15 სექტემბერი 2023 წელი
№ას-900-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „მ“-ს მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, პირგასამტეხლოს - 19 000 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, 250 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 250 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 2019 წლის 23 დეკემბერს, შ.ს.ს. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემსყიდველი) და შ.პ.ს. „მ–ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №376 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული №AT190023496 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში, ევაკუატორით მომსახურება), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ეს პრეისკურანტი წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (2.1 პუნქტი).
5.2. შესყიდვის საშუალება იყო ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (პრეისკურანტი) №AT190023496 (2.2 პუნქტი). ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 100 000 ლარს, რომელიც მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს, მათ შორის - დღგ-ს. ამასთან, პრეისკურანტის ღირებულება შეადგენდა 683 782.24 ლარს (2.3 პუნქტი).
5.3. ხელშეკრულება ძალაში იყო 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით (2.5 პუნქტი). ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური მომსახურება უნდა გაწეულიყო ამ ხელშეკრულების პირობებით, ხელშეკრულების დადების შემდგომ, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. მიმწოდებელს, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა დაეთვალიერებინა ავტომობილი და შემსყიდველისათვის ხელმოსაწერად წარედგინა დეფექტური აქტი, რომელშიც აღიწერებოდა გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალა დეტალურად, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა (3.1 პუნქტი).
5.4. მომსახურების გაწევის ვადები ხელშეკრულებით შემდეგნაირად განისაზღვრა: სავალი ნაწილებისათვის - არაუმეტეს 2 სამუშაო დღე; ელექტროობისათვის მარტივი სირთულის - 1, საშუალო სირთულის - 2, რთული - არაუმეტეს 3 სამუშაო დღე; აგრეგატისათვის მარტივი სირთულის - 1, საშუალო - 3, რთული - არაუმეტეს 5 სამუშაო დღე; სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისათვის მარტივი - 5, საშუალო - 8, რთული - არაუმეტეს 10 სამუშაო დღე; ხანგრძლივი მომსახურება (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) მარტივი სირთულის - 5, საშუალო - 8, რთული - არაუმეტეს 11 სამუშაო დღე; სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა - არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს (3.2 პუნქტი).
5.5. მომსახურების გაწევის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: ავტომანქანის სერვისცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, უნდა დაეთვალიერებინა ავტომობილები და ხელმოსაწერად წარედგინა შემსყიდველისათვის დეფექტური აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა წარედგინა შესრულებული სამუშაოს აქტიც, რომელშიც გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა დეტალურად აღიწერებოდა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელებულიყო დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნებოდა შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე, ყოველი კვირის პარასკევს შემსყიდველს უნდა წარდგენოდა მიმწოდებლის მიერ გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი) (პუნქტი 4). ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10% (9.3 პუნქტი).
5.6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოზე რიცხული "MERCEDES BENZ 208 D" სამაშველო ავტომანქანა (სახ.N......) საჭიროებდა ძრავის წვის გამწოვი სისტემის (ტურბინა-ინტერქულერი) შეცვლა-შეკეთებას, ასევე, სავალი ნაწილებისა და ელექტროობის დათვალიერება-შეკეთებას. 15.05.2020წ. აღნიშნული ა/მანქანა შევიდა ქ. ქუთაისის მოპასუხე კომპანიის სერვისცენტრში სარემონტო სამუშაოების მიზნით. 2020 წლის 15 მაისს ავტომანქანა სერვისცენტრში დათვალიერდა და აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის დაზიანება, კერძოდ: ტურბო, ტურბოს რეგულატორი, ტურბინის შლანგი, ინტერქულერის მილი, ტურბინის შლანგის ჩობალი, ტურბოს სარქველი, რაზეც გაფორმდა დეფექტური აქტი. შესაბამისად, ავტომანქანას ესაჭიროებოდა მომსახურების გაწევა, რაზეც გამოიწერა ინვოისი. აღნიშნული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1738.78 ლარით.
5.7. 2020 წლის 22 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა №1 პრეისკურანტში, დაემატა ავტოსატრანსპორტო საშუალების (სერვისი სათადარიგო ნაწილებით) ტექნიკური მომსახურება შეთანხმების ოქმზე თანდართული პრეისკურანტის შესაბამისად. პრეისკურანტის ჯამური ღირებულება გაიზარდა 1620 ლარით, რაც ითვალისწინებდა ავტომანქანა "MERCEDES BENZ 208 D" - ის შემდეგ მომსახურებას: თავაკის საფენის, ძრავის დგუშის რგოლის, თავაკის ბზარზე შემოწმებას, ძრავის დაშლას/აწყობას, თავაკის მოხეხვას, წვის კამერის შემოწმებას, ჭანჭიკის ამოპრესვას/ჩაპრესვას.
5.8. 2020 წლის 11 ნოემბერს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2019 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა №1 პრეისკურანტში, დაემატა ავტოსატრანსპორტო საშუალების (სერვისი სათადარიგო ნაწილებით) ტექნიკური მომსახურება შეთანხმების ოქმზე თანდართული პრეისკურანტის შესაბამისად. პრეისკურანტის ჯამური ღირებულება გაიზარდა 603 ლარით, რაც ითვალისწინებდა ავტომანქანა "MERCEDES BENZ 208 D"-ის შემდეგი მომსახურების გაწევას: ძრავის ვაკუუმ აპარატი, წყლის სენსორი, ზეთის სენსორი, კლაპნის სალნიკი, ძრავის ვაკუუმ აპარატი, წყლის სენსორის შეცვლა, ზეთის სენსორის შეცვლა, კლაპნის სალნიკის შეცვლა, მაყუჩის აღდგენა, კლაპნის ბუდის აღდგენა.
5.9. საბოლოოდ, ავტომანქანა "MERCEDES BENZ 208 D"-ზე შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: ტურბო, ტურბოს რეგულატორი, ტურბინის შლანგი (პატარა), ინტერქულერის მილი, ტურბინის შლანგის ჩობალი, ტურბოს სარქველი, ძრავი გერმეტიკი, თავაკის საფენი, ძრავის დგუშის რგოლი („კოლიცო“), ტურბინის დიდი შლანგი, ძრავის ზეთი (ნახევრად სინთეტიკა), ძრავის ზეთის ფილტრი, კოლექტორისა და ტურბინის მილი, გენერატორის ღვედი, ძრავის ვაკუმ აპარატი, წყლის სენსორი, ზეთის სენსორი, სარქვლის ჩობალი. აღნიშნული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5963.54 ლარით.
5.10. მოპასუხე კომპანიის 2020 წლის 23 ივლისისა და იმავე წლის 16 დეკემბრის წერილებით დგინდებოდა, რომ 2020 წლის 15 მაისს ავტომაქანა "MERCEDES BENZ 208 D"-ის დათვალიერებისას მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ძრავას აღენიშნებოდა სიმძლავრესთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, მხოლოდ ტურბინის შეკეთებით ავტომანქანაზე პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ინვოისი ამოიწერა მხოლოდ ტურბინის შეკეთებაზე.
5.11. მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ავტომაქანა „MERCEDES BENZ 208 D“-ის ყველა სახის სარემონტო სამუშაო დაასრულა 2020 წლის 2 დეკემბერს.
5.12. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხაშურის სახანძრო - სამაშველო განყოფილებაზე რიცხული ავტომანქანა "FORD RANGER", სახ. ნომრით - ......, შევიდა მოპასუხე კომპანიის სერვისცენტრში, სადაც შეეცვალა ძრავის ზეთი (სინთეტიკა), რომლის ღირებულებად განისაზღვრა 936.39 ლარი. ავტომანქანა მოპასუხის სერვისცენტრში მიყვანილი იქნა 2020 წლის 11 დეკემბერს, მოპასუხის მხრიდან აღნიშნულ ავტომობილში ფილტრი და ძრავის ზეთი, ნაცვლად 2020 წლის 16 დეკემბრისა, შეიცვალა 2020 წლის 23 დეკემბერს - 7 დღის დაგვიანებით.
5.13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №376 ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.10% - 19 000 ლარი, 250 ლარამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის.
5.14. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა დაეთვალიერებინა ავტომობილი და წარედგინა შემსყიდველისათვის დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნებოდა გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და მომსახურების გაწევის ვადა.
5.15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1738.78 ლარის ღირებულების ტურბინის შეკეთების სამუშაოები, რაც დაფიქსირებული იყო 15.05.2020 წლის პირველად დეფექტურ აქტში, შესრულდა არა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი 11-დღიანი ვადის დაცვით, არამედ - 183 დღის ვადაგადაცილებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნით, ამ ნაწილში, 183 დღის ვადაგადილების გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა არსებობდა.
5.16. სააპელაციო პალატის მითითებით, 2020 წლის 22 სექტემბერს, ავტომაქანა „MERCEDES BENZ 208 D“-ზე გასაწევი მომსახურების ღირებულება გაიზარდა 1620 ლარით. დადგენილი იყო, რომ აღნიშნულ ავტომაქანაზე ყველა სახის სარემონტო სამუშაო, მათ შორის - 22.09.2020 წელს შეთანხმებული სამუშაო დასრულდა 02.12.2020 წელს, ანუ 30 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, 30 დღის ვადაგადილების გამო, არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
5.17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 11 ნოემბერს ავტომანქანა „MERCEDES BENZ 208 D“-ზე გასაწევი მომსახურების ღირებულება კვლავ გაიზარდა 603 ლარით. ამასთან, დადგენილი იყო, რომ აღნიშნულ ავტომაქანაზე ყველა სახის სარემონტო სამუშაო დასრულდა 02.12.2020 წელს, მათ შორის – 11.11.2020 წელს შეთანხმებული სამუშაო, ანუ - 10 დღის დაგვიანებით. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ ამ ნაწილში, 10 დღის ვადაგადილების გამო, არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
5.18. დადგენილი იყო და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ ავტომანქანა „FORD RANGER“-ს მოპასუხემ ფილტრი და ძრავის ზეთი შეუცვალა 7 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ამ ნაწილში, 7 დღის ვადაგადილების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
5.19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა კონკრეტული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების (1738.78 ლარის, 1620 ლარის, 603 ლარის და 936.39 ლარის) ვადაგადაცილების გათვალისწინებით. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება კი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან.
5.20. სააპელაციო პალატის დასკვნით, ავტომანქანა „MERCEDES BENZ 208 D“-ის შემთხვევაში, შეუსრულებული/ვადაგადაცილებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა - 1738.78 ლარს, 1620 ლარსა და 603 ლარს, ხოლო „FORD RANGER“-ის შეთხვევაში - 936.39 ლარს. სწორედ ამ სამუშოების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ამოქმედდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, რის საფუძველზეც, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ სწორედ ცალკეული ვადაგადაცილებული სამუშაოების ღირებულებიდან - 1738.78 ლარიდან, 1620 ლარიდან, 603 ლარიდან და 936.39 ლარიდან.
5.21. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%, სრულად უზრუნველყოფდა მენარდის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შემკვეთს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია. ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, მიუწოდებელი „მომსახურების“ ღირებულების 0.10%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება კი, არაგონივრულია და გამოიწვევს დამკვეთის უსაფუძვლო გამდიდრებას.
5.22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა ავტომანქანა „MERCEDES BENZ 208 D“-ის შემთხვევაში შეადგენდა: 1) 1738.78 ლარი x 0.02% x 183 დღეზე = 63.64 ლარს; 2) 1620 ლარი x 0.02% x 30 დღეზე = 9.72 ლარს; 3) 603 ლარი x 0.02% x 10 დღეზე = 1.20 ლარს, ჯამურად - 74.56 (63.64+9,72+1.20=74.56) ლარს, ხოლო „FORD RANGER“-ის შემთხვევაში - 936.39 ლარი x 0.02% x 7 დღეზე = 1.31 ლარს. ამდენად, მთლიანობაში პირგასამტრეხლოს ოდენობა მოიცავდა 75.87 (74.56+1.31=75.87) ლარს. თუმცა, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება და სარჩელი ცნო 250 ლარის ფარგლებში, არსებობდა ხსენებული თანხის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლის წესი, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დათქმული პირობაა და სასამართლოს მიერ არამართლზომიერად შემცირდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნილი თანხა იყო დარღვევის ხანგრძლივობის პროპორციული.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არამართლზომიერად მოხდა მისი შემცირება.
12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
15. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხემ მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის (მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია), სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ავტომანქანა „MERCEDES BENZ 208 D“-ის შემთხვევაში, ვადაგადაცილებული სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა: 1738.78 ლარს, 1620 ლარს და 603 ლარს, ხოლო „FORD RANGER“-ის შეთხვევაში - 936.39 ლარს, თუმცა, მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით გაწეული მომსახურების საფასური.
საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხსენებული პრინციპით პირგასამტეხლოს გამოთვლის ვალდებულებაზე საკასაციო პალატის მიერ არაერთ დავაზე განემარტა კასატორს მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართულ იმ საქმეებზე, სადაც დავის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრება/შემცირება წარმოადგენს (მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ. № ას-732-2022, 24.11.2022წ; №ას-1274-2022, 22.11.2022წ; №ას-1007-2021, 13.04.2022წ). ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, როდესაც სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით.
18. მოცემულ შემთხვევაში, საურავის სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის პირობებში, გადასახდევინებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 75.87 ლარი (1738.78 ლარი x 0,02% x 183 დღეზე = 63.64 ლარს; 1620 ლარი x 0,02% x 30 დღეზე = 9.72 ლარი; 603 ლარი x 0.02% x 10 დღეზე = 1.20 ლარს; 936.39 ლარი x 0,02% x 7 დღეზე = 1.31 ლარი, ჯამურად - 63.64+9.72+1.20+1.31=75.87ლარი) იქნებოდა. ამდენად, პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მენარდეს რეალურად ეკისრებოდა, მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან შედარებით, რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. როდესაც მენარდეს სასარჩელო მოთხოვნა აღიარებული აქვს 250 ლარით და, ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობაზე მას სააპელაციო და საკასაციო პრეტენზიები არ განუცხადებია (250 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მართებულად შემცირდა მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო 250 ლარამდე. ამრიგად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა, კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლებს, ვალდებულების დარღვევის ხარისხსა და ამით გამოწვეულ სამართლებრივი შედეგებს, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული პირგასამტეხლო გონივრული და სამართლიანია.
19. მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე იყო შეთანხმებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება, შესრულების ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს იძლევა.
20. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.
21. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი