Facebook Twitter

საქმე №ას-1458-2022 20 ივლისი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.11.2021 წლის გადაწყვეტილებით შპს „გ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი შპს „თ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 106 007.27 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 200 079.18 ლარის გადახდა; არამართლზომიერად იქნა ცნობილი ბენეფიციარის, მოპასუხის მოთხოვნა სს „ა.დ–თვის“ 18.09.2019 წელს საბანკო-საგარანტიო უზრუნველყოფის CPB/19-004856 ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ CPB/19-004856 საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ 75 410 ლარზე; მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისთვის 95 212.73 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. შპს „თ....“ (ს/ნ: ....) მეწარმე სუბიექტის სახით დარეგისტრირდა 19.04.2019 წელს. შპს „თ....“-ს შეეცვალა სახელწოდება და ამჟამად იწოდება, როგოც შპს „გ–ო“ (მოსარჩელე).

3.2. 18.09.2019 წელს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30-366. ხელშეკრულებით დადგინდა, რომ შემსყიდველის მიერ ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე (NAT190011344) გაიმარჯვა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებამ, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, მიეწოდებინა შემსყიდველისათვის საღებავები, გამამკვრივებელი და შუშა ბურთულაკები (CPV 44811000 - საგზაო მარკირების საღებავები). ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრული აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და ძირითადი მახასიათებლები აისახა დანართ №1-ში, რომელიც წარმოადგენდა აღნიშნული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

3.3. დანართი №1-ის მიხედვით, მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა თერმოპლასტი აგლომერატი (დოთ-ლაინისათვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი 105 000 კილოგრამი, წარმოების ქვეყანა - საფრანგეთი, მწარმოებელი კომპანია - SAR ( S. D.R.), მოდელი Smitsoluxs 2013 Agglo, ერთეულის ფასი 7.93 ლარი, საერთო ღირებულება 832 650 ლარი. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელს, ასევე, უნდა მიეწოდებინა: შუშა ბურთულაკები თერმოპლასტისათვის განკუთვნილი - 12 000 კგ, ღირებულებით - 44 760 ლარი; ცივი პლასტიკის საღებავი თეთრი - 30 000 კგ, ღირებულებით -247 800 ლარი; ცივი პლასტიკის საღებავი წითელი - 30 000 კგ, ღირებულებით - 265500 ლარი; ცივი პლასტიკის საღებავი ყვითელი - 5000კგ, ღირებულებით - 45 150 ლარი; შუშა ბურთულაკები ცივი პლასტიკის საღებავისათვის განკუთვნილი - 8 000 კგ, ღირებულებით 19840 ლარი და ცივი პლასტიკის საღებავის გამამკვრივებელი - 1300 კგ, ღირებულებით 52156 ლარი.

3.4. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შესასყიდი საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 507 856.00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

3.5. მხარეთა შეთანხმებით, შესყიდვის ობიექტი უნდა მიწოდებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2019 წლის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობების (თითოეული მოთხოვნა არანაკლებ 20 000 კგ, ბოლო მოთხოვნის გარდა) შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30.01.2020 წლის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების მეშვიდე პუნქტით განისაზღვრა, რომ შესასყიდი ობიექტის ღირებულება დაიფარებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

3.6. 18.09.2019 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მეექვსე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ: 6.1. შესასყიდი ობიექტის მიღება გაფორმდებოდა შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, რაც ასევე დაადასტურებდა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; 6.2. შესყიდვის ობიექტის მიღება–ჩაბარება განხორციელდებოდა შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით; 6.3. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადასტურდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით; 6.4. შესყიდვის ობიექტის ნებისმიერ ეტაპზე მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა მიმწოდებელი, შემსყიდველთან შეთანხმებულ ვადაში; 6.5. საქონლის მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები იყვნენ შემსყიდველის საგზაო მონიშვნის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მიღებას განახორციელებდნენ ინსპექტირების განმახორციელებელი პირების თანდასწრებით; 6.6. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებული იყო წარედგინა შემსყიდველისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.

3.7. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემსყიდველის უფლებას, შეემოწმებინა საქონლის ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან; განეხორციელებინა კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე; მოეთხოვა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული, ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება; მოეთხოვა მიმწოდებლისათვის ნაკლოვანი ან უხარისხო საქონლის შეცვლა ან ნაკლის აღმოფხვრა. ამავე ხელშეკრულებით მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით შეეცვალა შემსყიდველის მიერ გამოვლენილი უხარისხო საქონელი ან აღმოეფხვრა არსებული ნაკლი. მიმწოდებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და მოეთხოვა შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული, ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება.

3.8. ხელშეკრულების მე-11 პუნქტით დადგინდა ინსპექტირების შემდეგი პირობები: 11.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდათ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინათ კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და განეხორციელებინათ მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება; 11.2. მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი რესურსებით უზრუნველეყო შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებდა საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფდა შემსყიდველი; 11.3. მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა; 11.4. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების კონტროლს განახორციელებდა შემსყიდველის ინსპექტირების ჯგუფი; 11.5. ინსპექტირება გულისხმობდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე.

3.9. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ წესზე: 12.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ; 12.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებული იყო შეეტყობინებინა მეორე მხარისათვის მიღებული გადაწყვეტილება და მისი მიღების საფუძველი; 12.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებდა მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან; 12.4. შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე: 12.4.1. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; 12.4.2. მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; 12.4.3. მხარეთა შეთანხმებით; 12.4.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3.10. 26.09.2019 წელს №62-01192691417 წერილით, ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, შემსყიდველმა მოსარჩელეს შეუკვეთა შემდეგი დასახელების და რაოდენობის პროდუქცია: 1. თერმოპლასტი აგლომერატი (დოტ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი - 40 000 კგ; 2. შუშა ბურთულაკები თერმოპლასტისთვის განკუთვნილი 4 400 - კგ; 3. ცივი პლასტიკის საღებავი თეთრი - 10 000 კგ; 4. ცივი პლასტიკის საღებავი წითელი - 10 000 კგ; 5. ცივი პლასტიკის საღებავი ყვითელი - 5 000 კგ; 6. შუშა ბურთულაკები ცივი პლასტიკის საღებავისთვის განკუთვნილი - 5 000 კგ; 7. ცივი პლასტიკის საღებავის გამამკვრივებელი - 300 კგ.

3.11. 29.10.2019 წელს №62-011933021545 წერილით, 18.09.2019 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30-366 ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, შემსყიდველმა მოსარჩელეს შეუკვეთა შემდეგი დასახელებისა და რაოდენობის პროდუქცია: 1. თერმოპლასტი აგლომერატი (დოტ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი - 65 000 კგ; 2. შუშა ბურთულაკები თერმოპლასტისთვის განკუთვნილი - 7 600 კგ.

3.12. მოსარჩელემ მოპასუხეს 01.11.2019 წლიდან 09.11.2019 წლის ჩათვლით მიაწოდა 40 000 კგ თერმოპლასტი აგლომერატით (დოტ-ლაინისთვის) განკუთვნილი საღებავი თეთრი, ღირებულებით 584 167.10 ლარი.

3.13. ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეთა შორის 26.09.2019 წლის წერილით მოთხოვნილ პროდუქციაზე 06.12.2019 წელს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი შემდეგი პროდუქციის მიღებაზე: 1. ცივი პლასტის საღებავი თეთრი, რაოდენობა 10 010, ერთეულის ფასი 8.26 ლარი, ჯამში 82 682.60 ლარი; 2. ცივი პლასტის საღებავი წითელი, რაოდენობა 10 010 კგ, ერთეულის ფასი 8.85 ლარი, ჯამში - 88 588.50 ლარი; 3. ცივი პლასტის საღებავის გამამკვრივებელი რაოდენობა 300 კგ, ერთეულის ფასი 40.12 ლარი, ჯამში 12 036 ლარი; 4. შუშა ბურთულაკები ცივი პლასტისათვის განკუთვნილი, რაოდენობა 5000 კგ, ერთეულის ფასი 2.48 ლარი, ჯამში 12 400 ლარი. მოპასუხის მიერ მიღებული პროდუქციის საერთო ღირებულებაა 195 707.10 ლარი.

3.14. მოპასუხემ ამავე თარიღში შედგენილი წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თერმოპლასტი აგლომერატი (დოთ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი - 40 000 კგ, შუშა ბურთულაკები თერმოპლასტისათვის განკუთვნილი - 7 000 კგ და ცივი პლასტიკის საღებავი ყვითელი 5 000 კგ, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც მოსარჩელეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა.

3.15. 10.12.2019 წლის №62-01193443513 წერილით, 18.09.2019 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს შეუკვეთა შემდეგი დასახელების და რაოდენობის პროდუქცია: 1. ცივი პლასტიკის საღებავი თეთრი - 19 990 კგ; 2. ცივი პლასტიკის საღებავი წითელი - 19 990 კგ; 3. შუშა ბურთულაკები ცივი პლასტიკის საღებავისთვის განკუთვნილი 3 000 - კგ; 4. ცივი პლასტიკის საღებავის გამამკვრივებელი - 1 000 კგ.

3.16. 11.12.2019 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს 10.12.2019 წლის №62-01193443513 წერილის პასუხად აცნობა, რომ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში, მაგრამ, არაუგვიანეს 31.12.2019 წლისა. შესაბამისად, მიმწოდებელს შეკვეთა უნდა მიეღო 01.12.2019 წლის ჩათვლით, რათა არ შეზღუდულიყო მიწოდებისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შემსყიდველს მოსთხოვა, რომ ვიდრე არ გაფორმდებოდა ხელშეკრულებაზე ორივე მხარის ინტერესების დაცვით ურთიერთშეთანხმების აქტი (თანახმად ხელშეკრულების 13.4 მუხლისა), არ ჩაეთვალათ მესამე შეკვეთა განხორციელებულად. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 13.4 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება ცვლილების თაობაზე ვერ შედგა და, შესაბამისად, არანაირი დანართი არ გაფორმებულა.

3.17. აღნიშნული წერილის პასუხად მოსარჩელეს 16.12.2019 წლის წერილით ეცნობა, რომ შემსყიდველი თანახმა იყო ცვლილებები შეეტანა ხელშეკრულებაში და 5.1. პუნქტში მითითებული ვადა გაეგრძელებინათ 09.01.2020 წლის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 08.02.2020 წლის ჩათვლით. ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმება არ შემდგარა.

3.18. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი, რომ 10.12.2019 წლის №62-01193443513 შეკვეთის შეუსრულებლობით მოსარჩელეს 18.09.2019 წლის №30-366 ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია, რადგან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 5.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2019 წლის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობების (თითოეული მოთხოვნა არანაკლებ 20 000 კგ, ბოლო მოთხოვნის გარდა) შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ვინაიდან 10.12.2010 წელს განხორციელებული შეკვეთის შესრულებისათვის მოსარჩელეს 30 დღეზე ნაკლები დრო ჰქონდა დარჩენილი და მხარეთა შორის შეთანხმება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გაგრძელებაზე არ შემდგარა, აღნიშნული შეკვეთის შეუსრულებლობა მოსარჩელის მხრიდან ვერ განიხილება ხელშეკრულების პირობების დარღვევად.

3.19. მოსარჩელემ 23.12.2019 წელს შემსყიდველს მიაწოდა 29.10.2019 წლის წერილით შეკვეთილი პროდუქცია: 65 000 კგ თერმოპლასტი აგლომერატი (დოტ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი (ღირებულებით 515 450 ლარი) და შუშა ბურთულაკები თერმოპლასტისთვის განკუთვნილი – 4550 კგ (ღირებულებით 16971.50 ლარი), ჯამურად 532 421.50 ლარის ღირებულების. აღნიშნული პროდუქციის მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.

3.20. 21.01.2020 წლის წერილით მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნქტის (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ვადაგადაცილება იქნება 30 კალენდარულ დღეზე მეტი შემსყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება) შესაბამისად, ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას და არიცხავდა მას პირგასამტეხლოს ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად. მოსარჩელეს ასევე დამატებით ეცნობა, რომ წუნდებული საქონელი უკან წაეღო. მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რაიმე სახის მოლაპარაკების წარმოებაზე და რამდენჯერმე მოსთხოვა მოსარჩელეს მოპასუხის ტერიტორიიდან გაეტანა წუნდებული საქონელი.

3.21. 20.03.2020 წელს მოსარჩელემ მოპასუხის საწყობიდან გამოიტანა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30-366 ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქცია, კერძოდ, მოსარჩელეს დაუბრუნდა: 1. თერმოპლასტიკი 103 860 კგ და 2. თერმოპლასტიკი (თხევად მდგომარეობაში) 1 070 კგ, ჯამურად - 104 930 კგ.

3.22. შემსყიდველს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 02.04.2020 წლის №1435 განკარგულებით უარი ეთქვა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე.

3.23. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან ასაცილებლად, ტენდერში გამოყენებულიყო ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. 18.09.2019 წელს სს „ა.დ–ამ“ გასცა საბანკო გარანტია და დაადასტურა, რომ კისრულობდა უპირობო და გამოუთხოვად საგარანტიო ვალდებულებას, მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველის პირველივე მოთხოვნისთანავე გადაეხადა საგარანტიო თანხა 75 410 ლარის ფარგლებში. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 18.09.2019 წლიდან 05.03.2020 წლის ჩათვლით პერიოდი.

3.24. სს „ა.დ–ამ“ 02.03.2021 წელს წერილით მიმართა მოსარჩელეს, და აცნობა, რომ 23.02.2021 წელს სადაზღვევო კომპანიას მიმართა ბენეფიციარმა და მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების CPB/19-001856 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 75 410 ლარის ანაზღაურება. მოვალეს განესაზღვრა შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადა ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხის ასანაზღაურებლად. მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია დააკმაყოფილებდა ბენეფიციარის მოთხოვნას და რეგრესის წესით მოითხოვდა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3.25. სს „ა.დ–ას“ CPB/19-001856 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 75 410 ლარი ბენეფიციარისთვის - შემსყიდველისთვის არ გადაუცია.

3.26. სასამართლოს 11.03.2021 წლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სს „ა.დ–ას“ აეკრძალა 18.09.2019 წლის საბანკო-საგარანტიო უზრუნველყოფის CPB/19-004856 ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული CPB/19-004856 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 75 410 ლარის გადარიცხვა მოპასუხისთვის.

3.27. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა 18.09.2019 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30-366 ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ მიწოდებული 105 000 კგ (ორივე მიწოდების ჯამური ოდენობა) თერმოპლასტის აგლომერატი (დოთ-ლაინისთვის განკუთვნილი) თეთრი საღებავის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი და მიწოდებული პროდუქცია იდენტური არ იყო და იგი არ შეესაბამებოდა და არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებსა და მოთხოვნებს, კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა ფასების ცხრილში (დანართი №1) მოყვანილი პუნქტ - „თერმოპლასტი აგლომერატი (დოტ ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი“ მოდელის სვეტში აღნიშნული „SMITSOLUX 2013 AGGLO“, თუმცა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში აღნიშნული იყო „SMITSOLUX 2013 TYP II E“, რაც მოპასუხის მტკიცებით, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ასევე, ფასების ცხრილში (დანართი №1) მოყვანილი პუნქტ - „შუშა ბურთულაკები თერმოპლასტისათვის განკუთვნილი იყო „თერმოპლასტი აგლომერატი (დოტ - ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი“- „SMITSOLUX 2013 AGGLO“-სთან ერთად კომბინაციაში და მისი მიღება დასაშვები იყო მხოლოდ „SMITSOLUX 2013 AGGLO“-სთან ერთობლიობაში. აღნიშნული საფუძვლით მოპასუხემ უარი განაცხადა ასევე, თერმოპლასტისათვის განკუთვნილი შუშა ბურთულაკების მიღებაზეც.

3.28. მოსარჩელეს შემსყიდველისათვის მისაწოდებელი პროდუქცია თერმოპლასტის აგლომერატი (დოთ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი შეძენილი ჰქონდა შპს „ა“-სგან 632 571.82 ლარად. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30.366 ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ შპს „ა“-ს დაუბრუნა თერმოპლასტის აგლომერატი (დოტ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი - 104 930 კგ.

3.29. შპს „ა“-მა მოსარჩელისგან დაბრუნებული თერმოპლასტის აგლომერატი (დოტ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი დააბრუნა მწარმოებელ ფირმასთან საფრანგეთში. შპს „ა“-მ მწარმოებელთან დააბრუნა 104 930 კგ თერმოპლასტი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 120 617 ევროს. იმპორტის ხარჯმა შეადგინა 11 990 ევრო, ექსპორტის ხარჯმა 11 080 ევრო, ტრანსპორტირება (ფოთი-თბილისი) – 697 ევრო, ჯამურად გადახდილია 144 384 ევრო. შპს „ა“-ს მომწოდებელმა აუნაზღაურა 94 048.76 ევრო. შესაბამისად, შპს „ა“-სათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 50 335.24 ევრო, რაც 04.03.2021 წლის მდგომარეობით შეადგენდა 201 220 ლარს (1 ევრო=3.9977ლარი). 04.03.2021 წელს შპს „ა“-სა და მოსარჩელეს შორის შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ა“-ის დებიტორული დავალიანება 438 759.00 ლარი შემცირებულიყო 201 220.00 ლარით და 04.03.2021 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 237 539 ლარით.

3.30. მოსარჩელემ სრულად აუნაზღაურა შპს „ა“-ს მოპასუხისგან უკან დაბრუნებული თერმოპლასტის აგლომერატი (დოტ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრის დაბრუნებით მიყენებული ზიანის ოდენობა 201 220 ლარი, მათ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე.

3.31. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა, დაარღვია თუ არა მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 18.09.2019 წლის №30-366 ხელშეკრულებით დადგენილი პირობები, თერმოპლასტის აგლომერატი (დოთ-ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრის მიწოდების ნაწილში და, 26.09.2019 წლისა და 29.10.2019 წლის მოთხოვნების ფარგლებში, მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობისა და ხარისხის საქონელი. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მხრიდან ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის მიწოდებას.

3.32. მოსარჩელის მტკიცებით, თერმოპლასტის აგლომერატი (დოთ ლაინისთვის განკუთვნილი) საღებავი თეთრი, მოდელი - „SMITSOLUX 2013 AGGLO“ სრულად შეესაბამებოდა მოდელს - „SMITSOLUX 2013 TYP II E“; ორივე პროდუქტი წარმოადგენდა ერთი და იმავე საქონელს და გააჩნდათ ერთი და იგივე შემადგენლობა, რის გამოც მოპასუხის უარი პროდუქტის მიღებაზე იყო უსაფუძვლო. აღნიშნული გარემოების მტკიცების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.01.2020 წლის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა.

3.33. 06.01.2020 წლის ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვა: შეესაბამებოდა თუ არა ფასების ცხრილის პირველ პოზიციაზე მოდელის გრაფაში მითითებული დასახელება „SMITSOLUX 2013 AGGLO“ მიწოდებული პროდუქტის შეფუთვაზე არსებულ მარკირება დასახელებას - „SMITSOLUX 2013 TYP II E“. საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ექსპერტმა წერილით მიმართა გამოსაკვლევი პროდუქტის მწარმოებელს „SAR - Société d'Application Routiere“-ს, სადაც დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: „პროდუქტს, რომელსაც გააჩნია გამოშვების თარიღი 21.05.2019, პარტიის ნომერი FA19135007 AA3D4320056 და დასახელება „Smitsolux 2013 TYP II E“ ნამდვილად იყო თუ არა მათი კომპანიის მიერ ნაწარმოები და არის თუ არა ეს ის პროდუქტი, რაზეც გერმანული მასერტიფიცირებელი კომპანია BAST-ის მიერ გაცემულია N2013 1DH 10,10 სერტიფიკატი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მწარმოებელის დაესვა ასევე კითხვა, აეხსნა რით იყო გამოწვეული BAST 2013 1DH 10.10 სერტიფიკატსა და წარმოებულ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულ დასახელებას შორის არსებული სხვაობა. 30.12.2019 წლის „SAR -Société d'Application Routiere“-ის ოპერაციული მარკეტინგის დირექტორის Frederic Fere-ს წერილის თანახმად: „Smitsolux 2013 TYP II E, პარტიის ნომერი „A19135007AA3D432;;;“ წარმოადგენს „SAR“-ის წარმოებულ პროდუქტს; „Smitsolux 2013 TYP II E“ შეესაბამება BAST 2013 1DH 10.10 სერტიფიკატით სერტიფიცირებულ თერმოპლასტს. პროდუქტები „Smitsolux 2013 TYP II E“ და „Smitsolux 2013 Agglo“ წარმოადგენენ ერთსა და იმავე საქონელს და გააჩნიათ ერთი და იგივე შემადგენლობა. ექსპერტმა დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ გამოცხადებულ NAT190011344 ელექტრონულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულების თანდართულ ფასების ცხრილში პირველ პოზიციაზე მითითებული საქონლის მოდელის გრაფაში არსებული დასახელება „Smitsolux 2013 Agglo“ შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქციის შეფუთვაზე არსებულ დასახელებას „Smitsolux 2013 TYP II E“.

3.34. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ, აპელირება გააკეთა აღნიშნული დასკვნის არასარწმუნოობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ექსპერტმა მხოლოდ მწარმოებლის ოპერაციული მარკეტინგის დირექტორის მიერ გაცემული პასუხის საფუძველზე დაასკვნა, რომ „Smitsolux 2013 TYP II E“ და „Smitsolux 2013 Agglo“ ერთი და იგივე პროდუქტი იყო, თუმცა მტკიცებულება, რომლიც აღნიშნულ დასკვნაში მითითებულ საფუძველს გააბათილებდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე მიუთითებდა იმაზეც, რომ თუკი ზემოთხსენებული ორივე პროდუქტი ერთი და იგივე იყო, მაშინ რატომ გაიცა ერთ თვეში რამოდენიმე სერტიფიკატი. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის ამ შედავების საპირისპიროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სერტიფიკატები შეეხება პროდუქტის გამოყენების უსაფრთხოების პირობებს და გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული ორი პროდუქტი სხვადასხვა დასახელებითაა გამოშვებული, ლოგიკურია, რომ თითოეული მათგანისათვის ცალ-ცალკე გაცემულიყო უსაფრთხოების მონაცემების ფურცელი. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ყოველი დასახელების პროდუქტისათვის ცალკე უსაფრთხოების მონაცემების ფურცელია გაცემული, სადავო პროდუქტების იდენტურობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

3.35. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პროდუქტების იდენტურობის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო არა მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.01.2020 წლის დასკვნას, არამედ, ასევე, „SMITSOLUX 2013 AGGLO“-ს უსაფრთხოების მონაცემების ფურცელს, SMITSOLUX 2013 TYP II-ის მაგისტრალური გზების ფედერალური კვლევითი ინსტიტუტის (BASt) მარკირების სისტემის შემოწმების სერტიფიკატს, SMITSOLUX 2013 AGGLO-ზე წრიული მოძრაობის გამოსაცდელი მოწყობილობის მარკირების სისტემის შემოწმების სერტიფიკატს N2013 1 DH 10.10, SMITSOLUX 2013 TYP II E-ის უსაფრთხოების მონაცემების ფურცელს და SAR-ის მწარმოებლის სერტიფიკატს, ხოლო მოპასუხეს აღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ, გარდა ზეპირი განმარტებისა, რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

3.36. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ფარგლებში შეძლო სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დგინდება შეკვეთილი და მიწოდებული პროდუქციის იდენტურობა, ხოლო მოპასუხემ აღნიშნულის საპირისპიროდ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ 06.01.2020 წლის დასკვნა მცდარია და „Smitsolux 2013 TYP II E“ და „Smitsolux 2013 Agglo“ არ წარმოადგენს ერთსა და იმავე პროდუქტს. პალატის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები არ დაურღვევია. მან მოპასუხეს 26.09.2019 წლისა და 29.10.2019 წლის მოთხოვნების ფარგლებში სრულად მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობისა და ხარისხის საქონელი; შესაბამისად, არ არსებობდა თერმოპლასტის აგლომერატის მიწოდების ნაწილში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30-366 ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

3.37. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია „ინტელექტ-აუდიტის“ დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ფინანსური ზარალის თანხად დადგინდა 401 299.18 ლარი, საიდანაც პროდუქციის უკან დაბრუნებით მიყენებულმა პირდაპირმა ზიანმა შეადგინა 201 220 ლარი, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით მისაღებმა თანხამ - 200 079.18 ლარი. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია აუდიტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტის“ 04.03.2021 წლის დასკვნა, სადაც ასახულია 104 930 კგ თერმოპლასტიკის დაბრუნების გამო შპს „ა“-ისათვის მიყენებული ზიანის შეფასება. დაბრუნებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 120 617 ევრო, იმპორტის ხარჯმა - 11 990 ევრო, ექსპორტის ხარჯმა - 11 80 ევრო, ტრანსპორტირება (ფოთი-თბილისი) – 697 ევრო, ჯამურად გადახდილია 144 384 ევრო. შპს „ა“-ს მომწოდებელმა აუნაზღაურა 94 048.76 ევრო. შესაბამისად, შპს „ა“-სათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 50 335.24 ევრო, რაც 04.03.2021 წლის მდგომარეობით შეადგენდა 201 220 ლარს (1 ევრო=3.9977ლარი).

3.38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

3.39. ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება, ადეკვატურობა, სავარაუდოობა. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

3.40. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30-366 ხელშეკრულებით შემსყიდველმა მიმწოდებლისგან შეისყიდა პროდუქცია. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა პროდუქცია იყიდა შპს „ა“-საგან, რომელსაც პროდუქცია შეძენილი ჰქონდა საფრანგეთში მწარმოებლისგან. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ უკან დაბრუნებული პროდუქციის საფრანგეთში ტრანსპორტირების ხარჯი წარმოადგენდა მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო/განჭვრეტად ზიანს, თუმცა მოსარჩელემ ასეთი მტკიცება პალატას ვერ წარუდგინა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ შემსყიდველისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ უკან დაბრუნებული პროდუქცია საფრანგეთში უნდა დაბრუნებულიყო, რისთვისაც შესაბამისი ხარჯის გაღება იქნებოდა საჭირო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯი არ წარმოადგენდა მოვალისათვის წინასწარ განჭვრეტად ზიანს. შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯი 23 767 ევრო მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ვერ იქნებოდა, რაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ შპს „ა“-სთან ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე გაქვითულ თანხას 201 220 ლარს და ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 106 007.27 ლარის გადახდა.

3.41. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებითაც და მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის გამო, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად. საქმეში წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა 200079.18 ლარის ზიანი. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, დასკვნაში მითითებული ოდენობის შესაბამისად.

3.42. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის დასაბუთებაც, რომ, ვინაიდან მოსარჩელეს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები და არ არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №30-366 ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ბენეფიციარის - მოპასუხის მოთხოვნა სს „ა.დ–თვის“ 18.09.2019 წლის CPB/19-004856 საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ 75 410 ლარზე იყო არამართლზომიერი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ პროდუქტი, რომელიც მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა და რეალურად მიწოდებული პროდუქტი იყო იდენტური. საწინააღმდეგოს დასტურად უნდა შეფასდეს ის მოცემულობა, რომ მათზე სერტიფიკატი ცალ-ცალკეა გაცემული.

4.2. არ არსებობდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რამეთუ ხელშეკრულების შეუსრულებლობაში არ იკვეთება მოპასუხის ბრალეულობა და თუ მოსარჩელემ რაიმე ტიპის ზიანი ნახა, ეს თავად მისი ბრალეულობითაა გამოწვეული. შესაბამისად, ამავე დასაბუთებით უსაფუძვლოა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაც.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია შემსყიდველისათვის მიმწოდებლის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის, დაკისრების თაობაზე სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება.

9. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მართებულად დაადგინეს, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს, ამ უკანასკნელის 26.09.2019 წლისა და 29.10.2019 წლის მოთხოვნების ფარგლებში, სრულად მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობისა და ხარისხის თერმოპლასტი აგლომერატი (დოთ-ლაინისთვის განკუთვნილი) თეთრი საღებავი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.01.2020 წლის დასკვნაში (ტ.1, ს.ფ. 70-74) მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ გამოცხადებულ NAT190011344 ელექტრონულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულების თანდართულ ფასების ცხრილში პირველ პოზიციაზე მითითებული საქონლის მოდელის გრაფაში არსებული დასახელება „Smitsolux 2013 Agglo“ შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქციის შეფუთვაზე არსებულ დასახელებას „Smitsolux 2013 TYP II E“ (იხ. წინამდებარე განჩინების 3.33. პუნქტი). ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების სტანდარტით ჯეროვნად უზრუნველყო სსკ-ის 487-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების - გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი - შესრულების დადასტურება, მოპასუხემ კი საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ შეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა ამ პროდუქტის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც მოსარჩელეს წარმოუშობს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ: თოდუა მ., ვილემსი ჰ., ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37) (სუსგ №ას-1069-2021, 23.12.2021წ.).

11. ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას (სუსგ №ას-556-2021, 29.09.2021წ., პუნ 86; №ას-409-2022, 08.06.2022წ., პუნ. 55).

12. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016წ., პუნ. 58; №ას-1843-2018, 05.03.2019წ., პუნ. 14.2; №ას-32-2021, 23.04.2021წ., პუნ. 17.). ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (სსკ-ის 412-ე მუხლი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადეკვატურობა; სავარაუდოობა (სუსგ №ას-464-2021, 14.07.2021წ., პუნ. 91; №ას-409-2022, 08.06.2022წ., პუნ. 59). საკასაციო პალატა იზიარებს ზიანთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას.

13. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი (ზოიძე ბ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 411, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვერდი 462). სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ები: №ას-945-895-2015, 14.03.2016წ; №ას-307-291-2011, 24.10.2011წ; №ას-899-845-2012, 22.11.2012წ; №ას-154-2021, 01.04.2022წ.).

14. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის თუ მიუღებელი შემოსავლის თაობაზე დასკვნებს (ტ.1, ს.ფ. 120-128) გააქარწყლებდა ან/და ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს. კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში კი, სასამართლო, რომელიც შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, საკუთარი ინიციატივით არ/ვერ განახორციელებს ამ გარემოების კვლევას.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „თ.ჯ–ს“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება №313165, გადახდის თარიღი 02.11.2022წ.) 70% – 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია