წევრების მიმართ, ასევე ჩვენს მიმართ, გამოხატავდა სითბოსა და სიყვარულს, გვეხუტებოდა. მის მიმართ რაიმე ძალადობის ნიშნები ვიზიტის განმავლობაში არ გამოკვეთილა“; „........მამის გარემოში მათი ქცევა თავისუფალია, ისინი თამამად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, შეუძლიათ მამაზე როგორც კარგი, ასევე ნეგატიური რამ თქვან, არ ეშინიათ მისი (შეუძლიათ ღიად გამოხატონ აგრესია მამის მიმართ), ასევე თავისუფლად გამოხატავდნენ მამასთან ყოფნის პერიოდში დედის მიმართ დადებით დამოკიდებულებას“.

66.5. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, აჭარის ა/რ ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის 2022 წლის 24 ივნისის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ „სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი წერილში მითითებულ მისამართზე ქ. ბათუმი თბილისი ქ.71 –ში, სადაც შეხვდა ვ. ს–ს და მასთან მცხოვრებ არასრულწლოვან შვილებს ვ., ე. და ვ. ს–ებს. ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ კერძო ტიპის კეთილ მოწყობის სახლში. გარემო და საცხოვრებელი პირობები ძალიან კარგია. ვიზიტის დროს ბავშვები იყვნენ მოწესრიგებულები და სეზონურად ადეკვატურად ჩაცმულები. ოჯახში იყო საკმარისი რაოდენობის სათამაშოები და საგანმანათლებლო ინვენტარი. ასევე აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ვ. ს–ის ნათესავები, რომლებიც დასასვენებლად არიან ჩამოსულები. ოჯახში ვიზიტის დროს ბავშვები თამაშობდნენ და მხიარულობდნენ, საუბარში მათ აღნიშნეს, რომ ბედნიერები არიან აქ ყოფნით. ასევე ვ. ს–მა აღნიშნა, რომ ის რეგულარულად ბავშვები გაყავს ბუნებაში და ერთად ერთვებიან რეკრეაციულ ღონისძიებებში. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე არასრულწლოვნების ამჟამინდელი მდგომარეობა კარგია, ისინი დაცულები არიან ძალადობისგან და უგულველყოფისაგან“.

66.6. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, აჭარის ა/რ ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის 2022 წლის 06 სექტემბრის მიმართვით დგინდება, რომ 2022 წლის 2 სექტემბერს, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი არასრულწოვნების საცხოვრებელ მისამართზე სადაც შეხვდა და ესაუბრა ვ. ს–ს და არასრულწლოვნებს, ასევე საცხოვრებელში იმყოფებოდნენ ბავშვების ძიძა და ბებია. მიმართვის თანახმად, „ვიზიტის დროს არასრულწლოვნები იყვნენ მოწესრიგებულები, ოჯახში დაცული იყო სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა. ვიზიტით დროს ბავშვები იყვნენ აქტიურები, თამაშობდნენ, ცდილობდნენ ოჯახის სხვა წევრების ჩართვას თამაშის პროცესში..... ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნების ამჟამინდელი მდგომარეობა კარგია, ისინი დაცულები არიან ძალადობისგან და უგულველყოფისაგან“.

66.7. ს–ი ვ.ის, ს–ა ვ.ს და ს–ა ე.ს მიმართ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 17 ოქტომბრის №119 დასკვნის თანახმად დგინდება, რომ „მამის, ვ. ს–ის შვილებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი არის სრულად დამაკმაყოფილებელი, კეთილგონივრული და შვილების საუკეთესო ინტერესებზე მიზანშეწონილად გათვლილი“.

66.8. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის - „პერსონა“-ს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 31.03-18.04.2022 წლის N9/30 დასკვნა გასცემს რეკომენდაციებს, რომ: 1. ნევროზული სიმპტომატიკის თავიდან ასაცილებლად ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური, უსაფრთხო, დაცული ოჯახური გარემო. რეკომენდირებულია იგი იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთანაც მას აქვს ჯანსაღი მიჯაჭვულობა და სადაც დარწმუნებული არიან ოჯახის წევრების უპირობო სიყვარულში. 2. ბავშვს ესაჭიროება ფსიქოემოციური განვითარების ნორმალური პირობები, თანმიმდევრული აღზრდის სტილი, რომლის უზრუნველყოფასაც ისინი ახდენენ მამასთან ოჯახში. 3. ბავშვის ფსიქიკის ჰარმონიული განვითარების და შფოთვითი აშლილობის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია ბავშვები იყვნენ მამასთან და ბებიასთან სახლში, იზრდებოდნენ მათი მეთვალყურეობის გათვალისწინებით თბილ, მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში. ეს ხელს შეუწყობს მისი თვითშეფასების ამაღლებას, ემოციების ნორმალ.ცია სტაბილ.ციას.

67. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოსარჩელის/მამის ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა, არამდგრადობა ან/და მისი მხრიდან ბავშვების რომელიმე საჭიროების უგულებელყოფა. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მამასთან ურთიერთობისას დადებითია და მამასთან ბავშვები თავს კომფორტულად, უსაფრთხოდ, კეთილსაიმედოდ და თავისუფლად გრძნობენ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას (რომელიც ძირითად შემთხვევაში გაუფრთხილებელ ვიზიტებში გამოიხატებოდა) გამოვლენილი ის გარემოებებიც, რომ ბავშვები მამის გარემოში თამამად გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, შეუძლიათ მამაზე როგორც კარგი, ასევე ნეგატიური რამ თქვან და არ ეშინიათ მისი; ასევე, მამასთან ყოფნის პერიოდში თავისუფლად გამოხატავენ დედის მიმართ დადებით დამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 ივნისის მოხსენებითი ბარათი და 2022 წლის 06 სექტემბრის მიმართვა პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბავშვები მამასთან დაცულები არიან ძალადობისგან და უგულველყოფისაგან. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებაზე კი, საქმეში წარმოდგენილი ვერცერთ რელევანტური მტკიცებულება ვერ მიუთითებს. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორის არგუმენტი მასზედ, რომ არასრულწლოვნებმა გამოძიებაში თავადვე დაადასტურეს და პირად საუბრებშიც არაერთგზის მიუთითეს, რომ მამა - ვ. ს–ი მათ მიმართ ახორციელებდა არაერთ ძალადობრივ ქმედებას და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობს არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან მოსალოდნელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხე, დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ეს მითითება გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობაში მოდის საქმეში წარმოდგენილ დასკვნებთან, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების იმ განმარტებებთან, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ მამისა და შვილების დადებით, კეთილსაიმედო ურთიერთობას, იგივე მტკიცებულებები იმავდროულად, მიუთითებენ დედის მხრიდან ბავშვების მართულ, „დასწავლულ“ ქცევაზე და იმ გარემოებაზე, რომ მამის მიმართ რადიკალურად შეცვლილი ნეგატიური განწყობა, მათ ფსიქიკაზე ზეგავლენის შედეგად ჩამოყალიბებულ პოზიციას წარმოადგენს (იხ. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2022 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის - „პერსონა“-ს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 31.03-18.04.2022 წლის N9/30 დასკვნა; ნ.ჩ–ას ფსიქოლოგიური ცენტრის 2022 წლის 24 თებერვლის დასკვნა). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დედის მხრიდან ბავშვების მართული ქცევის გამოვლინებები მთელი სიზუსტითაა გადმოცემული ვ. ს–ას, ე. ს–ასა და ვ. ს–ის ფსიქოლოგური გამოკვლევის შედეგების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2022 წლის 12 დეკემბრის დასკვნაშიც, რომელიც საბოლოო ჯამში მიუთითებს, რომ „...ბავშვები ავლენენ მოკავშირეობას დედასთან....“ „........ამ ეტაპზე არასრულწლოვნებისგან ობიექტური ინფორმაციის მიღების შანსი ნაკლებია, გარკვეული პერიოდი მათ სჭირდებათ ყოფნა ნეიტრალურ გარემოში და სპეციალისტთან მუშაობა აღნიშნული ზეგავლენების შემცირებისათვის“; „.........ყოველივე ეს კი ართულებს სანდო ინფორმაციის მიღებას“ (ვრცლად იხ. ამ განჩინების 46.6 აბზაცი).

68. რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ მამისა და შვილების დადებით და კეთილსაიმედო ურთიერთობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა იმ გარემოების არსებობა, რომ ბავშვების რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობს არასრულწლოვნებზე მამის მხრიდან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხის ან სხვაგვარად გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების ისეთი სერიოზული რისკი, რაც ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქ/პუნქტით ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.

69. გარდა ამისა, რამდენადაც საკასაციო სასამართლომ შეაფასა გატაცებამდელ სიტუაციაში არასრულწლოვნების დაბრუნების შემთხვევაში მათთვის „სერიოზული რისკის“ არსებობის საფრთხე, პალატა აუცილებლად მიიჩნევს შეაფასოს ის რისკებიც, რაც ბავშვებს საქართველოში, დედასთან დარჩენის შემთხვევაში ემუქრებათ, კერძოდ:

69.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით, ვ. ს–ის შუამდგომლობა - რუსეთის ფედერაციის, ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა: საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა რუსეთის ფედერაციის, ბატაისკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 05 აგვისტოს №2-627/21 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ. ს–ას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების მიმართ - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ვ.ს ასული ს–ა, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ვ.ს ასული ს–ა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ– ვ.ს ძე ს–ი.

69.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, ტ. ს–ას მიმართ გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი 4 თვის ვადით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

69.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მოქმედი დამცავი ორდერის მოქმედების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 თვით, გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების მოქმედების ვადა იმავე პირობით.

69.4. 2022 წლის 25 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა დროებითი განჩინება, რომლითაც ტ. ს–ას აეკრძალა ვ. ს–ასთან, ე. ს–ასთან და ვ. ს–თან ურთიერთობა; ვ. ს–ა და ე. ს–ა განცალკევებულნი იქნენ დედისგან - ტ. ს–გან, გამოყვანილ იქნენ დედის საცხოვრებელი სადგომი ადგილიდან და აღსაზრდელად გადაეცნენ ბებიას (მამის მხრიდან) - ა.ტ–ას.

69.5. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის - „პერსონა“-ს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 31.03-18.04.2022 წლის N9/30 დასკვნის თანახმად, ბავშვები ვ. და ე. ს–ები საქართველოში ყოფნის პერიოდშიც განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობას დედის მხრიდან და არ არის გამორიცხული, რომ განიცდიდნენ ფიზიკურ ძალადობასაც. ამის თქმის საფუძველს იძლევა ბავშვებთან მუშაობის შედეგად ჩატარებული ტესტირების ამჟამინდელი შედეგები, რომელშიც აისახება მუდმივი კონტროლის, მლიქვნელობის და მაამებლური მოქმედებების ტენდენცია დედის მიმართ, რაც აბსოლუტურად მოკლებულია გულწრფელობას და დაფუძნებულია მხოლოდ დედის მხრიდან ტანჯვისგან თავის არიდების და თავდაცვის მოტივით. ბავშვებს ადრეული ასაკის ეტაპზე მჭიდრო ინტერპერსონალური ურთიერთობის კონტექსტში გადატანილი აქვს კომპლექსური ტრავმა, რომელიც განმეორებად და პროლონგირებულ ხასიათს ატარებდა. ბავშვებს დასწავლილი აქვთ უმწეობის გამოცდილება. გადარჩენაში მათ მხოლოდ მოძალადესთან მიერთების, მის მოკავშირედ ჩამოყალიბების ტენდენცია ჰგონიათ ერთადერთი გამოსავალი, რომელიც უკვე ქცევის დასწავლილი მოდელი გახდა. დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების და მათი დაცვის მიზნით მიზანშეწონილია დედისა და მათი დისტანცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მინიმუმ ვიდრე არ იქნება სარწმუნო ინფორმაცია იმისა, რომ დედის მიერ ჩატარებული სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროცედურების შედეგად მან გაიაზრა თავისი აღზრდის სტილის შეცდომები, მოახდინა ბავშვების მიმართ მიდგომების მოდიფიცირება და იგი გახდა უსაფრთხო. დასკვნა გასცემს რეკომენდაციებს, რომ: 1, ნევროზული სიმპტომატიკის თავიდან ასაცილებლად ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური, უსაფრთხო, დაცული ოჯახური გარემო. რეკომენდირებულია იგი იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთანაც მას აქვს ჯანსაღი მიჯაჭვულობა და სადაც დარწმუნებული არიან ოჯახის წევრების უპირობო სიყვარულში. 2. ბავშვს ესაჭიროება ფსიქოემოციური განვითარების ნორმალური პირობები, თანმიმდევრული აღზრდის სტილი, რომლის უზრუნველყოფასაც ისინი ახდენენ მამასთან ოჯახში. 3. ბავშვის ფსიქიკის ჰარმონიული განვითარების და შფოთვითი აშლილობის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია ბავშვები იყვნენ მამასთან და ბებიასთან სახლში, იზრდებოდნენ მათი მეთვალყურეობის გათვალისწინებით თბილ, მოსიყვარულე ოჯახურ გარემოში. ეს ხელს შეუწყობს მისი თვითშეფასების ამაღლებას, ემოციების ნორმალ.ცია სტაბილ.ციას. 3. იმისათვის, რომ განუვითარდეთ რეგულაციის და თვითრეგულაციის უნარები, არ დაკარგონ ნეირომოდულაცია ისეთ მშობელთან ყოფნის პირობებში, როდესაც მშობლის განწყობები ხშირი ცვალებადობებით გამოირჩევა და ბავშვები ხშირად ხედავენ სიბრაზის და ცრემლების მოულოდნელ აფეთქებებს, ბავშვებს უჩნდებათ შფოთვა. მშობლების და საკუთარი თავის მიმართ. ისინი სწავლობენ, რომ მათ სჭირდებათ ბრძოლა გადარჩენისთვის, იძენენ დისფუნქციურ ჩვევებს ურთიერთობებში. მაგალითად სწავლობენ მანიპულირებას, მხარს უჭერენ ერთ მშობელს მეორეს წინააღმდეგ. ასეთ ოჯახში ყალიბდება მახინჯი ურთიერთობები, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ის, რაც ვართ არ გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება, შეგვიძლია ვისწავლოთ ვიყოთ ის, ვინც არ ვართ. ასეთ გარემოებებში აღზრდილ ბავშვებს არასოდეს არ ექნებათ გულწრფელი გრძნობები. მათ შეიძლება დაივიწყონ თავიანთი ნამდვილი „მე“. 4. რეკომენდებულია ბავშვებმა გაიარონ ფსიქოთერაპიის კურსი, რომელიც ორიენტირებული იქნება თავდაცვის უნარების გამომუშავებაზე და რეალობის აღქმის და სახელდების გააქტიურებაზე, თვითრეგულაციების და თვითშეფასების ამაღლებაზე.

69.6. საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი ნ.ჩ–ას ფსიქოლოგიური ცენტრის 2022 წლის 24 თებერვლის დასკვნაც, რომლის თანახმად, დედის - ტ. ს–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასტაბილურად და არათანმიმდევრულად ფასდება, აშკარაა ხასიათის მკვეთრი ცვლილებები და ისტერიულობის შტრიხები, დედა, ბავშვების მიმართ ავლენს არასაიმედო მიჯაჭვულობას, ხიფათის შემცველ აგრესიულობას, იყენებს აღზრდის ავტორიტარულ სტილს და ფიზიკური თუ ემოციური ძალადობის ფორმებს. რთულია წინასწარ განისაზღვროს რა იქნება მომავალში, მაგრამ შესაძლო აგრესიის გაგრძელების დაშვება და უგულებელყოფა, ალბათობას მიენდოს, საბედისწერო რისკის შემცველია. ამავე დასკვნაში, ექსპერტი კითხვაზე - თუ რა შედეგის მომტანი შიძლება იყოს მომავალში ბავშვებისათვის ამგვარი დამოკიდებულება და ხომ არ იქონიებს ეს ძალადობა მათზე უარყოფით გავლენას? - პასუხობს, რომ ძალადობის მსხვერპლი ყველა ბავშვი ფსიქოლოგიურად ტრავმირებულია, რის შედეგადაც ისინი შემდგომში ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური თუ ქცევითი თავისებურებებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე.

69.7. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2022 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, დედის - ტ. ს–ას შვილებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი არადამაკმაყოფილებელი, უმწიფარი, პრიმიტიული და ფეთქებადსაშიშია, ამასთან, ბავშვების დედასთან ურთიერთობა შეიცავს განმეორებითი ძალადობის მაღალ რისკებს. ამავე დასკვნის თანახმად, ს–ი ვ.ის, ს–ა ვ.ს და ს–ა ე.ს მიმართ დასმულ კითხვებს გაეცა შემდეგი მნიშვნელოვანი პასუხები:

- წარმოდგენილი მასალების, მათ შორის ვიდეო და აუდიო ფაილების საფუძველზე დედის ბავშვებთან ურთიერთობის (აღზრდის) რა მოდელი იკვეთება?

პასუხი: არც ერთი არსებული სამი გავრცელებული მოდელიდან - „ავტორიტარული” „ავტორიტეტული” „ჩაურევლობა - არც ერთი საერთოდ აღზრდასთან არ გვაქვს საქმე. მე დავარქმევდი „მანქურთებად ქცევის მოდელს“.

- ბავშვების დედასთან ურთიერთობა შეიცავს თუ არა მათზე დედის მხრიდან განმეორებითი ან განგრძობითი ძალადობის რისკებს?

პასუხი: შეიცავს განმეორებითი ძალადობის მაღალ რისკებს!

- ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში დასაშვებია თუ არა დედისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა/ჩამორთმევა?

პასუხი: დასაშვებია მშობლის უფლების შეზღუდვა/ჩამორთმევა

- იყენებს თუ არა დედა ბავშვებს ინსტრუმენტად თავისი პირადი ინტერესებისთვის?

პასუხი: დედა იყენებს ბაშვებს პირადი მერკანტილური თუ სხვა ინტერესებისთვის

- დასაშვებია თუ არა დედის და ბავშვების ამჟამინდელი დისტანციური მდგომარეობა ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე?

პასუხი: დასაშვებია.

- როგორია არასრუწლოვნების - ვ., ე. და ვ. ს–ების, თითოეულის, ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

პასუხი: ვ., ე. და ვ. ს–ების ფსიქოლოგიური ტრავმები რედუცირების ფაზაშია.

69.8. ვ. და ე.ს–ვების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 14 დეკემბრის სიტუაციური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ „განჩინების პირობების აღსრულების მიზნით, შემთხვევაზე გასვლა მოხდა სააგენტოს თანამშრომლებთან (სოციალური მუშაკი-თ.მ–ე და იურისტი-ნ.დ–ძე) და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ვიზიტი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვ. კორპ. N7, ბინა N39. ვიზიტის დროისთვის აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა არასრულწლოვნების დედა-ტ. ს–ა, რომელმაც ჩართული ვიდეოკამერით გააღო კარი და მისვლის მიზეზი იკითხა. ტ. ს–ამ კატეგორიული უარი განაცხადა საცხოვრებელ ბინაში შესვლასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიული, ბრალდებითი შინაარსის მიმართვებს როგორც ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების ისე პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მან მიმართა გამომძიებელს, რომ გასცლოდა იქაურობას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდა მათ მიმოწერას“.

69.9. ვ. და ე.ს–ვების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის 2022 წლის 15 დეკემბრის სიტუაციური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ: „თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, დედის-ტ. ს–ასაგან ფაქტობრივად განცალკევებული არასრულწლოვნების ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, 30 ნოემბერს საღამოს საათებში, სოციალურ მუშაკთან-თ.მ–ესთან ერთად განხორციელდა ოჯახთან შეუთანხმებელი ვიზიტი ბავშვებისა და ბებიის (დედის მხრიდან) საცხოვრებელ მისამართზე. ვიზიტის დროისათვის, არასრულწლოვნები და ბებია-ი. ა–ო იმყოფებოდნენ სახლში. მიუხედავად ინფორმირებულობისა და წინა დღის შეთანხმებისა, რომ აუცილებელია ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, ი. ა–ოს მხრიდან გამოვლინდა აგრესიული განწყობა სოციალური მუშაკებისადმი, ასევე კატეგორიული მოთხოვნა, რომ კარის ზღურბლს არ გავცდენილიყავით, ვიდრე გაარკვევდა შევეშვით თუ არა ბინაში“; „.......აღნიშნული გარემოება ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ი. ა–ო არ არის დამოუკიდებელი პირი ბავშვებთან ურთიერთობაში, არამედ ექვემდებარება ბავშვების დედისა და დედის წარმომადგენლების მითითებებს“; „......კითხვაზე, განაახლეს თუ არა ბავშვებმა სკოლაში სიარული, ბებიამ თქვა, რომ იგი ამეცადინებს სახლის პირობებში“; „......თეატრის თემაზე გოგონებს დაესვათ შეკითხვა „თბილისშიც ხომ დადიოდნენ თეატრში?“ ბავშვებმა სწრაფად გვიპასუხეს, რომ დადიოდნენ თეატრში, თუმცა დამატებით კითხვებზე (რა სპექტაკლები ნახეს, მოეწონათ თუ არა) ვ. დაიბნა, ტუჩები მოკუმა და თითქოს გახსენებას შეეცადა, შემდეგ კი სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვები დედის გარემოში მამაზე ან მამასთან დაკავშირებულ პერიოდზე არ საუბრობენ“ „.......ბებიამ-ი. ა–ომ ბავშვების თანდასწებით გაიხსენა გარკვეული ფაქტები ბავშვების მამასთან დაკავშირებით უარყოფით და კრიტიკულ კონტექსტში, რაზეც სოციალური მუშაკების მხრიდან არაერთხელ მიეცა რეკომენდაცია, რომ არ განიხილოს მსგავსი საკითხები ბავშვების თანდასწრებით. ბავშვები ხშირად ამყარებდნენ თვალის კონტაქტს ბებიასთან, პერიოდულად მიდიოდნენ მასთან და ეხუტებოდნენ, მათი ქცევები შეიცავდა დემონსტრაციულ ხასიათს. ყოველგვარი კითხვის გარეშე ე.მ გვითხრა - „მე ბებიას ვთხოვე დედასთან ტელეფონით დალაპარაკება და მან არ დამალაპარაკა: „........მონიტორინგის ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ მოწესრიგებული დღის რუტინა, რადგან არ დადიოდნენ სკოლაში, ყოველდღიურ რეჟიმში უწევდათ ურთიერთობა დედის ადვოკატებთან, მათ ადვოკატებთან და სხვადასხვა პირებთან“.

69.10. საკასაციო პალატას რა თქმა უნდა მხედველობის მიღმა არ დარჩენია კასატორის მითითება სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 მარტის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ტ. ს–ა ფსიქიურად დაავადებული არ არის და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია შეიგნოს მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ ბავშვების მიმართ დედის მხრიდან განხორციელებული ძალადობა აღზრდის მეთოდის თავისებურებას (რაზედაც საქმეში წარმოდგენილი დასკვნები, განსაკუთრებით კი, ნ.ჩ–ას ფსიქოლოგიური ცენტრის 24.02.2022 წლის და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 17.10.2022 წლის დასკვნები მიუთითებენ) კი არ წარმოადგენდა, არამედ გამოწვეული იყო დედის განსაკუთრებული ფსიქო-ემოციური ან/და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობით და რომ არა ასეთი სახის მდგომარეობა, გამორიცხული იქნებოდა ძალადობრივი ხასიათის ქმედებები. შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 მარტის დასკვნას, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობის განმაპირობებელი მდგომარეობა აღარ არსებობს. ამ მიმართებით, პალატა აქვე, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტ. ს–ას წარმომადგენელმა - მ.ღ–ამ, კითხვაზე - უცხადებენ თუ არა სრულ ნდობას ბავშვების დედას - ტ. ს–ას შვილების მიმართ უსაფრთხოების ნაწილში, განაცხადა, რომ სანამ თავად აქვს წარმოებაში აღნიშნული საქმე და სანამ მისი ყოველდღიური კონტროლის ქვეშაა, სრულად არის დარწმუნებული, რომ არაფერი მოხდება დედის მხრიდან, ხოლო, შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, ეს წინასწარ არავინ იცის (იხ. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 14.12.2022 წლის სიტუაციური ანალიზი).

70. საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არც ააიპ „კ.ს–ის“ 2022 წლის 04 დეკემბრის №04/12-01/22 ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები დარჩენია, რომელიც ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას დედასთან - ტ. ს–ასთან ურთიერთობას დადებითად, ე.წ. მაღალი ხარისხის სანდო მიჯაჭვულობით და დედის მიერ, ბავშვების ირგვლივ შექმნილ გარემოს კეთილდღეობის მაღალი ხარისხით ახასიათებენ, ხოლო, მამის მხრიდან არასრულწლოვნების არასათანადო მოპყრობაზე, იძულებაზე და ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებულ დასკვნაში გადმოცემულ პოზიციას უსაფუძვლოს ხდის ნ.ჩ–ას ფსიქოლოგიური ცენტრის 2022 წლის 22 დეკემბრის დასკვნა, რომლითაც რევიზია გაუკეთდა „კ.ს–ას“ მიერ, 04.12.2022 წელს გაცემულ ვ.ს–ვასა და ე.ს–ვას ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და დადგინდა, რომ დასკვნა იყო არაობიექტური და წინააღმდეგობრივი. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ააიპ „კ.ს–ის“ დასკნაში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა არაერთ მტკიცებულებასთან (იხ. ამ განჩინების 66.1-66.8 აბზაცები), რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ ბავშვები მამასთან დაცულები არიან ძალადობისგან და უგულველყოფისაგან. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ააიპ „კ.ს–ის“ დასკვნაში გადმოცემულ პოზიციას უსაფუძვლოს ხდის როგორც ცალკე აღებული ერთი კონკრეტული დასკვნა, ისე საქმეში არსებული არაერთი სხვა მტკიცებულება, სასამართლო ვერ დაეყრდნობა ააიპ „კ.ს–ის“ 2022 წლის 04 დეკემბრის №04/12-01/22 ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს.

71. აქვე, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა მოითხოვს, რომ აღინიშნოს ბავშვების ირგვლივ შექმნილი გარემოს მიმართ, ორივე მშობლის დამოკიდებულება. ამ თვალსაზრითი აღსანიშნავია, რომ დედის გარემოცვაში ყოფნისას, ბავშვებზე მონიტორინგის განხორციელებისას იკვეთებოდა ხელშეშლის ფაქტები და მონიტორინგი ძირითადად პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ხორციელდებოდა, რასაც ადგილი არ ჰქონია ბავშვების მამის გარემოცვაში ყოფნის პერიოდში, რა დროსაც მონიტორინგი მხოლოდ სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით ხორციელდებოდა. აღნიშნული დასტურდება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სიტუაციური ანალიზებით. მაგ., „არასრულწლოვნების მდგომარეობის შეფასების მიზნით, გაიგზავნა წერილები შსს თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაში, ტ. ს–ასა და ვ. ს–ის წარმომადგენლებთან. საპასუხო ინფორმაცია არ იქნა მიღებული ტ. ს–ას წარმომადგენლის მიერ. შესაბამისად ვერ მოხდა ვ. და ე.ს–ვების მდგომარეობის შეფასება. ხოლო ვ. ს–ის წარმომადგენლისგან მიღებული საპასუხო ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტოს ფსიქოლოგთან ერთად, 08.11.2022 წელს განხორციელდა ვიზიტი ვ. ს–ის საცხოვრებელ მისამართზე" (2022 წლის 15 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი); „.......ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ბებიის, ა.ტ–ას მისამართზე ვიზიტი განხორციელდა 30 ნოემბერს. ვიზიტის დროისათვის, ვ.ი სახლში იყო ბებიასთან, ძიძასთან და ოჯახის წევრთან ერთად. ...... სასამართლოს დროებითი განჩინების საფუძველზე, ვინაიდან საჭირო გახდა ბავშვის გაანთავსება ზრუნვის სისტემაში, უპირატესი უფლების (ბიოლოგიური ოჯახი) გათვალისწინებით, მოძიებულ იქნა იგივე მიმღები ოჯახი სადაც განთავსებული იყვნენ ვ.ის დები ვ. და ე.ს–ვები. ბავშვის განთავსება მოხდა ყოველგვარი სირთულის გარეშე......“ (2022 წლის 24 ნოემბრის სიტუაციური ანალიზი); „......განჩინების პირობების აღსრულების მიზნით, შემთხვევაზე გასვლა მოხდა სააგენტოს თანამშრომლებთან (სოციალური მუშაკი-თ.მ–ე და იურისტი-ნ.დ–ძე) და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ვიზიტი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვ. კორპ. N7, ბინა N39. ვიზიტის დროისთვის აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა არასრულწლოვნების დედა-ტ. ს–ა, რომელმაც ჩართული ვიდეოკამერით გააღო კარი და მისვლის მიზეზი იკითხა. ტ. ს–ამ კატეგორიული უარი განაცხადა საცხოვრებელ ბინაში შესვლასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიული, ბრალდებითი შინაარსის მიმართვებს როგორც ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლების ისე პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მან მიმართა გამომძიებელს, რომ გასცლოდა იქაურობას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდა მათ მიმოწერას. ტ. ს–ასთან საუბარი წარიმართა სადარბაზოში. ტ. ს–ასათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სასამართლოს დროებითი განჩინების შინაარსის და საჭირო ღონისძიების შესახებ. ტ. ს–ას ინფორმაციით, მისი არასრულწლოვანი შვილები არ ცხოვრობენ მასთან ერთად. ბავშვები ცხოვრობენ ბებიასთან (დედის მხრიდან)-ი. ა–ოსთან ერთად. ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს შვილებთან ურთიერთობა, არ იცის მათი მისამართი და არც სურვილი აქვს, რომ ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ იცოდეს.....რამდენადაც ბავშვების საცხოვრებელი მისამართის შესახებ ტ. ს–ამ ინფორმაცია არ გასცა, პოლიციის თანამშრომლის მიერ მოხდა დაკავშირება ტ. ს–ას წარმომადგენელთან, მ.ღ–ასთან, რომელმაც გარკვეული პირობები წაუყენა როგორც პოლიციას, ისე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (იხ. 2022 წლის 14 დეკეკმბრის სიტუაციური ანალიზი); „....საცხოვრებელ მისამართზე ბავშვებთან და ბებიასთან ერთად იყო ბავშვების ადვოკატი-გ.ლ–ძე, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს არავითარ შემთხვევაში არ დაგვტოვებს მარტო ბავშვებთან და არ მოგვცემს მარტო დალაპარაკების შესაძლებლობას. გ.ლ–ძეს განემარტა არასრულწლოვანთა მდგომარეობისა და უსაფრთხოების მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ. ბავშვების ბებიამ-ი. ა–ომ ასევე განაცხადა, რომ თვითონაც იქნებოდა ბავშვებთან ერთად. ბებიისა და ადვოკატების დამოკიდებულების, ასევე გვიანი დროის გათვალისწინებით, ბავშვებთან დამშვიდობება მოკლე დროში მოხდა..“ (იხ. 2022 წლის 14 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი); „...ვიზიტის დროისათვის, არასრულწლოვნები და ბებია-ი. ა–ო იმყოფებოდნენ სახლში. მიუხედავად ინფორმირებულობისა და წინა დღის შეთანხმებისა, რომ აუცილებელია ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, ი. ა–ოს მხრიდან გამოვლინდა აგრესიული განწყობა სოციალური მუშაკებისადმი, ასევე კატეგორიული მოთხოვნა, რომ კარის ზღურბლს არ გავცდენილიყავით, ვიდრე გაარკვევდა შევეშვით თუ არა ბინაში“ (იხ. 2022 წლის 14 დეკემბრის სიტუაციური ანალიზი).

72. ამდენად, ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება არასრულწლოვანთა დედის - ტ. ს–ას, როგორც ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა/არამდგრადობა, ისე მისი მხრიდან ბავშვების სხვადასხვა საჭიროებების უგულვებელყოფა (რაც მამის შემთხვევაში არ დასტურდება); საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნები დედის გარემოცვაში იმყოფებიან მძიმე მატრამვირებელ გარემოში და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ ცხოვრების ჯანსაღი განვითარებისათვის აუცილებელ გარემოში დაბრუნება, უნდა განხორციელდეს მათი რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება. პალატა აქვე, კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ტ. ს–ას ადვოკატის, მ.ღ–ას განცხადებაზე - სანამ თავად აქვს წარმოებაში აღნიშნული საქმე და სანამ მისი ყოველდღიური კონტროლის ქვეშაა, სრულად არის დარწმუნებული, რომ არაფერი მოხდება დედის მხრიდან, ხოლო, შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, ეს წინასწარ არავინ იცის, რაც ადასტურებს იმას, რომ თვით ტ. ს–ას ადვოკატიც კი არ არის დარწმუნებული, რომ ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ დედასთან დარჩენის შემთხვევაში. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატას არწმუნებს იმაში, რომ არსებობენ ისეთი გარემოფაქტორები, რაც სარჩელის დაუკმაყოფილებლობისა და ბავშვების საქართველოში, დედასთან დარჩენის შემთხვევაში, მათ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენების სერიოზული რისკის არსებობას განაპირობებენ.

73. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს მასზედ, რომ ბავშვებს თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცემიათ და სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს ბავშვების სურვილი - იცხოვრონ დედასთან ერთად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციაში არსებული ჩანაწერი დაბრუნების თაობაზე არასრულწლოვნის აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით, ეხმიანება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით გარანტირებულ აზრის გამოხატვის უფლებას.

74. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ამასთან ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა.

75. გაეროს კონვენციის ზოგადი კომენტარების მიხედვით, ფრაზა – „ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები“ არ უნდა იყოს გაგებული ვიწროდ. სახელმწიფოებს ეკისრებათ სპეციალური ვალდებულება, შეაფასონ ეს უნარი. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა კონკრეტულად არ განმარტა, თუ რა ასაკიდან შეიძლება ჰქონდეს ბავშვს აღნიშნული უნარი, ისევე, როგორც ამას არ განმარტავს კონვენცია. კომიტეტი არ მოუწოდებს სახელმწიფოებს, დააწესონ კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი, ვინაიდან ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს. ამასთან, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლი უთითებს, რომ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ბავშვის ასაკი და მოწიფულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ასაკი არ არის გადამწყვეტი, რათა შეფასდეს ბავშვის მოსაზრების მნიშვნელობა. ბავშვების განვითარების დონეები ცალსახად არ შეესაბამება მათ ბიოლოგიურ ასაკს. ინფორმაცია, გამოცდილება, გარემო, სოციალური და კულტურული მოლოდინები და მხარდაჭერის დონე განაპირობებს არასრულწლოვნის უნარს, ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება. ამიტომაც ხდება მისი შეფასება ინდივიდუალურად. იგივე აზრია განვითარებული კონვენციის განმარტებით ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, კონვენციის ტექსტის შემუშავების პროცესში წარუმატებლად დასრულდა მცდელობები, განსაზღვრულიყო მინიმალური ასაკი, საიდანაც შესაძლებელია ბავშვის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან „ყველა ციფრს ჰქონდა ხელოვნური, შეიძლება ითქვას, თვითნებური, ხასიათი. უმჯობესად ჩაითვალა ამ დებულების ცხოვრებაში გამოყენება შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას მინდობოდა“. შესაბამისად, ეს საკითხი სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით ან/და სასამართლო პრაქტიკით რეგულირდება (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 77-79; ჰააგის კონვენციის (ელ. პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 30).

76. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორი მიუთითებს, რომ არასრულწლოვნებს სურთ საქართველოში დარჩენა და დედასთან ცხოვრება, თუმცა, მათ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება არ მიეცათ. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ამის საწინააღმდეგოდ, ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლომ მოუსმინა არასრულწლოვან ბავშვებს, რა დროსაც გამოიკვეთა მათი სურვილი რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისა. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები მიუთითებენ, რომ ბავშვებს არ აქვთ საქართველოში დარჩენის სურვილი და უნდათ სახლში, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება. მამასთან ურთიერთობის არ ქონის სურვილთან დაკავშირებით ბავშვების მიერ გაკეთებულ განმარტებებზე კი, იკვეთება დედის ფსიქოლოგიური ზეგავლენა (იხ. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2022 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის - „პერსონა“-ს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 31.03-18.04.2022 წლის N9/30 დასკვნა; ნ.ჩ–ას ფსიქოლოგიური ცენტრის 2022 წლის 24 თებერვლის დასკვნა). საყურადღებოა, რომ ბავშვების საუბარს, ქცევასა და ემოციაში, ჯერ კიდევ იკვეთება დედის ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რის გამოც ამ ეტაპზე არასრულწლოვნებისგან ობიექტური ინფორმაციის მიღების შანსი ნაკლებია და გარკვეული პერიოდი მათ ჭირდებათ ნეიტრალურ გარემოში ყოფნა და სპეციალისტთან მუშაობა ზეგავლენის შემცირების მიზნით (იხ. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 12.12.2022 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები). არასრულწლოვანთა ამგვარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ფონზე კი, საკასაციო პალატა ბავშვების დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად, მხედველობაში ვერ მიიღებს კასატორის ზეპირ მითითებას არასრულწლოვანთა საქართველოში დარჩენისა და დედასთან ცხოვრების სურვილის თაობაზე.

77. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საგამონაკლისო წინაპირობა, რაც ხელს შეუშლიდა ბავშვების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში - რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებას და გაამართლებდა მათ არამართლზომიერ გადაადილებას.

78. რაც შეეხება არამართლზომიერად გადაადგილებული პირის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების მესამე საგამონაკლისო შემთხვევას, იგი განმტკიცებულია ჰააგის კონვენციის მე-20 მუხლით, რომლის თანახმად, მე–12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია თანახმად მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპებისა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება. ამ მუხლში დასახელებული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ, საკასაციო საჩივარში არ არის წარმოდგენილი არგუმენტები, მათი არსებობა არც სასამართლოს შინაგანი რწმენიდან არ გამომდინარეობს, რაც საგამონაკლისო შემთხვევის არარსებობის დადგენის წინაპირობას ქმნის.

79. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას; შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განვითარებულ მსჯელობას, რის გამოც, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

80. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

81. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

82. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

83. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

85. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის - ვ. ს–ის საკასაციო შესაგებელში მითითებულ შუამდგომლობას გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

86. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ განჩინებით, ტ. ს–ას (ს–ას) საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ შუამდგომლობაზე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.

87. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ს–ას (ს–ას) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე